შემდეგი გაჩერება რუსეთი!

პუბლიკა

თინათინ ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

დასაწყისშივე უნდა ვთქვა, საქართველოს ნეიტრალიტეტზე გულუბრყვილო საუბრები, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩვენი სამშობლოს მთლიანად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას უდრის.

დღევანდელი მდგომარეობით აქ არ არსებობს მცირე და დიდი ზიანის ტესტი. ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განაცხადი ნეიტრალიტეტის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ რუსული ოცნების ასრულებას და შესაბამისად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ოცნების კიდევ დიდი ხნით დასამარებას ემსახურება.

რას ნიშნავს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი?

1955 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა ავსტრიის ნეიტრალიტეტი. ეს იყო პირველი დღე, რომელსაც ავსტრია შეხვდა საოკუპაციო ჯარების გარეშე, რომლებიც 1945 წლიდან იმყოფებოდნენ მის ტერიტორიაზე.

1956 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დათანხმდნენ ავსტრიას საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე სახელმწიფოს სამხედრო ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ.

ავსტრიამ ანალოგიური თხოვნით მიმართა ყველა ქვეყანას ვისთანაც ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და მიიღო თანხმობა.

შესაბამისად, სწორედ 1955 წლის 26 ოქტომბერი იყო ის პირველი დღე, რომელსაც ავსტრია უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გარეშე შეხვდა და მისი ნეიტრალიტეტი საერთაშორისო სამართლით განმტკიცდა.

შვეიცარიამ საკუთარი ნეიტრალიტეტი 1515 წელს ფრანგებთან სასტიკი მარცხის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა ამან ქვეყანა ვერ გადაარჩინა ნაპოლეონის თავდასხმებისგან, რომელიც შვეიცარიაში, მიუხედავად მის მიერ ცალმხრივად ნეიტრალიტეტის გამოცხადებისა, მაინც შეიჭრა და ვასალ სახელმწიფოდ აქცია.

მხოლოდ 1815 წელს პარიზის ხელშეკრულებით, ევროპის მთავარი სახელმწიფოების მიერ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის აღიარების შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი სტატუსის შენარჩუნება და გარე თავდასხმებისგან დაცვა.

რას გვასწავლის ისტორია?

სახელმწიფოთა მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ნაკლებად არის დამოკიდებული თავად ამ სახელმწიფოებზე და უფრო მეტად მისი მეზობლებისა და მოწინააღმდეგეების მიერ ნეიტრალიტეტის ცნობასა და შეთანხმებული წესების დაცვაზე.

ნაპოლეონის ნეიტრალური შვეიცარიის წინააღმდეგ გალაშქრება არაფრით ჩამოუვარდება ბოლშევიკური რუსეთის შეტევას დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებლობის აქტში ცალმხრივად გამოცხადებული ჰქონდა, რომ „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“, ან თანამედროვე რუსეთის გალაშქრებაზე კონსტიტუციურად ნეიტრალიტეტის მქონე მოლდოვაზე, რომლის ტერიტორიაზეც დღემდე არიან განთავსებული რუსული საოკუპაციო ძალები.

ნეიტრალიტეტი რუსულად!

განსხვავებით ავსტრიის რესპუბლიკისგან, სადაც ნეიტრალიტეტის მიზეზიც და მიზანიც საოკუპაციო ჯარებისგან ქვეყნის გათავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს მართვაზე დამოუკიდებლად პასუხისმგებლობის აღება იყო, საქართველოს შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყანა არაფერს გვთავაზობს.

ნეიტრალიტეტი რუსულად უფრო კაპიტულაციაა ვიდრე საერთაშორისო სამართლით დაცული სახელმწიფო ნეიტრალიტეტი. დღეს აქტუალური, თითქოს სრულიად მარტივ კითხვაზე – ომი გვირჩევნია თუ ნეიტრალიტეტი? ცხადია ყველას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გვექნება – „ნეიტრალიტეტი“, ანუ მშვიდობა ვინაიდან არავის გვინდა ომი. არადა არც კითხვა არაფერს ამბობს და მით უფრო არც პასუხი, ვინაიდან სინამდვილეში რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ კითხვის შემქმნელიც არის და დამსმელიც არასოდეს იძლევა რეალურ ალტერნატივას, არასოდეს ინტერესდება სიმართლით.

მთელი იდეოლოგია რუსული ნარატივის, მთელი იდეოლოგია საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევის სწორედ ამ კითხვის ასეთ ფორმულირებაშია.

პრეზიდენტ პუტინის ნეიტრალიტეტის შემოთავაზება კი სინამდვილეში ასეთ კითხვად ყალიბდება:

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტზე სტატუს ქვოს მდგომარეობაში?

სტატუს ქვო ასეთია – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. არსებობს ყოველი ჩვენგანის თავზე ჩამოკიდებული საფრთხე, რომ შესაძლოა განხორციელდეს მოსკოვის შემდგომი ავანტიურა რუსული საოკუპაციო ჯარების თბილისზე წამოსვლით, კითხვაც შესაბამისია, უფრო რომ დავაზუსტოთ: თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე?

ეს კითხვა იმ კარგი კითხვის დამახინჯებული ვერსიის სარკისებური ანალოგია ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი რომ გვთავაზობდა, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) ნატოში გაწევრიანებას, ოღონდ იმ პირობით, რომ საქართველო ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყისიერად გავრცელებას არ მოითხოვდა.

გავიხსენოთ რას ამბობდნენ და როგორ იქცეოდნენ ის ადამიანები, ვინც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის ფასად, თითქოს თბილისის გადარჩენის მიზნით, ტერიტორიებშეკრეჭილი საქართველოს ნეიტრალიტეტს მოითხოვს და ვფიქრობ ყველაფერი ნათელი გახდება.

და თუ მაინც დაგრჩათ კითხვები, მაშინ მოისმინეთ უმარტივესი განმარტებები ნეიტრალიტეტის შესახებ. არა ჩემი, ან სხვა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი მეგობრების, არამედ საერთაშორისო სამართლისა და ისტორიის:

ცალმხრივად, რომელიმე ქვეყნის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი არ მუშაობს, არაფერს ნიშნავს და ფარატინა ქაღალდია (გაიხსენეთ შვეიცარიის, მოლდოვას ან ჩვენი პირველი რესპუბლიკის ისტორია); ქვეყნის ნეიტრალიტეტი მრავალმხრივი შეთანხმების საგანი უნდა იყოს. პირველ რიგში მეზობლებს და ასევე მსოფლიოს ძირითად მოთამაშეებს შორის (გავიხსენოთ შვედეთსა და ფინეთის ნეიტრალიტეტი).

ქვეყნის ნეიტრალიტეტი, რომელსაც მეზობლები ადასტურებენ ავტომატურად ნიშნავს, რომ არც ერთ მეზობელს შენთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს (შეგახსენებთ, რომ ერთადერთ მეზობელი რომელთანაც საზღვარი დადგენილი გვაქვს თურქეთია);

ქვეყნის ნეიტრალიტეტი ნიშნავს მთელი ქვეყნიდან, ზემოთ რომ ვთქვით საზღვრები რომ დადგენილი გვაქვს იმ საზღვრებიდან, უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების გასვლას (უფრო დამარცვლით აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გასვლას ნიშნავს ეს);

სხვა ყველა შემთხვევაში, თუკი ტერიტორიებს ვერ ვიბრუნებთ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ვერ ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ნებით უარს ვამბობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე;

თუკი რუსული შეიარაღებული ძალები არ ტოვებენ საქართველოს, მაშინ სინამდვილეში კაპიტულაციას ვაცხადებთ, რომელსაც ნეიტრალიტეტს ვეძახით; თუკი რუსეთს უკან არ მიაქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ცხინვალსა და სოხუმში საკუთარ „საელჩოებს“ ტოვებს უბრალოდ უარს ვამბობთ სუვერენიტეტზე.

და ამ ყველაფერზე დღეს უნდა ვიკამათოთ, მიამიტი სახეებით კითხვები დავსვათ და ახალი დისკურსი გავაჩინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ვიღაცას დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა ყველა ერთად დაგვაშინოს უკრაინაში სამშობიაროებისა და თეატრების დამბომბავი „ძლევამოსილი“ რუსული არმიის თბილისზე ეფემერული თავდასხმის მუქარით.