ვირუსის გავრცელების ფარული დონე საქართველოში

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში არ წყდება დისკუსია ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ. ამ დისკუსიას ბიძგი მისცა სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კვლევების წინასწარმა შედეგებმა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.

ამ კვლევების შედეგების მაგალითზე ითქვა, რომ შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეგისტრირებულს ბევრად აღემატებოდეს, რაც ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც ამცირებს.

საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დაშვება არარეალურია, რადგან საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის და შეუძლებელია, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელიც დაავადდა ან ახლაც დაავადებულია კორონავირუსით და მას ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავდეს.

ნაწილი კი ფიქრობს, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგისტრირებულ შემთხვევებს ბევრად აღემატება და საჭიროა კვლევა იმის დასადგენად, რამდენია ახლა ინფიცირებული და რამდენმა გადაიტანა უკვე ეს ინფექცია. ახლა ინფიცირებულთა გამოსავლენად ხელისუფლებას მასობრივი ტესტირებისკენ მოუწოდებენ, უკვე გადატანილი შემთხვევების მოსაკვლევად კი – ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებით სეროპრევალენტობის კვლევისკენ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიური სამსახური კი ამტკიცებს, რომ მიზნობრივ ტესტირებასთან ერთად საქართველოში ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის სხვადასხვა ინდიკატორს აკვირდება და ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შემთხვევები (ინფიცირების) შესაძლოა, მეტი იყოს, მაგრამ ვერ იქნება რეგისტრირებულზე სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი.

რატომ სჯერა NCDC-ის, რომ ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევებს ბევრად არ აღემატება არარეგისტრირებული შემთხვევები? 

ამ ქვეთავში გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე NCDC-ის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებს მოვუყარეთ თავი. ცენტრის წარმომადგენელები საუბრობენ იმ ინდიკატორებზე, რომელთა გამოც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება რეგისტრირებულ შემთხვევებზე ბევრად მეტი ვერ იქნება და რომ ამ ინდიკატორებით აფასებენ ვირუსის გავრცელების სურათს.

NCDC-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის ცენტრი, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გარდა, უკვე დეკემბრიდან მოყოლებული მიმართავს ე.წ. სენტინელურ ზედამხედველობას, რაც გულისხმობს იმას, რომ  22 სხვადასხვა ვირუსის ნიმუშებზე, მათ შორის, გრიპის ვირუსზე მუდმივად ტარდება ტესტირება [სენტინელური კვლევა არის ეპიდზედამხედველობის სპეციალური მეთოდი, რომელსაც სპეციალური მეთოდოლოგიით (გეოგრაფიული ლოკაციაა ერთ-ერთი ფაქტორი) შერჩეულ დაწესებულებებში შემთხვევითი არჩევის პრინციპით ტესტავენ].

მათივე თქმით, ასევე იტესტება პნევმონიის ყველა შემთხვევა და სხვა რესპირაციული დაავადებები.

NCDC-ის წარმომადგენლები გამოსვლებში ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში არაიდენტიფიცირებული ინფიცირებული, სავარაუდოდ, ბევრი არაა და ასეთი შემთხვევები ხშირი რომ იყოს, უხილავი არ დარჩებოდა ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედად ვიყოთ ამ ქვეყანაში და ბევრი პაციენტი რომ გვეპარებოდეს, დღეს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით. საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდა პნევმონიან ავადმყოფებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მედიისთვის 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობა მუდმივად ტარდება გრიპის მაგვარ დაავადებებზე. იტესტება ზამთრიდან მოყოლებული 22 სხვადასხვა ვირუსის ნიმუშები და არცერთ ამ ადგილებში კორონავირუსი არ გამოჩენილა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრი ასევე აკვირდება პნევმონიას. წლევანდელ რაოდენობას ადარებენ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მან ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში თქვა, რომ რაოდენობა  გაზრდილი არაა.

„არაიდენტიფიცრებულია გარკვეული პროცენტი, მაგრამ ეს არ არის სამჯერ, ოთხჯერ, ორჯერ, ხუთჯერ მეტი, როგორც საზოგადოებაში საუბრობენ, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

NCDC-ის მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების ზუსტი მასშტაბის დადგენა რთულია  ყველა ქვეყნისთვის, თუმცა საამისოდ სხვადასხვა ინდიკატორთან ერთად ქვეყნები ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, შესაფასებლად, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა, ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.

ცენტრის განმარტებით, მომატებული სიკვდილიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელი სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (13011) 4%-ით ნაკლებია.

NCDC-ის წარმომადგენელთა მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების შინაარსს თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ ცენტრში არ გამორიცხავენ  არაიდენტიფიცირებული ინფიცირებულების არსებობას, თუმცა მიაჩნიათ, ასეთი ბევრი პაციენტი რომ იყოს, ეს ეპიდემიოლოგიური სამსახურისთვის უხილავი ვერ დარჩებოდა.

NCDC-ში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის ფართო შიდა გავრცელება. შესაბამისად, მასობრივი ტესტირება ინფიცირებული ადამიანების აღმოსაჩენად ეფექტიანი არ იქნება და  მიჰყვებიან მიზნობრივი ტესტირების სტრატეგიას, როცა კონკრეტული რისკჯგუფების გათვალისწინებით ატარებენ ტესტირებას, გარკვეული პერიოდულობით.

ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრი დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალი შემთხვევების იდენტიფიცირებისა და გავრცელების კონტროლისთვის, მიზნობრივი ტესტირების სტრატეგიას გააფართოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეში დაგეგმილია 3000-მდე ტესტის ჩატარება, რაშიც 15-მდე ლაბორატორია მიიღებს მონაწილეობას, ქვეყნის მასშტაბით.

„როცა ვამსუბუქებთ საკარანტინო ღონისძიებებს, ორი მიმართულება უნდა გქონდეს მზადყოფნაში. უფრო მეტი ადამიანის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ ე.წ. შემსუბუქების პერიოდში შეიძლება მოიმატოს შემთხვევებმა.

თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000- 2500 ტესტირებაზე, გვექნება გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მასობრივი ტესტირება, ზოგჯერ აგრესიულს უწოდებენ. მე ვიყენებ ტერმინს – გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება საქართველოში მხოლოდ ჰეპატიტი C-ზე ტარდება და იცით, რომ 65% მოზრდილი მოსახლეობის გამოკვლეულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

როგორ არკვევენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებს – რა არის სეროპრევალენტობის კვლევა

ვირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ჩატარდა მცირე მასშტაბის კვლევები, რომელთა მიზანიც იყო, დაედგინათ, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებში მოსახლეობის რა პროცენტს ჰქონდა უკვე გადატანილი ახალი კორონავირუსი. კვლევები ჩატარდა გერმანიაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებშიც. თითოეულმა კვლევამ გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე სხვადასხვა შედეგი წარმოადგინა, თუმცა ყველა ადასტურებს, რომ ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობა რეგისტრირებულს აღემატება.

ექსპერტთა შეფასებით, მექანიკურად ამ ციფრების გადმოთვლა საქართველოზე სწორი არ იქნება, რადგან ეს კვლევები ისეთ ქვეყნებში ჩატარდა, სადაც გავრცელება შედარებით თავისუფალი იყო. საქართველოს შედარება კი შეიძლება უფრო რელევანტური იყოს იმ ქვეყნების შედეგებთან, სადაც გავრცელება ჩვენი მსგავსია.

სეროპრევალენტობის კვლევები, როგორც წესი, ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებით ტარდება და ადამიანის ორგანიზმში ეძებს ანტისხეულებს.

ანტისხეულის აღმოჩენაზე დაფუძნებული ტესტი სისხლში ეძებს ორი ტიპის ანტისხეულს, როგორიცაა – იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი M.

როცა M ჩნდება, ეს ნიშნავს მწვავე ფაზას. ეს  M  სისხლში ჩნდება ინფიცირებიდან მეხუთე, მერვე დღეს, ანუ ეს სწრაფი ტესტი ანტისხეულზე დამყარებული ვერ იჭერს პირველ, მეორე, მესამე დღეს ინფექციას.

თუ ადამიანმა გადაიტანა ვირუსი, ტესტის შემდეგ სისხლში ჩნდება იმუნოგლობულინი G. ის ჩნდება ცოტა მოგვიანებით და ნიშნავს იმას, რომ პირს გადატანილი აქვს ინფექცია.

აღნიშნული კვლევების შედეგები მსოფლიოში ანტისხეულებზე დაფუძნებული ხარისხიანი ტესტების დეფიციტის გამო განხილვის საგნად იქცა. კრიტიკა მიმართული იყო იქით, რომ ტესტებით, რომელთა მიხედვითაც, როგორც ცრუდადებითის, ისე ცრუუარყოფითის შესაძლებლობა მაღალია, მსგავსი კვლევები არ უნდა ტარდებოდეს.

თუმცა დღეს მსოფლიოში უკვე ხელმისაწვდომია სეროპრევალენტობის კვლევებისთვის ვალიდური და ხარისხიანი ტესტები.

FDA-მ [აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ] გასცა ნებართვა ტესტებზე, რომლებშიც ცრუდადებითისა და ცრუუარყოფითის ალბათობა დაბალია. მაგალითად, ტესტის მწარმოებელი კომპანია[Cellex ], რომელზეც FDA-მ გასცა ნებართვა, ამტკიცებს, რომ ტესტების 93%-ს აქვს როგორც მგრძნობელობა, ისე სენსიტიურობა. ანუ ცრუდადებითისა და ცრუუარყოფითის ალბათობა 7%-მდეა შემცირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ტესტებით სეროპრევალენტობის ჩატარებას აზრი აქვს და საქართველომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბების კონტროლისთვის ეს კვლევები უნდა დაიწყოს.

ჯანდაცვის ექსპერტი კაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში  სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება ივნისში იქნება რელევანტური. კაკი ზოიძე ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სეროპრევალენტობის კვლევა და რა არსებით ინფორმაციას მიაწვდის ქვეყანას.

„ადამიანს თუ გადატანილი აქვს ვირუსი, მას იზოლაცია აღარ სჭირდება და ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაწილი გვყავს იმუნიტეტით. გვეცოდინება, სად ვართ იმ ამოცანის მიღწევის მხრივ, რასაც პოპულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტის განვითარება ჰქვია. ეს არის საბოლოო ამოცანა, რაც ამ ეპიდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვაქცინის მეშვეობით იქნება ეს, თუ იმით, რომ გავრცელების კონტროლირებადი მართვა შევძელით,  გამოუმუშავდეს იმუნიტეტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ანტისხეულებზე ტესტების ჩატარებას და სეროპრევალენტობის კვლევას აზრი აქვს, როცა ეპიდემია გავრცელებულია ფართოდ და როცა აკონტროლებ მის მიმდინარეობს“, – აბობს კაკი ზოიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ანტისხეულებზე ტესტირება, ზოგადად, იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე არა.

„სეროპრევალენტობის შესაფასებლად, ვფიქრობთ, [ტესტები] უნდა ჩატარდეს ისეთი ტესტსისტემებით და იმგვარად, რომ არ დატოვოს ზედმეტი კითხვა მისი ხარისხისა და სანდოობის შესახებ. ამგვარი სეროპრევალენტობის შესწავლა ქვეყანაში, ზოგადად, დაგეგმილია, მაგრამ არა ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ახალი შემთხვევების გამოვლენის, სწორი დიაგნოსტირებისა და PCR მეთოდით ლაბორატორიული ტესტირებისკენ, რომელიც რჩება ოქროს სტანდარტად ახალი შემთხვევების გამოსავლენად“, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა 27 აპრილს NCDC-ის ფეისბუქგვერდზე live-ჩართვაში.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ NCDC-ის წარმომადგენელთა არგუმენტი საქართველოში მასობრივი ტესტირების საპირწონედ არის ის, რომ ქვეყანაში არ არის ფართო გავრცელება ვირუსის და, შესაბამისად, ტესტირების სტრატეგიაში მიზნობრივი ჯგუფების მოცვაა ყველაზე მართებული მიდგომა, რომელიც გაფართოვდება შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, როგორც ცენტრში ამბობენ. რაც შეეხება უკვე გადატანილი შემთხვევების მასშტაბის დასადგენად სეროპრევალენტობის კვლევას, მათი პოზიციაა, რომ ის ახლა არ უნდა ჩატარდეს, არამედ მაშინ, როცა ხელმისაწვდომი იქნება ვალიდური ტესტები. ოღონდ, ბუნდოვანია – როდის და რა მეთოდოლოგიით. ამის შესახებ ცენტრის წარმომადგენელთა კომენტარები არ მოგვისმენია.