შიმშილის საზღვარზე

8 ივლისი

მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს. სანაპირო ცარიელია, ზღვაზე შტორმია. მხოლოდ აქა-იქ მოჩანს რამდენიმე ადამიანი. როგორც ჩანს, შტორმის სანახავად გასულან. ცარიელია ბულვარი, დაკეტილია სანაპიროსთან მდებარე კაფეები, მაღაზიები. ირგვლივ მხოლოდ წვიმისა და შტორმის ხმაურია. პორტის ტერიტორიაზე კი ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ტრადიციულად, მეთევზეები თევზაობენ.

დღეს აქციაა დაგეგმილი. თურქეთში დასაქმებული ქალები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით მორიგ აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები ორ რამეს ითხოვენ – ან გაიხსნას საზღვარი და სამუშაოდ წავლა შეძლონ, ან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ყოველთვიური გახდეს, მანამდე, სანამ საზღვრები არ გაიხსნება. თუმცა აჭარის მთავრობა მათ უკვე ერთი თვეა ამ კითხვებზე პასუხებს არ აძლევს და გამოსავალსაც არ სთავაზობს.

წვიმის მიუხედავად, რამდენიმე ათეული ადამიანი საბჭოსთან იკრიბება. ისინი უკვე ერთი თვეა სარფის სასაზღვრო პუნქტთან თუ ბათუმის ქუჩებში სისტემატიურად მართავენ აქციებს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ლადო მგალობლიშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მინიმალურ დონეზე ეხმარება ადამიანებს. მისი აზრით, „საქართველოში, პირდაპირი მნიშვნელობით მშიერი მოქალაქეები არ არიან“. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ ლადო მგალობლიშვილმა ეს სიტყვები მათთან პირისპირ საუბრისას გაიმეროს და განმარტოს, აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე გეგმა თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით.

„აბა გამოვიდეს ახლა და გაგვცეს პასუხი, რომელია აქ მაძღარი და რომელი არ არის მშიერი? ტყუილად ვდგავართ აქ? მოვითხოვთ, რომ გაგვაგებინონ, საზღვრებს როდის გახსნიან, რომ ჩვენ ჩვენი ოჯახები ვარჩინოთ. ბანკებიც უკვე მოგვაწვა, გადასახადები გვაქვს, უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაში ვართ. მოგვაქციოს ამ მთავრობამ ყურადღება, თორემ მშიერი ხალხი ყველაფერზე წამსვლელია“, – ამბობს მაია ჯიჯავაძე ჩვენთან. ის უკვე 15 წელია თურქეთში მუშაობით არჩენს ოჯახს.

რამდენიმე საათის შემდეგ, პრესსამსახურის წარმომადგენელი გამოდის და მოქალაქეებს სთავაზობს, რომ მედიის გარეშე შეხვდნენ ლადო მგალობლიშვილს. აქციის მონაწილეების ნაწილი ამ პირობას თანხმდება, შეხვედრაზე შედიან.

შეხვედრის შემდეგ საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილიც გამოდის აქციის მონაწილეებთან და ამბობს, რომ მათი პრობლემებისა და გასაჭირის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ მთავრობას მიაწვდის. მშიერ ადამიანებთან დაკავშირებულ შეკითხვას კი გაურბის და საბჭოს შენობაში ბრუნდება.

აქცია დასასრულისკენ მიდის, წვიმაც გაძლიერდა. ქალები თანხმდებიან, რომ მომავალ აქციას სოციალური ქსელით დაგეგმავენ.

ერთ-ერთი მათგანი ინტერვიუზე გვთანხმდება, სახლში მივყვებით. მანანა ბერიძე აეროპორტის გზაზე, პატარა ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მარხტოხელა დედაა, 2 შვილი ჰყავს. 9 წელია თურქეთში მუშაობს, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიაში,  ის ყოველდღე კვეთდა საზღვარს, გადადიოდა თურქეთში და მუშაობის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ამბობს, რომ იქ ამგვარად ასობით საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.  15 მარტის შემდეგ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. უკვე ერთი თვეა საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და თურქეთში დასაქმებულ სხვა ქალებთან ერთად დახმარებას ითხოვს. ქირას ვეღარ იხდის, დანაზოგიც ამოეწურა, ოქროს ნივთები დაალომბარდა. ამბობს, რომ ცოტა საკვები შემორჩა, ამიტომ ჯერ მშივრები არ არიან.

„მიჭირს, ერთი თეთრი არ მაქვს შემოსავალი ახლა არსაიდან. ჩვენ დიდი ბრძოლა მოგვიწია თვითდასაქმებულთა ერთჯერადი კომპენსაციისთვისაც. თავიდან ეს ჩვენ არ გვეხებოდა, რადგან თურქეთში ვართ დასაქმებული.  შეგვპირდნენ 300-ლარიან კომპენსაციას, თუმცა დღემდე არავის აგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციიდან  10 დღეში უნდა აგვეღო“, – ამბობს ის.

მანანა ბერიძის თქმით, მათ სჯეროდათ, რომ საზღვარი 1 ივლისს გაიხსნებოდა. თუმცა სახელმწიფომ გადაწყვეტილება შეცვალა. ახლა საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად კომპენსაციის სახით 300-ლარის გადახდას ითხოვს.

„რა გავაკეთო ამ 300 ლარით? ქირა გადავიხადო, საკვები ვიყიდო, მედიკამენტები ვიყიდო, თუ რომელი ერთი ვქნა? ყოველთვიურად რომ 300 ლარი გადაგვიხადოს მთავრობამ, ესეც კი არ იქნება საკმარისი. თუმცა 300 ლარი ამ სიტუაციაში ცოტა დაგვეხმარება“, – გვეუბნება მანანა ბერიძე.

მანანა შიშობს, რომ თუ სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს იღონებს, ისინი შესაძლოა, მშივრები დარჩნენ.

მანანას შემდეგ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, თამარ კალომლეწავს ვესაუბრებით. თამარი თბილისიდანაა, აქციების გამო უკვე ერთი თვეა ბათუმშია. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობს. ისიც მარტოხელა დედაა. იხსენებს, რომ 7 წლის წინ პირველად  მარტო ჩამოვიდა ბათუმში, სრულიად უცნობ გარემოში, იმ მიზნით, რომ სამსახური ეშოვა. შემდეგ თურქეთში დაიწყო მუშაობა. პარალელურად კი თეთრეული გადმოჰქონდა და facebook-ის საშუალებით ყიდდა.

„7 წლის წინ სრულიად მარტო, დამოუკიდებლად ჩამოვედი აქ, ზღვაც კი არ მქონდა ნანახი. ძალიან მეშინოდა“.

მუშაობის დროს ბინას ბათუმში ქირაობდა. თურქეთში თვეში ორი კვირა მუშაობდა, დანარჩენ ორ კვირას კი შვილებთან ერთად ატარებდა. თამარი ამბობს, რომ არავინ ჰყავს დამხმარე კრიზისის დროს. ის და მისი შვილები ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული.

„მშობლებიც კი არ მყავს, რომ 1-2 ლარით მაინც დამეხმაროს, რომ შვილებს პური ვუყიდო. თეთრეულიც ჩამომქონდა და აქ ვყიდდი. ამით გავიტანე აქამდე თავი. ამ გაჭირვების დროს ვერც ვერავის მოვთხოვდი, რომ მოეცათ თეთრეულის ფული; ვერ ვეტყოდი, რომ მე და ჩემს შვილებს გვიჭირდა. მე თუ მიჭირდა, სხვასაც ხომ გაუჭირდებოდა?“, – ამბობს ის.

თამარის თქმით, სახელმწიფომ მათ საკუთარ თავზე ზრუნვის უფლება უნდა მისცეს, იმისთვის, რომ გადარჩნენ. თუ ისინი ამის შესაძლებლობას არ მისცემენ, მაშინ მანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იზრუნოს თავის მოქალაქეებზე.

„თურქეთში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. მაღაზიებში, სეზონურად ჩაისაც კრეფენ, პანდემია არ იყო და მაშინ უჭირდა ხალხს, აბა სხვა შემთხვევაში ბავშვებს რატომ გადაიყვანენ იქ სამუშაოდ? მე-5 და მე-8 კლასელი ბავშვები მიჰყავდათ ჩაის საკრეფად“, – იხსენებს ის.

მისი თქმით, მან საქართველოში ვერ იპოვა სამსახური, მისთვის და მისი შვილებისთვის საკმარი ღირსეული ანაზღაურებით.

„მე დღეში 35 ლარი მქონდა ხელფასი და მყოფნიდა. როცა 16 და 14 წლის შვილები გყავს, ძალიან რთულია. რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო მეტი სჭირდებათ, სკოლა, მომზადება“, – ამბობს თამარ კალომლეწავი.

ბინდდებოდა, როცა თამარსა და მანანას დავემშვიდობეთ.

წვიმის, შტორმის თუ საერთოდაც პანდემიის გამო, ივლისის ბათუმის ცარიელი ქუჩები ძველ ბათუმს აღარ ჰგავს.  ვიდეოკადრებისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივდივართ. საზღვარზე მხოლოდ დიდი სატვირთო მანქანები დგანან. საზღვართან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და მაღაზიები ცარიელია.

8 ივლისის შემდეგ თურქეთში დასაქმებულებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამჯერად უფრო მასშტაბური. აქციის მონაწილეებს იგივე მოთხოვნები ჰქონდათ, თუმცა, მათი თქმით, ისინი ამჯერადაც სახელმწიფოს ყურადღების გარეშე დარჩნენ.

აქციის მონაწილეებს ჯერჯერობით ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციაც არ აუღიათ.  მიუხედავად იმისა, რომ 29 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ დასაქმებული, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდნენ.

დასაქმების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი და კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაია ჯიჯავაძე კი კვლავ ამბობს, რომ თურქეთში დასაქმებულები დანებებას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ისინი ბათუმში საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.


გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.