თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე, ვაიმარში გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.
ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, „ფრანკფურტენ ალგემაინემ“ (Frankfurter Allgemeine) გამოაქვეყნა ჟურნალისტ კერსტინ ჰოლმის სტატია, სათაურით „ძლიერი მეზობლების შიშის წინააღმდეგ“. ავტორი ესაუბრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელსა და კინოცენტრის ყოფილ დირექტორს, გაგა ჩხეიძეს, რომელიც 28 აგვისტოს, ვაიმარში, გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.
გოეთეს მედალი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპატიო ორდენია, რომელიც გადაეცემათ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციაში.
გოეთეს მედალი 1954 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა უცხოეთში მცხოვრებ პირებს, გერმანული ენის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
2023 წელს წელს ეს ჯილდო, გაგა ჩხეიძის გარდა, გადაეცათ – ტაივანელ დრამატურგს, ი–ვეი კენგსა და უნგრელ კურატორთა კოლექტივს, სახელწოდებით OFF-Biennale”.
გოეთეს დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, 27 აგვისტოს, ვაიმარის ცნობილ კინოთეატრში სახელწოდებით „ლიხტჰაუსკინო“ გაიმართა კოტე მარჯანიშვილის ფილმის, „ამოკის“ (1927) ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელიც პუბლიკას სწორედ ჩხეიძემ წარუდგინა.
გაგაცნობთ კერსტინ ჰოლმის სტატიას, რომელიც დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა:
„საქართველოში კულტურულ ცხოვრებაზე სახელმწიფოს ზეწოლა სულ უფრო აშკარად იგრძნობა. ამდენად, გარკვეულ ალტერნატივად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კინოცენტრის ყოფილ დირექტორს, გაგა ჩხეიძეს, რომელმაც 2000 წელს დააარსა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და დღემდე ხელმძღვანელობს მას, ვაიმარში გოეთეს მედლით დააჯილდოებენ.
„გაგა ჩხეიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო დროს ქართული კინოცენტრის განვითარებასა და მის ინტერნაციონალიზაციაში. მისი ხელშეწყობით გაფართოვდა საქართველოს კავშირი ევროპულ და საერთაშორისო პროგრამებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნავს გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, კაროლა ლენცი.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთმა ფავორიტმა პოლიტიკოსმა, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „მინისტრს არ მოეწონა ჩემი კრიტიკა რუსეთის მიმართ“, განმარტავს გაგა ჩხეიძე, გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნე, რომელიც ამჟამად ბერლინში იმყოფება.
სამინისტრო წლების განმავლობაში ცდილობს გაანეიტრალოს პროფესიონალებისა მუშაობა. როგორც ჩანს, სამინისტროს მიზანია კულტურული ცხოვრება ადმინისტრაციულ რგოლსა და ფუნქციას დაუქვემდებაროს. ამის მაგალითია მწერალთა სახლის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნატაშა ლომოურის ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლით – ქეთევან დუმბაძით, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილია.
გასულ წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ასი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მანამდე კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი – ეკა კიკნაძე. თითქმის ყველა მათგანი ექსპერტი იყო, რომლებიც სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა და იურისტებმა ჩაანაცვლეს. მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალი დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი მანამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კინოცენტრის დირექტორი ყოფილი დიპლომატი, კახა სიხარულიძე გახდა, რომელსაც საერთაშორისო კინოპროექტების ხელშეწყობისათვის არაფერი გაუკეთებია. დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, კობა ხუბუნაიამ შეცვლა. მის მოადგილედ კი პროსამთავრობო ტელევიზიის ტელეწამყვანი, ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
„წულუკიანის მიერ დანიშნულ ადამიანებს, როგორც წესი, არც საკუთარი ხმა აქვთ და არც საკუთარი პოზიცია“ – ამბობს ჩხეიძე. უფრო სწორად, დაწესებულებებში, სადაც ისინი მინისტრმა დანიშნა, მათი მოვალეობა მხოლოდ მორჩილება და იერარქიული დამოკიდებულების შენარჩუნებაა, როგორც ეს თავის დროზე, საბჭოთა კავშირში იყო.
მინისტრმა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კინოცენტრის დირექტორმა დაგმო რუსეთის ომი და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. თუმცა მინისტრს არაფერი უთქვამს ამ ფაქტის შესახებ და მისი გათავისუფლების მიზეზად კინოცენტრში არსებული დარღვევები დაასახელა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ხელოვანები, დიდ სოლიდარობას იჩენენ უკრაინის მიმართ. მითუმეტეს, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით ოცი პროცენტი. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომლის დამფუძნებელმა ივანიშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში იშოვა, არ სურს ძლიერი მეზობლის გაღიზიანება. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ოლიგარქის დაკვეთას ასრულებს და ბოლომდე ლოიალობას ინარჩუნებს პუტინის რეჟიმის მიმართ.
ჩხეიძე ასევე აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის გაღიზიანება პირველ რიგში, გამოიწვია კინოცენტრის მიერ რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის დაფინანსებამ. ფილმი სახელწოდებით „მოთვინიერება“, ივანიშვილის მეგალომანიური ლანდშაფტური პარკის პოლიტიკური ალუზიები აშკარაა. 2021 წელს სალომე ჯაშის ფილმმა საერთაშორისო ფესტივალებზე ნამდვილი სენსაცია გამოიწვია, თუმცა საქართველოს კინოთეატრებში ის არ უჩვენებიათ.
„მოთვინიერებაში“ ნაჩვენებია როგორ თხრიან გიგანტურ, ასწლიანი ხეებს საქართველოს ზღვისპირა რეგიონში და როგორ გადააქვთ შავი ზღვის გავლით, ექსკლუზიურ კერძო პარკში. იგავი ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციისა და ამ რესურსების მფლობელის, მოსახლეობისგან მოწყვეტის შესახებ, მართლაც შთამბეჭდავი და ლამის ეპიკურია. ფილმში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი შრე – თუ როგორ ემშვიდობებიან თავიანთ ხეებს სოფლის მცხოვრებლები. ასევე მათი რეაქცია, ვინც არ ყიდის მათ… სხვათა შორის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ–ერთ ინტერვიუში ფილმს „სამარცხვინო“ უწოდა.
„საქართველოს ჰყავს შესანიშნავი კინორეჟისორები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებთან ერთად მუშაობენ“, ამბობს გაგა ჩხეიძე. მაგალითად, ახალი თაობის რეჟისორი მარადია ცაავა, რომლის სადებიუტო ნამუშევარი „წყალს საზღვრები არ აქვს“, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ნაწილი 1993 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოექცა.
2023 წელს კანის კინოფესტივალზე, „რეჟისორთა კვირეულზე“
დიდი წარმატება ხვდა წილად ელენე ნავერიანის ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც ძალიან საინტერესო ავტორის, თამთა მელაშვილის რომანის ეკრანიზაციაა. გაგა ჩხეიძე ინარჩუნებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებლის პოსტს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობის მაყურებელთა შორის. ფესტივალს მხარს უჭერს ევროკავშირის კულტურის დაფინანსების პროგრამა.
„უკრაინის ომი და მისი შედეგი გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის“, ამბობს ჩხეიძე. დღევანდელი ხელისუფლება აშორებს ქვეყანას დემოკრატიისგან. დაახლოებით ორასი ათასი რუსი მოქალაქე ჩამოვიდა ომის დაწყების შემდეგ, რამაც გამოიწვია ინფლაცია, გაზარდა ფასაბი და წაართვა სამუშაო ადგილები ადგილობრივებს. ბევრი ახალგაზრდა ვერ ხედავს პერსპექტივას სამშობლოში და სურს წასვლა დასავლეთ ევროპაში ან ამერიკაში. უკრაინის სამხედრო წარმატებამ კინ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალოს.“
„შიში ნთქავს სულს“ – ასე ეწოდება დიდი გერმანელი რეჟისორის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმს, რომელიც დღევანდელი საქართველოს მეტაფორადაც შეიძლება „ვთარგმნოთ“. ეს შიში თანდათან ემუქრება და იპყრობს ხელოვნებისა და შემოქმედებით სივრცეს. განსაკუთრებით, საქართველოს ხელისუფლების კულტურის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც მხოლოდ აწყობილი, გამართული ინსტიტუციების ნგრევას ემსახურება და არა მათ განახლებას და ტრანსფორმაციას.