შიშსა და მოლოდინში | ადამიანები აფრიკის დასახლებიდან

ქრისტინე მუჯირი

„უფულო ადამიანი ამ ბეტონის კედლებს ვერ ააშენებდა“, – გვეუბნება ტაქსის მძღოლი და თან აფრიკის დასახლების ტალახიან ქუჩას მიუყვება. ჩვენ არაფერს ვპასუხობთ, ფანჯრიდან იმ დასახლებას ვათვალიერებთ, რომელიც გეტოს ჰგავს. ვეძებთ ადგილს, სადაც აქცია მიმდინარეობს. დანგრეული ქარხნისკენ წადითო, მიგვასწავლის გამვლელი.

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მივდივართ ადგილისკენ, სადაც 2 დღის წინ თბილისის მერიამ ასობით პოლიციელის დახმარებით 12 სახლი დაანგრია.  მათ შორის რამდენიმე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ახლა 2 სახლი და ერთი ვაგონია დარჩენილი, რომელსაც ასევე საცხოვრებლად იყენებენ.

სახლი-ვაგონი დანგრეული ქარხნის  გვერდით დგას. იქვე ძველი რკინიგზაა. პერიოდულად თვითმფრინავების გამაყრუებელი ხმა ისმის. ვაგონის კარზე ვაკაკუნებთ. ვაგონში ნათია ყაზაშვილი ცხოვრობს.

ნათიამ აფრიკის დასახლებაში 3 თვის წინ დასახლდა. პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და ბინის ქირას ვეღარ იხდიდა.

ნათია ყაზაშვილი გვიყვება, რომ მას არაფერი გააჩნია და წასასვლელიც არსად  აქვს. ვაგონი ნაცნობმა აჩუქა. მან ის დასახლებაში ამოიტანა და დადგა. მისი თავშესაფარი 18 კვ.მ-ია. ვაგონის კედლებს სითბოს შესანარჩუნებლად ხის ნაჭრები ააკრა.

ნათია ამბობს, რომ მთელი ღამე არ უძინია, რადგან ეშინოდა, მის ვაგონსაც არ მისდგომოდნენ ბულდოზერებით და არ დაენგრიათ.

ამბობს, რომ საწყენია, ქალაქის მთავრობის წევრების განცხადებები, რომ თითქოს ხალხი აგარაკებს იშენებს, მაშინ, როცა ამ ბარაკებში დასახლებულებს არც ელექტროენერგია აქვთ და არც გაზი.

„ადამიანს, რომ არ უჭირდეს, აქ რატომ უნდა მოვიდეს საცხოვრებლად?“ – ამბობს ის.

ყვება, რომ თავიდან კამერებთან საუბარი არ სურდა, ტელევიზიით შვილს რომ არ ენახა. შვილის ნახვის საშუალებას ბავშვის მამა არ აძლევს. ნათია ცდილობს, რომ შვილის დასაბრუნებლად სამართლებრივი გზა ეძებოს, მაგრამ ამის ფინანსები ჯერ არ აქვს. ფიქრობს, რომ რადგან არსებობს საფრთხე, ღია ცის ქვეშ დარჩეს, საჭიროა  ილაპარაკოს პრობლემაზე და არა უშავს, თუ შვილი ნახავს, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს დედა. სჯობს, იცოდესო.

***

ვალერიან სოლომნიშვილს აქციაზე შევხვდით. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც  სახლი დაუნგრიეს. დაღლილი და გაბრაზებულია. მანაც სხვებივით მთელი ღამე გაათენა. როგორც ვალერიანი ამბობს, ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (პირველი ჯგუფის). ჰყავს სამი შვილი და მათგან ყველაზე პატარა 6 წლისაა. დღევანდელი ღამე კი შვილებთან ერთად ნანგრევებში უნდა გაატაროს.

„ასეთი დილა გამითენდა, მოვიდნენ და სახლი დამინგრიეს. კალაძემ თქვა, რომ ჩვენ ვილებს ვიშენებთ. გადამიმოწმეს და ჩემი ვერაფერი იპოვეს. რაც მქონდა ეს სახლი იყო. მე აღარაფერი გამაჩნია“, – ამბობს ის.

ის მალე გვემშვიდობება და აქციის მონაწილეებთან ერთად დასახლების ცენტრისკენ მიემართება.

**

უკვე მეორე დღეა აფრიკის დასახლებაში უჩვეულოდ ბევრი მანქანა მოძრაობს. ისედაც ტალახიანი ქუჩები კიდევ უფრო ატალახდა. სიარული ჭირს. ცოტა ხნით აქციის მონაწილეებს მივყვებით. ცივა და ქუჩებში არავინაა. ერთ პატარა სახლს მივადექით. ამ სახლში დიანა ისრაელიანი ცხოვრობს. დიანა აქ ქმართან და 2 შვილთან ერთადაა. ამბობს, რომ წინა დღე ბავშვებისთვის სტრესული იყო,  მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში უამრავ პოლიციელს ხედავდნენ და ელოდებოდნენ, როდის დაინგრეოდა სახლი.

სახლში თბილა. შეშის ღუმელზე ჩაიდნებით წყალს ათბობენ. პატარები ჩვენც შიშით გვიყურებენ. დიანას ერთ-ერთი შვილი ავადაა, თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. როცა მას ინტერვიუსთვის მიკროფონს ვუმაგრებდით, ბავშვმა ტირილი დაიწყო. დიანა მას ამშვიდებს და უხსნის, რომ ჩვენ ექიმები არ ვართ და მიკროფონიც არაა სამედიცინო აღჭურვილობა. მას და მის ქმარს ბავშვი ყოველთვიურად გამოკვლევებზე დაჰყავთ.

ოჯახმა აფრიკის ამ უბანში დასახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საცხოვრებელი დაკარგა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ბინის ქირის გადახდას ვეღარ ახერხებდნენ, რაღაც გზა უნდა ეპოვათ, რომ ჭერი ჰქონოდათ.

როცა პირველად მოვიდნენ და მიწის ნაკვეთი ნახეს, მაშინ აქ უამრავი ქვეწარმავალი იყო. გაასუფთავეს, თავისი ხელებით მოზიდეს აგურები და სხვა სამშენებლო მასალები. ცოლ-ქმარმა სახლის შენება დაიწყო. დიანას პენსიონერი დედა ჰყავს, რომელმაც 6 წლის პენსია წინასწარ აიღო, რათა შვილს სახლის შენებაში დახმარებოდა. ნელ-ნელა კედლები სახლს დაამსგავსეს, გადახურეს და საცხოვრებლად მოაწყვეს. ამბობს, რომ ელექტროენერგია მეზობლისგან აქვთ გამოყვანილი. ცდილობენ, მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ.

თბილისის მერის განცხადება, რომ თურმე მას აქ „დაჩა“ აქვს, დიანასთვისაც მტკივნეულია. როგორ დავარქვა ამას „დაჩა“ როდესაც წვიმის დროს მაღაზიაშიც ვერ გავდივართ ტალახის გამოო, როდესაც ეზოში ბავშვებსაც ვერ ვუშვებო – ამბობს ის.

ფიქრობს, რომ ერთ დღეს შესაძლოა მისი სახლიც დაინგრეს, თუ ხელისუფლება ამის დაკანონების საშუალებას არ მისცემს. სხვაგან წასასვლელი მათ არ აქვთ.

„თუ სხვების სახლები დაანგრიეს, ეს ნიშნავს, რომ ჩემამდეც მოვლენ. არ შეიძლება, რომ მოვილაპარაკოთ? რომ ამ მიწის დასაკუთრება შევძლოთ? შეღავათი გაგვიკეთონ, რომ ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამ უსახლკარო ხალხზე? კაი, გაგვყარონ. სად უნდა წავიდეთ? სად უნდა წავიდეს ამდენი ხალხი? 90%-ს არ აქვს საკუთრებაში ეს სახლები“, – ამბობს ის.

დაუკანონებელი საცხოვრებლის პრობლემას თან ერთვის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც. აქვთ ბანკის ვალი. რადგან მის ქმარს 400-ლარიანი ხელფასი აქვს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მიენიჭათ. პანდემიამდე დიანა ხანდახან დამლაგებლად მუშაობდა, რითაც 20-30 ლარს შოულობდა. ახლა კი ტრანსპორტი გაჩერებულია და იძულებულია, სახლში იჯდეს.

დიანას ქმარი ეზოში მუშაობს. ცოტა უკმაყოფილოა ჟურნალისტების ინტერესით. შიშობს, რომ მედიასთან საუბარი პრობლემას გაამწვავებს და შემდეგ ჯერზე, პირველს მას დაუნგრევენ სახლს.

„თუ ისინი მოვლენ ამ სახლის დასანგრევად, მე აქედან ცოცხალი არ გავალ. სად უნდა წავიდე? ავადმყოფი შვილით“, – ამბობს ის.

**

ღამდება. ქარი გაძლიერდა და კიდევ უფრო აცივდა. ტალახიან გზას გავუყევით. დარინა მსხვილიძის სახლთან ვჩერდებით. დარინას ხმა დაკარგული აქვს, რადგან მთელი წინა დღე ქუჩაში გაატარა, ბევრი ილაპარაკა და ბევრიც ინერვიულა. ამბობს, რომ  ემოციური ადამიანია და ასეთ დროს მშვიდად ყოფნა არ შეუძლია. დარინაც ავადაა, მკერდის სიმსივნე აქვს და 5 ოპერაცია გადაიტანა. ძლიერი წამლების შედეგად თმა გასცვივდა. ახლა დედაზე დარდობს. დედამისმა არ იცოდა, რომ შვილს თმები აღარ ჰქონდა და ამის შესახებ ტელევიზიით გაიგო, როცა ანერვიულებულმა დარინამ კამერების წინ პარიკი მოიხსნა. პოლიციელებთან შეხლა-შემოხლისას ხელები დაულურჯდა და სტკივა.

„სახლებს ანგრევდნენ. ის, რაც დავინახე, იყო საშინელი. წარმოვიდგინე, როგორ მოვიდოდნენ ჩემამდე და ჩემი სახლიც დაინგრეოდა. როგორც ყველას, ჩემი სახლიც არაკანონიერადაა მისაკუთრებული“, – ამბობს ის.

დარინას ოთახში ბევრი ნახატი აქვს. ზოგი შვილმა დაუხატა, რომელიც 13 წლისაა. ახლა დროებით ახლობელთან ცხოვრობს, რადგან დარინას არ უნდა ავადმყოფობის ამ ფაზაში შვილი მასთან იყოს. ის მარტოხელა დედაა და ამბობს, რომ არასდროს არავისთვის უთხოვია რამე, მხოლოდ ამ პატარა ნაკვეთის დაკანონებას ითხოვს.

„აქ არავის ულხინს, საცხოვრებელი ყველამ გაჭირვებით ააშენა. ვიცი, რომ არაკანონიერი ქმედება ჩავიდინე, ვიცი, არ უნდა ამეშენებინა, რადგან იყო სახელმწიფოსი, მაგრამ, რადგანაც მეც ამ სახელმწიფოს ნაწილი ვარ, მინდა მეც მქონდეს ჩემი წილი ამ ქვეყანაში. იყოს ეს სახლი ამ პატარა ნაკვეთით ჩემი“, – ამბობს დარინა.

**

ღამდება, ტაქსის გამოძახებას ვაპირებთ.  ჩვენ წინ უცნობი მანქანა ჩერდება. წაყვანას გვთავაზობს.  ბიჭი ადგილობრივია, იქვე მუშაობის დროს დავუნახივართ და ამიტომ გაგვიჩერა. ჩავჯექით, ცოტა ხანში სიჩუმეს არღვევს და ჰყვება, რომ 14 წელი იხდიდნენ ბინის ქირას და ვეღარ გაუმკლავდნენ. ამიტომაც ცხოვრობენ ახლა აფრიკაში, უკანონოდ აშენებულ სახლში. ჩემს სახლს რომ ვინმე შეეხოს, გავგიჟდებიო, ამბობს. აფრიკიდან ავლაბრამდე საბამ მოასწრო მხიარული ამბების მოყოლა ჯარის, მეგობრებისა და აფრიკაში ცხოვრების შესახებ.

ბოლოს გვეუბნება, რომ კარგი ფეხი გვაქვს, წარმატება მოვუტანეთ. დავინტერესდით, რატომ. საბა მშენებლობაზე მუშაობს, ხელფასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა ჰქონდა და გასარკვევად მიდიოდა. გზაში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ საკითხი მოგვარდა.