„მიწა ასიმეტრიულადაა გადანაწილებული, რადგან ვისაც გავლენა და კომისიის წევრებთან ახლო კავშირი ჰქონდა, ყველაზე დიდი და კარგი მიწის ნაკვეთები მათ მიიღეს. ეს გავლენიანი პირები, რომლებიც იმ დროს სახელმწიფო სექტორში მუშაობდნენ, ფლობენ არამარტო მიწის დიდ ნაწილებს, არამედ საბჭოთა მემკვიდრეობით დარჩენილი ინფრასტრუქტურაც მათ ხელშია“.
„დმანისში სოფლების საძოვრების და სათიბი მიწების დიდი ნაწილი ერთი ადამიანის ხელშია“.
„მიწებს თაღლითური მეთოდით ხელისუფლებაში მომუშავე ადამიანები ირეგისტრირებენ საკუთრებაში. მერე თავს იმართლებენ იმით, რომ კოოპერატივი აქვთ, ან „თუ მე არ შევიძენ, კახეთიდან ჩამოსულ მომთაბარეებს გადასცემენ“.
უსამართლოდ განაწილებული მიწები და სარჩოს მოსაპოვებლად ისედაც მძიმე შრომის კიდევ უფრო გაძნელება, „არენდატორებისთვის“ ფულის გადახდა; მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც სინამდვილეში მიუწვდომელია – ამ პრობლემებზე ჩივიან ფერმერები ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.
ეს არის ამონარიდები „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც კვლევის ავტორებმა სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარეს დარგის სპეციალისტებთან, სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებთან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევაში მოყვანილი მონაცემები გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში გაზრდილი სუბსიდირებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ამ დარგში ეკონომიკური ზრდა მთლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ათჯერ ჩამოუვარდება.
ცხოვრების დონის მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავებებია სოფლებსა და ქალაქებს შორის. მაგალითად, 2018 წელს სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებთან შედარებით, ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავალი 19.0%-ით მაღალი იყო. ამავე წელს, აბსოლუტური სიღარიბე სოფლად 23.1%-ს და ქალაქად 18.0%-ს შეადგენდა.
არადა, საქართველოს მოსახლეობის 41% ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ზოგიერთი რეგიონისთვის ის წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს.
ხოლო როცა ვსაუბრობთ უთანასწორობაზე, კიდევ უფრო უთანასწოროა პირობები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიხედვით, მათი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გლეხები ხშირად ვერ სარგებლობენ სოფლის მეურნეობაში არსებული პროგრამებითა და პროექტებით.
„ისინი ხშირად საუბრობენ მიწის რესურსების უსამართლო და დისკრიმინაციული გადანაწილების გამოცდილებაზე მათ სოფლებში, რომელიც 90-იან წლებსა და ასევე უახლესი წლების პრივატიზების ფრაგმენტული და უკონტროლო პროცესის შედეგია“, – ვკითხულობთ კვლევაში.
რა აწუხებთ ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს? რა პრობლემები იკვეთება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და როგორი უნდა იყოს მათი დაძლევის გზები? ამ საკითხებზე „პუბლიკასთან“ კვლევის ავტორი ქამრან მამადლი, სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი და დარგის სპეციალისტი, „ახალქალაქის ბიზნესცენტრის“ დამფუძნებელი მახარე მაცუკატოვი საუბრობენ.
რესურსების უსამართლო, არათანაბარი განაწილება
„90-იან წლებში მიწების პრივატიზების საკითხი თავიდანვე პრობლემური იყო. სახელმწიფომ 1992 წელს მიიღო დადგენილება ბუფერული ზონების შესახებ, რომლითაც სასაზღვრო ზონაში 21-კილომეტრიან ბუფერულ ზონას ქმნიდა სახელმწიფო. თუმცა ამისი პრაქტიკული განხორციელება მხოლოდ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოხდა“, – ჰყვება ქამრანი.
მისი თქმით, ამ რეგიონებში მიწის რესურსების განაწილებაზე პრობლემებიც სათავეს ამ დროიდან იღებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ქამრანი ამბობს, რადგან ამ მიწების პრივატიზება არ შეიძლებოდა, კონკრეტული მიწები არაფორმალურად გადაეცა რიგ საზოგადოებებს, მაგალითად, მერაბ კოსტავას საზოგადოებას, რომელიც ბოლო წლებში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ ჩაანაცვლა.
ქამრან მამადლის თქმით, მოსახლეობასთან საუბარში, ადგილობრივები ხშირად პრობლემურად სწორედ ამ საკითხს აყენებენ.
„ასევე იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ინდივიდები იღებდნენ იჯარით ამ მიწებს და შემდეგ პირდაპირი შესყიდვის წესით ისაკუთრებდნენ. ეს პრობლემური პრაქტიკა არსებობდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიწის რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებით“, – ამბობს კვლევის ავტორი.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დიდი ფართობის მქონე მიწების პირთა მცირე ჯგუფის ხელში მოქცევაა სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც „სოციალური სამართლიანობის“ კვლევა აქცენტს აკეთებს.
მაშინ, როცა სპეციალისტებიც და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მიიჩნევს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მცირემიწიანობაა, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი ხშირად ერთეულების ხელშია მოქცეული და მოსახლეობა მიწების დეფიციტზე საუბრობს.
„ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი გლეხები ხშირად იძულებულნი არიან, ე.წ. „არენდატორებისგან“ იჯარით აიღონ სასოფლო სამეურნეო მიწა, რათა შეძლონ ოჯახის შენახვა და მინიმალური შემოსავლის მიღება. ადგილობრივების მიხედვით, ერთი ჰექტარი მიწის წლიური გადასახადი 500 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს. გლეხები აცხადებენ, რომ მიწების დიდი ნაწილი 90-იან წლებში მიწის რეფორმის შედეგად აღმოჩნდა „არენდატორების“ ხელში და მოსახლეობამ ვერ შეძლო მიწების მიღება“, – ვკითხულობთ კვლევაში.
სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეს პრობლემები ერთნაირად აწუხებთ. თოზუ ჰყვება, რომ მისი სოფელი კახეთს ეკუთვნის, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს და თავადაც მიუღია ინფორმაცია, როცა ჩართულა ამ საკითხში, მსგავსი პრობლემები აქვს ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემსაც.
სოფლებში ორი ტიპის მიწაა, სახნავ-სათესი და საძოვარი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, როგორც თოზუ ჰყვება, სურათი მსგავსია – მიწაზე, საქონელთან ადგილობრივი ფერმერები მუშაობენ, მაგრამ რესურსები პირთა მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა და ფულს ისინი გლეხების ხარჯზე შოულობენ.
„ეს პრობლემა უკეთ რომ ავხსნათ, ადრიდანვე, გარკვეულმა პირებმა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები მიისაკუთრეს, ახლა კი ვერავინ ვერაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად.
თუმცა, პრობლემა არ არის მხოლოდ ადრე მისაკუთრებული მიწები. ჩვენ მიწებთან დაკავშირებული პრობლემები ახლაც გვექმნება. უსამართლო ენობრივი პოლიტიკის შედეგად, მიწის იჯარით გამოტანის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ქართულენოვან ვებგვერდზე ჩნდება, აზერბაიჯანულ თემში მოსახლეობის უმეტესობას შესაძლებლობა არ ეძლევა, რომ შეიტყოს ამის შესახებ და თავადაც მიიღოს ტენდერში მონაწილეობა“, – ჰყვება თოზუ გულმამედლი „პუბლიკასთან“.
უსამართლო ენობრივი პოლიტიკა
უსამართლო ენობრივი პოლიტიკით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს მახარე მაცუკატოვიც. მისი თქმით, ახალქალაქში ახალგაზრდები მეტად ახერხებენ ქართულის სწავლას, მაგრამ ფერმერულ საქმიანობაში უფრო მეტად უფროსი თაობის ხალხია ჩართული, მათ კი ენა არ იციან კარგად.
„უსამართლო ენობრივი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს ხელს უშლის ადგილობრივ ფერმერებს, რომ ისარგებლონ სხვადასხვა პროგრამით, მარტივად გაიფორმონ მიწები, მოაგვარონ იურიდიული საკითხები“, – ამბობს მაცუკატოვი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის კიდევ ერთი მიგნება აშკარა დასტურია იმისა, თუ რამდენად უშლის ხელს უსამართლო ენობრივი პოლიტიკა ამ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
„კიდევ ერთი საინტერესო მიგნება, რაც ჩვენი თვისებრივი კვლევიდან გამოჩნდა, არის ის, რომ პროგრამებზე, მაგალითად, აგროდაზღვევისა და აგროკრედიტის შესახებ, ანუ სერვისებზე, რომლებსაც ბანკები და სადაზღვევო კომპანიები თარგმნიდნენ, მოსახლეობაში ინფორმაცია იყო“, – ამბობს ქამრან მამადლი.
ხოლო იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იმუშაოს ეთნიკური უმცირესობებისთვის ამ საკითხის გადაჭრაზე, ქამრან მამადლის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლები მხოლოდ ქართული ენის პოპულარიზებას ეწევიან.
„სახელმწიფო უწყებებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს პოზიცია იყო ის, რომ სოფლის მეურნეობებთან დაკავშირებით ისინი შეხვედრებს ატარებენ ეთნიკურ უმცირესობებთან, რათა მოსახლეობას აუხსნან, რომ თუ ეცოდინებათ ქართული ენა, შეძლებენ ამ პროგრამებით სარგებლობას.
სააგენტოს მთავარი მიზანი იყო – ქართული ენის პოპულარიზაცია და არა – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ამ პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარება“, – დასძენს ქამრან მამადლი „პუბლიკასთან“.
მიწა პოლიტიკურ ინსტრუმენტად
ხელისუფლების შეუსაბამო დამოკიდებულების შესახებ საუბრობს თოზუ გულმამედლიც. მეტიც, მისი თქმით, ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვისაც კი იყენებს.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა უმრავლესობის კანდიდატი ჰპირდება მოსახლეობას, მიწებს დაგიბრუნებთო, თქვენ მოგცემთო და ამის სანაცვლოდ იღებს ხმებს. მაგრამ თოზუს თქმით, მას ჯერ არ უნახავს, ეს პირობა შესრულებულიყო.
„იგივე პრობლემაა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხში. მე ვიცი ჩემს თემში რამდენჯერ გამოცხადდა ეს ამბავი. ამასაც იყენებენ პოლიტიკურ ამბებში. არადა, ის მუდამ ქართულ ენაზე ცხადდება და მე საიდან უნდა ვიცოდე, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, მაგ საკითხსაც პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებენ“, – ამბობს თოზუ გულმამედლი.
მომცრო ნაკვეთებად სხვადასხვა ადგილას გაბნეული მიწა
90-იან წლებში მიწების პრივატიზაციისას დაშვებულ შეცდომებზე ასევე საუბრობს ახალქალაქის ბიზნესცენტრის ხელმძღვანელი, მახარე მაცუკატოვი. თუმცა ის „პუბლიკასთან“ კიდევ ერთ პრობლემას გამოყოფს, რაც ადგილობრივ ფერმერებს სოფლის მეურნეობიდან შემოსავლის მიღებაში უშლით ხელს.
მახარე მაცუკატოვი ჰყვება, რომ თუკი ბუფერულ ზონაში მიწები ერთიანად გადაეცათ კონკრეტულ პირებს, ამ ზონის მიღმა ჯავახეთის ბევრ სოფელში სამართლიანი დანაწილების მოტივით მიწები ძალიან მცირე ნაკვეთებად დაჰყვეს.
სოფლების გარშემო სხვადასხვა კატეგორიის მიწების არსებობის მიზეზით, იქ მცხოვრებმა თითოეულმა კომლმა რამდენიმე ნაკვეთი მიიღო, მაგრამ ყველა სხვადასხვა ადგილას და მცირე ზომის. ასეთი დანაწილება კი დღეს გლეხებს საშუალებას არ აძლევს, რომ იქ წარმატებით განახორციელოს ფერმერული საქმიანობა.
„ახლა ცდილობენ განვითარების კუთხით, რომ შექმნან კოოპერატივები, მოახდინონ კოოპერაცია, გამსხვილება და გაერთიანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 32 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა მიწის ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟები, სადაც ფერმერებს შეეძლებათ ინვესტიციებში შესვლა და ფერხდება მიწის ბაზრის ჩამოყალიბება.
ამიტომ მიწების დამსხვილება, კოოპერატივების განვითარება დღემდე ვერ ხერხდება. გვაქვს დარეგისტრირებული კოოპერატივები, მაგრამ იქ ძალიან იშვიათად ვხედავთ გაერთიანებულ მიწებს, უბრალოდ ვიღაცები ქმნიან კოოპერატივებს, რომ გარკვეული ბენეფიტები მიიღონ. შესაბამისად, ფურცელზე არის კარგი სტატისტიკა კოოპერატივების კუთხით, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, ეს ისევ დიდი გამოწვევაა“, – ამბობს მაცუკატოვი.
მახარე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მინიმუმ ახლო პერსპექტივაში საჭიროა, რომ სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და დაასრულოს მიწების აღრიცხვა, რეგისტრაცია მაინც.
„ჯერ ბოლომდე აღრიცხულიც არ აქვთ მიწები, თითქოს რაღაცები კეთდება, მაგრამ 32 წელია ვერ დასრულდა ეს პროცესი. არ შეიძლება ასე. თუმცა, ამას შეიძლება გარკვეული პირებიც უშლიდნენ ხელს.
მსმენია ბევრი შემთხვევის შესახებ ახალქალაქის, ნინოწმინდის თუ სხვა მუნიციპალიტეტებში, იყვნენ კოლმეურნეობის ძველი ხელმძღვანელები, რომლებიც არალეგალურად დაეპატრონნენ გარკვეულ მიწებს, მერე ზოგმა იჯარით გაიფორმა, ზოგი საკუთრებაში გაფორმებას ცდილობს და ვფიქრობ, რომ მათ ინტერესებშიც არ შედის მიწების აღრიცხვის დასრულება, დღევანდელი სტატუს-კვო აწყობთ. მე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ ეს პრობლემა ხშირად იჩენს თავს სოფლებში ადგილობრივ ფერმერებთან საუბრისას“, – დასძენს ის.
როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა?
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მომზადებულ კვლევაში სახელმწიფოსათვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის დარგში.
რეკომენდაციები, რომლებზეც ქამრან მამადლი „პუბლიკასთან“ საუბრობს, მეტწილად სწორედ უსამართლო ენის პოლიტიკის შეცვლას, რესურსების სამართლიანი განაწილებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროების გათვალისწინებისკენაა მიმართული.
„ჩვენ გვქონდა შემდეგი რეკომენდაციები: სახელმწიფომ თავისი პროგრამები და სერვისები უნდა გათვალოს ეთნიკური ხაზებით. ეს სერვისები და პროგრამები სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, რამდენად მიდის მოქალაქეებამდე, მათ შორის, ეთნიკური ჭრილით.
ეთნიკური ჭრილით უნდა შეაფასონ არსებული პროგრამები საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმაც.
ასევე, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და შექმნას თარგმნის რესურსები ამ სერვისებისა და პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გლეხებისთვის.
ამასთანავე, მხოლოდ თარგმნა დახმარებისა და წახალისების გარეშე საკმარისი არ იქნება. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული პოლიტიკა, როგორ წაეშველოს და დაეხმაროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ გლეხებს, რომ მათაც შეძლონ ამ პროგრამებში მონაწილეობა“, – ამბობს ქამრან მამადლი.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ადგილობრივ საკონსულტაციო ცენტრებში ეთნიკური უმცირესობების ენაზე მოსაუბრე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდაზე ასევე უნდა იზრუნოს საჯარო უწყებებში მისი თანამშრომლების განწყობების ცვლილებაზე ეთნიკური ჯგუფების მიმართ, დაეხმაროს მათ ცოდნის, დამოკიდებულებისა და მოტივაციის გაზრდაში, რომ უკეთ დაეხმარონ ადგილბორივ გლეხებს. გაზრდის მათ ცოდნას, სენსიტიურობას და მოტივაციას გაზარდონ სოფლის მეურნეობაში ჩართული გლეხების მხარდაჭერა.
ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, რადგან ქამრან მამადლის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რაც მათ დახვდათ, ის იყო, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხედავენ, არის მნიშვნელოვანი სერვისები და პროგრამები, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ამ პროგრამებზე.
ხოლო კვლევაში მონაწილე ექსპერტები მიუთითებენ, რომ საჭირო იქნება იმ ნიჰილიზმის დაძლევაც, რაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს სახელმწიფოს მათდამი დამოკიდებულების მიმართ.
„ერთ-ერთი გამოსავალი აქედან უნდა იყოს სწორედ კავშირებისა და ურთიერთობების, ნდობის აშენება ეთნიკურ უმცირესობებთან. რადგან ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკურ უმცირესობებში, არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ არ არსებობს, არსაიდან ვიღაც მოვიდეს და მხარი დაუჭიროს მათ“, – დასძენს ქამრანი.
უფრო კომპლექსური და რთული საკითხია მიწის რესურსების უსამართლო გადანაწილება, რადგანაც იქ მიწის დიდი ნაწილი უკვე კერძო საკუთრებაა.
„გვესმის, რომ ძალიან რთულია ჩვენს კონსერვატიულ კაპიტალისტურ სისტემაში ძალიან რთულია ძველი პრივატიზებული მიწების ვიღაცებისთვის ჩამორთმევა და თავიდან სამართლიანად განაწილება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ახალ გზებზე, როგორ აღმოფხვრას ეს ისტორიული უსამართლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის მიწის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ქამრანი.
თოზუ გულმამედლი დასძენს, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ის ბერკეტი, რომ გააკონტროლოს „არენდატორების“ მიერ დასაკუთრებული მიწების 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირად იჯარით გაცემა და შეიმუშაოს რეგულაცია.
ამასთანავე, ისევ რჩება მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზეა. ამ ნაწილში კი სახელმწიფოს ბევრად მეტი საშუალება აქვს, გაითვალისწინოს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები. ასევე აქვს საშუალება, რომ ახალი პროგრამების შემუშავებისას გაითვალისწინოს მცირემიწიანი თვითდასაქმებული პირების ინტერესებიც, რაც წაახალისებს ადგილობრივ ფერმერებს.
მახარე მაცუკატოვი კი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების გადაჭრას გარკვეულწილად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ერთგვარი ბაზრის ჩამოყალიბებამ შეიძლება შეუწყოს ხელი.
„მიწის რესურსი იფლანგება და ძალიან დიდი ზარალია ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია რაიმე რეფორმა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და ვთქვათ, სახელმწიფოს გარკვეულ ბერკეტებს მისცემს. ისიც მესმის, რომ ეს მიწები კერძო საკუთრებაშია გადასული და ძალიან რთული საკითხია ახლა. მაგრამ სახელმწიფომ ამ პრობლემაზე საუბარი მაინც უნდა დაიწყოს.
მაგალითად, თუნდაც მიწის ბაზრის ამუშავებით თუ მიწას ფასი დაედება, ეს მესაკუთრეები დაფიქრდებიან, რომ გაყიდონ მიწა, რომელსაც არ ამუშავებენ და სხვა ბიზნესში გადაიტანონ ფული ან ქალაქში იყიდონ კერძო საკუთრება.
საჭიროა, როგორც პარლამენტში აგრარულ კომიტეტში ისე უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხების წამოწევა და საუბარი ყველა დაინტერესებულ მხარესთან. უნდა ჩართონ სპეციალისტები და გამოჩნდება დღეს არსებული პრობლემების დაძლევის გზებიც“, – ამბობს მხარე მაცუკატოვი.
„პუბლიკა“ ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ ამ პრობლემებზე სსასაუბროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროში ამბობენ, ისინი მუშაობენ ეთნიკური უმცირესობებისთვის სამინისტროს პროგრამების გაცნობაზე. ხოლო შერიგების სამინისტრო იწყებს მსგავსი რესურსების თარგმნის მსხვილ პროექტს, მათთან თანამშრომლობით კი იგეგმება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პროგრამებისა და სხვა საინფორმაციო რესურსების თარგმნაც ეთნიკური უმცირესობების ენაზე.