შშმ ქალები და დედობა ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ანა ქათამაძე

ადამიანები ყოველდღიურად ბევრ არჩევანს ვაკეთებთ: რა ჩავიცვათ, რომელ ფილმს ვუყუროთ, რა ვჭამოთ, სად ვჭამოთ. თუმცა არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა შეუძლია, ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს სრული ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვება და არჩევანიც ყოველგვარი ზეწოლის, ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე გავაკეთოთ.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვს მიეკუთვნება ადამიანის შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვროს, როდის და რამდენ შვილს იყოლიებს, ან იყოლიებს თუ არა საერთოდ. თუმცა, საზოგადოება ხშირად განიხილავს არასრულფასოვნად იმ ადამიანებს, რომელთაც შვილების გაჩენა არ შეუძლიათ. განსაკუთრებით კი იმ ქალებს აკრიტიკებენ, რომლებიც დედობის ეგრეთ წოდებულ „ყველაზე დიდ ბედნიერებაზე“ უარს არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ საკუთარი სურვილით ამბობენ. მაშინაც კი, თუ ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოება მათ არ რიყავს, ახლობლების შეწუხებული სახეების ყურება მაინც თითქმის ყოველდღიური რუტინის ნაწილი ხდება.

თუმცა ეს პოდკასტი იმ ქალებზეა, ვისგანაც შვილის გაჩენას არათუ არ მოელიან და არ ითხოვენ, არამედ ხშირად მშობლობის შესაძლებლობას სამედიცინო ჩარევის დონეზე, იძულებით და დაუკითხავად ართმევენ. იმ გადაწყვეტილებებზეა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები შვილების ყოლასთან დაკავშირებით იღებენ, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, მიიღებდნენ, საზოგადოებას მათ მაგივრად რომ არ გადაეწყვიტა, როგორი მშობლები იქნებოდნენ. იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი აბორტი და იძულებითი კონტრაცეფცია, ეს ის საზიანო პრაქტიკებია, რომელთა ობიექტი შშმ ქალების ნაწილი მათი თანხმობის გარეშე, ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებისა და მედიცინის მუშაკების მოთხოვნით ხდება.

მაგალითად, სტერილიზაცია, იგივე სამედიცინო ჩარევით რეპროდუქციული უნარის მოშლა, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი ქირურგიული მეთოდია. მას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც შვილების გაჩენას არ, ან აღარ აპირებენ. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც აღნიშნულ პროცედურას იტარებს, ქალია ის, თუ კაცი, შვილის ყოლის უნარს კარგავს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენას არ გულისხმობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სტერილიზაცია მათი თანხმობის გარეშე, თუმცა მათივე საუკეთესო ინტერესის დაცვის არგუმენტით, ხშირად ტარდება. ინიციატორები ოჯახის წევრები და მედიცინის მუშაკები არიან, იძულებით სტერილიზაციაზე თანხმობის მიღება არაერთ ქვეყანაში სასამართლოს გზითაც შესაძლებელია.

რეალურად, შშმ ქალებზე მზრუნველი პირები სტერილიზაციას ერთი მხრივ იმიტომ ითხოვენ, რომ, უხეშად თუ ვიტყვით, შშმ ქალს და ხშირად საკუთარ თავსაც სავარაუდო „ტვირთი“ აარიდონ. მეორე მხრივ კი ამის მიზეზია საზოგადოებაში არსებული მითები, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ვერ შეძლებენ შვილების მოვლას ისე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალები, ან რომ მათაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ეყოლებათ. რაც შეეხება მედიცინის მუშკების ინიციატივით ჩატარებულ სტერილიზაციის პროცედურას, ხშირად ისინი არც ცდილობენ თანხმობის მიღებას, რადგან მიაჩნიათ, რომ შშმ ქალებს არ აქვთ უფლება, უარი თქვან სამედიცინო პროცედურაზე; რომ მათ არ შეუძლიათ გაიგონ სამედიცინო პროცედურის არსი და მისი შედეგები; რომ ექიმებმა უკეთ იციან, ან რომ უბრალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არ შეიძლება შვილები ყავდეთ. თუმცა თითქმის ყოველთვის, ისინი არ ინახავენ სამედიცინო დოკუმენტებს ჩატარებულ პროცედურებზე, რაც ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მიღებას პრაკტიკულად შეუძლებელს ხდის.

რა თქმა უნდა, ამ პოდკასტში ყველა სამედიცინო თუ ეთიკურ ასპექტს, არც და ვერც განვიხილავ, თუმცა ერთი რამ მაინც ფაქტია: საზოგადოება, რომელსაც კარგი დედობის განმსაზღვრელი ქცევების საკმაოდ გრძელი სია აქვს, და ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დაბადებას დღემდე ხშირად ტრაგედიად აღიქვამს, შშმ ქალებს მშობლის როლში თითქმის არასდროს მოიაზრებს. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე არა უბრალოდ სტერეოტიპებს, არამედ დანაშაულსაც ეხება. იძულებითი სტერილიზაცია ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, რაც ლახავს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობისგან თავისუფლების უფლებას და როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის ხშირად გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს და ქალებს ხშირად უკეთებენ აბორტს მათი თანხმობის გარეშე ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენებას აიძულებენ. მაგალითად, იძულებით სტერილიზაციას, კონტრაცეფციას და აბორტს ხშირად მიმართავენ ინსტიტუციებში მცხოვრები შშმ ქალების მიმართ, როგორც კონკრეტულ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანების რაოდენობის კონტროლის გზას. დაორსულების შეუძლებლობა ზრდის ასევე სექსუალური ძალადობის რისკსაც, განსაკუთრებით თუ მოძალადეები ამავე დაწესებულების თანამშრომლები არიან, ხოლო ქალებს ინტელექტუალური დარღვევა ან ფსიქო-სოციალური საჭიროება აქვთ, ანუ ისინი, ვისაც არავინ უჯერებს, როდესაც ძალადობაზე ყვებიან.

რაც შეეხება იძულებით კონტრაცეფციას, შშმ ქალებზე და გოგონებზე მზრუნველი პირები ხშირად აძლევენ მათ სპეციალურ მედიკამენტებს არა მხოლოდ ორსულობის თავიდან ასაცილებლად, არამედ მენსტრუაციის შესაჩერებლადაც, რადგან ითვლება, რომ მათ არ შეუძლიათ მენსტრუალური ჰიგიენის დაცვა ან რომ მენსტრუალურ ტკივილებთან გამკლავება მათთვის განსაკუთრებით ტრავმულია. შესაბამისად, ჩამოთვლილი საზიანო პრაქტიკები ყოველთვის არ არის განპირობებული ოჯახის წევრების სურვილით, ზიანი ან ტკივილი მიაყენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს და ქალებს. არცთუ ისე იშვიათად ეს გადამეტებული მზრუნველობის შედეგიც შეიძლება იყოს.

ალბათ, კარგი დედობის კრიტერიუმების იმ გრძელ სიაში, რომელიც უკვე ვახსენეთ, საკუთარი შვილის დაცვის სურვილი საპატიო ადგილს იკავებს, რაც უცნაური ან ცუდი სულაც არ არის. თუმცა, როდესაც საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხებათ, მშობლებს ხშირად ეშინიათ, რომ ისინი განსაკუთრებით დაუცველები არიან, რომ მათ შეიძლება ზიანი მიადგეთ თუ იმას გააკეთებენ, რაც სურთ. შესაბამისად, ბევრს არც ის გადამეტებული მზრუნველობა უკვირს, რომელსაც მშობლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ იჩენენ. მეც კი, როდესაც პირველად მოვხვდი შშმ ბავშვთა დღის ცენტრში, მივხვდი, რომ მათ მიმართ სხვა ბავშვებისგან განსხვავებულ, გადამეტებულ ყურადღებას ვიჩენდი. შეზღუდული შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და ეს ბევრი რაღაცის „საკუთარი ხელით“ გაკეთებას შეიძლება გამორიცხავდეს, თუმცა არა იმ მხარდაჭერას, რომლის მიღების უფლება ყველას აქვს, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ შვილების ყოლა სურთ და ამისთვის მზად არიან.

თუმცა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და სერვისებზე, შვილების დაცვის სურვილით, შეიძლება, არაერთი მათთვის საზიანო გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ პოდკასტსაც სწორედ ამიტომ ვწერ. ვიფიქროთ, რომ ინკლუზიური განათლების, დასაქმების, ადაპტირებული გარემოს თუ სხვა ხილული ბარიერის გვერდით, არის საკითხები, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ ან იკვლევენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სადღაც ჩვენ გვერდით არ ხდება.