„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: სალომე მიქაძე
ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით, მაგრამ ამ მექანიზმებნის ამოქმედება და რეალობაში დანერგვა რთულია, რადგან კანონების გარდა, ადამიანურ დამოკიდებულებებსაც დიდი როლი უჭირავთ უფლებების ხელშეუხებლობაში, განსაკუთრებით, როცა საქმე უმცირესობებს ეხება.
კონსერვატიული საზოგადოება, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ცდილობს, რომ საკუთარ მკაცრ, უდრეკ და თანამედროვეობისთვის მოძველებულ სტანდარტებს მოარგოს ყველა, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად და სხვადასხვა გარემოებების გამო არ ან ვერ ერგება მათ.
გარშემომყოფები თითქოს სულ ეძებენ შეზღუდული შესაძლებლობის გამოსწორების გზებს. ხშირად უკითხავთ ან შემოუთავაზებიათ „გამოჯანმრთელების“ მეთოდები პირადად ჩემთვის, რადგან გამოსავალს მხოლოდ ამაში ხედავენ. თანაც, ეს დამოკიდებულება გავრცელებული და ნორმალიზებულია. უფრო თანამედროვე გაგებით, შშმ პირს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის „განკურნება“ არ ესაჭიროება, რადგან მისი შეზღუდული შესაძლებლობები გარემოსთან ურთიერთქმედებაში ვლინდება. აქედან გამომდინარე ზუსტად ამ გარემო ფაქტორებზე უნდა მოხდეს მუშაობა.
შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება იყოს მრავალნაირი, ხილული და დაფარული, თანდაყოლილი ან შეძენილი. ეს მრავალფეროვნება უფრო გასაკვირს ხდის არსებულ მდგომარეობასა და მისაწვდომობის ასეთ დაბალ ხარისხს. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად აუცილებელია ინდივიდუალისტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რისთვისაც ნაკლებ პრივილეგირებული ადამიანების წინა პლანზე წამოწევაა საჭირო.
შშმ პირთა თემი დიდია (პოპულაციის დაახლოებით 15%) და მის შიგნითვე არსებობს არათანაბარი უფლებრივი ტენდენციები. შშმ პირთა და ქალთა საკითხებს უმეტესად განცალკევებით განიხილავენ, იმისდა მიუხედავად, რომ შშმ ქალებს ისეთივე სირთულეები ხვდებათ ცხოვრებაში, როგორც სხვა ქალებს. საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება ვლინდება სხვა იდენტობების შემთხვევაშიც. ანუ, მნიშვნელობა თითქმის ყოველთვის ენიჭება შშმ სტატუსს და სხვა დანარჩენი არ აღიქმება. ეს, სავარაუდოდ, ისევ და ისევ დამოკიდებულებების გამო ხდება – ჯერ უნდა „გამოჯანმრთელდე“.
მიუხედავად იმისა, რომ შშმ ქალთან მიმართებაში ბევრი რამ საფუძვლიანად ნაკვლევი არ არის, არსებული ინფორმაცია გვეუბნება, რომ:
- იმ შშმ ქალების რაოდენობა, ვინც მსოფლიოს მასშტაბით ახერხებს განათლების მიღებას, შშმ კაცებისაზე 10%-ით ნაკლებია. კაცებთან შედარებით დაბალია წიგნიერების დონეც.
- უმუშევრობა შშმ ქალებში უფრო გავრცელებულია და ხშირად ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.
- დასაქმებული შშმ ქალები, კაცებთან და შეზღუდვის არმქონე ქალებთან შედარებით, ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფია, კარიერული წინსვლის პერსპექტივის გარეშე.
- სახლშიც, სკოლაშიც და სამსახურშიც ეს ჯგუფი ძალადობისა და ბულინგის გაორმაგებული საფრთხის წინაშე დგას.
ზოგადად, შშმ ქალებისთვის ყველანაირ სერვისსა და მომსახურებაზე წვდომა გართულებულია, რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც კი. ჯანდაცვიდან დასაქმებამდე, მათ შორის არსებული ყველა სხვა რგოლის ჩათვლით.
საქართველოში ინკლუზიური განათლების საპილოტე პროგრამა იმაზე ბევრად ადრე გაეშვა, ვიდრე ქვეყანა გადაწყვეტდა, შეერთებოდა გაეროს შშმ პირთა კონვენციის აღმსრულებელთა სიას. ცვლილებები ამ სისტემაში ეტაპობრივად ინერგება, თუმცა პროცესი ნელია და სათანადოდ არ კონტროლდება, განსაკუთრებით საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე, პროფესიული თუ აკადემიური კუთხით.
ამჟამად არსებული ინფორმაცია მხოლოდ იმას გვეუბნება თუ რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე ირიცხება სკოლებში ქვეყნის მასშტაბით. 2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით ეს რიცხვი 8000-მდეა, რაც წლების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სტატისტიკა გვამცნობს, რომ წლის განმავლობაში ეს რიცხვი კლებულობს და ზოგიერთ რეგიონში ნულდება კიდეც. ეს შესაძლო გარემო ფაქტორებზე მიგვანიშნებს, მაგალითად, გეოგრაფიულ მდებარეობასა და კლიმატზე, ორივე შეიძლება საგრძნობ დაბრკოლებად იქცეს მათთვის, ვისაც შესაბამისი ტრანსპორტი არ აქვს. იკვეთება ისიც, რომ სსსმ გოგოების რიცხვი ბიჭებისაზე 2-ჯერ ნაკლებია.
შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ ჯერაც გადაუწყვეტელი რჩება. საშუალო განათლებასთან მიმართებით ხარვეზებია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების საკითხში. ამაჟმად ის განსხვავებულ საჭიროებებს არ ერგება და ვერ აკმაყოფილებს. ეს განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება ღრმა ინტელექტუალური და მრავალმხრივი დარღვევის მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში სათანადო ჩართვაზე.
კვლავ მოუწესრიგებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა, ბევრგან საპირფარეშოებიც კი არ არის მისაწვდომი, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა კაბინეტსა და რესურსოთახზე. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ შშმ გოგოები ზოგადად ნაკლებად ითხოვენ დახმარებას, მორიდების თუ სხვა მიზეზის გამო, რაზეც შესაძლოა პოზიტიური გავლენა იქონიოს დამხმარე პერსონალის არსებობამ. სკოლებში არ არის სსსმ მოსწავლეთათვის საჭირო სასწავლო მასალა, კვალიფიციური კადრების რაოდენობაც მცირეა. არ ტარდება მონიტორინგი, რაც დამატებითი ხარვეზების გამოვლენასა და აღმოფხვრას უწობს ხელს. ჩამოუყალიბებელია პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებიც, იმისდა მიუხედავად, რომ ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს ორივე. საჭიროებების კვლევა ამ მიმართულებებით არ ტარდება.
განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, შშმ გოგოებისა და ქალების არსებობა აღიქმება დიდ ტრაგედიად და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნევა მათზე რამე რესურსის ხარჯვა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობა. კონსერვატიულ საზოგადოებაში, ქალს მკაცრად გაწერილი როლი აქვს და მას თუ ვერ აკმაყოფილებს, სარგებელიც არ მოაქვს. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახებში, რაც აზარალებს ზოგადად ქალებს. შშმ გოგოების სასწავლო პროცესში ჩართვის წინაღობად შეიძლება მათ მიმართ ოჯახის დამოკიდებულებაც იყოს: მათ ხშირად მალავენ, იმიტომ, რომ რცხვენიათ ან შიშობენ, რომ ოჯახის სხვა წევრებს სამომავლო პერსპექტივას „არაჯანსაღი გენი“ წაართმევს. მსგავსი მიზეზით შეიძლება უარი ითქვას სტატუსის მინიჭებაზე, თუ ის ხილული არ არის. ასეთ შემთხვევაში, არც ის არის გამორიცხული, რომ სტიგმის შიშით თვითონ შშმ პირმა დამალოს სტატუსი.
მოსახლეობის ნაწილი გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს შშმ პირთა განვითარების საკითხებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მენტალური ან ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებს, მიმღებლობა კლებულობს. აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი საკუთარ თავს ინფორმირებულად მიიჩნევს შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მათი ქცევა ამ მოსაზრებას არ ამართლებს და შეზღუდული შესაძლებლობის ასე გამორჩევა საპირისპიროზე მიუთითებს.
როგორც ქვეყანას, სურვილი გვაქვს, ეკონომიკური მდგრადობისკენ ვისწარფოდეთ. აქ არ უნდა გამოგვრჩეს ზოგადად კაპიტალიზმის როლიც შშმ პირთა მარგინალიზაციის საქმეში. მიიჩნევა, რომ კაპიტალისტური წყობა წარმატების მისაღწევად ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის, მთავარია სათანადო მონდომება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არასერიოზული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ შშმ პირებს ძველად უკეთესი ცხოვრება ჰქონდათ – მაშინ არავის ყოფა არ იყო კარგი (განსაკუთრებით დაბალი ფენის). მაგრამ ტომსა თუ თემს საკუთარი ხალხის მხარდაჭერა ბუნებრივად მიაჩნდა და ისინი ხშირად რთავდნენ შრომით პროცესებში შშმ პირებს, ხოლო ვინც ვერ ერთვებოდა, მაინც არ რჩებოდა ყურადღების გარეშე. მარტივად ასათვისებელ და მონოტონურ საქმეს ხომ ბევრი მოერევა.
კაპიტალისტურმა რეჟიმმა და ზოგადად ინდუსტრიალიზაციის პროცესმა თავის დროზე ბევრი ქნა იმისთვის, რომ შშმ პირების ისედაც მწირი ყოფა უფრო შეევიწროებინა და გაერიყა ისინი სოციუმიდან და საკუთარი ოჯახებიდან, როდესაც მაქსიმალურად გაარიდა ისინი შრომით ბაზარს და სახელმწიფო კმაყოფაზე, ალტერნატივის გარეშე დატოვა. ახალ შრომით სისტემას აყოლილი თემი ამ სისტემაში შშმ პირთა ჩართვას ახერხებდა, ან უბრალოდ ამის კეთების სურვილი გაუქრა. დაღლილი და მშიერი ადამიანი პოზიტივით არ გამოირჩევა.
კაპიტალიზმი უპირატესობას ანიჭებს სისწრაფესა და ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდებას. ასევე სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლს შესაბამისი ადგილი ჰქონდეს და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად იცვლებოდეს. ამ ჩარჩოში მოქცეული შრომითი ბაზარი არ დაიწყებს სხვის ლოდინს, რომ ვინმეს საქმე აარჩევინოს და ხელი შეუწყოს ახალი უნარების ათვისებასა და განვითარებას, თუ, რა თქმა უნდა, აქედან რამე სარგებელს არ მიიღებს.
როგორც აღვნიშნე, ორმაგი დისკრიმინაციის შემთხვევები დასაქმების სფეროშიც არსებობს. აქაც, როგორც განათლების მიმართულებით, შშმ ქალები ნაკლებად ახერხებენ რეალიზაციას. მიზეზად შეიძლება მოვიაზროთ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ისედაც საკმაოდ სუსტად მიჩნეულ ქალს თუ დამატებით რაიმე შეზღუდვა ან შეზღუდვები ექნება, მისი შროისუნარიანობაც მნიშვნელოვნად იზარალებს. არსებული სისტემა რაღაც ნაწილით მაინც მუდმივად ითხოვს, რომ მოვერგოთ რაც შეიძლება რთულ და მომთხოვნ სამუშაო პირობებს და თუ ვერ მოვერგებით, დათმობები ნაკლებად მოსალოდნელი იქნება. დამსაქმებელში არსებული ნეგატიური სტერეოტიპებიც, რომ შშმ-ები შრომისუუნარო, არასტაბილური და უსუსურები არიან, დიდ გავლენას ახდენს შშმ ქალების დასაქმებაზე.
სასწავლებელშიც, სამსახურშიც შშმ ქალები უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციასა და ბულინგს, რაც არც ოჯახში მთავრდება ხოლმე. ეს აგრესია შეიძლება გამოიწვიოს თვითონ სტატუსის არსებობამ ოჯახში, იმიტომ, რომ ასეთი ქალი „ტვირთია“. სხვა შემთხვევებში იმიტომ, რომ ემპათიის დონეა დაბალი (განსაკუთრებით მოზარდებში) ან უბრალოდ „მარტივი სამიზნეა“ ნაპოვნი. არ უნდა იქნეს უგულვებელყოფილი დაშინებული და ტრავმირებული ქალის დამოკიდებულება გარემოს მიმართ, რაც ბუნებრივია, გაართულებს ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ თუ კანონი ითხოვს ძალადობის ფაქტების აღმოფხვრას, მსგავსი შემთხვევებიც არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და ქალთა თავშესაფრებშიც უნდა იყოს შესაბამისი პირობები შექმნილი ყველა ქალის მისაღებად.
ამ საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა გამართული, საჭიროებებს მორგებული სისტემა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ადამიანთან, რომ არ მოხდეს მათი მხრიდან სკოლის მიტოვება, რომ სკოლისშემდგომი განვითარება, საგანმანათლებლო თუ სამსახურეობრივი, მიღწევადი იყოს, რომ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები მაღალ დონეზე ახერებდნენ შესაბამისი ცოდნის მიწოდებას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე პირისთვის. საჭიროა დასაქმების პროგრამები და მათი ხელშეწყობა, რომ შშმ პირები არ დარჩნენ სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს მიღმა.
იდეალურ სამყაროში, რომელიც მართლა ცდილობს, რომ ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი, იმის ნაცვლად, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, დამატებითი ხელშემწყობი მექანიზმების შეიმუშავა, იქნება ეს კვოტირება თუ დამსაქმებლის გადასახადების შემცირება, შესაძლოა საჭირო არ გამხდარიყო, თუმცა ასეთი რეალობისგან ამჟამად შორს ვართ, აქედან გამომდინარე, ეფექტური მექანიზმების ძიებისა და დანერგვის პროცესი უწყვეტად უნდა გრძელდებოდეს.
ძალიან ფრაგმენტულია ადამიანთა უფლებებზე ორიენტირებული მოძრაობები, რაც შეინიშნება შშმ პირთა არც ისე პატარა თემშიც. ყველა რომ ინდივიდუალურია, ეს ცხადია, თუმცა თუ დავუფიქრდებით, უცნაურია, რომ იმავე ფემინისტურ მოძრაობაში უფრო მკაფიოდ არ იკვეთება შშმ ქალთა საჭირობები, იმის მიუხედავად, რომ ბევრი საერთო დაბრკოლება ხვდება ორივე ჯგუფს.
ასე ფერხდება ადამიანთა ჯგუფის სრულფასოვანი ცხოვრება იმ მიზეზების გამო, რომლებიც სავსებით მოგვარებადია თუ შესაბამისი ცვლილებები სათანადოდ დაინერგება. მაგრამ შშმ პირთა და კონკრეტულად ქალთა შემთხვევაში, ყველაფერი უფრო მეტად ხდება სხვის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, რაც ჩვენ, შშმ ქალებს, გვართმევს საკუთარი პირადი ცხოვრების მართვისა და ზოგადად არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. შშმ ქალების უმეტესობამ ალბათ არც იცის ან ვერც წარმოუდგენია, რომ მათაც, როგორც სხვა ყველას, აქვს უფლებები და რომ შეუძლიათ მათ განხორციელებაზე ჰქონდეთ პრეტენზია. პროგრესი შეინიშნება, შშმ ქალთა მდგომარეობის მიმართ გაჩენილი ინტერესიც კი უკვე რაღაცას ნიშნავს, და ვაი-ვაგლახით რაღაცას მაინც ვაღწევთ ცხოვრებაში. ეს მაშინ, თუ გაგვიმართლა. მაგრამ ადამიანი მხოლოდ იღბალზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.