შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.
ვინც არ იცის, იმას შევახსენებ, რომ გერმანიაში უკვე ორმოცი წელია გამოდის არაბული ჟურნალი „ფიქრ ვა ფანნ“ („აზრი და ხელოვნება“), რომელიც არაბულ სამყაროში მიმდინარე საკითხებს აშუქებს და ამ ჟურნალის რედაქტორი ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში სწორედ შტეფან ვაიდნერი იყო.
ვაიდნერის ყოველი ახალი ნაშრომი კი ახალი სიტყვაა არაბისტიკაში, რადგან ეს ნაშრომები დასმულ საკითხებს მხოლოდ ერთი კუთხით კი არა, კომპლექსურად აანალიზებენ და ამა თუ იმ პრობლემის მაქსიმალურად ამომწურავ, ხშირად დიამეტრალურად განსხვავებულ გააზრებებს გვთავაზობენ.
განსაკუთრებულად მიხარია იმისი აღნიშვნა, რომ ბოლო დროს მართლაც გამოგვდის, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ამის მაგალითად თუნდაც ის ფაქტიც გამოდგება, რომ შტეფან ვაიდნერის უკანასკნელი ნაშრომები ქართულად თითქმის სინქრონულად ითარგმნება და იბეჭდება.
ვაიდნერს იმიტომაც გაუმართლა, რომ გვყავს ლანა მჟავია, შესანიშნავი არაბისტი, რომელმაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სწორედ გერმანიაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტში მოიპოვა.
მან შტეფან ვაიდნერის პირველი ნაშრომი „კურთხეულ იყვნენ უცხონი“ რამდენიმე წლის წინათ თარგმნა და გამოსცა, ხოლო ლანა მჟავიას მიერ თარგმნილი ამავე ავტორის მეორე წიგნი „მუჰამედური ცდუნებანი“ რამდენიმე თვის წინათ გამომცემლობა „ინტელექტში“ დაისტამბა.
„მუჰამედური ცდუნებანი“, ავტორის ცხოვრების განმავლობაში არაბულ ქვეყნებში მის რამდენიმე მოგზაურობას რომ ეძღვნება, შესანიშნავად წარმოგვიჩენს ამ ქვეყნების სოციალურ პოლიტიკურ და კულტურულ ინტელექტუალურ ავლადიდებას. წიგნის გეოგრაფიული არეალი კი საკმაოდ ვრცელია და ის მაღრიბის ქვეყნებს (ალჟირი, თუნისი, სუსა, ანაბა), სირიას, კაიროსა და ბეირუთს მოიცავს.
ზოგ ქვეყანაში ვაიდნერის რამდენიმე მოგზაურობის შთაბეჭდილებებია, დროის საკმაო ინტერვალით, რაც ამ ქვეყნების განვითარებისა თუ რეგრესის გარკვეულ ტენდენციებს მკაფიოდ გამოკვეთს.
მთავარი პრობლემა კი, რაც მთელ ამ ნაშრომს გასდევს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიერ მათი ერთმანეთის შეფასება და ამ შეფასებაში სინამდვილესთან ლოგიკური კავშირების დანახვაა. ეს წიგნი, რა თქმა უნდა, გერმანელის (დასავლელი ადამიანის) პოზიციიდან დაწერილი ნაშრომია, მაგრამ ეს პოზიცია არა საგაზეთო სტატიებიდან ამოზრდილ მოჩვენებით შთაბეჭდილებებს, არამედ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების უაღრესად ადეკვატურ, ფაქტობრივად, ამ პროცესების შუაგულში ტრიალიდან მიღებულ სიღრმისეულ ცოდნას ეფუძნება. ვაიდნერი არაბულ ქვეყნებში არ არის ჩვეულებრივი ტურისტი. მე თვითონ მქონდა ბედნიერება, მომესმინა მისი მოხსენებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შარშან, სადაც ის კონფერენციაზე სტუმრად იმყოფებოდა, მესაუბრა მასთან და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ცოტა მეგულება სალიტერატურო არაბულის, არაბული კულტურის, ლიტერატურის, პოეზიისა და ისლამის ასე სიღრმისეულად მცოდნე არაარაბი.
ეგვიპტის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ არაბები დასავლელ არაბისტებს ორ კატეგორიად გვყოფენ. არსებითად ერთსა და იმავეს აღნიშნავს ტერმინები, რომლებსაც ისინი გვიწოდებენ, მაგრამ მათ შორის არის ძალზე მნიშვნელოვანი განსხვავებაც. ტერმინით „მუსთაშრიკ“ (ორიენტალისტი, აღმოსავლეთმცოდნე) არაბები, ძირითადად, მათ მიმართ არაკეთილგანწყობლ უცხოელ სპეციალისტებს ახასიათებენ, ხოლო ტერმინი „მუსთაყრიბ“ (არაბიზებული, გაარაბებული, არაბისტი) ისეთი არაარაბებისათვის ემეტებათ, რომლებიც მათ სიყვარულში „არიან შემჩნეულნი“.
ცხადია, ოფიციალურ დონეზე, ამ ორ ტერმინს შორის ემოციური განსხვავება გამოკვეთილი არ არის და შესადავებლადაც არანაირი სამხილი არ გაქვს, რომ რამეში შეედავო, მაგრამ არაბებს კარგად ახსოვთ ის, რომ სწორედ მათი ქვეყნების მეცნიერული შესწავლა მიუძღოდა კოლონიალიზმის ექსპანსიას მათკენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ არაბულის მცოდნე უცხოელებს თავშეკავებულად ხვდებიან და ვითომ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად ჰკითხავენ ხოლმე, რატომ გადაწყვიტა ესწავლა არაბული?
შტეფან ვაიდნერიც სწორედ ამაზე საუბრით იწყებს თავის წიგნს, როგორ მოინუსხა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ბიჭი არაბული სამყაროთი და როგორ გადაწყვიტა, წაეკითხა ყურანი არაბულად. როგორ კითხულობდა მუსლიმთა საღვთო წიგნს და რა „შეუსაბამობები“ აღმოაჩინა შიგნით ისეთი, რამაც არამხოლოდ ყურანის კითხვისას, არამედ საერთოდ არაბული სამყაროს მიღებისას, კარგა ხნით დააბრკოლა, მერე კი როგორ გადალახა ამ შეუსაბამობათა გამო თვითონ მასშივე გაჩენილი არაერთი წინააღმდეგობა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წიგნში უმძაფრესი სულიერი დრამა თამაშდება, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მისთვის სრულიად უცხო და გარკვეულწილად მტრული სამყაროს შეცნობისა და გააზრების პროცესზე მოგვითხრობს.
აქ შემთხვევით არ მიხსენებია „დრამა“ რადგან გააზრება, შეცნობის პროცესი, არსებითად, არანაკლებ და, იქნებ უფრო მეტადაც კი, დრამატულია, ვიდრე გარკვეული ცხოვრებისეული პერიპეტიები.
მით უმეტეს, რომ შტეფან ვაიდნერს თხრობის ისეთი სტილი აქვს, რომ რეალურად პირველხარისხოვანი სამეცნიერო ნაშრომი (მერე რა, რომ ესეისტური! ვინ თქვა, რომ ესეისტიკა სამეცნიერო შრომას გამორიცხავს!) ნამდვილი სათავგადასავლო რომანივით იკითხება.
ეს „რომანი“ ალაგ პირწმინდად კერძო, პიროვნულ გამოცდილებებზე და განცდებზე მოგვითხრობს, ალაგ რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მთელ გენეზისსა და განვითარებას წარმოგვიდგენს, ალაგ კი არაბულ აღმოსავლეთში გავრცელებული ზოგი ტენდენციის ისეთ ოსტატურ შეპირისპირებით ანალიზს გვთავაზობს მსგავს ევროპულ მიმართულებებთან, რომ მკითხველისათვის მოვლენის ტიპოლოგიური მსგავსებები წარმოჩნდეს და გასაგები გახდეს, სინამდვილეში რა წყაროები კვებავს აღმოსავლეთში ამა თუ იმ გავრცელებულ ტენდენციას.
მთელ ამ პრობლემატიკას კონტრაპუნქტივით აერთიანებს საკითხი, რომელიც ვაიდნერისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
ეს პრობლემა ქართულად ნათარგმნ მის პირველ წიგნში სათაურიდანვე დაისვა, თუმცა, ვფიქრობ, „მუჰამედურ ცდუნებანში“ უფრო უკეთ და სიღრმისეულად არის გამოკვეთილი.
ეს არის „უცხოს“ აღქმა და მასთან დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, იმისი გარკვევა, თუ რა აუცხოებს და აახლოებს სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც, ამავდროულად, ერთმანეთისაგან განსხვავებული მსოფლაღქმების, ისტორიული წინაპირობებისა თუ კულტურული მახასიათებლების შვილები არიან.
ხსენებული კულტურული მახასიათებლებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, რელიგიური ფაქტორია და ამიტომაც იწყება შტეფან ვაიდნერის წიგნი იმ ეპიზოდით, როცა სრულიად ახალგაზრდა ავტორი თუნისის ერთ მაღაზიაში ორენოვან (არაბულ და ფრანგულ ენებზე) გამოცემულ ყურანის ეგზემპლარს უკანასკნელ გროშებად ყიდულობს და ჰგონია, რომ მისი წაკითხვის მერე სავსებით ნათელი გახდება მისთვის ყველა ის უცნაური შემთხვევა, რაც მაღრიბის ქვეყნებში თავისი ამ პირველი მოგზაურობისას გადახდა თავს.
სინამდვილეში კი თავგზა კიდევ უფრო აერევა, რადგან ტექსტის ზედაპირს თავით ეჯახება და არ იცის, როგორ გაიკვლიოს გზა მის უამრავ ქვეტექსტსა თუ კონტექსტში.
ამ გზის გაკვლევის ამბავი იმდენად ამაღელვებელია, ისეთ დეტალებს, საკუთარ თავთან თუ გარემომცველ სინამდვილესთან ისეთ წინააღმდეგობებს, ისეთ ორიგინალურ დაკვირვებებს გადმოგვცემს, რომ შეუძლებელია ამ ყველაფერმა გონიერი მკითხველი გულგრილი დატოვოს.
ამ ზემოხსენებულ მთავარ, ანუ „ უცხოს პრობლემას“ კი წიგნის ავტორი სამუელ ჰანტინგთონის უკვე ყბადაღებული „ცივილიზაციათა ჯახის“ თეორიის მოშველიებით განიხილავს და აღნიშნული თეორიის ძლიერ მხარეებთან ერთად, მის უამრავ ნაკლოვანებასაც ბუნებრივად ააშკარავებს.
ავტორი პირდაპირ არ წერს, მაგრამ წიგნის დედაარსიდან ლოგიკურად მოჩანს ჰანტინგთონის უმთავრესი ნაკლი: ცივილიზაციათა ჯახის თეორიას იგი ერთი (დასავლური) ცივილიზაციის დომინანტური პოზიციებიდან უყურებს და ყურადღების მიღმა რჩება მეორე მხრის, ანუ აღმოსავლური ცივილიზაციის არაერთი, საკითხისათვის ბედისწერულად მნიშვნელოვანი თავისებურება.
საერთოდ, შტეფან ვაიდნერის ნაშრომს ავტორის უამრავი (რომ არ ვთქვა, მეტი წილი) დასავლელი კოლეგის ნაშრომთაგან გამოარჩევს სწორედ ის, რომ თუკი ამ ნაშრომების პროექცია არის აღმოსავლეთის ხედვა გარედან, ვაიდნერი ხედვის ორ კუთხეს, პროექციის ერთდროულად ორ რაკურსს გვთავაზობს: აღმოსავლეთს შიგნიდან და გარედან. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ამ აღმოსავლეთის შიდა სიჭრელეც შესანიშნავად დავინახოთ, რადგან ევროპული შეფასებისა და დამოკიდებულების უმთავრესი შეცდომა სწორედ ის გახლავთ, რომ გარედან და ზედაპირულად მთელი ეს მუსლიმური და, თუნდაც მხოლოდ არაბული, აღმოსავლეთი ერთგვაროვანი, ერთიანი, უნიფიცირებული სამყარო გვგონია.
ვაიდნერის „მუჰამედური ცდუნებანი“ კი სწორედ ნიუანსების, დეტალების შემჩნევისა და აღმოსავლურ მოზაიკაში მთავარი და მეორეხარისხოვანი ნაყშების ურთიერთმიმართების გარკვევის წიგნია.
შესაბამისად, აქ წერის ერთიან ექსპრესიულ სტილში ერთმანეთს ენაცვლება: ბელეტრისტული თხრობა, სამეცნიერო მსჯელობა, დაუფარავი სარკაზმი და ირონია და, რაც მთავარია, ისეთი ღრმად ლირიკული პასაჟები, რომელთა მსგავსსაც დღეს პოეტურ კრებულებშიც კი იშვიათად წააწყდებით.
ვაიდნერი ზოგჯერ ძირითად თემასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე ფრაზით აფასებს რაღაც მომიჯნავე საკითხს, მაგრამ ეს შეფასებაც უზუსტესი და აკადემიურია. მაგალითად, ძალზე მენიშნა მისი დამოკიდებულება მეოცე საუკუნის სირიელ პოეტ ნიზარ კაბბანისთან, რომელიც დღეს არაბულ აღმოსავლეთში უაღრესად პოპულარულია:
„ნიზარ კაბანი თავისი თაობის ყველაზე პოპულარული არაბი პოეტია, ყველაზე მეტი მკითხველით. ხალხის მისადმი სიყვარულს ადონისისადმი სიყვარულს ვერც შეადარებ, მაჰმუდ დარვიშის მკითხველთა რიცხვის შედარება შეუძლებელია ნიზარ კაბანის მკითხველთა რაოდენობასთან. შეუდარებელი პოპულისტი. მან არაბულის, ამ რთული, ათას ხუთასი წლის მანძილზე მორფოლოგიურად უცვლელი, ადგილობრივი დიალექტებისგან მოწყვეტილი, მაგრამ მაინც შეუცვლელი ენის გამარტივება მოახერხა, რაც ნამდვილად გასაოცარი მიღწევაა. მან ეს ენა გაამარტივა და ისეთი პოეტური ენა შექმნა, რომელიც კლასიკურიც იყო და ამასთანავე ადვილად გასაგებიც, ბუნებრივი მელოდიურობით, უბრალო ხატ-სახეებით, მოქარგული, მაგრამ გულწრფელი სიტყვებით. მას შეეძლო არაბები ელანძღა, როგორც გახელებულს, როგორც წმინდა სვიმეონს – მომლოცველები და ისინი ამის გამო კიდევ უფრო მხურვალედ იყვარებდნენ. თუმცა ის ძლიერთა ამა ქვეყნისათა ღიად არასოდეს გადამტერებია, უფრო მეტიც, დიდი ხნის განმავლობაში დიპლომატადაც მუშაობდა, მათ შორის, ჩინეთსა და ესპანეთში. წერდა უთვალავ ლამაზ, მსუბუქ, მსუბუქად კიჩურ სასიყვარულო ლექსებს, რომლებიც დღეს გარდატეხის ასაკის მილიონობით არაბი გოგონას დღიურებს ამშვენებს. დღეს იშვიათად თუ იპოვით ნამდვილად შეყვარებული ახალგაზრდა არაბის სასიყვარულო ბარათს ნიზარ კაბანისგან, განზრახ ან შეუგნებლად, მოპარული ციტატის გარეშე („გააძლიერე ჩემი ვნება, ო, ჩემი ტრფიალების სიშმაგის ყველაზე ტკბილო შემოტევავ, ჩემი გულის ვარდო“ და ა. შ. )“.
ასეთი მახვილგონივრული, ზოგჯერ ალესილი მახვილივით მოქნეული დაკვირვებებით სავსეა ვაიდნერის „მუჰამედური ცდუნებანი“. თუმცა, ხანდახან ისიც მგონია, რომ მისი ირონია ადგილობრივი, არაბული ყოფის ამა თუ იმ მოვლენის აღწერისას ოდნავ გაზვიადებული და გადაჭარბებულია.
ქართველი მკითხველისათვის შტეფან ვაიდნერის ეს ნაშრომი ბევრი ნიშნით იქნება საინტერესო, რომელთაგან ორ ძირითადს მაინც გამოვყოფდი: პირველი არის ის, რომ შეგვიძლია, დღევანდელი აღმოსავლეთის ვითარება მკაფიოდ დავინახოთ და შევაფასოთ და მეორე: არაბულ აღმოსავლეთში გავრცელებული ზოგი ტენდენციისა თუ აზროვნების თავისებურების ქართულ ხასიათთან და სინამდვილესთან მსგავსება მოვიხელთოთ. ოღონდ მინდა, გაგაფრთხილოთ: ამ მსგავსებათა შემჩნევა უმტკივნეულო სულაც არ იქნება, რადგან ვაიდნერი ამ ყველაფერზე დიდი სიყვარულით, მაგრამ სრულიად დაუფარავი ირონიით ლაპარაკობს.
ამ მახასიათებლების გარდა, წიგნი ზოგადად სავსეა ნახევარტონების, შეგრძნებების, შთაბეჭდილებების, განწყობილებების ერთმანეთში გარდამავალი და ზოგჯერ ერთმანეთისაგან რთულად გასამიჯნი კასკადით, რაც მთლიანობაში წარუშლელ შთაბეჭდილებას კი ახდენს, მაგრამ მთარგმნელისათვის ამ ყოველივეს ადეკვატურად გააზრება და სხვა ენაზე გადმოტანა სერიოზული ამოცანა უნდა ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ ლანა მჟავიამ ამ ამოცანას თავი დიდი წარმატებით გაართვა და ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურა კიდევ ერთი ბრწყინვალე ნაშრომით გაამდიდრა.