სიღარიბე, ენობრივი ბარიერი - ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა რეპროდუქციულ სერვისებზე

ქრისტინე მუჯირი

„უფრო გვშია, ვიდრე გვტკივა“ – ასე ასრულებს ჩვენს საუბარს სამირა ბაირამოვა. ჩვენ აზერბაიჯანულ თემში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და უფლებების შესახებ ვსაუბრობდით. მისი აზრით, ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი სიღარიბიდან უნდა იწყებოდეს.

სამირა ბაირამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ შეხვედრაზე მომხდარ ამბავს იხსენებს. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეორეხარისხოვანია და ისიც განმარტა – რატომ:

„მან თქვა: მე შეიძლება რაღაც ორგანო მტკიოდეს, მაგრამ შემიძლია, რომ დავისვენო, ან სხვა მეთოდს მივმართო ტკივილის გასაყუჩებლად, მაგრამ შიმშილის შეგრძნებას დასვენებით ვერ შევაჩერებ. ამიტომ ექიმთან დაგვიანებით მივდივარ“, –  ასე იხსენებს ის იმ ამბავს.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ფიქრობს, რომ სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხი აზერბაიჯანულ თემში პრობლემური და კომპლექსურია, ეს პრობლემები  ქალებს მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი არ აწუხებთ, არამედ საყოველთაოა. თუმცა რიგი პრობლემები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა ჯანმრთელობას მეტ რისკს უქმნის.

მისი აზრით, აზერბაიჯანულ ოჯახებში უმეტესად ესმით, რომ ადრეული ქორწინება მათი გოგონების ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, თუმცა, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სიღარიბისგან თავის დაღწევაა.

ფიქრობს, რომ სკოლებში სექსუალური განათლების სწავლებით გოგონებს ის მაინც ეცოდინებოდათ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ ადრეულმა ქორწინებამ, მშობიარობამ და ა.შ.

„მეც ასე ვიყავი, არც ოჯახში და არც სკოლაში ამაზე არ ვსაუბრობდით. მოხდა ისე, რომ მაშინ შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღე“.

სამირა ბაირამოვას 2019 წელს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მოკვლევიდან ნაწვეტს ვუკითხავთ, სადაც აღნიშნულია, რომ  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პროფესიონალი თარჯიმნის არარსებობა აქაურ ქალებს ბარიერს უქმნის ხარისხიანი და კონფიდენციალური სამედიცინო სერვისების მიღებაში.

ის კი მპასუხობს, რომ დიახ, შესაძლოა, ეს პრობლემაა, მაგრამ მთავარი საკითხია, როგორ უნდა მივიდნენ ქალები ექიმებამდე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომა და მომსახურების ხარისხი.

როგორ იქნება პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქის ჯანმრთელობა, მაშინ, როცა ის ქალებამდე უფასო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიტანასაც კი ვერ უზრუნველყოფს?! სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მან არც კი იცოდა ერთ-ერთი უფასო პროგრამის შესახებ, რომელიც გაეროს დაფინანსების ფარგლებში რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონში ხორციელდებოდა და რომლის შესახებაც შემთხვევით გაიგო.

სამირა ბაირამოვას შეუძლია, რომ აირჩიოს კლინიკა, სად რომელ სერვისს მიიღებს, რადგან აქვს კარგი დაზღვევა, მაგრამ, მისი თქმით, ქალების უმრავლესობას ამის ფუფუნება არ აქვს. ცუდმა გამოცდილებებმა მას უარი ათქმევინა თავის რეგიონში სერვისებით სარგებლობაზე.

„ჩვენს რეგიონში კი ქალებს არჩევნის საშუალება არ აქვთ. მათ იციან, რომ ქალაქში უფრო კარგი მომსახურებაა, ვიდრე რეგიონში, მაგრამ ქალაქში ჩასვლა მათთვის პრობლემაა“.

რატომ არის მნიშვნელოვანი სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა სახელმწიფოთა მიერ

ტერმინი „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“ (SRHR) პირველად დაახლოებით 20 წლის წინ კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ლიკა ჯალაღანიას თქმით, ის განმარტებულია, როგორც „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, ჰქონდეთ სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, აქვთ გამრავლებისა და, თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ქალთა ჯანმრთელობის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როცა საქმე რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელებას ეხება.

„სხვა შემთხვევაში ქალის სხეული არ არის საინტერესო საჯარო პოლიტიკისთვის. ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს გენდერული სტერეოტიპებისგან და ქალის მეორეხარისხოვანი როლიდან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს დედათა და ახალშობილთა სტრატეგია. ეს სიმპტომური სათაურია. ნიშნავს იმას, რომ ქალის სხეული საინტერესო ხდება, როგორც რეპროდუქციული  ფუნქციის უშუალო განმახორცილებელი“, – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ლიკა ჯალაღანიას თქმით, აბორტზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში ქალთა ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო ის, რომ, პრაქტიკულად, კონტრაცეფციის მთავარ მეთოდად და ოჯახის დაგეგმვის სერვისად აბორტი მიიჩნეოდა, მათ შორის ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებშიც.

მისი თქმით, სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა, ცოდნა ბოლო 20 წლის განმავლობაში იცვლებოდა. ამის დასტურად ლიკა ჯალაღანიამ ერთმანეთს 2010-ისა და 2019 წლის კვლევები შეადარა.

მისი  თქმით, ეთნიკურ უმცირესობათა ქალი წარმომადგენლებისთვის მეტი პრობლემაა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ვიდრე საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ რეალურად ეთნიკური უმცირეობების ქალ წარმომადგენლებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, რა პრევენციული საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ არ დადგეს არასასურველი ორსულობა“.

ლიკა ჯალაღანიას თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ისევე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის სხვა ნაწილში, ზოგადი სურათი შეიცვალა. ადამიანებმა უფრო მეტად იციან კონტრაცეფციის თანამედროვე თუ ტრადიციული მეთოდების შესახებ, თუმცა ეს მოანაცემები მაინც ძალიან დაბალია.

ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სექსუალური და რეპორდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების გრძელი სიაიდან ის განსაკუთრებით ერთ გამოყოფს. ესაა – ქართული ენის არცოდნა. მისი თქმით, პრობლემა ღრმა და პოლიტიკური მნიშვნელობისაა.

„ხშირად აზერბაიჯანელ ქალებს სჭირდებათ მედიატორი ექიმთან და კონსულტაცია არ არის კონფიდიციალური. კონფიცდიციალურობის არარსებობა გულისხმობს არამხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც თავად ექიმი არ უზრუნველყოფს ამას და მესამე პირი არის საკონსულტაციო ოთახში, არამედ იმასაც, რომ აღნიშნული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კონსულტაციაზე ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად შედის, რაც ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, რომ ქალმა თავისუფლად და დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აცხადებს ჯალაღანია.

ლიკას ჯალაღანიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკები კერძოა, სახელმწიფოს შეუძლია მონიტორინგის საშუალებით დაავალდებულოს ისინი, რომ მათ პაციენტებს პროფესიონალური თარგმნის სერვისი შესთავაზონ.

პრობლემების მეორე ნაწილში ჯალაღანია ექიმების კვალიფიკაციაზეც საუბრობს.

ის ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუნდაც აბორტის რა მეთოდს სთავაზობს ექიმი პაციენტს, იქნება ეს ქირურგიული აბორტი, მედიკამენტოზური, რამდენად არის ესა თუ ის მეთოდი მორგებული ქალის სხეულზე.

„აბორტი არ არის მარტივი თემა, აბორტს აქვს თავისი ფორმები და მეთოდები და თავისი დაგეგმვის ტექნიკა და ა.შ. ეს პრობლემა ზოგადად დგას საქართველოში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეთნიკურ უმცირესობების შემთხვევაში საკმაოდ კრიტიკულია.

ქალებს არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რა ფორმები არსებობს და რეაქცია ექნებათ ამა თუ იმ ფორმაზე და პირდაპირ ურჩევენ იმ ფორმებს, რაშიც თვითონ არიან დახელოვნებულნი და რაც ყველაზე კომფორტული გასაკეთებელია მათთვის“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ექიმი ვალდებულია, გაიაროს გარკვეული გადამზადება, მიიღოს ახალი ცოდნა თანამდროვე მეთოდების შესახებ.

ლიკა ჯალაღონია ეთნიკური უმცირესობების ქალთა პრობლემებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ერთი  დიდი და ზოგადი პრობლემის ქვეშ აერთიანებს: ესაა – სიღარიბე. ის აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს მეტი პრობლემა ექმნებათ განათლების მიღებისა და დასაქმების ნაწილში. ამასთან, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების სიძვირე (მათ შორის კონტრაცეფციული საშუალებების) მათ მეტ ფინანსურ ტვირთად აწვებათ.

ის იხსენებს Unicef-ის სიღარიბის კვლევის შედეგებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახებს მედიკამენტების შეძენა ყველაზე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევთ.

„ბუნებრივია, როცა ადამიანმა უნდა გადაანაწილოს თავისი შემოსავალი და იყიდოს მედიკამენტები, ის იყიდის, მაგ: გულის წამალს და არ იყიდის კონტრაცეპტივს“, – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ორგანიზაციის „ასოციაცია ჰერა XXI-ის“ დირექტორი ნინო წულეისკირი ამბობს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (სრჯუ) სრულად მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: უნივერსალური წვდომა მაღალი ხარისხის სერვისებზე, ინფორმაციასა და განათლებაზე.

„ამ სფეროში ინვესტირება აუცილებელი, საჭირო და სასარგებლოა, რადგან ამ გზით შესაძლებელია დაუგეგმავი ორსულობებისა და აბორტების რიცხვის შემცირება. ის გვაძლევს ოჯახის დაგეგმვის საშუალებას, რაც ამცირებს ორსულობა/მშობიარობასთან დაკავშირებულ გართულებებს, იცავს ორსულობებს შორის საჭირო შუალედს და ინარჩუნებს ქალის ჯანმრთელობას, კეთილდღობას და ამცირებს შემდგომი გართულებების რისკს. ამ გზით მცირდება დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. სრჯუ-ის საკითხები გენდერული თანასწორობის საწინდარია და ის ეხმარება ქალებს, მიიღონ განათლება და იყვნენ რეალიზებულნი ცხოვრების ყველა ასპექტში“, -ამბობს ნინო წულეისკირი.

ნინო წულეისკირი ხაზს უსვამს, რომ მწვავედ დგას ინფორმაციის ნაკლებობის საკითხი, ბევრ ქალს არ აქვს განათლება და ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და არსებული სერვისების შესახებ.

„ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია, აქვს ხარვეზები ხარისხის მხრივ, რაც გარკვეულ ბარიერებთანაა დაკავშირებული. არ ხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ორგანიზებული სისტემის მოდელის განვითარების ხელშეწყობა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების პრაქტიკაში ინტეგრირება, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, უწყვეტი ზრუნვის და დაავადებათა პრევენციის ეფექტური უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მან.

წულეისკირის თქმით, აღნიშნული სისტემური გამოწვევები განსაკუთრებულად იჩენს თავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

„მათ შორის ქვემო ქართლში, სადაც მიგრაციის პირობებში მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვი. მაღალია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რიცხვი  და დაბალია კონტრაცეფციის მოხმარება“.

ნინო წულეისკირი მოსაზრებით, ამ გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურების ჩართულობა, მიდგომებისა და სერვისების ადაპტირება თემის სპეციფიკის, ენობრივი ბარიერისა და საჭიროებებიდან გამომდინარე.

კვლევები

2019 წელს გამოქვეყნებული MICS-ის მრავალკლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანული ქალების 59%  არ იყენებს კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს. კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებში ქალების 11.5% იყენებს საშვილოსნოს შიდა სპირალს, 4.4% – აბებს; მამაკაცის პრეზერვატივს – 1.3%.

კოტრაცეფციის  ტრადიციულ მეთოდებში – 19.4% იყენებს არასრულ (შეწყვეტილი) სქესობრივ აქტს.

ამავე კვლევის მიხედვით მოსახლეობის 98.3%-ს სმენია კონტრაცეფციის ნებისმიერ მეთოდზე. ხოლო, ეთნიკურად აზერბაიჯანელებში 96%-ს სმენია კონტრაცეფციის ნებისმიერი მეთოდების შესახებ.

შენიშვნა: კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ქალების ეთნიკურობა განსაზღვრულია ოჯახის შინამეურნეობის უფროსის ეთნიკურობით.

წაიკითხეთ კვლევა სრულად აქ:

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის  (UNFPA) მიერ საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ რამდენიმე დღის წინ ახალი კვლევა გამოქვეყნდა.  კაცების 38% ფიქრობს, რომ ორსულობისგან თავის დაცვა ქალების პასუხისმგებლობაა. ხოლო კაცების 27.6% ფიქრობს, რომ ქალმა კაცს მოსთხოვოს კონდომის გამოყენება.

წაიკითხეთ კვლევა სრულად აქ: