თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ ილია II-ის, როგორც ეკლესიის მმართველის ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მემკვიდრეობა სწორედაც რომ ეკლესიაში თვითნაბადი დემოკრატიული მექანიზმების სრულიად ამოძირკვა და ეკლესიის საყოველთაოობისაგან გამოშიგნვაა. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ აღსაყდრებიდან მოყოლებული ბევრჯერ სცადეს მისი გადაყენება. ალბათ სწორედ ამ შიშის გამო ის გულითადად არჩევდა ეპისკოპოსობის კანდიდატებს უაღრესი ლოიალობისა და უპირობო მორჩილების ნიშნით.
შედეგად შემდეგი სურათი მივიღეთ: საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ორგანო ფორმალურად არის წმინდა სინოდი, რომელსაც პრაქტიკაში საპატრიარქოს არცერთი მუდმივად მოქმედი სეგმენტი არ გამოხატავს და არ გააჩნია არანაირი მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც მოამზადებდა სინოდის სხდომებს, ჩანიშნავდა განსახილველ თემებს, შეადგენდა სხდომის ოქმებს და ასე შემდეგ.
სინოდის სხდომების მოწვევა ყოველთვის იმპულსურად და პატრიარქის ერთპიროვნული, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. მართალია, საკითხები კენჭისყრით, უმრავლესობის პრინციპით წარიმართება, მაგრამ სწორედ თავითანვე გათვლილი დაკომპლექტებით ხმათა უმრავლესობა ყოველთვის პატრიარქის ხელშია. სულ რამდენიმეჯერ მოხდა ისე, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის მიერ ინიცირებული წინადადება ჩავარდა ან შემოთავაზებული ფორმით არ მიიღეს.
მეუფე შიო თანამოსაყდრედ სწორედ ამგვარი კენჭისყრის გვერდის ავლით დადგინდა – იმ პროცესის, რომელიც ეკლესიის დემოკრატიული მოწყობის ქვაკუთხედად მიიჩნევა.
კათოლიკოს-პატრიარქს ეპარქიისა და მთელი ეკლესიის მართვაში ეხმარება სამი ქორეპისკოპოსი (რომლებიც წესით უეპარქიო მღვდელმთავრებს უნდა წარმოადგენდნენ), რომელთა არჩევის უფლებაც მასვე აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მათ პატრიარქი სამართავად საპატრიარქოს აპარატში შემავალ სეგმენტებს უნაწილებს. თუმცა ქორეპისკოპოსთა უფლება-მოვალეობები და ფუნქციები მაინც ბევრად არაფორმალური და საკმაოდ ბუნდოვანიცაა. სწორედ ეს ბუნდოვანება და აღრევა იწვევს ხშირად უსამართლობისა და ფავორიტიზმის განცდას ქორეპისკოპოსის პოზიციაზე მყოფ პიროვნებათა შორის.
შინაგანი დემოკრატიულობისაგან დაცლას მოჰყვა მეორე, უფრო სახიფათო ხელყოფა ეკლესიის დამოუკიდებლობისა, რომელიც მთავრობებთან ალიანსისა და მათი მხრიდან ქრთამის აღების შედეგია. მრავალრიცხოვანი წევრებისგან შემდგარი რელიგიური ორგანიზაციების დაფინასების მოდელები მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ფაქტობრივად არსად არ ხდება ეს იმგვარად, როგორც საქართველოშია დამკვიდრებული. დასაბამი ამ მანკიერ ტრადიციას კი ექსპრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ დაუდო, როცა საპატრიარქო ქვეყნის ბიუჯეტის წილში ჩასვა. ეს იყო თანხები პასუხისმგებლობის გარეშე, თუმცა მათი გაცემის ნამდვილი მოტივი უანგარობა არ ყოფილა. ნებისმიერ მთავრობას სურდა საპატრიარქოს მხრიდან ლეგიტიმაციისა და სრული ლოიალობის მოპოვება. ეკლესია ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც უკარნახებდნენ.
შევარდნაძის დროს საპატრიარქო თვალს ხუჭავდა კორუფციაზე, სააკაშვილის დროს კრიტიკულად არასოდეს შეუფასებია მოქალაქეების მიმართ მოჭარბებული კონტროლი, მიყურადება და თვალთვალი. ეს ტენდენცია მოქმედი მთავრობის პირობებშიც შენარჩუნდა. არადა, ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა და მათი პირადი მორალის გამო შანტაჟი საშინელი ცოდვა, ღვთის გმობა და ისეთი მოვლენაა, რომელსაც ეკლესია სრული არსებით უნდა შეეწინააღმდეგებოდა.
თუმცა სწორედ აქ ჩნდება კითხვა – ვინ იღებს საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს მსგავს საკითხებზე? 1996 წლიდან მოყოლებული საპატრიარქოში უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანთა ბირთვი, რომლებიც ექსტრემისტული მიმართულებითა და რუსული პოლიტიკური ორიენტაციით არის ცნობილი. ამ ბირთვში თავად პატრიარქი და მისი გარემოცვაც (მათ შორის მდივანი ქალბატონი თეთრუაშვილიც) იგულისხმება, ხოლო საზოგადოება მათ ტრაფარეტული სახით იცნობს, როგორც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს.
სწორედ ამ ჯგუფის მოწადინებით ჩანაცვლდა ჩვენს ეკლესიაში ქრისტიანული თეოლოგია რაღაც უცნაური შეფერილობის მქონე პოლიტიკურ-ტოტალისტური იდეოლოგიით. საბოლოოდ ღრმად და თანმიმდევრულად ქრისტიანულად მოაზროვნე სასულიერო პირებმა, თეოლოგებმა ეკლესია ან ქვეყანა დატოვეს.
წინა ხელისუფლების პერიოდში სწორედ ამ მიმართულებას აღიქვამდა ოპოზიცია საკუთარ პარტნიორად. 2012 წლის არჩევნებისას ერთ-ერთ რესურსად გამოყენებული იყო სწორედ მათი იდეოლოგიური კონსტრუქტი, რომ ევროპეიზაცია მხოლოდ და მხოლოდ, ე.წ. „სოდომური“ ცოდვების დაკანონებაა. სწორედ ამ ჯგუფის ორგანიზებული იყო უმეტესწილად 2013 წლის 17 მაისის დარბევა, რომელმაც ეკლესია მორალური თვალსაზრისით დასცა და ქრისტიანობისაგან საბოლოოდ განძარცვა.
აქედან მოყოლებული იწყება მთავრობისა და საპატრიარქოს უცნაური „ურთიერთლამუნი“, რომელაც ეკლესიის მხრიდან სხვებთან ერთად სწორედ მეუფე იაკობიც აქტიურად კურირებდა. მთავრობის მიერ გაცემულ თანხებს საპატრიარქოში პირადი სიმპათიის საფუძველზე ანაწილებდნენ.
როგორც წესი, პატრიარქი ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა თანამშრომლობას, თუმცა მოქმედ ხელისუფლებასთან ეს პროცესი არც ისე ჰარმონიულად წარიმართა. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა ის, რაც ზედაპირზე ჩანდა, იყო შემდეგი: პატრიარქმა იმ მასშტაბის პირდაპირი მხარდაჭერა არ გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პირადად ბატონი ივანიშვილი ელოდებოდა და რომელიც მის მიერ გაკეთებული პირადი დაბანდებების საპირწონე იქნებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას პატრიარქის მოწოდება, სასულიერი პირებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისაგან, „ოცნების“ მხარდამჭერებს მეტად ბლოკავდა, ვიდრე ყოფილი მთავრობის მხარდამჭერებს. თავად პატრიარქი არჩევნების წინ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გეგმავდა ფოთის საკათედრო ტაძრის საზეიმო გახსნას, ეს ღონისძიება მხოლოდ ცნობილი კადრების შემდეგ გადაიდო. არჩევნებიდან მალევე გამართული საზეიმო ვახშმისას, ბატონი ივანიშვილი პატრიარქს მიმართავდა – სააკაშვილი გააცილე. ეგ უფრო გიყვარს გულის სიღრმეში, ვიციო.
ზოგადად, კათოლიკოსი საკმაოდ არაკალკულირებადი ქცევის პიროვნებაა. მეორე პრობლემა კი მის კარზე მყოფი ადამიანების თვითნებობაა, რომლის აღკვეთასაც თავად არ ცდილობს.
როგორც ჩანს, მთავრობას არ სურდა, გაცემული ფინანსები ისევ და ისევ ბრმა ინვესტიცია ყოფილიყო და დაინტერესებული იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი დაეკავებინა ვინმე ახალ ფიგურას. თავისთავად ამ განზრახვაში რაიმე ბოროტი არ დევს. ძალთა გადანაწილების ჩვეულებრივი მოდელი იქნებოდა, რომ არა „ციანიდის საქმე“. როგორც ეტყობა, მთავრობას სურდა, არა მარტო პატრიარქის სხვა ფიგურით ჩანაცვლება, არამედ ეკლესიის პოლიტიკური თვალსაზრისით მთლიანად გადაყლაპვა და კომპრომენტირება.
როგორც ჩანს, ამ მხრივ მუშაობა მრავალი მიმართულებით მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძის უცნაური საუბარი თავის მოგვარე ჟურნალისტთან, მედიალურ დონეზე საამისოდ კარგ მასალას წარმოადგენდა. რამდენადაც საქმეში არ დევს მთავარი ობიექტი – ციანიდი და ასევე არ არსებობს ადამიანი, რომლისაგანაც, სავარაუდოდ, მისი შეძენა უნდა მომხდარიყო, არ ვიცით, ვინ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე – სასულიერო პირი, რომელიც მაღალი იერარქების მხილების მცდელობას შეეწირა თუ დამნაშავე. სხვა ყველა მოცემულობა ინტერპრეტაციის სფეროა.
ასეა თუ ისე, ახლა უკვე აშკარაა, რომ დეკანოზმა იმაზე გაცილებით მეტი იცის და იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა. შეწყალებისა და თავისუფლების მოლოდინში მყოფ მამალაძეს, ეტყობა ყელში ამოუვიდა ეს უსასრულო გაჭიანურება და მზადაა ყველაფერს ფარდა აჰხადოს. „ციანიდის საქმის“ ახლიდან გააქტიურებამ ავტომატურად გამოიწვია, მასთან დაკავშირებული სხვა ფიგურების ხელახლა ამოქმედება. მეუფე იაკობმა, რომელსაც გულს ბევრი საიდუმლო უმძიმებდა თავს გულწრფელი საუბრის უფლება მისცა.
რამდენადაც სინოდის შიგნით ურთიერთგათიშულობისა და გადაჯგუფების ძალიან დინამიკური პროცესი მიმდინარეობს, სინოდის მოწვევას პატრიარქი მაქსიმალურად აჭიანურებდა. თუმცა, ერთი მხრივ, ეპისკოპოსების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ და, მეორე მხრივ, დეკანოზის წერილში არსებულმა მინიშნებამ ეს პროცესი დააჩქარა.
ვნახოთ, როგორი იქნება საქართველოს ეკლესიის ხვალინდელი დღე.
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი