ანა ილურიძის პოდკასტი:
ქალის სექსუალობის შემზღუდავი, ამკრძალავი და გამაკონტროლებელი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა კანონებში, რელიგიურ პრაქტიკებსა და სოციალურ წეს-ჩვეულებებში. ეს ყოველივე, ერთად, ქმნის ქალის სხეულის პოლიტიკას. ქალის მიერ საკუთარი სექსუალობის აღქმა და მისი გამოყენება, სურვილის, სიამოვნების და იდენტობის მუდმივი მოპოვების პროცესში იწყება ამ პოლიტიკის გააზრებით და მისი ტრანსგრესიით, შეცვლით.
რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარება და მისი გავლენები ქალის სხეულზე, მის სექსუალობაზე, 1980-იანი წლებიდან ქალების სხეულის რეგულირების მთავარ იარაღად იქცა, რომელშიც ამ პოლიტიკას არა მხოლოდ სახელმწიფო აწარმოებს, არამედ, ტრანსნაციონალური სამედიცინო კონცერნები და პრაქტიკებიც, რომელზეც, თავის მხრივ გავლენას ახდენს ნეოლიბერალიზმი და გლობალიზაციის ეპოქაში სივრცეების პოსტ-კოლონიური განაწილება.
მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის რომანში „მხევლის წიგნი“ აღწერილია დისტოპიური მომავალი, რომელშიც, წარმოდგენილია ქვეყანა (ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატები), სადაც არსებობს აბსოლიტურად უუფლებო ქალების კასტა, რომელთა ერთადერთი დანიშნულება მაღალი კლასის წყვილებისთვის შთამომავლობის რეპროდუქციაა. ეტვუდი ამ რომანში ამბობს, რომ ის, რაც დაემართა მთავარ გმირს, შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ქალს.
საქართველოში კომერციული სუროგაცია ყვავის. ის რეგიონში რეპროდუქციული ტურმიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, სადაც, დონორისა და სუროგატი ქალისთვის საშუალო ანაზღაურება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 10-ჯერ დაბალია.
თუ 18 დან 49 წლამდე ასაკის ქალი ხარ, დიდი ალბათობით, სოციალური ქსელების ალგორითმის სამიზნე აუდიტორიაშიც მოხვედრილხარ და არაერთი რეკლამა გინახავს, რომელშიც ან კვერცხუჯრედის დონაციას გთავაზობენ, ან სუროგატ დედობას, ანაზღაურების ფასად. მეტი დამაჯერებლობისთვის, რეკლამებიდან პირდაპირ ორსული, სუროგატი დედები გველაპარაკებიან და გვიყვებიან კონკრეტულ კლინიკასთან ურთიერთობისას მიღებული დადებითი გამოცდილების შესახებ.
თუ ეტვუდის რომანში „მხევლებს“ ორი არჩევანი აქვთ, ან ემსახურონ რეპროდუქციას საკუთარი სხეულით, ან შორეულ კოლონიებში გადაიხვეწონ ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ხარჯზე. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში, ხშირად, სუროგაციაში ჩაბმული ქალებისთვის მთავარი მოტივაცია რთული სოციალური მდგომარეობაა. მათი არჩევანი ხშირად სუროგაციასა და უკიდურეს სიღარიბეს, შიმშილს და ბაზისური საცხოვრებელი პირობების არარსებობას შორისაა, რომლისგან თავის დაღწევის გზას სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ვერ სთავაზობს.
ამის ფონზე 2020 წლის 25 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა N 598 ბრძანებით, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საკუთარ, 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლი შეცვალა, და დააზუსტა, რომ, ტერმინში „წყვილი“ მოიაზრებს ჰეტეროსექსუალ ქალსა და კაცს რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან ან ფაქტობრივად თანაცხოვრებენ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესაძლო რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა) გააჩნიათ.
საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში, არცერთი ნორმა, რომელიც ეხება სუროგაციას, არ აკონკრეტებს, რომელი ტიპის სუროგაციაზე არის საუბარი – კომერციულ თუ ალტრუისტულ სუროგაციაზე.
ზოგადად, სუროგაცია გულისხმობს რეპროდუქციულ პრაქტიკას, რომელიც მოიაზრებს, რომ ქალის, ანუ გესტაციური მატარებლის სხეულში (სუროგატი დედა) ბუნებრივი ან ხელოვნური გზით მოხდება განაყოფიერება ან გადაიტანება უკვე განაყოფიერებული ემბრიონი. ქალი ბოლომდე მიიყვანს ორულობას და იმშობიარებს, ხოლო ბავშვს მიმღებ მშობლებს გადასცემს რომელთაგან შეიძლება ორივე იყოს გენეტიკური მშობელი, ერთ-ერთი ან არც ერთი.
სუროგაცია შეიძლება იყოს კომერციული ან ალტრუისტული, ანუ ანაზღაურების გარეშე. პოსტ საბჭოთა სივრცის გარდა თითქმის ყველგან, სადაც კომერციული სუროგაცია დაშვებულია, მკაცრად არის რეგულირებული სუროგაციის გამწევი კლინკების, მიმღები მშობლების, შესაძლო სუროგატი დედების და დონაციაში ჩართულ პირთა წრე, მათი უფლებები და ვალდებულებები ერთმანეთის და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვ(ებ)თან მიმართებაში.
საქართველოში კომერციული სუროგაცია დაურეგულირებელია. იმ კანონებშიც კი (რომელიც ზემოთ ვახსენე) რომლებიც ეხება ამ პროცესს, სუროგაციის პრაქტიკას არასწორი ტერმინი მიემართება (რეალურად, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება გულისხმობს როგორც სუროგაციას, ისე ხელოვნურ განაყოფიერებას). არ არსებობს ასაკობრივი ცენზი მიმღებ მშობლებთან მიმართებით, არ არის განსაზღვრული თუ ვინ შეიძლება ჩაებას სუროგაციაში, არ გვაქვს კლინიკების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის რეალური მექანიზმი, რადგან მინიმუმ, წარმოდგენა არ გვაქვს რამდენი ბავშვი იბადება სუროგაციის გზით ქვეყანაში. ასევე, არ გვაქვს სუროგაციაში ჩაბმული ქალებისთვის დაცვის, დახმარებისა და გაძლიერების არც ერთი სპეფიციური სერვისი.
ამ დროს, სახელმწიფოს მიერ იმის განსაზღვა, თუ ვინ შეიძლება იყოს მიმღები მშობელი მათი ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია და ერთწლიანი, ლეგალური ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი პრობლემას კი არ წყვეტს, პირიქით, ის აბსოლიტურად უშინაარსო, არაფრისმომცემ ლეგალისტურ დისკურსში გადაჰყავს.
თუ სუროგაციის რეგულირებაზე ვმსჯელობთ, ვფიქრობ, კომერციული სუროგაცია სრულად უნდა იქნას აკრძალული, ხოლო ალტრუისტული სუროგაცია მხოლოდ მკაცრად რეგულირებელი ჩარჩოს ქვეშ იყოს დაშვებული. რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ კომერციულ სუროგაციაზე ჩვენ, პატრიარქალურ კულტურაში, (რომელიც ყველაფრის ფასად გამრავლებისკენაა მიმართული) ქალების სხეულის ლეგალურ ექსპლოატაციაზე ვლაპარაკობთ.
პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.