სახელოვანი ამერიკელი „ოსკაროსანი“ რეჟისორი, მარტინ სკორსეზე გასულ წელს მოულოდნელად საოპერო თემით დაინტერესდა და დეკემბერში, ახალ დოკუმენტურ ფილმზე დაასრულა მუშაობა, რომლის სახელწოდებაა „ორატორია“ ( The Oratorio). გადაღებები იტალიასა და ნიუ-იორკში მიმდინარეობდა.
77 წლის მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში იტალიელი მუსიკოსი-ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ამერიკაში ჩამოვიდნენ და მეცხრამეტე საუკუნის ამერიკის საზოგადოებისა და კულტურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. 1826 წელს, ნიუ-იორკში, სენტ პატრიკის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პირველად მოისმინა შორეული იტალიიდან ჩამოსული მომღერლები, რომელთა შორის, როგორც ამბობენ, იყო ლეგენდარული მარია მალიბრან-გარსიაც, მომღერალი რომელსაც მარია კალასის წინამორბედად მიიჩნევენ…
აღსანიშნავია, რომ სკორსეზეს ახალ ფილმში მონაწილეობს ქართველი საოპერო მომღერალი, სოპრანო სალომე ჯიქია, რომელსაც რეკომენდაცია იტალიელმა საოპერო აგენტებმა გაუწიეს. „ბედნიერი ვარ, რომ მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში კალიარის საოპერო თეატრის მეშვეობით. გადაღებები გასულ წელს მიმდინარეობდა ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინანდელ მოვლენებს აღადგენს. სკორსეზეს ფილმში სწორედ იტალიური მხარის დამსახურებით მოვხვდი, რადგან მათ სჭირდებოდათ საკმაოდ დიდი დიაპაზონის მომღერალი, რომელიც როსინის ოპერების რეპერტუარს შეეჭიდებოდა“, – აღნიშნავს მომღერალი.
ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს, სანტა-ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
სალომე ჯიქია ზუგდიდში დაიბადა. ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განხრით. თუმცა, მესამე კურსიდან სერიოზულად დაინტერესდა ვოკალური ხელოვნებით და მიხვდა, რომ სიმღერა მისი ნამდვილი არჩევანი იყო.
ბევრი რამ ახალგაზრდა მომღერლის კარიერაში განაპირობა იტალიაში, სანტა-ჩეჩილიას მუსიკალურ აკადემიასა და საოპერო სტუდიაში სწავლამ და ლეგენდარულ სოპრანოსთან, რენატა სკოტოსთან მიღებულმა ვოკალის გაკვეთილებმა. შემდეგ უკვე, პეზაროში, როსინის ფესტივალში მონაწილეობამ და ოპერა „სემირამიდაში“ ბრწყინვალე დებიუტმა. 2014 წელს მონაწილეობდა ბარსელონაში, ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში, სადაც სპეციალური პრიზი დაიმსახურა მოცარტის საოპერო არიის შესრულებისათვის.
სალომე ჯიქია მიიჩნევს, რომ თანამედროვე საოპერო მომღერლის კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად შერჩეული საოპერო აგენტი. ამ შემთხვევაში, ალესანდრო არიოზი, რომელიც სხვათა შორის, პლასიდო დომინგოს მუსიკალური აგენტია წლების განმავლობაში.
ქართველ სოპრანოს დიდი წარმატება აქვს ევროპულ საოპერო სცენებზე: უკვე იმღერა ვიოლეტას პარტია „ტრავიატაში“ (ბერლინის „დოიჩე ოპერა“), დონა ანა „დონ ჟუანში“ (ბრიუსელის ოპერა), და ასევე მოცარტის ოპერაში „მითრიდატე“ (ლონდონის სამეფო ოპერა). მარტის ბოლოს დებიუტი ექნება ვენის სახელოვან „შტატსოპერაში“, ხოლო მაისში მიუნხენის ოპერაში იმღერებს.