სოცაგენტების სოციალური პრობლემები პანდემიისას

ნათია ამირანაშვილი

„ბევრია ისეთი, რომელიც მხოლოდ ამ სამსახურით ჭამს პურს, მხოლოდ აქედან აქვს შემოსავალი და მათი 200-300 ლარზე დატოვება, გაწირვაა“.

„პირადად მე ბოლო სამი თვეა, 300 ლარზე ვმუშაობ“.

„ამ ეტაპზე ყველა იძულებული ვართ, რომ მაგაზე ვიმუშაოთ. ჯერ რა არის, თეთრებია და ეგეც რომ დავკარგოთ, სულ ისე დავრჩებით“.

„2 თვეა, ჩემს მეუღლეს საერთოდ არაფერი არ გამოუმუშავებია. ვართ ჩემს ანაზღაურებაზე ჩამოკიდებული, 3 არასრულწლოვანი შვილი მყავს“.

 

ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი სოციალური აგენტები პანდემიის დროს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით აღარ ხდება ოჯახების გადამოწმება, სოცაგენტები მარტის თვიდან მხოლოდ იმ ოჯახებს ამოწმებენ, ვინც ამას თავად მოითხოვს. ამის გამო კი მათ მიერ თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კი პრობლემურია იმიტომ, რომ მათი ანაზღაურება დიდწილად სწორედ გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული. სოცაგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარია, თითო ოჯახის შემოწმებაში კი 4.80 ლარს იღებენ. ესაა მათი ანაზღაურება. 200 ლარამდეც მათ ივლისის თვიდან, პროტესტის შემდეგ გაეზარდათ. მანამდე ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი იყო [სტატიაში აღნიშნულია ხელზე ასაღები ოდენობა].

ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ იმდენად შემცირებულია გადასამოწმებელი ოჯახების რაოდენობა, რომ პანდემიის პერიოდის თვეებში ჯამური ანაზღაურება (ფიქსირებული და გამომუშავებით) 300-350 ლარამდე თუ ადის. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მათ დამატებით არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯისთვის გამოყოფილი თანხა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, საწვავის თანხაც მათი გადასახდელია.

თეა ნარიმანიშვილი, სოცაგენტი, საგარეჯო

„წინა წლის დეკემბერში 170 ოჯახი შევამოწმე, ამ წლის დეკემბერში 8 ოჯახი მყავს…

დაიკეტა ასევე ტრანსპორტი. რაიონში ვცხოვრობ, 20 მისამართი კი მქონდა ხელთ, მაგრამ უტრანსპორტობის გამო თბილისში ვერ ჩამოვედი, რომ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა შემესრულებინა. მხოლოდ 8-ის შემოწმება შევძელი. ერთი დღე ჩემი მეუღლის დახმარებით ჩამოვედი თბილისში, მანქანით მომემსახურა. ორმა ადამიანმა ვიშრომეთ, ასე ვთქვათ, მთელი დღე დავკარგეთ 8 ერთეულზე [38.4 ლარი]… ის 30 ლარი მე ფაქტობრივად გზაშივე დავხარჯე, საწვავში, სოფლიდან ჩამოვედი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში ვცხოვრობ, ხუთნი ვართ, 3 შვილი მყავს. ჩემი მეუღლე დროებით სამუშაოებზე შრომობს, ხან გვაქვს მისი მხრიდან შემოსავალი, ხან არა. ჩვენც ისე ვცხოვრობთ, როგორც უმეტესობა ოჯახებისა ქვეყანაში.

2 თვეა ჩემს მეუღლეს საერთოდ არაფერი არ გამოუმუშავებია. ვართ ჩემს ანაზღაურებაზე ჩამოკიდებული და დანამატს თუ გაიმეტებს სახელმწიფო, იმაზე“.

ნარიმანიშვილის ინფორმაციით, აპრილში, მაისსა და ივნისში სოცაგენტებს დანამატის სახით 160 ლარი ჩაერიცხათ, სექტემბერსა და ნოემბერში კი – 200.

გიორგი თეთრუაშვილი, სოცაგენტი, დაბა ჟინვალი

„შემცირდა რომელია, ძალიან შემცირდა. წინა პერიოდში ბევრი მუშაობა გვქონდა და თავიც უფრო უკეთესად გაგვქონდა. ახლა მართლა პრობლემა შეგვექმნა, რთულად არის საქმე. ოჯახებში ვერ შევდივართ, არ გვაქვს ბევრი გენერაცია. ხელფასები ძალიან დაბალი გამოგვდის, 200 ლარი გვაქვს, პლუს, რასაც გავაკეთებთ. რაღაც დანამატებზე გველაპარაკებიან ხოლმე, იმასაც ხან რიცხავენ და ხან არა.

მე ჩემი მანქანით დავდივარ. უბრალოდ, ვინაიდან არ მაქვს ბევრი ოჯახი შესამოწმებელი, ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად დავაგროვო და ისე წავიდე. საწვავი ხომ მჭირდება. ეს ოჯახები ისეა ხოლმე დაშორებული, ერთი რომ ბაზალეთშია, მეორე შეიძლება მლაშეში იყოს და კილომეტრაჟი ცოტა მეტი გამომდის ხოლმე. დავდივარ რა, რაღაცნაირად ვახერხებ ამ ყველაფერს.

საწვავს არ ანაზღაურებენ, ჩვენი ფინანსებით ვაკეთებთ ყველაფერს. სადაც ძალიან ცუდი გზაა – ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, ეგეთ სოფლებში – სადაც ჩვენი მანქანით ვერ მივდივართ, მაგ შემთხვევაში რეგიონი გვეხმარება მანქანით.

ბევრი არაფერი გვრჩება, ჩემო კარგო, სახლში მეუღლეს პატარა [მაღაზია] აქვს, ვაჭრობს. ის სამი თვე მაგასაც გაუჭირდა, მაგრამ, ღვთის მადლით, გავდივართ რა. ახლა მეორე სამსახურში ვიწყებ მუშაობას, „ზაპრავკაზე“, რაღაც კაპიკებით შემეშველება, იმიტომ, რომ სამი არასრულწლოვანი შვილი მყავს. რაღაცით გავიტან თავს, რა“.

გიორგი აფციაური, უფროსი სოცაგენტი, დუშეთი

„კატასტროფული ვარდნაა აგენტების სამუშაო მოცულობაში. მარტის თვემდე, თებერვლის ჩათვლით, თითო აგენტს 170 ერთეულამდე ჰქონდა ნამუშევარი. დღეს გავაკეთე აგენტების სახელფასო და ერთს გამოუვიდა 33, ხოლო მეორეს – 35. რომ გავამრავლოთ 4.80-ზე, დიდი არაფერი გამოდის. გამოდის 200 ლარი და პლუს ეს [160-170 ლარი].

უტრანსპორტობაა. მეტწილად ყველა მიმართულებით ჩვენი ხარჯებით გვიწევს გადაადგილება. სააგენტო ან სამხარეო ცენტრი მანქანებს შორეულ მანძილზე გვათხოვებს ხოლმე. შედარებით ახლო მანძილზე ჩვენი ხარჯებით გვიწევს გადაადგილება, სამსახურამდე მისვლაც, რა თქმა უნდა. ყველას არ ჰყავს მანქანა და ტაქსი უნდა იქირაოს, ან სხვა ხერხებით. ანუ ხარჯები გაგვეზარდა, შემოსავალი კი შემცირდა.

ჩვენ სამნი ვართ ოჯახში, მშობლები და მე. ისინი დასაქმებული არ არიან, მარტო მე ვმუშაობ. ჩემს შემთხვევაში ანაზღაურება 440 ლარი გამოდის – უფროსი სოცაგენტის ხელფასი, ამას პლუს თუ მექნება, ე.წ. საკონტროლო ოჯახი, მეც დამატებით მერიცხება 4.80 ლარი… დეკემბრის თვის სახელფასო რომ გავაკეთე, არცერთი ერთეული არ მაქვს, რადგან არ არის დავალებები“.

გიორგი ფურელიანი, სოცაგენტი, თბილისი

„ჩათვალეთ, რომ მესამედი გვაქვს იმისა, რაც გვქონდა… მე პირადად, ბოლო სამი თვეა მთლიანობაში 300 ლარზე ვმუშაობ. ასევე დიდი პრობლემაა ტრანსპორტირება, როდესაც გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვერ მუშაობენ აგენტები. ყველას არ ჰყავს მანქანა და ამის გარეშე რთული კი არა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩემი რაიონის მაგალითზე რომ ვთქვა, სააგენტომ კი გამოყო მანქანა, მაგრამ ატარებს 1 აგენტს და საბოლოო ჯამში 5 აგენტიდან მხოლოდ ორი ვმუშაობთ. ძირითადად მე ვმუშაობ და იმ ერთს ატარებს მანქანა, მაგრამ როგორც მოუხერხდებათ, ისე ხდება ეს ამბავი. მაინც რთულია… სააგენტოს მანქანა მერე გამორბის, რომ სხვები წაიყვანოს სახლში და ა.შ. თავის გემოზე ვერ მუშაობს.

ცოტა ისეთი მოთხოვნაა კი – ასე გაგვაჩერეს და ხელფასი გვიხადეთო, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, არა?!“.

ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულია, დამატებითი/ შეთავსებითი სამუშაო იშოვო, მით უმეტეს პანდემიისას.

„ჩვენთან არაფერი არ არის, რომ გახვიდე და იმუშაო. ზაფხულში შეიძლება მოეწყო ბლოკის ცეხში და „ზაპრავკებზე“. აქაც ძალიან მწირი ანაზღაურებაა, 300-350 ლარი. აქ სხვა სამსახური ისეთი არაფერია. თბილისში რომ იარო, ჩვენგან უფრო ძვირი დაგიჯდება“, – ამბობს გიორგი თეთრუაშვილი.

„მეც მქონდა მეორე სამსახური, მაგრამ ჩაიკეტა ყველაფერი და ვზივარ სახლში, თბილისში ვეღარ მივდივარ, იქაც რომ ვიმუშაო. მოკლედ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“, – ამბობს გიორგი აფციაური.

თეა ნარიმანიშვილის თქმით, სამი მცირეწლოვანი შვილის დედისთვის თავისუფალგრაფიკიანი სამსახური ის ერთადერთი პლუსია, რომლის გამოც ამ სამსახურში მუშაობა უღირს.

„მყავს 3 შვილი. ორი სამსახური ჩემს შემთხვევაში გამორიცხულია. იმიტომ, რომ ოჯახს თავისი დრო სჭირდება, სამსახურს თავისი დრო. 3 შვილით ორ სამსახურში? თან სამივე მცირეწლოვანია – 7 წლის, 6 წლის და 4 წლის. თავისუფალი გრაფიკი არის ის ერთადერთი პლუსი, რაც მე-15 წელია ამ სამსახურში მაკავებს“, – ამბობს ის.

დაუფასებელი შრომა – რა სამუშაოს გაწევა უწევს სოცაგენტს

სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სამუშაოს მოცულობის, მათი პასუხისმგებლობის, სპეციფიკის, სტრესის, რისკისა და გაწეული სატრანსპორტო ხარჯის გათვალისწინებით, მათ შრომას სახელმწიფო ადეკვატურად არ აფასებს.

ოჯახის დეკლარაციის შევსება, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის წარმართვა, 18 წლამდე ბავშვის დეკლარაცია, კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტის მომზადება – ეს ნაწილია 10-მდე სხვადასხვა სახის მომსახურებისა, რომლებსაც სოციალური აგენტები ეწევიან. მათი თქმით, ვინაიდაინ სოციალური აგენტების მიერ შესრულებულ დოკუმენტზე დაყრდნობით სახელმწიფოს მხრიდან ინიშნება სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება თუ ბენეფიტი, მათი პასუხისმგებლობა დიდია. როგორც ისინი ამბობენ, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახები, რომლებსაც არ ეკუთვნით სოციალური დახმარება, ხშირად აგენტებზე ზეწოლას ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში კი სოციალური აგენტი ის პირია, ვინც სახელმწიფო ინტერესებს იცავს.

„ერთი ოჯახის შემოწმებაში ჩვენ ვიღებთ 4.80 ლარს. ახლა წარმოიდგინეთ მეორე მხარე – ოჯახი, რომელსაც ეკუთვნის ან არ ეკუთვნის დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი გახდება მიმღები, დაენიშნება ყოველთვიური დახმარება, რაც ოჯახის წევრების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მიიღებენ ჯანმრთელობის პოლისებს, სამგზავროს, სწავლის გადასახადს და ა.შ., ანუ ოჯახი ასეთ შემთხვევაში 1 000-ებზე ადის.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იბრძვის და რამხელა ზეწოლასა და ზემოქმედებას ცდილობს აგენტზე ოჯახი, რომელსაც შესაძლოა სტატუსი არ ეკუთვნოდეს. ამ დროს კი აგენტმა უნდა მიიღოს 4.80. რამდენად ექნება მას სურვილი, რომ ეს გასაცემელი ბოლომდე დაიცვას?! გაავლეთ პარალელი. კეთილსინდისიერად რომ არ ვასრულებდეთ ჩვენს საქმეს და არ ვიყოთ პატიოსანი ხალხი, ალბათ ძალიან ცუდი შედეგი დადგებოდა. ყოფილა ძალადობის შემთხვევებიც და ეს ყველაფერი 4.80 ლარად. ასე აფასებს სახელმწიფო ჩვენს შრომასა და გარჯას“, – ამბობს თეა ნარიმანიშვილი.

„ჩვენ ბავშვის დეკლარაციასაც ვავსებთ – რამდენად დაცულია ბავშვის საცხოვრებელი გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, კვება – ასეთ რაღაცებს ვამოწმებთ. შეიძლება, რომ ჩვენი ყურადღებიანი თვალითა და დაკვირვებით, გადავარჩინოთ არასრულწლოვანი მოძალადე მშობლისგან ან შიმშილისა და სიცივისგან. სოცმუშაკი უნდა ჩავრთოთ ისე, რომ მან შეცვალოს ბავშვის მთელი მომავალი. და ამ ყველაფერს აფასებენ 1.2 ლარად. ჩვენ ამაში გვიხდიან 1.2-ს“, – ამბობს თეა.

სოცაგენტების პროტესტისა და მათი მოთხოვნების ნაწილობრივ გათვალისწინების შემდეგ, ივლისის თვეში სააგენტოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სოცაგენტებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ მიზერულად გაზრდილი ხელფასი მათი პრობლემებისა და შრომის საპირწონე ვერ იქნება და უნდა შეიცვალოს მიდგომა მათი საქმისა და შრომის ანაზღაურების მიმართ.

სოცაგენტებმა შეიმუშავეს და სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარადგინეს დოკუმენტი, სადაც მათი ყოველდღიური ძალისხმევაა აღწერილი და ამის საფუძველზე აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება არაა ადეკვატური მათ მიერ შესასრულებელი საპასუხისმგებლო საქმისა. დოკუმენტში ისინი საუბრობენ მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოზე და ამისთვის განსაზღვრულ ანაზღაურებაზე, სატრანსპორტო ხარჯებზე, სამუშაოსთან დაკავშირებულ რისკებზე და ა.შ.

მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 281 სოციალური აგენტიდან 80%-ს (ძირითადად რეგიონები) საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის ან/და შეუსაბამო გრაფიკის გამო, არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აღნიშნულის გამო ისინი იძულებულნი არიან, გადაადგილდნენ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის შესასრულებელი სამუშაოსთვის გაწეულ ხარჯს. ამასთან, მათი თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ უმეტეს შემთხვევაში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება შესასწავლ ოჯახში მინიმუმ 2-3 ვიზიტს საჭიროებს. შესაბამისად იზრდება შესასრულებელი სამუშაოსთვის გაწეული  ხარჯი [სოცაგენტი ანაზღაურებას იღებს არა ვიზიტში, არამედ მხოლოდ შემოწმების დასრულების შემთხვევაში].

„დავთვალეთ ერთი ერთეულის ხარჯი – რა უჯდება რეგიონში მომუშავე აგენტს ის (თბილისში შეიძლება სულ ცოტათი ნაკლები იყოს). 4.80-დან აგენტს ხელზე შეიძლება დარჩეს 1.5 ლარი. ესეც ან კი, ან არა. გააჩნია საწვავის ფასის მერყეობას. 1.5 ლარი, ხალხო. აი, ამ თანხაზე ვინ წავა და ვინ დახარჯავს დროს, მართლა ცუდ დღეში რომ არ ვიყოთ, არ ვიცი“, – ამბობს თეა.

სოცაგენტები ასევე აღნიშნავენ ისეთ დავალებებსაც, რომლებშიც დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ, როგორიცაა, მაგალითად, საოფისე საქმე, ბაზებთან მუშაობა და ა.შ.

რაც შეეხება რისკებს, სოცაგენტები საუბრობენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, სექსუალური შევიწროების, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საფრთხეებზე; საუბრობენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ძაღლის დაკბენისა და ჯანმრთელობისაზე ბუნებრივი მოვლენების მავნე ზემოქმედების შემთხვევებზე. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რისკებს შორის ასევე გამოყოფენ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციების გადადების საფრთხეებს და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სოცაგენტებმა სააგენტოს თავიანთი შრომის მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანაზღაურების პირობები შესთავაზეს. მათი წინადადება ეხებოდა გამომუშავებით ასაღებ ანაზღაურებას – 1 ერთეულის ღირებულებას, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 6 ლარს [ხელზე ასაღები 4.80] და რომელიც უნდა განისაზღვროს 15 ლარით (ხელზე ასაღები 12 ლარი).

რაც შეეხება უფროსი სოციალური აგენტის მიერ 1 ერთეულის შესრულების ღირებულებას, მათი მოსაზრებით, ეს უნდა იყოს 50%-ით მეტი, ვიდრე სოცაგენტისა. ასევე, ბავშვებთან დაკავშირებული დეკლარაციისა და შესაბამისი შეტყობინების შემთხვევაში, 1.2 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებული უნდა იყოს 4 ლარი.

სააგენტო, როგორც დამსაქმებელი – „შრომითი ურთიერთობის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია“

როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, სოცაგენტებმა ივნისში საპროტესტო აქციები გამართეს. მაშინ მათი ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი იყო. ხელფასის ზრდასთან ერთად ისინი 1-თვიანი ხელშეკრულების ვადის გაზრდასაც მოითხოვდნენ.

მათი პროტესტის შემდეგ სააგენტომ განაცხადა, რომ ფიქსირებული ხელფასი 200 ლარი გახდებოდა, 100 ლარით გაიზრდებოდა უფროსი სოცაგენტის ანაზღაურებაც. და ხელზე ასაღები ოდენობა 440 ლარი გახდა [უფროსი სოცაგენტისთვის].

რაც შეეხება ხელშეკრულებებს, მაშინ ითქვა, რომ სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც 6 თვემდე გაიზრდებოდა, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს 1-წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებოდათ.

მიუხედავად სააგენტოს ამ ნაბიჯისა, სოცაგენტები მაშინაც აცხადებდნენ, რომ ეს შეთავაზება საკმარისი არ იყო და მათი შრომის ანაზღაურების საკითხი უფრო სიღრმისეულ განხილვას საჭიროებდა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული საკითხები კიდევ ერთხელ დაისვა.

რა მოხდა შემდგომ?

„პუბლიკასთან“ საუბრისას „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი, რომელიც წინასაგაფიცვო პერიოდში სოცაგენტების წარმომადგენელი იყო, ჰყვება, რომ ბოლო კომუნიკაცია სააგენტოს დირექტორთან, გიორგი წოწკოლაურთან ოქტომბერში ჰქონდათ, რა დროსაც მიიღეს დაპირება, რომ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე, ხელფასის ზრდაზე და ა.შ. 15 ნოემბრამდე მიიღებდნენ პასუხს. მიუხედავად ამ დაპირებისა, მათი თქმით, ამ საკითხებზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

„იყო დაპირება, რომ დაახლოებით 15 ნოემბრამდე ჩვენ გვექნებოდა პასუხი, რას აკეთებდნენ სოციალურ აგენტებთან მიმართებით, გაეზრდებოდათ თუ არა მათ ხელფასი. ასევე, პანდემიის პერიოდში თუ ისევ სახლში ჩავიკეტებოდით, როგორ აუნაზღაურდებოდათ ამ ადამიანებს ეს თანხა, რა რაოდენობით და ა.შ. გვითხრეს, რომ პასუხი 15 ნოემბრამდე გვექნებოდა. სამწუხაროდ, დღემდე ეს პასუხიც არ გვაქვს. იმასაც კი არ ეუბნებიან სოცაგენტებს, რა ბედი ელის მათ ანაზღაურებას სამომავლოდ“, – ამბობს ომსარაშვილი.

მისი თქმით, მიდის აქტიური მსჯელობა, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ სოცაგენტები, „ვინაიდან უკმაყოფილო არიან ეს ადამიანები და ეს ცალსახად ასეც იქნებოდა, რადგან შესრულდა მათი მოთხოვნების ძალიან უმნიშვნელო ნაწილი“.

„ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური აგენტები იმავე საფრთხის ქვეშ არიან, რა საფრთის ქვეშაც სოციალურად დაუცველი ადამიანები. ისინიც არიან ანალოგიური გამოწვევის წინაშე, რომ ან გადარჩებიან და შეძლებენ თავისა და საკუთარი ოჯახის რჩენას, ან ვერა. შესაბამისად, ასე ვეღარ გაგრძელდება.

ჩემი შეფასებით, პოლიტიკა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის კუთხით, თავიდან ბოლომდე გადასახედი და შესაცვლელია. ძალიან ბევრ ასპექტში ირღვევა დასაქმებულთა უფლებები“, – ამბობს ომსარაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ პანდემიის პერიოდს, ომსარაშვილი მიიჩნევს, რომ სააგენტოს ამ პერიოდშიც უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ შემქნილი ვითარება უშუალოდ მისი მიზეზით არაა გამოწვეული. იურისტი მიიჩნევს, რომ სააგენტოს ობიექტურად და კეთილსინდისიერად  უნდა შეეფასებინა დასაქმებულების წინაშე არსებული გამოწვევები და გადაეხადა მათთვის თუნდაც წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურების ტოლფასი. როგორც „პუბლიკას“ სააგენტოში განუცხადეს, წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან თანხის დაანგარიშება საგანგებო ან საომარი მოქმედების დროს სამსახურიდან მოცდენის შემთხვევაში ხდება. ომსარაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა უნდა გავრცელებულიყო პანდემიის დროს შემცირებული საქმისა და მოქმედი შეზღუდვების პირობებშიც, ვინაიდან ფაქტია, რომ ეს ადამიანები ვეღარ მუშაობდნენ ნორმალურ, ჩვეულ პირობებში.

„ფაქტია, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენც და დასაქმებულებიც. დავალებებიც რომ იყოს, დასაქმებულები დღეს ვერ შეძლებენ სამუშაოს სათანადოდ შესრულებას, იმიტომ, რომ ის ხარჯი, რომელიც მათ ექნებათ, საგრძნობლად გაიზრდება. სახელმწიფო ამას უნდა მოეკიდოს კეთილსინდისიერად. თუ, მაგალითად, სოციალურ აგენტს ერთ ოჯახს მისცემენ შესამოწმებლად და ამას სახელმწიფო მიიჩნევს იმად, რომ მათი მუშაობა შეჩერებული არაა, ეს არასწორი დამოკიდებულება იქნება. თავის მოტყუებაც იქნება და სოციალური აგენტებისაც“, – ამბობს ომსარაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩვენს შეკითხვებს წერილობითი ფორმით უპასუხა. ფიქსირებული ხელფასების ზრდის, გაცემული დანამატის რაოდენობისა თუ ოჯახების გადამოწმების შეწყვეტის შესახებ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ.

ცალკე აღსანიშნავია მათი პასუხი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. უწყებას ამ თემაზე ასეთი პასუხი აქვს: „პანდემიიდან გამომდინარე ყველა ტერიტორიული ერთეული უზრუნველყოფილი და მობილიზებულია იმდაგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სოციალური აგენტის ტრანსპორტირება მისამართზე“.

რაც შეეხება მოლაპარეკების პროცესის შეფერხებას, სააგენტოში განგვიცხადეს, რომ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ივლისის თვეში აგენტების ჩართულობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და რომ აგენტებსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.


სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერას უცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.