სოციალური დახმარების სისტემა - რა ხედვა აქვთ პარტიებს

პუბლიკა

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ბოლო, სექტემბრის მონაცემებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 256 720 ადამიანია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 შეადგენს.

უმუშევრობის, დაბალი ანაზღაურებისა და ფასების მუდმივი ზრდის გამო სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ქვეყანაში. საქართველოში უკვე 20 წელია, მოქმედებს სოციალური დახმარების სისტემა, რაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რეგულარულ ფულად დახმარებას გულისხმობს.

2024 წლის სექტემბერის მდგომარეობით, შემწეობას 454 165 ადამიანი იღებს; სექტემბერის მონაცემებით, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, მონაცემები ასეთია:

  • 0 – 18 წელი – 184 227 პირი;
  • 65+ ასაკობრივი ჯგუფი – 60 367;
  • 16 წლამდე – 245 218 ბავშვი (16 წლამდე არასრულწლოვანზე გასაცემი თანხა);

„პუბლიკამ“ წინა სტატიებით გაგაცნოთ, რას ფიქრობენ პარტიები შრომის, დასაქმებისა და ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, ამჯერად სტატიის თემა სოციალური დახმარების სისტემა და სოცდაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებია. (პარტიათა შერჩევის მეთოდოლოგიაზე განმარტება იხილეთ ბმულზე).

შეკითხვა, რომელიც პარტიებს დავუსვით: დღეს ქვეყანაში მოქალაქეების  1/3 სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და შემწეობას ითხოვს. როგორია თქვენი ხედვა არსებულ სოციალური დახმარების სისტემაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გასაუმჯობესებლად. 

„ძლიერი საქართველო”

„ძლიერი საქართველოს“ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, გაგზავნილ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. კოალიციის ხედვა მათ მიერ მომზადებული პროგრამიდან თემატურად არის ამორჩეული.

„ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში სოციალური დაზღვევის და დახმარების სისტემაზე კონკრეტული გეგმები და ხედვები არ იძებნება, თუ არ ჩავთვლით ამ პატარა მონაკვეთს:

„ჩვენი ძირითადი საზრუნავია, რომ შრომა გახდეს დაფასებული – ნებისმიერმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს და არ ეშინოდეს მომავლის. სოციალურად დაუცველებისთვის ჩამოყალიბდეს სამართლიანი დახმარების სისტემა; ადგილობრივი შრომის ბაზარი გახდება გამჭვირვალე და დინამიკური, რომ ადამიანს არ ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის და ჰქონდეს პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა“.

კოალიციას რამდენიმე კონკრეტული დაპირება აქვს. მათ შორისაა, პენსიის ზრდა.

„მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე გავზრდით, განაკვეთს კი ყოველწლიურად დავარეგულირებთ ფასების მატების მიხედვით“, – ვკითხულობთ პროგრამაში.

საქართველოსთვის

პარტიაში  „გახარია საქართველოსთვის” ფიქრობენ, რომ არსებული სოციალური დახმარების სერვისები წარმოშობს მოსახლეობის დამოკიდებულებას შემწეობასა და სახელმწიფო დახმარებაზე. ამის ნაცვლად ისინი აპირებენ, შექმნან სიღარიბის დაძლევასა და ადამიანების გაძლიერებაზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რისთვისაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ:

  1. სოციალური დაცვის სერვისები გახდება უფრო მოქნილი და ეფექტური;
  2. განხორციელდება მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმაცია და გაუქმდება სოციალური დახმარების დანიშვნა/მოხსნის პოლიტიზებული ბერკეტები;
  3. სოციალური დაცვის სერვისებში მოქალაქეების ჩართვა მოხდება მათი რეალური საჭიროებების შესწავლის საფუძველზე და არა ქულების არსებული, ფორმალური სისტემით;
  4. შევამცირებთ სოციალური დაცვის სერვისების მიღების ვადებს;
  5. თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მოხდება საარსებო შემწეობის ყოველწლიური ზრდა. ამასთან, პარტია აპირებს დამატებითი დანამატების გაცემას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მარტოხელა მშობლებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ოჯახებისთვის.

„გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩეველს ასევე ჰპირდება, რომ დანერგავს ახალ, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებულ სოციალური დაზღვევის სისტემას, რომელიც აიგება ევროპის წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით. შეიქმნება სოციალური დაზღვევის ფონდი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული შენატანებით. პირველ ეტაპზე, აღნიშნული ფონდი უზრუნველყოფს უმუშევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების კომპენსაციას, ხოლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე უნივერსალური და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემისა და ღირსეული პენსიის დაფინანსებას.

„დროებით უმუშევრად დარჩენილ პირს ექნება გარანტია, რომ ის არ დარჩება მარტო ფინანსური პრობლემების წინაშე და სამუშაოს პოვნამდე 5-6 თვის განმავლობაში მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის თანხას ბოლო სამსახურიდან მიღებული ყოველთვიური ხელფასის 60%-ის ოდენობით. სოციალური გარანტიის ეს ფორმა გავრცელდება ყველა დასაქმებულზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში“, – ამბობენ პარტიაში.

პარტია ამომრჩეველს პენსიის ზრდასაც ჰპირდება.

„ჩვენ გავზრდით საბაზისო პენსიას, გავამყარებთ ასაკობრივი პენსიის ზრდის საკანონმდებლო გარანტიებს. ეტაპობრივად დავნერგავთ საპენსიო სისტემის ახალ სვეტს, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს დაეფუძნება, ისე როგორც ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია. ამ პრინციპის მიხედვით, ახალი თაობა ზრუნავს წინა თაობაზე – დღევანდელი დასაქმებულების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება მოქმედი პენსიონერების ღირსეული სიბერე. დღევანდელი დასაქმებულების პენსიას კი, იმ დროისთვის არსებული დასაქმებულები დააფინანსებენ“, – ასეთია პარტიის ხედვა ამ საკითხზე.

მათ გეგმაში ასევე შედის მოქმედი პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულების 2-წლიანი პროგრამის განხორციელება, რის შემდგომაც მოხდება საპენსიო სესხების გაცემის პროცესის მკაცრი რეგულირება და მნიშვნელოვნად დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები. ამას პენსიის გაცემისას სამართლიანი ტენდერის ჩატარებითა და ბანკებისთვის კონკურენტული პირობების შექმნით აპირებენ.

 „კოალიცია ცვლილებისთვის“

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა ერთადერთი გზაა სოციალურად დაუცველების რაოდენობის შესამცირებლად. ისინი გეგმავენ, რომ ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველების პროფესიულ გადამზადებას, რათა ეს ადამიანები შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. მათი აზრით, უნდა გადაიხედოს ასევე დასაქმებისას სოციალური დახმარების მოხსნის მექანიზმები.

„არსებული სისტემა აიძულებს ადამიანებს, არაფორმალურად დასაქმდნენ ან საერთოდ არ დაიწყონ მუშაობა შემწეობის შეწყვეტის შიშით. საჭიროა სიფრთხილე, რომ არ გავაჩინოთ ადამიანებისთვის ამ ბაზაში მუდმივად დარჩენის მოტივაცია. ჩვენი გათვლა არის იმაზე, რომ შრომისუნარიან ადამიანს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეიძლება არ იშრომოს და მაინც რაღაც შემოსავალი ჰქონდეს. ჩვენ მათ შევთავაზებთ უფასო გადამზადების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ, იპოვონ სამსახური. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ეკონომიკა, სადაც ყველას ექნება საშუალება, დასაქმდეს, ვინც სამუშაოს ეძებს”, – ამბობენ პარტიაში.

კოალიციის გეგმით, სოციალური დახმარებები ძირითადად მარტოხელა პანსიონერებზე, ბავშვებზე, შშმ პირებზე და მრავალშვილიან, მარტოხელა დედებზე იქნება ორიენტირებული – პრიორიტეტი იქნება იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ საქმდებიან და ასეთ ადამიანებს უფრო გაეზრდებათ შემწეობა.

ქართული ოცნება“

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის საჭიროა ამ ადამიანებისთვის ხელის შეწყობა, რომ ადეკვატური ანაზღაურებით დასაქმდნენ.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ გეგმავენ, დახვეწონ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და საარსებო შემწეობის გაცემის წესი.

„საჭიროა სამიზნე ჯგუფების ზუსტი განსაზღვრა და მონიტორინგის გაუმჯობესება, რათა დახმარება მიიღონ ზუსტად იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს სჭირდება. ამის შემდეგ უნდა გაიზარდოს ამ ადამიანებისთვის სოციალური დახმარების თანხები და გაუმჯობესდეს მათთვის ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა“.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს პროგრამა, რომელიც 4 წლის წინ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შემდეგ დაიწყო.

„ამ სააგენტომ, რომლის ფილიალიც უკვე საქართველოს არაერთ რეგიონშია, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაასაქმა. პროგრამა ასევე გულისხმობს შშმ პირების სტაჟირებას, მათ სუბსიდირებასა და მხარდაჭერას. უკვე არაერთი შშმ პირი გვხდება დასაქმებული სასტუმრო ბიზნესში, ტურიზმის სფეროში და სხვა ადგილებში. იგეგმება, ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ეს პროგრამა და შემუშავდეს უმუშევარი და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმების ალტერნატიული მექანიზმები“.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

კოალიციამ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა., ხოლო მათ საარჩევნო პროგრამაში, რომელიც 21 ოქტომბერს წარადგინეს, აღნიშნულია, რომ:

„დღეს სოციალური შემწეობის სისტემა ვერც დაფარვით და ვერც დახმარების ოდენობით ვერ პასუხობს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ დამძიმებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს.  უფრო მეტიც, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა შექმნილია საიმისოდ, რომ ამ პროგრამაში ჩართული ადამიანები ამ შემოსავლის დაკარგვის მუდმივი შიშით ცხოვრობდნენ და ადგილობრივ ჩინოვნიკებს ემორჩილებოდნენ.

ამიტომ ჩვენ ვაწესებთ 300-ლარიან საბაზო დანამატს რეგიონებში მცხოვრებთა და დევნილებისთვის, რომ ამ ადამიანებს (მათი დიდი ნაწილი სოციალური შემწეობის მიმღები და დასაქმების პროგრამის მონაწილეა) ავტომატურად ჰქონდეთ ეს დანამატი და აღარასდროს ეშინოდეთ იმის, რომ რომელიმე მთავრობა, რომელიმე ჩინოვნიკი მათ ამ დახნმარებას მოუხსნის”, – წერია პარტიის პროგრამაში.

გარდა ამისა, პარტიას პენსიონერებისთვის და ინიციატივა „ძლიერი ოჯახის” ფარგლებში აქვს რამდენიმე დაპირება:

„არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩამოვწერთ საპენსიო ვალებს და დავიწყებთ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის პროგრამას.

პირველივე წელს პენსიის 200-ლარიანი ზრდა შეეხება:

  • ასაკით პენსიონერებს;
  • შშმ ბავშვს;
  • მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფის) შშმ პირს;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფის) შშმ პირს;

ომის ვეტერანების პენსია პირველივე წელს გაუტოლდება ასაკით პენსიონერების პენსიას და მომდევნო წლებში გაიზრდება მასთან ერთად.

შობადობის წახალისება

შემოვიღებთ ყოველთვიურ მხარდაჭერას ახალშობილზე ერთი წლის განმავლობაში:

  • პირველ შვილზე – 500 ლარი;
  • მეორეზე – 1000 ლარი;
  • მესამეზე და მომდევნოზე – 1500 ლარი”, – ვკითხულობთ პროგრამაში.

მათ ინიციატივებს შორისაა, უფასო კვება ყველა საჯარო სკოლაში.

პარტიათა ხედვებს სხვა თემებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;