,,ეს სიმონ დე ბოვუარის ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი და მაღალმხატვრული ნაწარმოებია“, – წერს ესეისტი, მწერალი და საფრანგეთის აკადემიის წევრი, დანიელ სალენავი, იმ რომანის შესახებ, რომელსაც ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა, ესეისტმა და უთუოდ დიდმა ლიტერატურულმა ფიგურამ, სიმონ დე ბოვუარმა, „ჟამი სულიერების ზეობისა“ უწოდა.
ეს ნაწარმოები მწერალმა ჯერ კიდევ 1939 წელს დაასრულა, მაგრამ ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობებმა, ,,გალიმარმა’’ და ,,გრასემ’’, უარი თქვეს მის გამოქვეყნებაზე. პატრიარქატსა და რელიგიას შეწირული გოგონებითა და ქალებით სავსე ნაწარმოებმა სამოცდაათიანი წლების მიწურულს იხილა დღის სინათლე. იგი მოგვითხრობს შვიდი ქალის ცხოვრების ამბავს; გვშთანთქავს ბოჰემური მხურვალებით სავსე პარიზულ კაფე–ბარებსა და კაბარეებში, დედაქალაქის ღამეულ, ჯადოსნურ თავგადასავლებში, რემბოს მოტრფიალე პოეტის სასოწარმკვეთ სამყაროში, პურიტანული მორალით გაჟღენთილ, მკაცრ, პირქუშ სასწავლებლებში, ადამისჟამინდელი ცრურწმენებითა და რელიგიურ–ანტიფემინისტური იდეოლოგიით დამძიმებული ოციანი წლების პროვინციებში, ომგადატანილი საფრანგეთის უსასოობასა და გაუსაძლის სიცივეში… ყველა პერსონაჟი სულიერების ზეობას დაუბრმავებია; ყველა მათგანი ქედს იხრის ამ უხილავი, თუმცა, ყოვლისშემძლე ურჩხულის წინაშე; ათეისტები და გულანთებული მორწმუნეები ერთნაირად ეთაყვანებიან ამ მირაჟს, ამ საამურ ილუზიას. მწერალი არც ერთი პერსონაჟისთვის არ იშურებს ირონიის შხამიან ისრებს; ღრმააზროვან შინაგან მონოლოგსა და სოლილოკვიას მწარე სატირა ენაცვლება, ლოცვას – ამქვეყნიური საზრუნავი, შფოთი და დრტვინვა. პერსონაჟები თითქოს ერთმანეთს კი არ ესაუბრებიან, არამედ მონოლოგის უსასრულო ჯაჭვს მიჰყვებიან.
მომხიბლავი სარკაზმითაა გაჟღენთილი ნაწარმოების პირველი წინადადება: ,,მარსელ დრიუფი ნაადრევად შეღერებული, მეოცნებე ქალიშვილი გახლდათ; ჯერ კიდევ ათიოდე თვის, თითისტოლა ჩვილსაც კი ეტყობოდა, რომ ბუნებას საოცრად სათუთი გული მიემადლებინა მისთვის“. მას მთელი გულით უყვარს ეკლესიებში ტირილი; თავდავიწყებით განადიდებს ღმერთს; ოცნებობს, მარიამ მაგდალინელად იქცეს და გრძელი თმით შეუმშრალოს იესოს ცრემლით დალტობილი ფეხები. პატრიარქალურ სამყაროში მცხოვრები გოგონა ბედს ემორჩილება და ხდება ,,მეორე სქესი’’, მამაკაცის ნეკნი და დანამატი. ეჩვენება, რომ უდიდესი სასწაული ხდება მის თვალწინ: ,,თითქოს თვალი აეხილა და გონება გაუნათდა. ,,გენიოსი მამაკაცის ცხოვრების მეგზური ვიქნები!“ – დაიჩურჩულა გულაჩქროლებულმა“.
თავიდანვე შეეჩვია იმ აზრს, რომ პასიური ობიექტია და არა სუბიექტი; შთაგონების წყარო და არა თვით შემოქმედი. ეჭვის თვალით არ უყურებს იმ დოგმას, რომლის თანახმადაც, ქალი მეორეხარისხოვანია. მარსელმა ღვთის რწმენა დაკარგა ომიანობის ჟამს, მაგრამ ისევ და ისევ რელიგიურ საპყრობილეშია გამომწყვდეული. სკეპტიკოსია, თუმცა, ფიქრობს, რომ სხეულმა – ამ უწმინდურმა ურჩხულმა, სამუდამოდ ჩაკლა ადამიანის სულიერი საწყისი. ,,ცოდვილ მიწაზე, ამაოებისა და ქაოსის ამ მორევში, სპეტაკი ქალიშვილი არასოდეს შეხვედროდა ამაღლებულ სულს… ამ დაწესებულებაში, მხოლოდ ხორციელ ტკივილს ვუამებთ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ, ღვთის ქმნილებები, მარტოოდენ ლუკმა–პურით როდი ვსულდგმულობთ! სულიერი საზრდოც ხომ გვჭირდება?!’’ – ამბობს ,,ურწმუნო’’ მარსელი.
ტრაგიკომიკურობისა და სატირის მწვერვალია მარსელისა და მისი სატრფოს დიალოგი ქორწინების პირველი ღამის შესახებ:
,,გახელებულმა სატრფომ უთხრა, ვნატრობ, გულში ჩაგიკრა და მოგეალერსო, მაგრამ არა მაქვს ამის უფლება, ქრისტიანმა მიჯნურებმა თავი არ უნდა მისცენ ხორციელ სიამეს მანამ, სანამ დედაეკლესია ქორწინების წმიდათაწმიდა საიდუმლოს წყალობით არ შეაკავშირებს მათო. ქორწინების საიდუმლო ადამიანის ბილწ სხეულს როდი განადიდებს! უბრალოდ, ადამის ცოდვილი მოდგმის პირუტყვულ ავხორცობას, სიბინძურესა და სიმდაბლეს აღიარებს. ის საიდუმლო რიტუალი, რომელსაც ცოლ–ქმარი ღამღამობით წმინდა სარეცელში აღასრულებს, მძიმე ტვირთად და მტანჯველ მოვალეობად უნდა გვესახებოდეს. თუკი ხორციელ ლტოლვას მივნებდებით, წამიერ ვნებას ავყვებით და ეშმაკის საცდური დაგვძლევს, სამუდამოდ დავკარგავთ იმ ადამიანურ ღირსებას, უფალმა რომ მოგვმადლა“.
მარსელი ქორწინების პირველ ღამეს იგონებს ბავშვობას, პატრიარქალური იდეოლოგიით სავსე ზღაპრებს და ისევ და ისევ მაზოხისტური სურვილები ეუფლება: ,,მხოლოდ მას ვემორჩილები, მხოლოდ მას! მისი ნივთი ვარ! მისი მონა!’’ – გაიფიქრა სუნთქვაშეკრულმა. ბედნიერებისგან ქვითინებდა; მისი მადლობელი იყო; მადლობელი იყო, რადგან ამ მბრძანებელმა ერთხელ და სამუდამოდ მოდრიკა მისი სიამაყე, ქედი მოახრევინა და მასზე გაბატონდა“.
მარსელი თავდადებით ზრუნავს პოეტ ქმარზე. ბავშვობაშივე ფიქრობდა, რომ სხვებს უნდა შესწირვოდა. ბავშვობაშივე ეზმანა, რომ გენიოსი მამაკაცის ცხოვრების მეგზური იქნებოდა. ითმენს ფუქსავატი დენის ახირებებს და უსიტყვოდ ემორჩილება მის ნება–სურვილს. ქმრის ღალატით თავზარდაცემული ქალი ხვდება, რომ დენი უსახურ ბრბოზე ამაღლებული, სულსპეტაკი მგოსანი და კაცთა შორის რჩეული კი არა, ჩვეულებრივი ალფოსნია; ხედავს მის ნამდვილ სახეს და თვალს უსწორებს სიმართლეს: ,,მწარედ მისტიროდა უშურველი თავგანწირვისა და ცრემლების მორევში შთანთქმულ, სამარადისოდ დაკარგულ ახალგაზრდობის დღეებს. ოდესღაც ფიქრობდა, რომ ბედნიერებას მოუტანდა ესოდენ დიადი მსხვერპლშეწირვა და გულამოსკვნილ ქვითინში თეთრად გათენებული ღამეები, ახლა კი ეს ცრემლები აღარ ესახებოდა ცხოველმყოფელი ნეტარებისა და ბრწყინვალე მომავლის საწინდრად; ცრემლით დალტობილ ამ ალაგას მწარე, ამაო და უნაყოფო იმედგაცრუება, გაწბილება და ბოღმა აღმოცენებულიყო. ცხოვრება მიუძღვნა ამ უმადურ, უსულგულო არსებას და თავი დაიღუპა“.
გაწბილებული ქალი ისევ და ისევ სულიერებაში ჰპოვებს შვებასა და ნუგეშს, მისი სამარადისო ტყვე ხდება და თავს აფარებს ცრუ პოეზიისა და ღვთისმოსაობის იმ სავანეს, ნანატრ სიმშვიდეს რომ განაცდევინებს: ,,ოდესმე, სრულიად უცხო ადამიანები და მეგობრები შეიცნობდნენ მის იდუმალებით მოცულ, სპეტაკ სულს. ,,ბედნიერებაზე მაღლა“, – დაიჩურჩულა და თვალზე ცრემლი მოადგა; გრძნობდა, რა ნაზად თრთოდა მის სულში ნატიფი პოეზიის ვარდისფრად აელვარებული გარიჟრაჟი; ზეცას საამო ნათელი ეფინებოდა; ალიონის ქალღმერთმა ახარა, რომ მისი კალამი უკვდავ ლექსებს შობდა; მეორედ მოხდა უდიდესი სასწაული – მის ბედისწერას იდუმალების საბურველი შემოეძარცვა, თვალი აეხილა, საოცარი ხილვა ეზმანა, გონება გაუნათდა და თვალნათლივ დაინახა მომავალი. ,,მე გენიოსი ქალი ვარ!’’ – თავი დაირწმუნა მარსელმა“.
შანტალსაც სულიერების კულტი აქვს. ნაწარმოების ამ მონაკვეთში მწერალი გვმეგზურობს პირქუშ, ნაღვლიან, პროვინციულ სამყაროში, სულშემხუთავ სასწავლებლებსა და ლიცეუმებში. შანტალი მეოცნებე და რომანტიკოსია; პროვინციელებს თავზარს სცემს მისი პროგრესული იდეები, ახირებები, უჩვეულო იერი და თამამი სამოსი. გატაცებით ეტრფის საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ყველასგან გამორჩეულია. ისიც სკეპტიკოსი გახლავთ, თუმცა, მარსელის დარად, ქედს იხრის სულიერების – ამ უხილავი ღვთაების წინაშე. ცაში დაფრინავს, ილუზიებით სულდგმულობს და ოცნებებით ინუგეშებს თავს; სულიერების ,,წყალობით’’ თვალისჩინდაკარგული, სინამდვილეს ვეღარ ამჩნევს და ბალზაკის ჯადოსნურ სამყაროს დაეძებს უსახურ პროვინციაში; მოწაფეს არწმუნებს, რომ ჭუჭყიანი, ბნელი, პირქუში და უშნო ქუჩები საოცარი სილამაზით ბრწყინავს. დაბრმავებული მასწავლებელი ადამიანთა რეალურ სახესაც კი ვეღარ ხედავს. ეზიზღება ჩამორჩენილი, სულელი პროვინციელი პედაგოგები; საკუთარი ორიგინალური მეთოდებით აწონებს თავს შეგირდებს; ცდილობს, ეზიაროს მათი სულის საიდუმლოს და შეიცნოს მათი შინაგანი სამყარო. მალევე მოიპოვებს მათ სიყვარულსა და კეთილგანწყობას. არც კი მალავს, რომ გამორჩეულად უყვარს ყველასაგან ათვალწუნებული, შერისხული, სახელგატეხილი მონიკ ფურნიე – ერთი შეხედვით, ქედმაღალი გოგონა, რომელსაც ყველა ისე უფრთხის, როგორც კეთროვანს. როცა შანტალი ლათინურ ,,ფემორას“ ,,ბარძაყად’’ თარგმნის ფრანგულ ენაზე, მის თანამშრომლებს თავზარი დაეცემათ.
საუკუნოვანი ცრურწმენებით სავსე რუჟმონში საღი აზროვნებით გამოირჩევა მონიკის დედა, მადამ ფურნიე. ამ პერსონაჟის წყალობით, სიმონ დე ბოვუარი უმოწყალოდ ამათრახებს ფესვგადგმულ ქალთმოძულეობასა და მასკულინურ იდეოლოგიას: ,,როცა მონიკი ლიცეუმისაკენ მიმავალ გზას მიუყვება, შეძრწუნებული შესცქერის ხალხი; ყველანი ფიქრობენ, რომ გოგონა ცოდნას არ უნდა ეზიაროს!“ – ეუბნება მადამ ფურნიე შანტალს. პატრიარქალურ ოჯახში დატყვევებული ქალი თავის გასაჭირსაც უმხელს: ,,როგორ გაგიმართლათ, ახალგაზრდა და თავისუფალი ქალი რომ ხართ! ვნატრობ, სადმე შორს წავიდე შუაგულ ზამთარში, ხანმოკლე თავისუფლებით მაინც დავტკბე, დავისვენო, ყველა და ყველაფერი დავივიწყო და შვებით ამოვისუნთქო, მაგრამ ვერ ავიხდინე ეს სანუკვარი ოცნება. წუთით არა მაქვს მოცლა. ბოლო არ უჩანს საოჯახო საქმეებს!’’
ანდრე ლაკომბიც პატრიარქალურ ოჯახში გაიზარდა. მამამისი დაუღალავად ებრძოდა როსკიპებს, გარყვნილებას, სიძვასა და მრუშობას; უნდოდა, სამარადჟამოდ ამოეძირკვა უზნეობისა და ავხორცობის ის თესლი, რუჟმონულ ნიადაგში რომ ჩაისახა. ,,შობადობის ზრდისა და ბავშვთა დაცვის საზოგადოების’’ წევრიც იყო.
ანდრე ხუთი თითივით იცნობს პროვინციელებს. იცის, კაცები ცოლებს ჩაგრავენ და ამცირებენ; სიმშვიდე და სპეტაკი სიყვარული სულაც არ სუფევს ბურჟუაზიულ ოჯახებში; ქორწინების მარწუხებით ხელფეხშეკრულ მეუღლეებს სძულთ ერთმანეთი. ანდრე ერთ უსახურ, რუხ უბანში ცხოვრობს; თითქოს გულზე ლოდად აწევს დღემუდამ მოქურუხებული ზეცა და ბნელი ქუჩები. ,,როდის დავაღწევ თავს ამ საპყრობილეს? ნუთუ სასიხარულო არაფერი ხდება ქვეყნად?! ნუთუ ყოველივე ასეთ სამარისებურ მდუმარებასა და გულისმომკვლელ სევდას მოუცავს?! ნუთუ ცხოვრება შლეგ ჩანჩქერად არსად მოდჩქეფს?!“ – სასოწარკვეთილი ეკითხება საკუთარ თავს. ,,ეს ცადაზიდული ტაძარი ქალაქის ყოველი კუთხე–კუნჭულიდან მოჩანდა; მისი დაკბილული, უსწორმასწორო ქვები, ყოველ წამს საზარელი სისინით უმეორებდნენ ანდრეს, რომ ვერასოდეს შესძლებდა რუჟმონის – ამ პროვინციული ქალაქის ტყვეობიდან თავის დახსნას; თითქოს სხეულში ასობდნენ თავიანთ ბასრ, წამახულ წვერს. ბნელ ჯურღმულში გამოკეტილი სასოწარკვეთილი გოგონა ამაოდ დაეძებდა გასასვლელს“.
შანტალი ცდილობს, ანდრე დაარწმუნოს, რომ ეს უსახური, გონჯი და სასტიკი პროვინცია შესაშური ეშხით ბრწყინავს, პურიტანული სულისკვეთებით სავსე, უსულგულო ადამიანები კი რომანის პერსონაჟებივით მშვენიერნი და უნაკლონი არიან. ბეცი მასწავლებელი ვერც მონიკის შეყვარებულის ნამდვილ სახეს ვერ ხედავს. ის ცბიერი და ფლიდი სერჟი აგონებს რაფაელის ახალგაზრდა კარდინალის პორტრეტს და დიდ მოლნის. სინამდვილეში, ყალთაბანდი და ურცხვი ბიჭია, რომელსაც მხოლოდ მომხვეჭელობის ჟინი კლავს და ფურნიეების ქონების ხელში ჩაგდებას ნატრობს. განგებ დააორსულა მონიკი – იცოდა, მშობლები ქალიშვილს მიათხოვებდნენ და მათს ავლადიდებას დაეპატრონებოდა. „ანდრეს ვერ დაეჯერებინა, რომ მონიკის მშვენიერ სხეულში ჩასახული, საშინლად მყრალი, ბინძური და თითქმის სულ დამპალი თესლი სულ მალე სასიცოცხლო ძალით აღივსებოდა, ბურთივით გაიბერებოდა, მომწიფდებოდა და ყვავილივით აღმოცენდებოდა! როგორ ნატრობდა, გოგონას მუცელშივე მოეშთო! შესცქეროდა მონიკის ნაცნობ, ესოდენ საყვარელ, ლამაზ, სანუკვარ სახეს და ვერ უმკლავდებოდა მოძალებულ გულზიდვას. შვიდი თვის შემდეგ დაიბადებოდა; მონიკი გასუქდებოდა, აშოლტილი, თვალტანადი სხეული დაუგონჯდებოდა და მუცელი ისე გამოებურცებოდა, თითქოს რაღაც საზიზღარი ურჩხული ჩასახლებოდეს; სათუთად ნაფერებ მის კანსა და ნატიფ სხეულს მშობიარობის ჯოჯოხეთური ტკივილი დაფთლეთდა და მისი სამარადჟამო დაცემითა და იავარქმნით გაიხარებდა“.
სასოწარკვეთილ გოგონებს შანტალის იმედიღა დარჩათ. მკაცრ ოჯახში აღზრდილ ანდრეს (რომელიც, ,,წესით’’, შანტალისაგან განსხვავებით, ,,ჩამორჩენილი’’, კონსერვატორი და ტრადიციონალისტი უნდა იყოს) ესმის მეგობრისა; ხედავს ტრადიციული ოჯახის ამაზრზენ სიმახინჯესა და სიბილწეს. იმაზე ფიქრიც კი ზარავს, რომ მონიკი ამ მონობის უღელში შეებმება. ნაყოფის მოშორებას ურჩევს. ანდრე შანტალთან მიდის და რჩევა–დარიგებას სთხოვს. ანაზდად, უკვალოდ გაქრა ის შანტალი, რევოლუციურ იდეებს რომ ქადაგებდა რუჟმონში და თამამად გაიძახოდა, სქესობრივი განათლება უნდა შეიტანონ სკოლის პროგრამაშიო. ,,ათეისტი’’ და „ურწმუნო“ შანტალი შეშლილივით ყვირის:
,,-ღმერთო მაღალო! რა ამარზენი სიბილწეა! ნუთუ თქვენი ღირსება საბოლოოდ წაბილწა უზნეობის მყრალმა ტალახმა?!
–რატომაა აბორტი ამაზრზენი სიბილწე?! მონიკი თავს ხომ არ დაიღუპავს?! ნუთუ ასე უნდა დაიტანჯოს სიკვდილამდე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წამიერმა ცდუნებამ სძლია?! არ მინდა, გათხოვდეს, მორჩილ დიასახლისად და თავდადებულ დედად იქცეს! – მიუგო ანდრემ“.
,,მოწინავე’’, ,,საღად მოაზროვნე’’ და ექსტრავაგანტური შანტალი ასეთ პასუხს აძლევს: ,,ანდრე, ვინ გაგრყვნათ ასე?! თქვენთვის ზნეობა და სულიერება აღარაფერს ნიშნავს?! რა შემზარავი სიმახინჯეა! მონიკს ისღა დარჩენია, დღესვე მისთხოვდეს სერჟს. მხოლოდ წმიდათაწმიდა ქორწინება იხსნის სულის წაწყმედისაგან! ქმარი შეუყვარდება და შესანიშნავ ცოლად, მზრუნველ დედად იქცევა! მშვიდი ოჯახური ცხოვრება ერჩივნოს მამაკაცებთან შესაბრალისად წანწალს! გათხოვდეს! დამიჯერეთ, მონიკისთვის ასე აჯობებს!“
მონიკმა სიმართლე გაუმხილა მშობლებს. ქორწინება შედგა. მიყრუებული სოფლის ბოლოში, დედამთილსა და ქმართან ერთად იცხოვრებს, ქსოვასა და ქარგვაში გაილევა მისი უფერული დღეები, საღამოობით ,,T.S.F’’-ს მოუსმენს, შვილის შეყვარებას შეეცდება, რათა ნუგეში ჰპოვოს და დარდი გაიქარვოს. ანდრე წელიწადში ორიოდეჯერ ესტუმრება მეგობარს; ალბათ, მალე ერთმანეთისთვის სათქმელიც კი აღარაფერი ექნებათ. „ანდრე დიდხანს, ძალიან დიდხანს დაეხეტებოდა; კვლავ უსახური სანახაობა გადაშლილიყო მის თვალწინ; ამიერიდან ვეღარავინ გაიზიარებდა მის გულისტკივილსა და დარდს; მარტო იყო, სრულიად მარტო და ძალიან ეშინოდა; საზარელი ძრწოლა უმოწყალოდ ასობდა ყინულივით ცივ კლანჭებს მის გულს. აღარ უნდოდა შინ დაბრუნება; როცა დერეფანში დაფენილი ლურჯი ხალიჩა ახსენებოდა, გულს აზიდებდა. რა უსახურ სიცარიელეს დაესადგურებინა! ოდესღაც აქ მონიკთან ერთად დადიოდა, ახლა კი გრძნობდა, სამარადისოდ დასამარებულიყო იმ სხივმოსილ დღეთა ხატება. სამარის კარამდე ამ ქალაქში იცხოვრებდა. ანდრემ თავის ანარეკლს გაუღიმა; მანაც ღიმილით უპასუხა. ,,უძლური ვარ… ბედისწერას ვერ გავექცევი… მიუხედავად ყველაფრისა, ოდესმე, ერთ ავბედით დღეს, უკვალოდ გაქრება ჩემი სილამაზე და ახალგაზრდობა!“ – გაიფიქრა მან“.
ასეთივე ტრაგიკულია პირქუში პანსიონის ბინადრის, პატარა ლიზას ბედიც. მის სამყაროში ყოველგვარ ზღვარს სცდება რელიგიური ექსტრემიზმი და პროზელიტიზმი. ,,ვერ დამიჯერებია, რომ გულდამშვიდებით შეისწავლით იმ ფილოსოფიას, ასე რომ აკნინებს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და უდიდეს სასწაულებს და ურცხვად ამტკიცებს, ყოველივე ,,ზებუნებრივის’’ მიღმა მიწიერი სიმდაბლე იმალებაო. როგორ შეიძლება, ფიზიკის წყალობით ახსნა სასწაული?! მექანიკის კანონები სრულიად უძლურია ღვთის სიდიადის წინაშე. როგორ უგდებთ ყურს მათ ათეისტურ ბოდვას?! ნუთუ ვერა გრძნობთ, როგორ ესწრაფვის თქვენი სპეტაკი სული იმ რაღაც შეუცნობელს, ამაღლებულსა და არაამქვეყნიურს, რისი მოცემაც არ ძალუძს ამ უხეშ და შემზარავ მატერიალიზმს?!’’ – ეკითხება აღშფოთებული ექიმი და დასძენს: ,,ლამაზ ქალებს სწავლა უნდა აუკრძალონ!’’
არავის გადახდენია ჯადოსნური თავგადასავალი ლიზას პასნიონში, იმ ბნელ ჯურღმულში; იმ გოგონების გულებში არ აკიაფებულა სიხარულისა და იმედის ცხოველმყოფელი სხივი; ძილის დრო რომ მოვა, ისე ჩაესვენებიან ცივ საწოლებში, როგორც მოკრძალებულ, უბიწო და ღვთისმოშიშ ქალიშვილებს შეშვენით. მალე დათხოვდებიან; მასულდგმულებელი სიხარული ვერასოდეს გააცისკროვნებს საუკუნოდ ტყვედქმნილი ქალების უფერულ დღეთა თვალუწვდენელ წყებას; მათ მოქურუხებულ ზეცაზე არ ამობრწყინდება მზე. ,,მათი ვალია, კუბოს კარამდე იზრუნონ ქმარ–შვილსა და წმინდა ოჯახზე; ასეთი ხვედრი არგუნა მაღალმა ღმერთმა ამ ქედმოხრილ მხევლებს“.
ქალთმოძულე რელიგიის მარწუხებში მომწყვდეული, ლაჩარი, უნიათო, უნდილი, ბეცი და უგერგილო პასკალის უსულგულობით გაწბილებული ლიზა ტანსაცმელს იხდის; დაღლილ–დაქანცულს ისღა დარჩენია, ღამეული ზმანებებითა და მასტურბაციით დაიმშვიდოს თავი. ,,სულ პატარა იყო, როცა თავში ჩაუჭედეს, რომ ურცხვად არ უნდა უმზიროს საკუთარ შიშველ სხეულს. ო, ჩემი ვნების ბნელო ყვავილო! ო, წყვდიადის ყვავილობავ! ყვავილის ფურცლები წვიმის მსუბუქ წვეთებად ეცემა სახეზე. პასკალის გრძელი, წმიდათაწმიდა ხელები კრძალვით, უბიწოდ, საოცრად ნაზად ეხება მის მხარს, ლავიწს… მთავარანგელოზის ხელი ეხება მორჩილ, ერთიანად აცახცახებულ მსხვერპლს. ლიზამ სიგარეტი საფერფლეზე დააგდო; ხელი აბრეშუმის პიჟამაში შეცურდა; თავის ხელს სულ ვეღარ გრძნობს, თითქოს სხვას დაუსაკუთრებია; უცხო, მხურვალე თითების ალერსი გაშმაგებულ ქარისგან დევნილი ფოთოლივით ათრთოლებს უნაზეს, ნოტიო ლორწოს. ,,შენი სანუკვარი ხელი, შენი ხელი მთავარანგელოზისა, ჩემო სატრფოვ, ჩემო სატრფოვ!’’ – ჩურჩულებს ლიზა და საკუთარ თავს ეალერსება.
ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი, ანა, გამოდის სცენაზე – უფრო სწორად, დედამისის, მადამ ვინიონის, ათგვერდიანი ლოცვის „წყალობით“ გვექმნება წარმოდგენა მის შესახებ. არაფერია ბალზაკის ასაკს მიტანებული ამ ქალის გოდებაზე ტრაგიკომიკური. მის ღვთისმოსაობას ჰარმონიულად ერწყმის ბურჟუაზიული წუწურაქობა, სიმდაბლე, არაადამიანური სისასტიკე, უკიდურესი სიბეცე, კონფორმისტული, მეშჩანური სულისკვეთება, პურიტანული მორალი, უგუნურება და უმეცრება. სიმონ დე ბოვუარი უმოწყალოდ აქილიკებს ოციანი წლების სოციუმის ამ პირმშოს და დაუნდობელი სატირით იწყებს მის შინაგან მონოლოგს: „უფალო, ნება მიბოძეთ, მდაბლად შემოგწიროთ მადლობა, რამეთუ ღვთაებრივი შარავანდედით გაცისკროვნებულ ზეცაში დაბრძანებული ტახტრევნის დატევება და ჩემს სულში გარდამოსვლა ინებეთ“.
ქალიშვილის ბედზე ფიქრით დამაშვრალი მადამ ვინიონი ფიქრობს, რომ წიგნები სულის წაწყმედას უქადის ანას. მთელი გულით სძულს ინტელექტუალები, სორბონის უნივერსიტეტი, ფილოსოფოსები, თანამედროვე მწერლები, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახს და თვალნათლივ წარმოაჩენენ მის მჩაგვრელ, იერარქიულ ბუნებას. მადამ ვინიონი უფალს ავედრებს თავის უმწიკვლო, ბროლივით სპეტაკ შვილს. მისი აზრით, ანას შეეძლო, წმინდანიც კი გამხდარიყო, რამეთუ შემოქმედმა მის სულში ჩათესა ღვთაებრივი მარცვალი, რომელიც რომანების სასიკვდილო სამსალამ მოაშთო. მადამ ვინიონი პატრიარქალური კულტურისაგან რეპრესირებული ქალია. პირდაპირ ამბობს: „მრავალი წელია, ბიბლიოთეკას არ გავკარებივარ. მუხლჩაუხრელად ვშრომობდი; ბოლო არ უჩანდა საოჯახო საქმეებს; წიგნის კითხვის კი არა, გადაფურცვლის დროც კი არა მქონია“. იმასაც კი აღიარებს, რომ ოჯახი და დედობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს ქალისგან: „დამერწმუნე, მხოლოდ ჩემს თავზე, მიწიერ სიკეთეებსა და ხორციელ სიამეზე რომ მეფიქრა, შენ არც კი მოევლინებოდი ქვეყნიერებას!“ – ეუბნება ქალიშვილს და მიახვედრებს, რომ მას შესწირა ბედნიერება. ოდესღაც, თავადაც ანასავით დაუდგრომელი და ფიცხი იყო, თუმცა, როგორც კი გათხოვდა, ოჯახურ საპყრობილეში შეაბიჯა და მიეჩვია საკუთარი სურვილების დათმობას, ოცნებების, მისწრაფებებისა და მიზნების ზვარაკად მიტანას. „ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყური არ უნდა დავუგდო ჩემს გულისხმას“. ქალთმოძულე იდეოლოგიით დამონებული მადამ ვინიონი იმ დიდი პატრიარქალური მანქანის ჭანჭიკად იქცა, მილიონობით გოგონასა და ქალს რომ „ყლაპავს“. ჩაგრული ჩაგრულს ჩაგრავს; სისასტიკე სისასტიკეს შობს; ბოლო არ უჩანს ამ მანკიერ წრეს. ის ანას ეუბნება, რომ თუკი შინაგანი სიმდიდრით აღვსება და სასუფევლის დამკვიდრება სურს, ეკლესიის მამათა სწავლებანი უნდა იკითხოს. სწორედ ის მამები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქალის დაკნინებისა და დამცირების „საუკუნო საქმეში“ (ნეტარი ავგუსტინე, პავლე მოციქული და ა.შ..). „სულის ხსნისათვის ბრძოლას სულაც არ სჭირდება დიდი ცოდნა და ნიჭი. ღვთისმოშიში ადამიანები უწიგნურნი არიან“, – დასძენს ქალი.
ყოველივე ამას საფუძვლად უდევს სიმონ დე ბოვუარის საუკეთესო მეგობრის, ელიზაბეთ მაბილის (მოფერებით ზაზას ეძახდნენ), ცხოვრებისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ანა ელიზაბეთია, მადამ ვინიონი კი მისი დედა, მადამ მაბილი. მწერლის დობილი, 22 წლის ზაზა, 1929 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, ბოვუარმა ამ სიტყვებით დაასრულა თავისი ნაწარმოები, „ზრდილი ქალიშვილის მოგონებანი“: „მე და ზაზა მხარდამხარ, მუხლჩაუდრეკლად ვებრძოდით იმ შესაზიზღარ ხვედრს, ჩასაფრებული პირსისხლიანი ნადირივით რომ გვითვალთვალებდა. კარგა ხანს მაწამებდა იმაზე ფიქრი, რომ მისი სიკვდილის ფასად მოვიპოვე თავისუფლება“. ამ ტრაგიკულმა აღსასრულმა წარუშლელი კვალი დააჩინა ბოვუარის მთელ ცხოვრებასა და შემოქმედებას; მის გულში გააღვივა ამბოხების ნაპერწკალი, რომელიც აღარასოდეს ჩამქრალა. რამ შეიწირა ზაზა? ვინ მოუსწრაფა სიცოცხლე? ცხადია, ოჯახმა, გარემოცვამ, ბურჟუაზიულმა აღზრდამ და დედამ, რომელსაც გულისამრევი რელიგიისა და ცრურწმენების საპყრობილეში გამოემწყვდია გოგონა. „ჟამი სულიერების ზეობისა’’ სწორედ ამ მკვლელობის ამბავს აღწერს; ეს ნაწარმოები მცდელობაა; მცდელობა მეგობრის წინაშე ვალის მოხდისა. მწერალი ულმობელ, საბოლოო განაჩენს წარმოთქვამს რომანის წინასიტყვაობაში: ანა (ზაზა) მოკლეს. ფემინიზმის დედად წოდებულმა სიმონმა „ზრდილი ქალიშვილის მოგონებებში“ მოუთხრო მკითხველს, რომ ადრეულ ბავშვობაში დაიმონა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ, დააჩლუნგა და გამოათაყვანა. „სულს“ განადიდებდა, ხორცს ამცირებდა, ყოველგვარ მიწიერს ამდაბლებდა და თვითგვემით ტკბებოდა, მაგრამ ერთ საღამოს, თვალნათლივ დაინახა ამა სოფლის მშვენიერება; თითქოს იდუმალების საბურველი შემოეძარცვა ნაირფრად აელვარებულ, თვალუწვდენელ სამყაროს. ქალიშვილი თავდავიწყებით გადაეშვა საამური გრძნობებით, სიხარულითა და ნეტარებით სავსე წუთისოფლის ოკეანეში და სამუდამოდ დაკარგა რწმენა. მის მიზნად, მისი შემოქმედების ერთ–ერთ მთავარ თემად იქცა რელიგიური სიცრუის უარყოფა, ამ მირაჟის საუკუნოდ წარხოცვა და მოშთობა. სურდა, ყველასთვის დაენახებინა სარწმუნოების შემზარავი სიმახინჯე. „ჟამი სულიერების ზეობისა“ იყო ის დიდი ბრძოლა, სულიერების კერპის გასაცამტვერებლად რომ წამოიწყო. მისი აზრით, ქრისტიანობა ფილოსოფია კი არა, მჩაგვრელი, სულშემხუთავი მორალია, რომელიც სამუდამოდ იმონებს ადამიანის გონებას. განსაკუთრებით სახიფათოა ქალისთვის, რამეთუ რელიგია განამტკიცებს ქალის მეორეხარისხოვნების მითს და ქადაგებს მამაკაცის ქალზე გაბატონებას.
სიმონი და ზაზა (ანა) ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთ გარემოში გაიზარდნენ და ერთი გზა განვლეს. ოციანი წლების ბნელ, უიმედო სამყაროში ეკლესია პატრიარქალური ოჯახისა და მორალის გულანთებულ დამცველად ევლინებოდა საზოგადოებას. ზაზა კუბოს ფიცრამდე დარჩა სიმონის გულის მესაიდუმლედ და დობილად. მიუხედავად ამისა, ამ გოგონამ ვერა და ვერ უარყო უფალი, სიმონმა კი სამუდამოდ შეაქცია ზურგი სარწმუნოებას. „ზაზა ამაოდ, მაგრამ გააფთრებით ებრძოდა მტანჯველ რელიგიას; ეს წამებული ხაფანგში მომწყვდეულ, შესაბრალისად აფართხალებულ ცხოველს დამსგავსებოდა, მე კი მთელი გულით მძულდა კათოლიკური სარწმუნოება. ჩემი ზიზღის თვალუწვდენელი ოკეანე დღითი დღე იზრდებოდა, გამაყრუებლად გრგვინავდა და ღრიალებდა“, – წერს ავტორი. „ნუთუ არაფერი ვიღონე ზაზას გადასარჩენად?“ – ეს მტანჯველი შეკითხვა სიცოცხლის ბოლომდე არ აძლევდა მოსვენებას მწერალს. ნატრობდა, დაეწერა რომანები, რომელთა წყალობითაც სასტიკად გაამათრახებდა საძაგელ ბურჟუაზიას და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებოდა მრისხანებისაგან, სიძულვილისა და ბოღმისაგან. ზაზას ტრაგიკულმა სიკვდილმა გაუნელებელი მრისხანებით, დაუამებელი ტკივილით აღავსო და სამუდამოდ შეაძულა ის მჩაგვრელი, ფარისევლური მორალი, რომელიც ბავშვობაში ჩაუნერგეს. როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, აღეწერა უმნიშვნელო, მაგრამ საშინელი დანაშაულების უსასრულო კვანძი, რელიგიური მისტიციზმი და სულიერების ზეობას შეწირული სიცოცხლე. ზაზა ხომ ყოველივე ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო? მწერალმა შიშველი სიმართლის თქმა ამჯობინა. „ოცდაათი წლის ვიქნებოდი, როცა გავბედე გამომცემლობებისთვის ჩემი ხელნაწერის გაგზავნა. მწარე ირონიით აღსავსემ, ჩემდა სასარგებლოდ გამოვიყენე ჟაკ მარიტენის ცნობილი ნაშრომის სათაური და „ჟამი სულიერების ზეობისა“ ვუწოდე რომანს. გული ჩავაქსოვე ამ წიგნში. თითქოს მთელი არსებით ვშთანთქმულიყავი მის ფურცლებში. გულგამწყრალს, ამბოხებულსა და განრისხებულს, მსურდა, სამარადისოდ დამემხო სულიერების ზეობა, რომელმაც ბავშვობაში დამჩაგრა, დამაბეჩავა და დამაბრმავა. ამ გააფთრებული სიძულვილითა და საზარელი ზიზღით გავჟღინთე ჩემი პერსონაჟების ცხოვრების ამბავი. ამ ახალგაზრდა ქალებს ხუთი თითივით ვიცნობდი და იმასაც ვგრძნობდი, ამ საბრალო, დაბრიყვებულ, თვალისჩინდაკარგულ არსებებს სურდათ კიდეც, ზვარაკად შესწირვოდნენ რელიგიას და სიხარულით განრთხმულიყვნენ სისხლით მორწყულ სამსხვერპლოზე. იცოდნენ, თავს იტყუებდნენ, მაგრამ არ ძალუძდათ სინამდვილის შეცვლა“, – წერს ბოვუარი.
ფიქრობდა, რომ ვერასოდეს ამოვიდოდა ზაზას ვალიდან. დანაშაულის შეგრძნება აწვალებდა. მართალია, „ზრდილი ქალიშვილების მოგონებებში“ გულდასმით აღწერა ზაზას წამება და სიკვდილი, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. მისი სიკვდილიდან შვიდი წლის შემდეგ დაიწყო დაუვიწყარი რომანის შეთხზვა. როგორც კი ამ სევდიანი ქალიშვილის ცხოვრების ამბის წერას მიჰყო ხელი, იგრძნო, ჯოჯოხეთურად მტკივნეული, ცეცხლის ალივით მწველი დანაშაულის შეგრძნება არნახული ძალითა და მგზნებარებით ავსებდა, გულს უშანთავდა. საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა, მათ ანას მოკვლის უფლება რომ მისცა. „ნუთუ არ გავუწოდე დახმარების ხელი?! ნუთუ პირნათლად არ მოვიხადე ჩემი მოვალეობა?“ – აი, ეს მწვავე შეკითხვები უტრიალებდა გონებაში ამბოხებულ ფემინისტს.
მკითხველი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ოდესღაც გამომცემლობებმა უარი თქვეს მის გამოქვეყნებაზე. გვნუსხავს ოსტატურად დაწერილი ტექსტი, მწერლის მაღალფარდოვანი სტილი, მწარე სატირა, გროტესკი, დაუნდობელი ირონია, კომპოზიციისა და სტილის სირთულე, მრავალფეროვნება, საოცარი იუმორი, სარკაზმი („აი, ესაა ქრისტიანული აღზრდა–განათლების უპირატესობა! ის ბიჭი ისე ამხდიდა ნამუსს, აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ჩემს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა!“ – ამბობს მარგერიტი), რეალისტური, საოცრად ზუსტი პორტრეტები, ავტორის გამჭრიახობა და სიმკაცრე… ბოვუარი ლაღად მიაცურებს კალამს მელნის ოკეანეში. ეს მისი ერთ–ერთი ყველაზე სრულქმნილი, თვალსაჩინო და ბრწყინვალე ნაწარმოებია. შემოქმედი ერთდროულად იბრძვის რამდენიმე ფრონტზე: შესაფერის დეკორაციას ირჩევს დრამისთვის; ჩინებულად აღწერს ისტორიულ კონტექსტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას; უებრო ოსტატობით აცოცხლებს გარდასულ დღეებს. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გაპარტახებული, გაღატაკებული საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, სადაც ბურჟუა ქალები იძულებულნი იყვნენ, ფრონტზე წასული მამაკაცების ნაცვლად ეშრომათ, მაგრამ საზოგადოება მკაცრი აკრძალვებით აძაბუნებდა მათ. დიდი „პატრიარქები“ არასოდეს მისცემდნენ წარმატებისა და დიდების მწვერვალების დაპყრობის უფლებას. „მეორე სქესი“ ვიწრო სფეროებს უნდა დასჯერებოდა. საოცარი ელფერი დაჰკრავს ნაწარმოების თითოეულ თავს. გაუხუნარი ფანტაზიით ფრთაშესხმული მწერალი შორეული მწვერვალებისაკენ მიილტვის. ხელგაწაფულმა ვირტუოზმა შექმნა სრულყოფილი მხატვრული ტილო – შეუდარებლად აღწერა ის გამოუსწორებელი შეცდომები და უსულგულო მკვლელები, რომელთაც მზე დაუბნელეს ზაზას. აღგვაფრთოვანებს ამ თვალისმომჭრელი ტილოს ფერთა გამა; გაფაციცებით ვაკვირდებით ყველა ლაქას, ყველა წერტილს. დე ბოვუარის ერთ–ერთი მთავარი მიზანია პერსონაჟების წამიერი შეგრძნებებისა და ქვენა აზრების სიღრმისეულად წარმოჩენა. ზოგი მათგანი მეტად სასაცილოა, ზოგი – საშინლად საძულველი. ერთმანეთს ერწყმის მხილება, გმობა და აღსარება. მარტოოდენ მას ხელეწიფება, ჩაუღრმავდეს ფარისეველი ადამიანის სულს და მზის შუქზე გამოიტანოს მისი საიდუმლოებანი. თხრობის მრავალ ხერხს იპოვით რომანში. ერთმანეთს ენაცვლება პირადი დღიური, დიალოგი, შინაგანი მონოლოგი, სოლილოკვია, მონოლოგი… ამ ნარატიული მრავალფეროვნების წყალობით შექმნა სრულიად ახალი სტილი და წერის არნახული ტექნიკა. მისმა ლიტერატურულმა ფიქციამ ტოლი არ დაუდო ღრმა სპეკულაციებით სავსე ფილოსოფიურ ნაშრომებს. რომანის სტრუქტურა მეტად რთული და მრავალფეროვანია. მთავარ გმირთა მხატვრული პროფილი და წერის მანერა ძალზე თანამედროვედაც კი გვეჩვენება, რადგან არ ემორჩილება სწორხაზოვანი, თანმიმდევრული, ტრადიციული ნაწარმოების მკაცრ ნორმებს. სიუჟეტი დაწნეხილი და მრავალშრიანია. წინა თავებში აღწერილ ქალთა ყოველი სიტყვა საუკუნო დაღს ასვამს ახალ გმირებს. მკითხველი მიჰყვება რომანის ტალღებს; ლაღად გადაცურდება ერთი ნაწილის კალაპოტიდან მეორეში. ბოვუარმა დროს გაუსწრო ამ წიგნის წყალობით და ერთ–ერთ ნოვატორად იქცა.
ასეთია მისი გზავნილი: ანა (ზაზა) სულიერების საბურველში გახვეულმა სიცრუემ, „მორწმუნეებმა“ და „ნეტარმა სულებმა“ მოკლეს. სწორედ ისინი იყვნენ მისი ჯალათები. ვის შეეძლო ანას ხსნა? მის ბეც და ეგოისტ მეგობარს, სახელად შანტალს? ილუზიებითა და თვითტრფიალით დაბრმავებულმა ამ ქალმა პატრიარქალური მორალის სადარაჯოზე დგომა არჩია, როცა მონიკს დახმარება სჭირდებოდა. „რა ამაზრზენი სიბილეწეა!“ – მისი ეს ფრაზა სულიერების სიმახინჯისა და სიცრუის შესანიშნავი ილუსტრაციაა. მონიკს რომ დახმარებოდა, ეს თამამი, „ამორალური“ გადაწყვეტილება რომ მიეღო, ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვებდა თავისუფლებას – თავს დააღწევდა ნარცისიზმის, სულიერების, ოცნებებისა და ქიმერების ჯურღმულს. შანტალი სულიერების ზეობას დაუჩლუნგებია. ვერ ხედავს სხვათა გასაჭირს, ტანჯვას. რეალობის აღქმის უნარიც კი დაკარგული აქვს. საკუთარი თავის, „ამაღლებული სულის“, „ნატიფი, მშვენიერი, დახვეწილი, ღრმა და მდიდარი შინაგანი სამყაროს“ გარდა არაფერი და არავინ ადარდებს. „ადამიანი მოკლეს“, – არც ერთი პერსონაჟი არ წარმოთქვამს ამ სიტყვებს, თუმცა, ეს ბრალდება უწყვეტ რეფრენად გასდევს ყოველ ფურცელს. ეს ბნელი, სულშემხუთავი, მრუმე სამყაროა. ანას დედის მხურვალე ლოცვა სიმწარენარევ სიცილს ჰგვრის მკითხველს. მწერლის მთელი სარკაზმი ამ პერსონაჟის წინააღმდეგაა მიმართული. გვახალისებს მისი კომიკური აღწერა–დახასიათებანი. ნაწარმოებს ერთი დიდი ღირსება გამოარჩევს – ბოვუარის სტილი მომნუსხველი ორაზროვნებითა და ბუნდოვანებით გამოირჩევა. პერსონაჟის ხმა ყოვლისმცოდნე მთხრობლის კომენტარებს ერწყმის. მკითხველი მყისვე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომელთა წყალობითაც დანაშაულს სჩადის ტყუილებით დაბრმავებული, გონებადაბინდული ადამიანი. თითქოს საშინელი, დაუამებელი ტკივილითაა სავსე წიგნი. ფურცლებზე ნიაღვრად მოსჩქეფს რისხვა. ავტორი ეწაფება ფრანგული ენის მრავალფეროვნებისა და მაღალფარდოვნების უშრეტ წყაროს; ხან ყველაზე იდუმალ, ოკეანესავით უძირო შინაგან სამყაროს გვიჩვენებს, ხან ნატიფი სიტყვებით გვატკბობს, ხან ჟამთააღმწერლის მშრალ, მეცნიერულ ლექსიკას შემოგვაგებებს, ხან კი ყოვლისმცოდნე მთხრობლისათვის ჩვეულ, ობიექტურ და გულგრილ ტონს იღებს. 1936-38 წლებში დაწერილი „ჟამი სულიერების ზეობისა’’ სარკესავით აირეკლავს ოციანი წლების საფრანგეთის ზნე–ჩვეულებებს და შემაძრწუნებელი სინამდვილის ზვირთებში შთანთქავს მკითხველს. ბოვუარმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დააბეჩავა ხალხი იდეოლოგიად ქცეულმა სულიერებამ, პოლიტიკური იდეოლოგიების საზღვრებსაც კი რომ სცილდება. საშინლად სძულს ყოველგვარი მატერია, მიწიერება, ამქვეყნიური ცხოვრება, წუთისოფელი, სიამე, ადამიანის სხეული. ბოვუარის პირველი წიგნი „სულიერების“ გულისგულში შეიჭრა და თვალნათლივ გვიჩვენა, რაოდენ სავალალო შედეგები მოუტანა ადამიანებს. ეს იდეოლოგია ხორცს აკნინებს, ამცრობს და აცხადებს, რომ თუკი ადამიანი სამაგალითო რწმენით, ქრისტიანული თავდადებითა და სულიერებით არ „გამოისყიდის“ საკუთარ ბიწიერებას, მისი სხეული კუბოს კარამდე დარჩება ხორცის ბინძურ ნაჭრად და ქონის გროვად. სულიერების ზეობა – ეს ცრუ, ფარისევლური მორალი ქადაგებს თვითგვემასა და ხორცის მოკვდინებას, ყოველგვარ სიამოვნებას გვისახავს ამაზრზენ სიბინძურედ და პირუტყვულ ავხორცობად, რომელიც სამარადისო დაცემას უქადის ადამიანს. ქალები მსხვერპლად ეწირებიან ამ პატრიარქალურ–რელიგიურ დოქტრინებს. სულიერება მათს ერთადერთ თავშესაფრად, საიმედო დასაყრდენად და ყოველდღიურ სინამდვილედაც კი იქცევა. ინთქმებიან საზარელი ცრურწმენებისა და მიზოგინიური ტრადიციების მორევში, თავს სწირავენ სხვებს და მხოლოდ სიკვდილის წინ ხვდებიან, რაოდენ ამაო, უნაყოფო და უსიხარულო ცხოვრება განვლეს.
ყველა პერსონაჟი დამნაშავეა. დამნაშავე მსხვერპლი – მსხვერპლი, რომელიც სიხარულით ეწირება სულიერების ზეობას, თავს აფარებს სიცრუის საამო წყვდიადს, თვალს იბრმავებს და ყურთასმენას იხშობს. არაფერს ძალუძს, პირისაგან მიწისა აღგავოს სულიერების ზეობა. გმირი მაშინაც კი ვერ უარყოფს ამ სიცრუეს, როცა დიდი უბედურება დაატყდება თავს. პირიქით: სწორედ მაშინ იპყრობს სულიერების მწვერვალებს. ბოვუარის რომანში გაისმის ულმობელი, მრისხანე ხმა. ანას კუბოს სულ რამდენიმე ადამიანი მიაცილებდა უზერშის სასაფლაოსაკენ მიმავალ მოყინულ გზაზე, თუმცა, მადამ ვინიონმა მეგობრებისა და ნათესავების გულთბილ წერილებში ჰპოვა ნუგეში. გოგონას ცხედარი ჯერ კიდევ არ გაცივებულიყო, როცა რწმენით გულანთებულმა დედამისმა მხურვალე ლოცვა აღავლინა და ღმერთს მადლობა შესწირა, ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა: „ცხადი იყო, ეს ნაადრევად დაბერებული, დაჩაჩანაკებული ქალი ჯოჯოხეთურად იტანჯებოდა, მაგრამ მისი ტანჯვა–ვაების ბალღამს ტკბილი ნექტარი შერეოდა და ისეთი საზეიმო შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს დიდი გამარჯვება მოეპოვებინოს. საშინელი უბედურება დაატყდა თავს, შვილი დაეღუპა, მაგრამ ეს სულაც არ ესახებოდა ღვთის რისხვად და საუკუნო წყევლა–კრულვად. პირიქით: ზეგარდმო ნიშანსაც კი ხედავდა ამ შემაძრწუნებელ ტრაგედიაში. უფალს იმიტომ მოევლინა ასეთი განსაცდელი ამ ქალისთვის, რომ მისი რჩეული გახლდათ. დიახ, რჩეული! მაცხოვარი არასოდეს მოაკლებს სატანჯველს თავის ღვთისმოშიშ შვილებს, რამეთუ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება!“
ანა სამარეში დალპება, მაგრამ, სამაგიეროდ, დედამისმა იხსნა თავი, სინდისი დაიმშვიდა და ნამუსი მოსწმინდა თავისნაირ მკვლელებს.
„ანამ სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში! დიახ, ისე მედგრად დაუხვდა ამ ურჩხულს, წუთითაც კი არ შემდრკალა! ქრისტიანული თავმდაბლობით აღივსო, ქედი მოიხარა ღვთის შეუცნობელი განგების წინაშე და დაინთქა არარას მორევში. სიკვდილი მისი ბედისწერა იყო“. … „უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ასეთი იყო ღვთის ნება – უმოწყალო ჯალათად უნდა ვქცეულიყავი და ჩემივე ხელით მომესწრაფებინა შენთვის სიცოცხლე! მე მხოლოდ ჩვენი მაცხოვრის ნებას ვემორჩილებოდი. მოწამესავით გტანჯე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სულის წაწყმედისგან გიხსენი!“ – დაიჩურჩულა მადამ ვინიონმა, მუხლი მოიყარა, მაგიდას შუბლით მიეყრდნო და გაირინდა, მერე კი პირქვე დაემხო. დიდხანს, ძალიან დიდხანს განრთხმულიყო დიდების უკვდავმყოფელი შარავანდედით გაცისკროვნებული თავისი ქალიშვილის ფერხთით.
პასკალი – ეს ლაჩარი კაცი, რომელიც ანას მთელი გულით უყვარდა, ისევ და ისევ ცრუ პოეზიით ინუგეშებს თავს. მხოლოდ იმიტომ უყვარს ანა, რომ მკვდარია: „იქნებ, გარდა სიკვდილისა, სხვა ვერავითარი ძალა ვერ შემოსავდა ანას ამგვარი ზეციური ბრწყინვალებითა და უკვდავმყოფელი შარავანდედით?! წმინდა გრძნობამ თავშესაფარი ვერ ჰპოვა ცოდვილ მიწაზე და ზეცად ამაღლდა. უეცრად ეზიარა იმ უდიდეს საიდუმლოს, რომლის სიტყვებით გამოხატვაც შეუძლებელი იყო. ანამ სიკვდილში ჰპოვა ცხოვრების აზრი. ეს ნორჩი სიცოცხლე დღედაღამ სამუდამოდ გაქრობას ესწრაფვოდა და თვალს ვერ სწყვეტდა სიკვდილის სამეფოს“.
სამაგიეროდ, მარგერიტი თვალნათლივ ხედავს ძმის სიმხდალეს, ფარისევლობას, სილაჩრეს, ფლიდობასა და თვალთმაქცობას: „ძალზე სევდიანი გამომეტყველებით გამოემართა ჩემკენ. ანას გარდაცვალების შემდეგ დღედაღამ დამწუხრებული სცემდა ბოლთას, თუმცა, ეს თვალთმაქცი არსება ვერასოდეს გამაბრიყვებდა! ვიცოდი, სულ არ ადარდებდა საბრალო გოგონას ბედი. მისი გულისმომკვლელი კაეშნის მიღმა ამაზრზენი ფარისევლობა იმალებოდა. ეს უნიჭო მსახიობი ცდილობდა, ყალბი სენტიმენტების, მეტისმეტად მაღალფარდოვანი ფრაზების, გაცვეთილი ჟესტების, ტრაგიკული გამომეტყველებისა და გულამოსკვნილი ქვითინის წყალობით მაინც დაერწმუნებინა მაყურებელი, რომ ესოდენ ნაადრევ და შემზარავ აღსასრულს დაუამებელი ტკივილით აღევსო. გულს მირევდა მისი საზიზღარი მანჭვა–გრეხა და თითქოსდა მოზეიმე გლოვა!“
შანტალს ბოღმა ახრჩობს, რამეთუ პასკალმა ვერ შეძლო ცოცხალი ანას შეყვარება, მაგრამ როგორც კი სევდიანმა ქალიშვილმა სიკვდილის სამეფოში შეაბიჯა, ყმაწვილმა გადაწყვიტა, მის მფარველ ანგელოზად, იმ ერთადერთ ადამიანად ქცეულიყო, რომელიც მის ნათელ ხსოვნას კუბოს კარამდე შეურყვნელად შეინახავდა. „ახლა ანას მისტირის, მაგრამ ოდესმე ცოლს შეირთავს და დატკბება მშვიდი, ოჯახური ცხოვრებით“, – ფიქრობს შანტალი, როცა დაღუპული მეგობრის ოჯახში მიდის. ანას სიკვდილმა სიცრუისა და ოცნებების მშვენიერი საბურველი შემოაძარცვა ამ ამაზრზენ, უსულგულო სამყაროს და თვალნათლივ დაანახა მისი გულშემზარავი სიმახინჯე და სიგონჯე. „გრძნობდა, პასკალი და მადამ ვინიონი უდიერად ეპყრობოდნენ ანას ხსოვნას, ლაფში თხვრიდნენ დიდსულოვანი გოგონას სხივმოსილ სახელს; მის სიკვდილს შეგუებულნი, ცდილობდნენ, დავიწყებისა და სიცრუის ოკეანეში შთაენთქათ ანას ნამდვილი სახე, შანტალი კი ვერასოდეს შეეგუებოდა მეგობრის საუკუნო იავარქმნას. სიკვდილამდე უერთგულებდა მის ჭეშმარიტ ხატებას. იცოდა, სიკვდილი მტრად მოევლინა ანას. მადამ ვინიონმა ანა – ეს ანგელოზი, ეს წმინდანი, თავის შარავანდედმოსილ ზეცაში, თავისივე ხელით შექმნილ სასუფეველში დააბრძანა ტახტზე. ეს მშვენიერი არსება, რომელსაც შანტალი უსაზღვრო სიყვარულით, კრძალვითა და რუდუნებით ძერწავდა, მტვრად იქცა და განქარდა“.
მადამ ვინიონი და პასკალი, ანუ ორი მკვლელი ერთმანეთს უღიმის: „მხოლოდ იმით უნდა ვინუგეშოთ თავი, რომ ღმერთმა ინება ანას სიკვდილი. ეს საშინელი მსხვერპლშეწირვა, არნახული უბედურება და დაუამებელი ტკივილი ჩვენი მაცხოვრის დიდების საწინდარი იყო; მისმა ნაადრევმა აღსასრულმა ზეცაში დავანებული ზეკაცი კიდევ უფრო მომნუსხველი ბრწყინვალებითა და გოროზი სიდიადით შემოსა; შეუცნობელია გზანი უფლისანი! ამ განსაცდელსაც უნდა გავუძლოთ! ჩვენმა ცხონებულმა გოგონამ ამაოდ როდი დაუტევა ეს წუთისოფელი!’’ – თქვა მადამ ვინიონმა. სახეგაბრწყინებულმა პასკალმა სიხარულით დაუქნია თავი. „ორი ცივსისხლიანი მკვლელი!’’-გაიფიქრა გაცოფებულმა შანტალმა. იმ ძველ სახლში დაევანებინა ანას აჩრდილს. მისი ეფემერული სურნელით გაჟღენთილიყო დრო–ჟამისგან დახეთქილი კედლები. ნატრობდა, სასიცოცხლო სუნთქვა შთაებერა მისი ქარვისფერი, თითქოსდა ოქროცურვილი თვალებისათვის, შემოდგომისფერი სახისა და ხშირი, ბზინვარე თმისთვის.
„ანა, ჩემო სანუკვარო მეგობარო, არასოდეს დაგივიწყებთ, არასოდეს!’’ – აღტყინებით დაჰპირდა გულანთებული შანტალი განსვენებულს.
ამ რომანის მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა, მარგერიტმა, მოახერხა სულიერების მარწუხებიდან თავის დახსნა, თავისუფლების მოპოვება და კერპების დამსხვრევა. ამ გმირის ამბავი თვით სიმონ დე ბოვუარის ცხოვრების ამბის სარკისებური ასახვაა. თავად ავტორია მისი პროტოტიპი.
ამ ნაწარმოებს სავსებით სამართლიანად უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.