მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დადგა. ახალ პოლიტიკურ სიტუაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის განახლებული სტრატეგია სჭირდება, თუმცა ასეთი ჯერ არ ჩანს.
სამაგიეროდ, სანამ ქართული საგარეო პოლიტიკის კურსი სრულიად ბუნდოვანია, უკვე ნათლად ჩანს თურქეთისა და ირანის აქტიურობა. ომის დასრულებიდან ერთი თვის თავზე, ბაქოში ვიზიტით მყოფმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი „კავკასიური ექვსეულის” ფორმატის ჩამოყალიბებას ემხრობა, რომელშიც თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი მოიაზრება.
21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეწვეოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავიდ ზარიფი. 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წინანდალში გამართა არაფორმალური შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან. ამავე დღეს, ზალკალიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიჰუნ ბაირამოვთანაც.
ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, თუ რას ეხება ეს ყველაფერი – ექვსეულის ფორმატს. ერთი რომ, ირანის რესპუბლიკის მთავარი დიპლომატი სწორედ იმ ქვეყნებს სტუმრობს, რომლებიც პოტენციური ექვსეულის წევრად მოიაზრება. მეორეც, მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარა თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუსთან. დაბოლოს, ირანის პირველი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ მისი მიზანია ეწვიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ „ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”.
ზუსტად ერთი თვით ადრე ამ ყველაფერს წინ უძღოდა თუ „საეჭვოდ ემთხვეოდა”, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ტრადიციულად გაუგებარი განცხადება „კავკასიური პლატფორმის” თაობაზე, რამაც დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. 21 დეკემბერს „ელჩების კონფერენცია 2020”-ის ფორმატში პრეზიდენტი მიესალმა მშვიდობას რეგიონში და განაცხადა, რომ „საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”.
დავიწყოთ იმით, რომ დღემდე გაუგებრად რჩება პრეზიდენტის აღტაცებით აღსავსე მოლოცვა, ისევე როგორც მისი მადლიერება ყარაბაღის შეთანხმების ფასილიტატორის, ანუ რუსეთის მიმართ, რომელიც „ნეიტრალური არბიტრის” ფორმატში კურირებდა შეთანხმების მიღწევას. შეთანხმებამ რეგიონში თურქეთისა და რუსეთის გავლენები მკვეთრად გაზარდა. შედეგად, რუსეთმა უკვე აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზეც განათავსა თავისი ჯარი.
ამის გარდა, „მშვიდობისდამცველის” როლში, რუსეთმა მოიპოვა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნების კონტროლიც, როგორც სომხეთიდან აზერბაიჯანში მდებარე ზემო ყარაბაღისკენ მიმავალი ლაჩინის კორიდორზე, ასევე, პირიქით, აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ნახიჭევანის ექსკლავისკენ მიმავალ გზაზე. მოვლენათა მსგავსი განვითარება აღტაცების საბაბს ნაკლებად იძლევა – უფრო შეშფოთებისა და დაფიქრების.
თუმცა, მსგავსი სტრატეგიული ფიქრები არც პრეზიდენტს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჯერ არ დასტყობია. პრეზიდენტმა ერთი კი შეიცხადა – ყველანი ჩართული იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენ გარდა! ეს ძალიან სამწუხაროაო. ეტყობა დაავიწყდა, რომ თვითონ არის საქართველოს პრეზიდენტი, ვისაც მართალია, ჯერ არცერთ საკითხზე არ ჰქონია პოზიცია, მაგრამ მაინც, სწორედ მას უნდა ეთავა საქართველოს პროაქტიული ჩართულობა კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობიანი დიალოგის უზრუნველყოფაში. სხვათა შორის, პოლიტიკოსის რანგში, ხელისუფლებას ორჯერ მოვუწოდე მხარეთა შორის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით უფრო პროაქტიული ჩართულობისაკენ, 16 ივლისს და 10 ოქტომბერს.
თუმცა, ეს რეალურად არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით სულ ბოლოს, ასევე 10 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად თბილისი მზად იყო ემასპინძლა დიალოგისთვის. თუმცა, ახლა საქართველო უკვე სხვა რეალობის წინაშე დგას. გარდა იმ აშკარა დილემისა, რასაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა გულისხმობს, კიდევ ერთ მკაფიო დილემას წარმოადგენს სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვის საფრთხეც. მოვლენათა განვითარებამ რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ტრადიციული სატრანზიტო ფუნქციაც, რადგან ნახიჭევანის კორიდორის გახსნა სომხეთის გავლით აზერბაიჯანულ-თურქულ სატრანსპორტო კორიდორს აღადგენს, რაც რეგიონალურ ტრანზიტზე ქართულ ოცდაათწლიან ფაქტობრივ მონოპოლიას დაასრულებს.
ირანის პირველი დიპლომატის ვიზიტი რეგიონში პირდაპირი გზავნილია. ერთი მხრივ, ირანი, რომელიც არ ყოფილა პროაქტიულად ჩართული არსებითად თურქულ-რუსულ გადაწყვეტილებაში, ამ ტურით რეგიონში თავისი პოზიციების მოსინჯვას და გამყარებას შეეცდება, სხვადასხვა სახელმწიფოსთან ბილატერალურ ფორმატში. თუმცა, აშკარაა ისიც, რომ ირანელი სტრატეგოსი საქართველოს სერიოზულად დაელაპარაკება „ექვსეულის ფორმატზეც”. აქ კი საქართველოს არც ნათელი პოზიცია აქვს და არც განცხადებული კურსი.
რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გააჩნდეს ორმხრივი კავშირი რეგიონალურ მოთამაშეებთან ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების კვალდაკვალ. თუმცა, ეს ვერ მოხდება ექვსეულის ფორმატში, რომელიც მრავალმხრივ პრობლემურია.
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ვერ იქნება ახალი საერთაშორისო პოლიტიკური ინიციატივის წევრი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაა – საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი, რომელიც აღიარებს აფხაზეთსა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთს” და მათთან ე. წ. „დიპლომატიურ ურთიერთობებსაც” ახორციელებს. მეორეც, ექვსეულის პლატფორმა თავისი არსით პირდაპირ წარმოადგენს დასავლეთის საპირწონე გაერთიანებას, რომელიც სამხრეთ კავკასიური რეალობიდან აძევებს დასავლეთს და რეგიონში ამყარებს რუსულ-თურქულ-ირანულ ჰეგემონიას.
ეს გარემოება ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა ახალი რეალობის შექმნისას პროცესიდან გარიყეს მინსკის ჯგუფიც (რომლის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე რუსეთია) და NATO-ც (რომლის წევრიც თურქეთია). შესაბამისად, შემოთავაზებული „ექვსეულის ფორმატი” რუსულ-თურქული ბოლოდროინდელი de facto ჰეგემონიის შემდგომი ფორმალიზების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
საქართველოს ცივილიზებული არჩევანიც რომ დავივიწყოთ, ისევე როგორც ქართველი ხალხის 80%-ის პოლიტიკური მხარდაჭერა დასავლეთისადმი, მსგავსი ერთობის წევრობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ საგარეო კურსს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ირანი მკაცრი სანქციების საგანია, მის მიერ გამდიდრებული ურანის ოდენობა კი თორმეტჯერ აღემატება ბირთვული შეთანხმებით დასაშვებ ნორმას.
ამას გარდა, ექვსეულის ფორმატში მჭიდრო ინტეგრირება დღის წესრიგში წინა ხაზზე დააყენებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, ან სულაც აზერბაიჯანში დისლოცირებული 2000-მდე რუსი „მშვიდობისმყოფელის” მომარაგების მიზნით რუსული შეიარაღებული ძალებისთვის ქართული ჰაერის/მიწის კორიდორის გახსნას. ეს უკვე მოხდა 2020 წლის 10 და 11 ნოემბერს. ეს პრობლემური და სარისკო საკითხებია, რომლებზეც ქართულ პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებაში არც კონსენსუსი არსებობს და არც ჯეროვან დისკუსიას ჰქონია ადგილი. ყოველივეს გათვალისწინებით, ნათელია, რომ ექვსეულის ფორმატის წევრობა არ არის თავსებადი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესებთან თუ დეკლარირებულ მიზნებთან.
რეგიონში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე, დღეს საქართველო დგება ნათელი არჩევნის წინაშე – აირჩევს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თუ რუსულ ორბიტაზე ტრიალს და ანტიდასავლური პლატფორმების წევრობას. მომავალ პერიოდში, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწევს, საქართველოს საზოგადოებას წარუდგინოს ნათელი, ერთმნიშვნელოვანი ხედვა იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო „ექვსეულის ფორმატთან” მიმართებით, როგორ წარმოუდგენია მთავრობას საქართველოს როლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და, ბოლოს და ბოლოს, დადგა თუ არა დრო ვაღიაროთ, რომ დღეს როგორც არასდროს, სატრანზიტო ფუნქციისა და რეგიონალური მნიშვნელობის დაკარგვის წინაშე მყოფ საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტად ევლინება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულება.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.