„ქართული თეატრის ელექტრონული არქივის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეგიონული თეატრები ახლებურ მიდგომას, შემდგომ ძიებასა და კრეატიულობას საჭიროებენ.
საქართველოს რეგიონებში 30-ზე მეტი სახელმწიფო თუ მუნიციპალური თეატრია, რომლებიც ბოლო წლებში, რიგი მიზეზების გამო, შემოქმედებით თუ ფინანსურ სტაგნაციაში აღმოჩნდნენ. მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება არსებობის აუცილებელი პირობაა, მაგრამ დღეს ისინი ახლებურ აზროვნებასა და კრეატიულ მიდგომას საჭიროებენ. ამას ადასტურებს კვლევითი პლატფორმა – „ქართული თეატრის ელექტრონული არქივის“ მიერ წარმოებული ანალიზიც.
კვლევაში აქცენტირებულია ზღვისპირა ქალაქების, ფოთისა და ბათუმის თეატრებში შემოქმედებითი, კომერციული და საფესტივალო ცხოვრება, ხოლო თეატრის ექსპერტებსა და მარკეტინგის სპეციალისტებზე დაყრდნობით შემუშავებულია გარკვეული რეკომენდაციებიც. მართალია, ორი დიდი ქალაქის თეატრებში კვლევა უფრო კონკრეტულ პრობლემებს ასახავს, მაგრამ ის განზოგადების საფუძველს მაინც იძლევა. აქვე უნდა გამოვყოთ და გავმიჯნოთ: თეატრი, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის ნაწილი და თეატრი, როგორც ახლებური და კომერციული მიდგომის საფუძველი.
უნდა ითქვას, რომ ფოთისა და ბათუმის თეატრების რეპერტუარი (ისევე, როგორც რეგიონების თეატრების) არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფორმის, ჟანრისა და სახეობის წარმოდგენებს, რომლებიც გათვლილი იქნება მიზნობრივი აუდიტორიისთვის – ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების პრობლემები, ადგილობრივი მაყურებლის განწყობა, ტრადიციისა და სიახლის ბალანსი, ტურისტული სეგმენტი და ა.შ. მით უმეტეს, ფოთისა და ბათუმის ადგილმდებარეობა სხვა ქართულ ქალაქებთან შედარებით, ბევრად ხელსაყრელია. ზღვისპირა ქალაქებში სათეატრო სექტორის მუშაობა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურიზმის განვითარებაში თეატრების როლი მინიმალურია. სახელოვნებო ინდუსტრიის კომერციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, თუმცა მუნიციპალიტეტები ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არ აფინანსებენ პროექტებს, რომლებიც სათეატრო პროდუქტის შექმნას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიღებული აქვს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც გაწერილია 2019-2021 წლებზე. მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბათუმის სათეატრო ცხოვრების განვითარებას, თუმცა 2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა მხოლოდ რამდენიმე მცირებიუჯეტიანი პროექტი დააფინანსა.
კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ხშირად მხოლოდ ფორმალურად არსებობს. მაგალითად, ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გაწერილ გეგმაში სათეატრო ხელოვნების პროექტები არ შესრულებულა. ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი პროექტი – რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფინანსდება, ისიც ნაწილობრივ. ფოთის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს არ გააჩნია სტრატეგია, კულტურის პოლიტიკა და კონცეფცია. არანაკლებ პრობლემურია მუნიციპალიტეტების კულტურის საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციაც, რომელთა არაეფექტიანი მუშაობა შედეგებზეც აისახება.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბათუმისა და ფოთის სათეატრო ფესტივალები არ არის ორიენტირებული კომერციაზე, რადგან დასწრება ყველა ფესტივალზე თავისუფალია. სამაგიეროდ, წარმატება შეინიშნება ინტერნაციონალიზაციაში, ვინაიდან იზრდება ფესტივალებში ჩართული უცხოური დასების რაოდენობა, მაგრამ, როგორც კვლევამ აჩვენა, ინტერნაციონალიზაციის პროცესი პირდაპირ კავშირშია ფესტივალის ბიუჯეტთან.
ფესტივალების დაფინანსების შემცირებასთან ერთად იკლებს უცხოური დასების მონაწილეობაც. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შემთხვევაში, რადგანაც 2018-2019 წლებში ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენდა და მასში უცხოელთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობა მონაწილეობდა. 2020 წელს, როცა ფესტივალის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, განახევრდა, მონაწილე უცხოელი არტისტების რაოდენობაც შემცირდა. ამის მიზეზი პანდემიაა, რომელმაც დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა შემოქმედებითი ინდუსტრიები.
კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საერთაშორისო გამოცდილების ანალიზიც (შავი ზღვის აუზის ქალაქების მაგალითზე), სადაც თეატრები და ფესტივალები მნიშვნელოვანი კომერციული ინსტიტუტებიც არიან. უცხოურ თეატრებს შემოსავლის გაზრდის ისეთი პრაქტიკული საშუალებები აქვთ მოფიქრებული და დანერგილი, რაც ქართული თეატრებისთვის ჯერ კიდევ უცხოა.
მაგალითად, შავი ზღვის აუზის ქვეყნების (ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის) ქალაქებში თეატრები მულტიფუნქციურები არიან. წარმოდგენებისა და მხატვრული პროდუქტის გარდა, ისინი მაყურებელს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს: საგანმანათლებლო პროგრამებს, საექსკურსიო ტურებს თეატრსა და მუზეუმში. აქირავებენ კოსტიუმებს და ფოიეს სხვადასხვა ღონისძიებისთვის, აქვთ წიგნის მაღაზიები, პატარა გალერეები, რესტორნებისა და კაფეების სივრცეები, რომლებსაც შემდეგ საჯარო კულტურული ღონისძიებებისთვისაც იყენებენ. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს რეგიონულ თეატრებში ნაკლებად ან საერთოდ არ გვხვდება.
თეატრის კომერციალიზაცია გულისხმობს რეპერტუარში ისეთი იდეებისა და ახალი თემების შემოტანას, რომლებიც დაკავშირებულია კრეატიულობასთან, მენეჯმენტის კვალიფიკაციასა და ფინანსური რესურსების გამოყენებასა და გათვლასთან. ამდენად, აუცილებელია საშემსრულებლო ხელოვნების, რეჟისურის, სცენოგრაფიის, კოსტიუმების, ტექნიკური ბაზის შესაბამისობაში მოყვანა რეალურ პრობლემებთან, თეატრის სოციალურ პოლიტიკასა და დღევანდელ გამოწვევებთან.
თავის მხრივ, თეატრი დაკავშირებულია დამოუკიდებელი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასთან, რაც ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. საწყის ეტაპზე სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელი ხელოვანების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას, რათა მომავალში მათ კომერციულად და მხატვრულად გამართული ინსტიტუციები შექმნან.
სამწუხაროდ, რეგიონული თეატრები დღეს წარსულის ინერციით უფრო არსებობენ და უმეტეს შემთხვევაში, ვერ ახერხებენ თანამედროვე, ინოვაციური და აქტუალური სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის. აქტუალობა, სიახლე, სიმძაფრე, სოციალურობა, მოქალაქეობრივი პოზიცია და კრეატიულობა თეატრების მთავარ პრობლემად რჩება.
შევეცადეთ, მოკლედ გაგვეცნო ის რეკომენდაციები, რომელიც „ქართული თეატრის ელექტრონული არქივის“ მიერ წარმოებულ კვლევაშია თავმოყრილი და რომელიც ქართული თეატრის ელექტრონული არქივის დამფუძნებელმა და კვლევის თანაავტორმა, თეატრმცოდნემ, ლაშა ჩხარტიშვილმა მოგვაწოდა. კვლევაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან; ასევე – შავიზღვისპირა ქალაქების თეატრების ხელმძღვანელები, ხელოვნების სფეროს მენეჯერები, ეკონომისტები, მარკეტოლოგები, კულტურისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტები, თეატრის მკვლევრები და კურატორები.
თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.