მგზავრობისას, როგორც კი ქალაქს გასცდები, გზისპირიდან რომ მიყრუებული ადგილები მოჩანს, იმ მიყრუებულ ადგილებზე რომ ალაგ-ალაგ სახლები დგას, იმ სახლების ფანჯრებში რომ შუქები ანთია – თქვენი არ ვიცი და მე ბევრჯერ მიფიქრია: ნეტავ, იმ სახლებში ახლა რა ხდება, ვინ ცხოვრობს და რას აკეთებს-მეთქი.
ლაშა ცქვიტინიძის კამერა მაყურებელს სწორედ იმ ფანჯრებში გვახედებს, ასე ახლოს რომ გვეგულება, მაგრამ ასე ძალიან რომ ვართ დაშორებულნი.
„თემოს“ მთავარი გმირი საღამოობით შინ დაბრუნებისას საკუთარი მინჯღრეული ქოხის ფანჯარასთან ჩერდება ხოლმე და აქედან უთვალთვალებს გონჯ სიდედრსა და ახალგაზრდა ცოლს, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები – ტელევიზორს უყურებენ! თან რაღაც სისულელეს. ზოგჯერ სიდედრი შეამჩნევს ხოლმე სიძის მზერას და სახლში შესულს წამოაძახებს – დაგინახეო.
„თემო“ ქართული „არატურისტული კინოტალღის“ ახალი ნიმუშია. ეროვნული სიმდიდრის, ქართული „თრეშის“ მხატვრულ განზომილებაში ხილვა სინამდვილის ახალ ხარისხს იძლევა და ეკრანზე სინაღდეს მოწყურებულ თვალს ამისთვის 30 წუთი ეცოტავება. ლაშა ცქვიტინიძის ფილმების მიმზიდველობა სწორედ მის განზრახ თუ უნებლიე „არასრულფასოვნებაშია“, მის მუდმივად მერყევ კამერაში, ხისტ მონტაჟსა და მარტივ დიალოგებში.
ფილმში სიღარიბე არც ესთეტიზებულია და არც დრამატიზებული. ავტორი არ ცდილობს, რომ მაყურებელს ვინმე შეაცოდოს, ის უბრალოდ ჰყვება ამბავს, ისეთს, როგორიც ის არის; 80-ევროიან ბაყაყებზე, მეზობლის ბიჭზე (სურსათის დაჟანგულ მაღაზიასთან შებინდებისას თემოს გულს რომ გადაუშლის), სასადილოში ღვთისმშობლის ხატზე და გლდანის ბავშვთა სახლის ზეიმზე.
პოეტური თუ სატირული წვრილმანებით გამხიარულებული მაყურებელი სულ მალე დაინახავს ჰაერში გამოკიდებულ ვეებერთელა პრობლემას სახელად – „ხაზარაძის ვალი“. სრული უიმედობა ოჯახს ნერვული აშლილობის ზღვარზე ამყოფებს და თემოს რამდენიმე დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. დანაშაულების სერიას რეჟისორი არც მორალისტური და არც რომანტიკული პრიზმიდან არ უყურებს. ეს მიზეზ-შედეგობრიობის დრამატული ასახვაა და არა დანაშაულის გამართლება.
ის ძველი მატარებელი კი, ფილმის ფინალში სახლიდან გაქცეული თემო რომ შეახტება, იმდენად ნელია, იმდენად, რომ ეს არც არის გაქცევა. ხედიც კი თითქმის არ იცვლება მატარებლიდან. ეს გაქცევის იმიტაციას უფრო ჰგავს უძრაობისა და უიმედობის ხანაში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში „თემოს“ და სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების განმეორებითი ჩვენება ამირანის მე-4 დარბაზში 7 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.