ტოპ 5 გამოგონილი სამყარო მსოფლიო ლიტერატურაში

ლევან ბერძენიშვილი

იოკნაპატოფა

ტოპ გამოგონილი სამყაროების აშკარა მეთაური იოკნაპატოფას ოლქია.

იოკნაპატოფა ფოლკნერმა მისისიპის მხარეში შექმნა. ის ეფუძნება მისისიპის შტატში, ისტორიულად არსებულ ლაფაიეტის ოლქს, დედაქალაქით – ოქსფორდი. ფოლკნერის გამოგონილი ოლქის დედაქალაქად კი ქალაქი ჯეფერსონია გამოცხადებული.

იოკნაპატოფა ჩემი აპოკრიფული ოლქიაო, თქვა ფოლკნერმა. დაწყებული „სარტორისიდან”, ანუ რომანიდან, რომელსაც შემდგომში „დროშები მტვერში“ ეწოდა, ფაქტობრივად, ყველა რომანის და 50 მოთხრობის  პერსონაჟი აქ დაასახლა. გამონაკლისია სამი რომანი.

„აბესალომ, აბესალომში“, ჩართულია იოკნაპატოფას რუკაც, რომელიც ფოლკნერმა ხელით დახატა. მითითებულია, ვინ სახლობს ჩრდილოეთში, ვინ – სამხრეთში, რომელი გვარი სად ცხოვრობს და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია – როგორ განაწილდნენ გვარები ამ ტერიტორიაზე, ვინ სად ცხოვრობს. ქალაქის მახლობლად ცხოვრობენ კომპსონები, სხვადასხვა მიმართულებით თუ წახვალთ, წააწყდებით მაკასლინებს, სნოუპსებს და ა.შ.

მოკლედ, იოკნაპატოფას თავისი გეოგრაფია აქვს, რომელიც ამავე დროს ფილოსოფიაცაა.

სახელი „იოკნაპატოფა“ მომდინარეობს ინდიელთა ენის ორი სიტყვიდან, იოკონა და პეტოფა. პეტოფა ნიშნავს გაყოფილ მიწას. იოკონა კი ნამდვილად არსებული მდინარეა ლაფაიეტის ოლქში.  ეს ნიშნავს, რომ იოკონა ამ ველზე მიედინება.

ამ ტერიტორიაზე თეთრკანიანები 1800-იან წლებში დასახლდნენ. სამოქალაქო ომის დროს აქ უკვე რამდენიმე ვრცელი პლანტაცია არსებობდა. შემდგომში ეს მხარე ძალიან პატარა ფერმებად დაიშალა და, როგორც ფოლკნერი ამტკიცებს, 1936 წელს მისი მოსახლეობა 15 611 კაცს შეადგენდა, რომელთაგან 6298 თეთრი,  9313 კი შავკანიანი იყო.

ეს ოლქი ისეა დახატული, რომ აქედან შეიძლება გაემგზავრო რომელიმე ჩვეულებრივ ადგილას. ასე მოხდა კვენტინ კომპსონის შემთხვევაში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ჯეფერსონიდან, არარასებული ქალაქიდან, წავიდა ბოსტონში, ნამდვილად არსებულ ქალაქში და იქ მოიკლა თავი. როდესაც ფოლკნერი რუკას ხატავდა მას ესმოდა, რომ  ახალ რეალობას ქმნიდა, ისეთ ახალ რეალობას, რომელიც ჩვეულებრივ ეწერებოდა არსებულში.

რა საჭირო იყო ამის გამოგონება? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ ხდება, ხდება ფოლკნერის თავში, ფოლკნერის ოლქში, ფოლკნერის სამყაროში. ამ თვალსაზრისით, ფოლკნერი ძალიან სერიოზული ავტორია.

ძალიან საინტერესოა ამერიკელი ქალი მწერალი, რომელიც ასევე მისისიპიდანაა – ჯესმი ვორდი. ის ერთადერთია, რომელსაც მხატვრული შემოქმედებისთვის ეროვნული წიგნის ჯილდო ორჯერ აქვს მიღებული. ფოლკნერის გავლენით მან ასევე შექმნა თავისი ტერიტორია, რომელსაც ჰქვია ბუა სოვაჟ, ანუ ველური ტყე, სადაც მისი სამი რომანის მოქმედება მიმდინარეობს. ასე რომ, ფოლკნერმა ამ თვალსაზრისითაც მოახდინა გავლენა მსოფლიო ლიტერატურაზე.

მაკონდო

წიგნების დასაწყისებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასაწყისი ასე ჟღერს: „გაივლის მრავალი წელი და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა ყინულის სანახავად წაიყვანა, მაკონდო მაშინ პატარა სოფელი იყო“.

ასე ჩნდება ეს უცნაური სიტყვა – მაკონდო, რომლის ჟღერადობამ მოხიბლა მისი ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი. მაკონდო, ასეთი პატარა, ერთი ბეწო სოფელი თურმე მართლა არსებობს, ოღონდ ამის შესახებ იმ მომენტში, როდესაც ამ რომანს ქმნიდა, ავტორმა არაფერი იცოდა. მან უბრალოდ ერთხელ ბანანის პლანტაციასთან დაინახა ტრაფარეტი წარწერით „მაკონდო“, ყოველთვის ინტერესდებოდა, რა იყო ის. აღმოჩნდა ხე, რომელიც არც ფოთოლს ისხამს, არც ნაყოფს, რომლის ღერო გამოიყენება, მაგალითად, საოჯახო საგნებისა და ბანჯოს ინსტრუმენტის დასამზადებლად. მერე აღმოჩნდა, რომ აფრიკაში არსებობს ასეთი დასახლება – მაკონდო.

მაკონდოში, მოგეხსენებათ, ყველაზე ჭკვიანმა კაცმა, ხოსე არკადიო ბუენდიამ სახლების მშენებლობა ისე დაგეგმა, რომ წყალზე წასულ ხალხს ერთნაირი გზა გაევლო მდინარემდე. ქუჩები გონივრულად გაიყვანა, რომ მზის სხივები თანაბრად დაცემულიყო. მოკლედ, მაკონდო, ეს არის ადამიანის გონების მიერ აგებული ქალაქი, რომელიც მომავლის ქალაქი უნდა ყოფილიყო და სწორედ მომავლიდან ეწვია ხოსე არკადიო ბუენდიას სიზმარი, ვითომ ბანაკის ადგილას, რომელსაც ის ქმნიდა, წამოიმართა დიდი ქალაქი, სადაც სახლებს უჩვეულოდ გამჭვირვალე კედლები ჰქონდათ. გასაგებია, რომ რკინა-ბეტონისა და შუშის კონსტრუქციები იგულისხმება და, როცა იკითხა, რა ქალაქიაო, პასუხად გაიგონა უცნაური და უაზრო სახელი, მაგრამ სიზმარში ჟღერდა ძალიან ბუნებრივად. აი ასე, ჟღერს ეს სახელი – მაკონდო.

მაკონდო გამოგონილი ადგილია, მაკონდოში ასევე გამოგონილი ამბები მიმდინარეობს, აქ იშლება შვიდი თაობის ისტორია. „მარტოობის ასი წელიწადი“ საოცარი წიგნი, მაგიური რეალიზმის დიდი შედევრია.

2006 წელს ჩატარდა სპეციალური გამოკითხვა, პლებისციტის ტიპის, რომელსაც უნდა დაედგინა, ხომ არ გადაერქვას მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკას სახელი და ხომ არ დაერქვას მას არაკატაკა-მაკონდო.

მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს ასეთი პრეცედენტი. მოგეხსენებათ, იყო ქალაქი,  რომელსაც მარსელ პრუსტმა კომბრე დაარქვა. შემდეგ იქ ჩატარდა გამოკითხვა და ქალაქის სახელს ეს ახალი სახელი დაემატა. აი, არაკატაკას არაკატაკა-მაკონდო ვერ დაერქვა, იმიტომ, რომ პლებისციტზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გამოცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არაკატაკას ისედაც ყველა მაკონდოს ეძახის.

შუახმელეთი

შუახმელეთი გახლავთ ტოლკინის მიერ გამოგონილი სამყარო, რომელიც მის სხვადასხვა ნაწარმოებში ჩნდება. ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი, პროფესორი, რომელიც ძალიან ცნობილია წიგნებით „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“, ქმნის ახალ სამყაროს, რომელზეც ამბობს, რომ ეს არ არის გამოგონილი სამყარო, ეს ის სამყაროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. უბრალოდ ეს იყო ძალიან, ძალიან ადრე, სანამ ჩვენ გავჩნდებოდით. მაგრამ, ფაქტია, რომ რუკები, რომლებიც მან დახატა, არ ემთხვევა იმ რუკებს, რომლებიც დღეს გვაქვს. ასე რომ, ტოლკინის სამყარო მთლად ჩვენი სამყარო არ არის.

უშუალოდ მათში ვალარები და ელფები ებრძვიან მორგოთს, დაცემულ ვალარს, მის მოდგმას და გარე დამხმარე ძალებს – ორკებს, დრაკონებს და დამონებულ ადამიანებს. მოგვიანებით სხვა საუკუნეებში მორგოთის დამარცხების შემდეგ მის ადგილს საშინელი არსება – საურონი იკავებს და ვალართა როლი მორგოდთან ბრძოლაში გამოიხატება.

ტოლკინმა თავად შექმნა შუახმელეთისა და მისი რეგიონების რამდენიმე რუკა, ნაწილი მის ცხოვრებაში, ნაწილიც გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

„ბეჭდების მბრძანებელში“, ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანში, ვხდებით ბნელ მბრძანებელს, საურონს, რომელმაც ადრეულ პერიოდში შექმნა ერთი ბეჭედი ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად და შუახმელეთის დასაპყრობად. თხრობა იწყება შაირში, რომელიც მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები – ფროდო ბეგინსი, სემუელ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი, პერეგრინ ტუკი, ისევე როგორც მათი მეგობარი ადამიანები – არაგორნი და ბორომირი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი და ჯადოსანი გენდალფი – ეს შემადგენლობა ყველამ შესანიშნავად იცის, ვინც ტოლკინის რომანებს იცნობს.

„ბეჭდების მბრძანებელში“ მოქმედება მუდმივად შუა ხმელეთის დაპყრობისთვის მიმდინარეობს და იგი უამრავ სხვა ტერიტორიას მოიცავს. ის მოიცავს ძალიან ბევრ ისტორიულთან მიახლოებულ ამბავსაც. მოგეხსენებათ, ამბავი სამი რომანისგან, სამი ნაწილისგან შედგება. ესაა – „ბეჭდის საძმო“, „ორი ციხე-კოშკი“ და „მეფის დაბრუნება“ მისი ძალიან ცნობილი პერსონაჟებით, განსაკუთრებით, დადებითი პერსონაჟებით – ფროდო ბეგინსი, გემჯი, მერი, პიპინი, გენდალფი, არაგორნი, ლეგოლასი, გიმლი, დენეთორი, ბორომირი და ასე შემდეგ; და ასევე უარყოფითი პერსონაჟებით, რომლებიც სერიოზულად იბრძვიან შუახმელეთის დასაპყრობად. ესენია – საურონი, ბეჭდის მბრძანებელი, დაცემული მაია, რომელიც ელფებს საუკუნეების წინ დაეხმარა ბეჭდების შექმნაში, ნაზგულები, ბეჭდის აჩრდილები, ანგმარის გრძნეული მეფე, სარუმანი ჯადოსანი, რომელსაც თავად სურს ბეჭდის ფლობა, გოლუმი – მდინარესთან მცხოვრები ჰობიტი, სმეგოლი – ოდესღაც ნორმალური ჰობიტი, შემდეგ კი ბეჭდის მიერ ქცეული საზარელ არსებად. ყველანი ასახელებენ შუახმელეთს და ეს არის ამ ტერიტორიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლისთვისაც მიმდინარეობს ბრძოლა.

ადამიანთა გონებაში არარსებული სამყაროს მნიშვნელოვან ადგილად ქცევით ხდება ვიღაცების მიერ ნაკლად აღქმული ნაწილის გადაფარვა, რომ ტოლკინის ნაწარმოები მეტისმეტად შავ-თეთრია, ანუ ან ბოროტია ადამიანი ან კეთილი, მას გარდამავალი სახეები ნაკლებად აქვს. თვითონ გეოგრაფია – ტერიტორიები, ციხე-სიმაგრეები, მდინარეები, კლდეები, ყინულები, ვულკანი და ასე შემდეგ, არის უზარმაზარი სამყარო, რომელიც თავს აყვარებს მკითხველს. „ბეჭდების მბრძანებლისა“ და სხვა რომანების მიხედვით შუახმელეთი ნამდვილად გახდა კაცობრიობის საყვარელი ადგილი, რომელიც სინამდვილეში არ არსებულა, ტოლკინის თავში დაიბადა, მაგრამ ძალიან ბევრი მკითხველის თავსა და გულში აგრძელებს არსებობას.

საოცარი ახალი სამყარო

„საოცარი ახალი სამყაროს“ სივრცე თითქოს არსებული ლონდონია, იმიტომ, რომ თავიდანვე პირველივე თავში ნახსენებია „სულ რაღაც 54-სართულიანი დაბალი რუხი შენობა, მთავარ შესასვლელზე წარწერა – ცენტრალური ლონდონის ინკუბატორი და აღმზრდელობითი ცენტრი“.

ეს არის 1931 წელს დაწერილი და 1932 წელს გამოცემული რომანი, რომელსაც „საოცარი ახალი სამყარო“ ჰქვია. რომანში მოცემულია ფუტურისტული მომავლის მსოფლიო სახელმწიფო, რომელიც ძირითადად მოდიფიცირებული მოქალაქეებითა და ინტელექტზე დაფუძნებული სოციალური იერარქიითაა დასახლებული. წიგნში მეცნიერების უზარმაზარი მიღწევები საშინელი კრიტიკის საგანი გახდა და ძალიან ხშირად ადარებენ ჯორჯ ორუელის 1984-ს, რომელიც 1949 წელს დაიწერა.

მოგეხსენებათ, აქ არის შექმნილი მსოფლიო სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი დევიზი – ერთობა, ერთგვაროვნება და სტაბილურობა. პირველი სართულის უზარმაზარი ოთახი გადის ჩრდილოეთში, ზაფხულია, აუტანლად ცხელა. ჩვენ ვაწყდებით სამყაროს, რომელიც თანამედროვე ლიტერატურაში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვირტუალურ სამყაროდ, რომელიც კი ოდესმე ყოფილა გამოგონილი.

სათაური აღებულია უილიამ შექსპირიდან, რომელიც სანახევროდ მსოფლიო ნაწარმოებების სათაურების ავტორია, კერძოდ, „ქარიშხლიდან“ მეხუთე აქტიდან – „ო, საოცრება, რამდენი ახალი არსება არის აქ, რა საინტერესო არის კაცობრიობა, ო, საოცარო, ახალო სამყარო, რომელშიც ახალი ხალხი ცხოვრობს“. ეს, რა თქმა უნდა, ირონიულად არის გააზრებული, ვინაიდან შექსპირთან ახალი სამყარო წარმოდგენილია სრულიად გულწრფელად, ირონიის გარეშე.

ჰაქსლის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი ჰქონდა. უტოპიები, მოგეხსენებათ, ყოველთვის წარმოსახვით სამყაროში ხდება, მაგრამ ამ წიგნის დაწერა დაემთხვა დიდ დეპრესიას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი შინაარსი  ძალიან ჭკუის დამრიგებლური გახდა.

მოგეხსენებათ, ამ რომანში მოქმედება მიდის სტაბილურობის 632-ე წელს ფორდის ხანაში. ფორდი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნა საავტომობილო კომპანია, მსოფლიო სახელმწიფოში ღმერთის ფუნქციას ასრულებს, მას ასევე უწოდებენ – „უფალი ჩვენი, ფორდი“.

ამ სახელმწიფოს მართავს ტექნოკრატია. ბავშვები არ იბადებიან, ხელოვნური გზით ისახებიან, სპეციალურ ინკუბატორებში გამოჰყავთ. გამოდიან სხვადასხვა პირობებში, ამიტომ მიიღებიან სხვადასხვა არსებები – ალფები, ბეტები, გამები, დელტები და ეფსილონები. ალფები პირველი ხარისხის ხალხია, გონებრივი შრომის ადამიანები, ეფსილონები კი არიან ყველაზე დაბალი კასტა, რომელთაც შეუძლიათ ყველაზე ერთსახოვანი ფიზიკური შრომის გაწევა. თავდაპირველად გარკვეულ პირობებში არიან ეს ჩანასახები, შემდეგ ჩნდებიან ისინი სპეციალური შუშის ბოთლებიდან. ბავშვებიც აღიზრდებიან სხვადასხვანაირად, ყველა კასტას აქვს პატივისცემა უფრო მაღალი კასტის მიმართ და სრული ზიზღი უფრო დაბალი კასტების მიმართ. თითოეულ კასტას აქვს გარკვეული ფერის სამოსი, მაგალითად, ალფები ნაცრისფერში დადიან, გამებს მწვანე აცვიათ, ეფსილონებს კი – შავი. საზოგადოების სტანდარტიზაცია არის მთავარი რამ მსოფლიო სახელმწიფოში, როგორც ვთქვით, მათ თავისი დევიზი აქვთ, დევიზში მთავარი სიტყვებია სტაბილურობა და ერთნაირობა, რომ ყველა უნდა აკმაყოფილებდეს აღიარებულ სტანდარტებს.

ადრე ფორდამდელ სამყაროში ყველას ჰყავდა თავისი მშობელი და ჰქონდა მშობლიური სახლი, მაგრამ ამას არაფერი მოჰქონდა ადამიანებისთვის ტანჯვისა და უბედურების გარდა, ხოლო ახლა ყველა ეკუთვნის ყველა დანარჩენს. რა საჭიროა სიყვარული, რა საჭიროა განცდები და დრამები. ამიტომ ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან ეროტიკულ თამაშებს, მათ აჩვენებენ მოწინააღმდეგე სქესის ადამიანში პარტნიორს ტკბობისთვის და კარგია, თუ ამ პარტნიორებს ხშირ-ხშირად გამოიცვლიან, ვინაიდან ყველა ეკუთვნის ყველა დანარჩენს.

ამ სამყაროში არის ინდუსტრია გართობის, სინთეტური მუსიკა, ელექტრონული გოლფი, ფილმები პრიმიტიული სიუჟეტებით, რომლის ყურების დროს მართლა გრძნობ იმას, რაც ეკრანზე ხდება, ყველაფერი გამარტივებულია, ყველაფერი ბრწყინვალედაა წარმოდგენილი.

მთავარი მოქმედი გმირი გახლავთ ბერნარდ მარქსი, რომელიც უმაღლესი კლასის წარმომადგენელია, ის განსხვავდება თავისი თანამოძმეებისგან. მეტისმეტად დაფიქრებული, მელანქოლიური, შეიძლება ითქვას, რომ რომანტიკულიც კი არის, გამხდარი და სუსტია ფიზიკურად და არ უყვარს სპორტული თამაშები. დადის ხმები, რომ ინკუბატორში მას შემთხვევით სისხლის შემცვლელის ნაცვლად სპირტი შეასხეს. ამიტომ გამოვიდა ასეთი უცნაური.

არის ბეტა გოგონა ლინაინა ქრაუნი. ბერნარდისა და ლინაინას ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რომანისთვის, მოკლედ ეს არის სამყარო, სადაც თანამედროვე ადამიანის ადგილი არ არის.

ეს არის ის მომავალი, რომელიც, იმედია, მართლა სერიოზულად არ გვემუქრება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ სწორედ იქითკენ მივექანებით.

ვესტეროსი

ვესტეროსი ის გამოგონილი სამყაროა, რომელიც ჯორჯ მარტინმა შექმნა. ჯორჯ მარტინი გახლავთ ავტორი ცნობილი რომანების ციკლისა – „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ და ამ რომანის პირველი ნაწილის სახელმა „სატახტო თამაშებმა“ განსაზღვრა სერიალის სახელი, რომელიც რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ფილმშიც და წიგნშიც უპირველეს ყოვლისა მთელი ამბავი ეფუძნება ვარდების ომს, რომელიც 1455 – 1485 წლამდე მიმდინარეობდა ინგლისური თავადაზნაურობის ორ ჯგუფს შორის, ლანკასტერებსა და იორკებს შორის და არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ლანკასტერების უკან შეიძლება დავინახოთ  ლანისტერები და იორკების უკან – სტარკები.

სერიალში ეს სისხლიანი ისტორია გარდაიქმნა, ორი მთავარი სახლის, ლანისტერებისა და სტარკების დაპირისპირებად. აისახა ელემენტები ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომიდან, შუა საუკუნეების ქრონიკებიდან, მათ შორის, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისაც.

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ამ რომანებში ვხდებით 21-ე საუკუნის ადამიანებს. ფენტეზი თავისი დრაკონებიანად გამოყენებულია ანტურაჟისთვის.

გარდა ამისა, ეს წიგნი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ გარე სამყარო, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ნაწარმოებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა ჩართული. გარე სამყაროს ინტერესები აშკარად იკვეთება და კარგად ჩანს.

ვესტეროსი გახლავთ ერთ-ერთი კონტინენტი, ე.წ. ცნობილი სამყაროსი. იგი არის დასავლეთით განლაგებული და მეორე კონტინენტისგან, ესოსისგან, ვიწრო ზღვით გამოყოფილი.  მთელი ვესტეროსი, მათ შორის ჩრდილოეთის ჩათვლით, წარმოქმნის შვიდ სამეფოს. გარდა ამისა, ჩრდილოეთში არის კედელი, რომლის მიღმა კიდევ სხვა სამყაროა. რაც შეეხება შვიდ სამთავროს, მათ ხელმძღვანელობს ანდალებისა და პირველი ადამიანების მეფე. აი ამ ტახტზეა დიდი ბრძოლა. ბევრი ცდილობს მის დაკავებას.

ითვლება, რომ ვესტეროსიც და ესოსიც ერთი კონტინენტი იყო. მათი დაშორების შემდეგ ახლა დარჩა საფეხურები, რომლებიც ვიწრო ზღვაში კუნძულების გარკვეულ რაოდენობას ქმნის.

ვესტეროსში ძალიან უცნაური ლანდშაფტი და განსხვავებული კლიმატია. ჩრდილოეთში სულ თოვლია, მაშინ, როდესაც დორნში თოვლი საერთოდ არ უნახავთ. სამაგიეროდ, იცნობენ ისეთ რამეს, როგორიც არის უდაბნო, და უდაბნო ძალიან სერიოზულად არის წარმოდგენილი. გეოგრაფიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტინენტი 5000 კილომეტრი უნდა იყოს სიგრძეში და 1500 – სიგანეში, თუ შევადარებთ არსებულ სამყაროს, წარმოვიდგინოთ გადმობრუნებული დიდი ბრიტანეთი და გავადიდოთ ძალიან სერიოზულად.

ვესტეროსი თერთმეტი ათასი წლის წინ დასახლებული იყო არა ადამიანებით, არამედ ტყის შვილებით, რომლებიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ ძველ ღმერთებს. მერე შემოიჭრნენ პირველი ადამიანები დორნიდან და შემდეგ გამოჩნდნენ თეთრი მოსიარულეები, ანუ მკვდრები, რომლებიც პირდაპირ არის ჰოლივუდის გამოგონილი ზომბების რაღაც ახალი ვარიანტი. უნდა ითქვას, რომ ბრძოლა შვიდი სამეფოსთვის, ძველი მეფეები, ახალი მეფეები, კანონიერი და უკანონო მეფეები, გულისტკივილი, რომ ყველაზე უფრო ვისაც ეკუთვნის ეს ტახტი, იმას არ შეხვდება და სხვა, არის ის სიუჟეტური სვლები, რომლითაც ჯორჯ მარტინმა ძალიან სერიოზულად მოიპოვა მკითხველის სიმპათია და შეიძლება ითქვას, რომ ვესტეროსი გახდა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი კაცობრიობა ადევნებდა და დღემდე ადევნებს თვალყურს ამ რომანების სერიას. ბოლო წიგნები ჯერ გამოსულიც არ არის, თუმცა კი წიგნების მიხედვით გადაღებული სერიალი უკვე დასრულდა.

გადმოდით ლინკზე და შემოუერთდით პუბლიკის ლიტერატურულ კლუბს ფეისბუქზე