ტოპ 5 თვითმკვლელი ქალი პერსონაჟი მსოფლიო ლიტერატურაში

ლევან ბერძენიშვილი

რა თქმა უნდა, ვიწყებთ ანტიკური ხანიდან:

ანტიგონე

ანტიგონე, ოიდიპოსისა და იოკასტეს უფროსი ასული; ისმენეს, პოლინიკესა და ეტეოკლეს და; მეფე კრეონის დისშვილი და სარძლო – ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პერსონაჟია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მან მას შემდეგ შეიძინა, რაც სოფოკლეს ტრაგედია „ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ანტიგონეში“ გამოჩნდა. მისი სახე და-ძმობისა და ნათესაობისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა.

მისმა ძმებმა, პოლინიკემ და ეტეოკლემ ძალაუფლება ვერ გაიყვეს. ეტეოკლემ, მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი იყო, ხელში ჩაიგდო მეფობა. ძმებს შორის არსებობდა  მოლაპარაკება, რომ ერთი წლის შემდეგფ ეტეოკლე პოლინიკეს ტახტს დაუთმობდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მაშინ პოლინიკემ ადრასტოსსა და სხვებთან ერთად, 7-მა კაცმა 7 კარიბჭიან ქალაქ თებეს შეუტია. ეს იყო უცხოელების შეტევა მშობლიურ ქალაქზე. ეტეოკლეს დანაშაულს პოლინიკემ არაპროპორციული პასუხი გასცა, უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

საბოლოოდ, თებე არ დაეცა, მტრებმა ვერ აიღეს, მაგრამ ძმებმა ერთმანეთი დახოცეს. მეფე კვლავ კრეონი გახდა და გამოაცხადა გადაწყვეტილება – ეტეოკლე, რომელიც მშობლიურ ქალაქს იცავდა, დაკრძალულიყო სამეფო პატივით; ხოლო პოლინიკე, რომელმაც მტრები ჩამოიყვანა თებეს წინააღმდეგ, საერთოდ არ დაკრძალულიყო.

სიკვდილი ემუქრებოდა ყველას, ვინც ამ ბრძანებას არ შეასრულებდა; თუმცა, იგი პოლონიკეს დამ – ანტიგონემ დაარღვია.

არსებობს გადმოცემა, რომ მან წაათრია ძმის ცხედარი და იმავე კონცონზე დადო, რომელზეც ეტეოკლე იწვოდა. თუ პავსნაიას ვენდობით, ამ  გზას „ანტიგონეს თრევის“ გზა ეწოდება.

ჩვენ ვეცნობით ერთი მხრივ, მეფე-ხელისუფალის, მოკვდავი კაცის ბრძანებას; მეორე მხრივ კი – დაუწერელ კანონს, რომელიც ღმერთის დადგენილია – ყველა მიცვალებული უნდა დაიკრძალოს.

ანტიგონე სწორედ ღვთაებრივ კანონს, ღვთაებრივ ბრძანებას ასრულებს. იგი იცავს თავისი გვარის ინტერესებს და, ამავე დროს, იცავს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ადამიანური კანონებისა და ქედმაღლობისგან.

კრეონიო, დროებითი მეფე არ იქცევა ბრძნულად, რადგან თებეში ლაბდაკიდების მეფობის განახლების ერთადერთი შანსია, რომ მისმა ვაჟმა, ჰემონმა, ცოლად შეირთოს ანტიგონე. არის კიდეც მასზე დანიშნული. ამ შემთხვევაში ოიდიპოსის სისხლი გაგრძელდება და მეფობაც კანონიერი გახდება. ანტიგონეს დასჯით კრეონი საკუთარ თავს და შვილსაც სჯის, მეფობასაც სპობს თებეში, ფაქტობრივად ისტორიას ამთავრებს.

ქედმაღალია მეფე კრეონი, აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

ანტიგონეს მიერ ძმის პატივის მიგების შემდეგ მასსა და მეფეს შორის იმართება ვაჭრობის მსგავსი რამ: კრეონს თვალი უნდა დაეხუჭა, ოღონდ ქალიშვილს თავისი საქციელი არ გაესაჯაროებინა. ანტიგონე თანახმა არ არის, ის მზადაა მოკვდეს, ოღონდ ძმის ღირსება დაიცვას. ის იტყვის, რომ ამას არ იზამდა, ქმარი რომ ყოფილიყო, შვილი რომ ყოფილიყო, რადგან კიდევ გათხოვდებოდა, კიდევ შობდა, მაგრამ პოლინიკე იყო ძმა – მშობლების ერთადერთი დანატოვარი.

ანტიგონე დიდ სიმპათიას იწვევს, მაგრამ მას  სიკვდილს მიუსჯიან. გამოქვაბულში გამოკეტავენ, სადაც შიმშილით უნდა მოკვდეს.

როდესაც ბოლოს და ბოლოს, ჰემონი, ხალხი, ქორო, ტირესიასი – ყველანი დაარწმუნებენ კრეონს, რომ  შეცდა, რომ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა, გადაწევენ ქვას და შეეცდებიან ანტიგონეს გამოხსნას, მაგრამ მას უკვე თავი ჩამოეხრჩო.

ანტიგონეს სიკვდილის გამო ჰემონმა მამის მოკვლა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ჰემონის სიკვდილის გამო თავი მოიკლა მისმა დედამ, ევრიდიკემ, – ამოქმედდა დომინოს პრინციპი.

ყველაფერი ჩამოიშალა, კრეონი სასტიკად დამარცხდა თავის ადამიანურ ჰიპოსტასში. ანტიგონემ, პატარა გოგომ გაიმარჯვა სიკვდილზეც, კრეონზეც და სამეფო ხელისუფლებაზეც.  ეს თვითმკვლელობა პირველი ანტიკური გმირის თვითმკვლელობაა. ეს სწორედ ისეთი თვითმკვლელობაა, რომელსაც შემდგომში    დიდმა ბორხესმა სახელი მოუძებნა – ღმერთის თვითმკვლელობა.

იოკასტე

იოკასტე ძველი ბერძნული მითოლოგიის კიდევ ერთი გმირია – თებეს დედოფალი, მენეკევსის ასული. კრეონისა და ლაიოსის მეუღლე. ოიდიპოსის დედა. ლაიოსის სიკვდილის შემდეგ ოიდიპოსის მეუღლე.

მითის მიხედვით, ის ცოლად მიჰყვება ოიდიპოსს, ისე, რომ არც კი იცის, რომ ის მისი  შვილია.

ოიდიპოსი დამსახურებული კაცი იყო – ჩამოვიდა თებეში, გამოიცნო სფინქსის გამოცანა, მას ეკუთვნოდა ქალაქი, მეფობა და დაქვრივებული დედოფალი.

იოკასტე ცოლად მიჰყვება კაცს, რომელმაც გადაარჩინა მისი ქალაქი. გაუჩენს 4 შვილს. ორ ვაჟს – პოლინიკესა და ეტეოკლეს და ორ ქალს – ანტიგონესა და ისმენეს. ის არის ერთ-ერთი უბედნიერესი ოჯახის დედა.

„ოიდიპოს მეფის“ მიხედვით  თებეში გაჩნდა შავი ჭირი. აპოლონმა მოითხოვა ლაიოსის მკვლელის პოვნა და ქალაქიდან გაძევევება. ოიდიპოსი იწყებს ამ გამოძიებას, რომლის შედეგადაც აღმოაჩენს, რომ ის თავადაა მამის მკვლელი.

გამოძიების პროცესში იოკასტე ნელ-ნელა ერკვევა სიმართლეში. რაღაც მომენტში მიმართავს მეუღლეს, რომ შეწყვიტოს სიმართლის ძიება. ჩანს, რომ იოკასტე, რომელიც ხვდება, რაც ხდება, მზად არის ამ უბედურებასთან ერთად იცხოვროს, ოღონდ ეს ამბავი არ გახდეს საჯარო. იგი თავს იკლავს მაშინვე, როცა გამოაშკარავდება, რომ ის საკუთარი შვილის მეუღლეა.

ასეა „ოიდიპოს მეფეში”, სოფოკლესთან, მაგრამ, მაგალითად, პოეტ სტესიქორესთან, ოიდიპოსის გაძევების შემდეგ დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალია. არის სხვა ვერსიებიც, რომ იგი ცოცხალი იყო, ვიდრე მისი ვაჟები დაიხოცებოდნენ.

იოკასტეს ყველაზე კლასიკური სახე სწორედ „ოიდიპოს მეფეშია”, სადაც ის თავს ჩამოიხრჩობს. ოიდიპოსი ჩამოხსნის მას – დედას და მეუღლეს – და იმ ბალთებით დაიბრმავებს თვალებს, რომლითაც იოკასტეს კაბა იყო დამაგრებული.

ესაა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო სახე ანტიკურ მითოლოგიაში. თუ მას რაიმე დანაშაული აქვს – ეს არის ფიქრი, რომ შეიძლება ღმერთები და წინასწარეტყველება ცდებოდეს. იგი მთლიანად ეწირება პირველო ქმრის, ლაიოსის, დანაშაულს.

ჯულიეტა

„რომეო და ჯულიეტა“ მოგეხსენებათ, შესპირის ტრაგედიაა, რომელშიც ასახულია ვერონაში განვითარებული ტრაგიკული სიყვარულისა და სიკვდილის ამბავი. ანტიკური ანალოგი ამ ტრაგედიისა, არის  პირამოსისა და თისბეს ისტორია, რომელიც მეტამორფოზებში აქვს გადმოცემული გენიალურ რომაელ პოეტს ოვიდიუსს.

რაც შეეხება საკუთრივ სიუჟეტს, რომელიც შექსპირის ტრაგედიაშია გამოყენებული, როგორც ჩანს, მას საფუძვლად არტურ ბრუკის პოემა „რომეუსისა და ჯულიეტას ტრაგიკული ამბავი“ დაედო.

ჯულიეტა არ არის 14 წლისაც კი (რამდენიმე დღე დააკლდება ამ ასაკამდე). ასე ვთქვათ, უმწიფრობასა და სიმწიფეს შორის საზღვარზეა. პიესის დასაწყისში იგი, უბრალოდ, ჩვეულებრივი, მორჩილი და გულუბრყვილო ბავშვია, თუმცა პიესის განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება. რაღაც სასწაული ხდება ამ თვალსაზრისით შექსპირის პიესაში.

თავიდან მან არ იცის, რა არის სიყვარული. არ ჰყავს საკუთარი წრე, არ ჰყავს თავისი თანატოლი მეგობრები. მისთვის კომფორტული არ არის სექსზე და საერთოდ სიყვარულზე ლაპარაკი და ეს ჩანს იმ დისკომფორტიდან, რომელსაც განიცდის, როდესაც ძიძა ცდილობს, აუხსნას რაღაც სექსუალური ხასიათის ხუმრობა – პირველი აქტი, მესამე სცენა. ბავშვი ძალიან დაბნეულია და ძალიან ნაკლებად არის ამ საქმეში გარკვეული.

ჯულიეტა გვაძლევს საშუალებას, დავრწმუნდეთ მის ძალაში, მისი გადაწყვეტილების სიმტკიცეში, მის გონიერებასა და სიფხიზლეში. ის ძალიან სწრაფად გადადის ბავშვობიდან დიდობის სტადიაში და ჩვენ უკვე ვხედავთ მასში ქალს, რომელიც ასეთად ჩამოყალიბდა რომეოსთან ოთხდღიან ურთიერთობაში.

როგორც კი გამოჩნდება რომეო, იმ წუთიდან  ჯულიეტა თავის სიყვარულს, თავის გულს, თავის ოცნებებს – ყველაფერს სწორედ მასთან დააკავშირებს.

მასთან პირველივე შეხვედრა ჩამოაყალიბებს ჯულიეტას როგორც ქალს, როგორც ადამიანს. იგი ღრმად შეყვარებულია, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. როდესაც რომეომ მოკლა ტიბალტი და იძულებული გახდა, წასულიყო დევნილობაში, ჯულიეტამ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომ თავის შეყვარებულს და უკვე მეუღლეს არ დაშორებოდა.

როდესაც ის გაიღვიძებს თავის აკლდამაში და იპოვის მკვდარ რომეოს, თავს იკლავს არა ქალური სისუსტის გამო, არამედ იმ სიყვარულის გამო, რა სიყვარულითაც რომეომ მოიკლა მისთვის თავი.

ჯულიეტას თვითმკვლელობა გაცილებით მეტ ნებისყოფასა და მეტ ძალას ითხოვდა, ვიდრე რომეოს თვითმკვლელობა. ქალი ხანჯლით იკლავს თავს, რაც, ყველა ხვდება, გაცილებით მძიმე გადაწყვეტილებაა.

ჯულიეტას გარდაქმა გოგონადან ქალად, ქალად, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში, ერთ-ერთი ყველაზე ტრიუმფალური მხატვრული შედეგია, რომელსაც შექსპირმა თავის ტრაგედიებში მიაღწია. ჯულიეტას თვითმკვლელობა კი არის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თვითმკვლელობა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

ანა კარენინა

უკანასკნელი წლების გამოკითხვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო რომანტიკულ რომანად „ანა კარენინა“ ითვლება და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის.

საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ იმ სპეციფიკურ ადგილას, სადაც მოწმდება მწერლების  რანჟირება, ბოლო ხანებში სამი მწერალი ძალიან მაღლა დგას ყველა დანარჩენზე – ხან ერთი გადის პირველზე, ხან – მეორე, ხან – მესამე. სულ ეს სამია – დიდი ბარდი შექსპირი და ორი რუსი გენიოსი ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი.

ანა კარენინა აშკარა ლიდერია სიყვარულზე დაწერილ რომანებს შორის. იგი ითვლება მე-19 საუკუნის ყველაზე პოპულარულ წიგნად. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული წიგნი კი, ლოლიტაა. ასე რომ, რუსებს დაპყრობილი აქვთ სასიყვარულო სფერო არამარტო იმ ნაწილში, რომელიც ცნობილია, არამედ ლიტერატურაშიც.

ლევ ტოლსტოის ეს ნაწარმოები არის გათხოვილი ქალის, ანა კარენინასა და ბრწყინვალე ოფიცრის, ვრონსკის სიყვარულის ამბავი. ტრაგიკული ისტორია, რომელიც ასახულია კონსტანტინ ლევინისა და კიტი შერბაცკაიას ბედნიერი ოჯახის ფონზე.

ნაჩვენებია ოჯახის როგორც უბედურება, ისე ბედნიერება. ტოლსტოიმ, ასე ვთქვათ, გარკვეული ბალანსი დაიცვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კიტი შერბაცკაიაც, ლევინიც, ვრონსკიც მშვენიერი სახეებია, ძალიან საინტერესოა მეუღლე კარენინიც, ამ რომანის თავი, ბოლო, შუაწელი და ყველაფერი არის ეს უზარმაზარი, ალბათ, მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე დიდი ქალური სახე – ანა კარენინა.

მის შესაქმნელად ტოლსტოიმ, რამდენიმე ადამიანი „გაძარცვა“:

ანას აქვს პუშკინის ქალიშვილის, გარტუნგის გარეგნობა (ლევ ტოლსტოი შეხვედრია მას); ერთი ძალიან სერიოზული ქალის ხასიათი, რომელიც გაყრისთვის იბრძოდა; პლიუს ქალის სახე, რომელმაც სიყვარულის გამო თავი მოიკლა, მატარებელს ჩაუვარდა; ამას ერთვის ქალის სახე, რომელიც ლევ ტოლსტოის უყვარდა და რომელიც მას ცოლად არ გაჰყვა… აი, ამ ქალებისგან, როგორც თავის დროზე მერი შელიმ ფრანკენშტეინი, შეკერა ტოლსტოიმ ქალის სახე და შექმნა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ძალის იდეალური ქალი.

ის პეტერბურგელია, მოსკოველებისთვის სამაგალითო, ძალიან ღრმა ქალი, მას შეუძლია მოაგვაროს პრობლემები, აქვს დიდი ავტორიტეტი, თუმცა როგორც კი მას „შეეშლება”, ანუ შეუყვარდება, არ ეპატიება.

ბოლოს და ბოლოს რა დააშავა ანა კარენინამ?! ანა კარენინას დანაშაული, მე მგონი, ის კი არ არის, რომ  შეუყვარდა, არამედ ის, რომ უსიყვარულოდ იცხოვრა მანამდე მთელი ცხოვრება და ლამის ასე დაასრულა.

ანა კარენინა ერთი წლის განმავლობაში უძლებდა ვრონსკის შეტევებს და არ დანებდა მას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სიყვარულის ამ ძალას ვეღარ გაუძლო.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში ლევ ტოლსტოიმ სწორედ ანა კარენინას სიკვდილი აღწერა იმ უცნაური, თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მეთოდით, რომელსაც ჰქვია ცნობიერების ნაკადი. ანა კარენინას ცნობიერების ნაკადით ჩვენ იმ უცნაურ სახეებს ვეცნობით, რომლებიც მას სიკვდილის წინ აეკვიატება – ეს არის ვიღაც „მუჟიკი“, რომელიც რატომღაც რაღაცას ფრანგულად ბუტბუტებს. აქ აშკარად იგრძნობა იმ კაცის სახე, თავის დროზე მატარებელმა რომ გაიტანა და ამ ნაწარმოებს თავიდანვე მისცა ტრაგიკული ჟღერადობა.

ანა კარენინა გაეშურა სადგურზე, გაატარა პირველი ვაგონი, მეორე ვაგონის ბორბლების პირველი წყება და შემდეგ შეუხტა მატარებელს.

დღეს კომპიუტერული კვლევით დადასტურდა, რომ ანა კარენინა, ისე როგორც ლევ ტოლსტოის აქვს აღწერილი, თავს ვერაფრით მოიკლავდა. როგორც ჩანს, ეს იყო შინაგანი წინააღმდეგობა, რომელსაც ადამიანი ტოლსტოი უწევდა მწერალ ტოლსტოის. არ არის დასამალი, რომ ეს სცენა ღამით დაუწერია, და დილით, როცა წაუკითხავს, უთქვამს, ეს რა უქნია ამ ქალსო.

ანა კარენინას სიკვდილი, მისი სიცოცხლე, მისი სიყვარული მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მაღალი რეგისტრია. მისი სიკვდილი ყველაზე უკეთ გამოხატავს ღმერთის თვითმკვლელობას, რომელიც თავის დროზე, როგორც გითხარით, ბორხესმა აღმოაჩინა, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიუჟეტური ხაზი.

ემა ბოვარი

ემა ბოვარი გახლავთ  ექიმ შარლ ბოვარის მეუღლე, რომელიც ცხოვრობდა არა ისე, როგორც მას ამის საშუალებას აძლევდა ფინანსები. ჰქონდა ქორწინების გარეშე კავშირები, რათა თავი დაეღწია სიცოცხლის სიცარიელისა და პროვინციული ცხოვრების უაზრობისათვის.

რომანის სიუჟეტი ძალიან მარტივი, შეიძლება ითქვას, ბანალურიც კია, მაგრამ მთელი რომანი დეტალებსა და სიუჟეტის მოწოდების ფორმებში იკითხება.

ფლობერი, როგორც მწერალი, ცნობილია თავისი მცდელობით, ყველაფერი მიიყვანოს იდეალამდე, ყველგან იპოვოს ზუსტი და სწორი სიტყვები, ამიტომ ემა ბოვარი არამარტო საინტერესო პერსონაჟია, ის იდეალურად აღწერილი პერსონაჟიც გახლავთ.

რომანის ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ ავტორი და, სხვათა შორის, გამომცემელიც ბრალდებული იქნენ მორალის შეურაცხყოფაში და 1857 წლის იანვარში სასამართლოშიც დაიბარეს. სასამართლომ ავტორი გაამართლა.

ეს იყო სკანდალური ამბავი, რამაც რომანი  კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ეს ნაწარმოები დღეს  რეალიზმის და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ნაწარმოებად, ერთ-ერთ მთავარ შედევრად ითვლება. რა თქმა უნდა, ემა ბოვარი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟადაა მიჩნეული.

2007 წელს, როდესაც  თანამედროვე პოპულარული ავტორების სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, რომანმა „მადამ ბოვარი“ დაიკავა სერიოზული ადგილი მსოფლიოს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს შორის – ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“ შემდეგ.

ემა ბოვარი იდეალებით გაიზარდა, მას ეგონა, რომ ქორწინება მას სიხარულს მოუტანდა, სინამდვილეში კი, პროვინციული ჭაობი მოუტანა.

ერთხელ შემთხვევით იგი არისტოკრატიულ წვეულებაზე აღმოჩნდა, სადაც იყო ცეკვა, იყო საიდუმლო, იყო ჩუმად წერილების გადაცემა, იყო ანანასი და ბროწეული, (ასეთი ხილი მანამდე მას არ ენახა), იყო სხვა ცხოვრება, და, აი, ემა ბოვარიმ იგრძნო, რომ იმ საშინელებაში, რაც არის პროვინციული ცხოვრება, მას ყოფნა არ შეეძლო და მან საყვარლები გაიჩინა.

მას, სულ ცოტა, ორი საყვარელი ჰყავდა რომანის განმავლობაში. ფრანგი ქალი იყო და იცოდა, რომ საყვარელი ძვირი სიამოვნებაა, რომ საყვარელს საჩუქრები სჭირდება. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არ ჰქონდა ფული, ხან თავისი ხარჯით, ხან ქმრის ქონებით, ხან სესხით დააგროვა ვალები საყვარლებისთვის და როდესაც მას ეს ფული დასჭირდა, აღარავინ მისცა.

ემა ბოვარიმ სასოწარკვეთილებისგან მოიკლა თავი. ეს იყო სასოწარკვეთილება, რომ ბერდება, რომ საყვარლებს კარგავს, რომ ცხოვრებას კარგავს. მას ვერც შვილმა მოუტანა სიხარული, ვერც ქმარმა.

ემა ბოვარი ჩავარდა ისეთ განსაცდელში, საიდანაც გამოსავალი აღარ გამოჩნდა – ფული ვეღარ იშოვა. საკმაოდ უსინდისო და ცუდი ხალხი აღმოჩნდა მის გვერდით, არავინ გაუმართა ხელი, არავინ ჩაიხედა მის გულში.

მან დარიშხანით მოიკლა თავი. ეს თვითმკვლელობა ისეთი დეტალებითაა აღწერილი, რომ ხუმრობაც კი გაჩნდა – როგორც რუსეთში აღარავინ უვარდება მატარებელს ანა კარენინას გამო, ისე საფრანგეთში თავს აღარავინ იწამლავს მას შემდეგ, რაც წაიკითხეს, რა მოუვიდა ემა ბოვარის.

ეს ამბავი ისეთი დეტალებითაა აღწერილი, ამ ეპიზოდის წერის პროცესში ავტორს რამდენჯერმე აერია გული, თითქოს მოწამვლის აშკარა ნიშნები ჰქონდა.

ემა ბოვარი გარდაიცვალა, მისმა ქმარმა იგი მწარედ დაიტირა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორი იყო ქალის ცხოვრება, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ემას მიმოწერა თავის საყვარელთან. ქალის სიკვდილის შემდეგ გაუჩნდა საეჭვიანო და საფიქრალი, რომ თურმე ცოლი ღალატობდა, რის გამოც ძალიან მალე უკვე თვითონ შარლ ბოვარიც გამოეთხოვა წუთისოფელს.