რეჟისორმა, ირაკლი გურგენიძემ ტენესი უილიამსის ყველაზე ცნობილ პიესაში – „ტრამვაი, სახელად სურვილი“ უცნობი შრეები აღმოაჩინა.
„იმისთვის, რომ ახალ ორლეანში „ელისეს მინდვრებზე“ მოხვდე, ორი ტრამვაი უნდა გამოიცვალო, ტრამვაი სახელად „სურვილი“ და ტრამვაი „სასაფლაო“ – ასეთი ტევადი სიმბოლოთი იწყება ტენესი უილიამსის ცნობილი პიესა – „ტრამვაი, სახელად სურვილი“. რეჟისორ ირაკლი გურგენიძის საპრემიერო წარმოდგენა თავისუფალი თეატრის სცენაზე აშკარად თამამ და პრეტენზიულ განაცხადს შეიცავდა, რადგან ნამდვილად არაა იოლი, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ამერიკელი დრამატურგის ყველაზე ცნობილ პიესას ახალი ახსნა–კონცეფცია მოუძებნო. არსებითად, კლასიკური პიესების დადგმის მიზანი ხომ სწორედ ეს არის – რატომ უნდა დაიდგას აქ და რატომ ახლა?!
წლების განმავლობაში ამ პიესის მიმართ გარკვეული არქეტიპები და სტერეოტიპები ჩამოყალიბდა. საბედნიეროდ, რამდენიმე მათგანის დამსხვრევა რეჟისორმა მოახერხა, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი გზავნილების ნაწილი მაყურებელთა არასწორ რეაქციებში ჩაიკარგა. პირველი და უმთავრესი, რაც რეჟისორის კონცეფციაში გამოიკვეთა და რაც მან ბლანშ დიუბუას (ანი იმნაძეს) ათქმევინა კიდეც, ეს არის „უმიზეზო სისასტიკის“ არსებობა. მთელი წარმოდგენა, რეალურად, მიემართება სწორედ ამ სისასტიკის ფინალურ დადასტურებამდე, როდესაც სტენლი კოვალსკი (ოთო ჩიქობავა) ბლანშზე ძალადობს, რაც ფინალში ბლანშის ფსიქოლოგიური განადგურების მიზეზი ხდება.
მეორე და ასევე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც რეჟისორის კონცეფციაში იკითხება, საზოგადოების ძალადობასთან შეგუებაა, რაც, საბოლოოდ, „ძალადობის ბანალურობად“ ტრანსფორმირდება. სტენლის სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსები აქვს: ბლანში და მისი და სტელა (შორენა ზუბიაშვილი) გაღატაკებული არისტოკრატიის წარმავალ კლასს განასახიერებენ (დიუბუა ფრანგული გვარია და „ტყეს“ ნიშნავს) მაშინ, როცა პოლონური წარმოშობის სტენლი კოვალსკი (პოლონურად „მჭედელი“) პროლეტარიატის სიმარდესა და დაუნდობლობას განასახიერებს. მაგრამ სხვები? როგორ ცხოვრობენ, რას ფიქრობენ, რატომ არ იძვრიან „ამ ჭაობიდან“ (როგორც ბლანში უწოდებს ნიუ–ორლეანის ღარიბულ კვარტალს)?
მაგალითად, რატომ თმობს ასე იოლად ბლანშის სიყვარულს მისით უზომოდ მოხიბლული მითჩი (თორნიკე ბელთაძეს საინტერესოდ აქვს გააზრებული თავისი როლი)? რატომ იბრძვის გაშმაგებული იუნისი (ანა ბერელაშვილი), რომ ქმარს უპირატესობა დაუმტკიცოს? რა მოტივები შეიძლება ამოძრავებდეს სტივს (დათო ჩოგოვაძე), რომელიც სტენლისა და მითჩთან ერთად მხოლოდ კარტის თამაშითა და ლუდის სმითაა დაკავებული და ეს სრულებით აკმაყოფილებს… რატომ ვერ ელევა კოვალსკის უზრდელობასა და უხამსობას სტელა, როცა ქმარი მას განუწყვეტლივ შეურაცხყოფს… თუმცა ყველაფერს პატიობს მხოლოდ სექსის გამო. და საერთოდ, რატომაა ამ „პატარა ადამიანების“ ცხოვრებაში ყოველდღიური, პატარა ძალადობებით აღსავსე ეპიზოდები ასეთი ჩვეულებრივი?
სწორედ ამ დამყაყებული გარემოს დანგრევას ცდილობს სუსტი, მაგრამ შთამაგონებელი სიყვარულის მოლოდინით აღსავსე, ნევროზებითა და პოეტური კეკლუცობით გამორჩეული ბლანში, თუმცა ნიუ–ორლეანის ეს კვარტალი (რამდენად ნატიფი ირონიაა, მას რომ „ელისეს მინდვრები“ ჰქვია) სტენლი კოვალსკის სამფლობელოა და ამ სივრცეს არავის არ დაუთმობს. ბლანშთან მის ფინალურ ანგარიშსწორებას, გარდა ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივებისა, სწორედ ეს ცხოველური ინსტინქტიც განსაზღვრავს – მას თითქოს ძაღლივით აქვს მონიშნული თავისი ფიზიოლოგიური სივრცე, რომელიც, სინამდვილეში, მის იდენტობას, ძალმოსილებას, ანუ ძალადობის ფორმას განსაზღვრავს.
თუ ფსიქოანალიტიკური კუთხით გავყვებით სტენლი კოვალსკისა და ბლანშ დიუბუას დაპირისპირებას, მასში შეიძლება, თავად ტენესი უილიამსისა და მისი მეგობრის, ფრენკ მერლოს ურთიერთობის ისტორიაც ამოვიკითხოთ. მერლო უილიამსის დეპრესიისა თუ ინსპირაციის წყარო და ასევე, „დამაბალანსებელი“ იყო. 1961 წელს ის კიბოთი გარდაიცვალა, რამაც ტესესი უილიამსის ღრმა, თითქმის ათწლიანი დეპრესია გამოიწვია.
რეჟისორის განსაკუთრებულ მიგნებად მაინც ბლანშის ფსიქოლოგიური ტრავმების სცენური გაცოცხლება მეჩვენება. ბლანშის პირველ და ტრაგიკულ სიყვარულს – 17 წლის ალანს, ფოსტის ახალგაზრდა კურიერსა და ექიმს ფინალურ სცენაში, ერთი და იგივე მსახიობი, დაჩი ბაბუნაშვილი განასახიერებს. ეს ამთლიანებს, აერთიანებს და აცოცხლებს დაკარგული იდეალური სიყვარულის ხატს, რასაც ბლანში დაეძებს საყვარელი პოეტების სტრიქონებში… და როცა ექიმს ფინალში ეუბნება: „მე ყოველთვის პირველი შემხვედრის სიკეთეზე ვიყავი დამოკიდებული“, მაყურებლისთვის გასაგები ხდება, რატომაა რეჟისორის კონცეფციით მნიშვნელოვანი ამ სამი პერსონაჟის გაერთიანება.
სპექტაკლის სცენოგრაფი და მხატვარი გიორგი უსტიაშვილი ლელიანით დაფარულ „ჭაობს“ (ნიუ–ორლეანის ფრანგულ კვარტალს) ჩვენს თვალწინ მოულოდნელად გადააქცევს „რკინის ჯუნგლებად“. სწორედ აქ, ამ „ჯუნგლებსა და ჭაობში“ ეშვება კიბეებით ბლანში, რომელიც პირველად თეთრი სუდარით გვევლინება სცენაზე და პიესის მცოდნეთათვის მაშინვე გასაგები ხდება პირველივე და ტრაგიკული ინტონაცია – ეს დაღუპული ალანის გლოვის ფერია, მისი კოდი და მისი სიმბოლო, რაც ბლანშს შემდეგ მთელი ცხოვრება წყევლასავით თან სდევს.
ნოე კვირკველიამ სპექტაკლისთვის მრავალფეროვანი ინტონაციით გამორჩეული ელექტრონული მუსიკა შექმნა, რომელიც რამდენიმე მოტივს აერთიანებს – ყრუსა და თითქმის უხმოს, თითქოს დაგუდულს, დრამატული ინტონაციით აღსავსეს. სწორედ ყრუ ბგერები ახლავს ბლანშს, როცა ის კიბეებით ჯოჯოხეთში ეშვება და დრამატული, როცა ექიმის ხელზე დაყრდნობილი და განადგურებული იმავე ჯოჯოხეთიდან მიდის…
სხვათა შორის, „ორფეოსოსი ჯოჯოხეთში ეშვება“ – ტენესი უილიამსის კიდევ ერთი ცნობილი პიესის სათაურია, რომელიც ირაკლი გურგენიძის სპექტაკლს არანაკლებ უხდება.