„მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები ტრავმისა და ნივთიერებების ავადმოხმარებისთვის“ – ამ თემაზე ინგო შაფერმა, ჰამბურგის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ტრავმას, როგორ დავნერგოთ ტრავმაზე მკურნალობა ჩვენს მუშაობაში – ამ საკითხებზე ქართველი ფსიქოლოგები მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს გაეცნენ.
„პუბლიკა” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის კონტექსტში.
– ტრავმა და ნივთიერებების მოხმარება – ეს ორი სერიოზული საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. განგვიმარტეთ, რატომ უკავშირდება ისინი ერთმანეთს?
– იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ნივთიერებებს მოიხმარს, ხშირად ძალიან რთული ბავშვობა ჰქონია – მათ ცხოვრებაში ხშირად ყოფილა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ჰქონიათ ქაოსური ბავშვობა, ყოფილა მშობლებს შორის კონფლიქტები და ასე შემდეგ. ეს შედეგად იწვევს ხოლმე იმას, რომ ადამიანები იწყებენ ნივთიერებების მოხმარებას და ამ მხრივ დაუცველები ხდებიან.
ისედაც ყველამ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი მოიხმარს ნივთიერებებს, როგორიცაა, ალკოჰოლი, მარიხუანა თუ რაიმე სხვა, ამას აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი. ამ დროს ადამიანს თავის პრობლემებთან პირისპირ ყოფნა აღარ უწევს, აღარ ფიქრობს პრობლემებზე. მაგრამ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ზრდასრულია უკვე და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა ნივთიერების მოხმარების გამო: დეპრესია, სხვადასხვა სიმპტომი, ასევე ვითარდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ძალიან ლოგიკურიც არის, რომ ამდენი პრობლემის გამო ისევ აგრძელებს ნივთიერებების მოხმარებას და, ფაქტობრივად, „თვითმკურნალობას” იყენებს. მოიხმარს ნივთიერებებს და, მისი გაგებით, თავის თავს „მკურნალობს”.
– განგვიმარტეთ, რა სპეციფიკას უნდა ითვალისწინებდეს თერაპიული მიდგომები ასეთ შემთხვევაში?
– დიახ, ნამდვილად უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა. როდესაც სპეციალისტები მუშაობენ ნივთიერების მომხმარებელ ადამიანებთან, გარკვეულ შემთხვევებსა და სიტუაციებში არ აქვთ ცოდნა. რა თქმა უნდა, იციან პაციენტების მძიმე გამოცდილების შესახებ, ადამიანები ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს, საუბრობენ მშობლებზე, წარსულზე და ასე შემდეგ, მაგრამ ცოდნა არ აქვთ, არ იციან, როგორ იმოქმედონ.
სწორედ ამიტომ, აქ შემოდის ტრავმათერაპია, ანუ ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპია, რადგან ახლა უკვე ძალიან ეფექტიანი მეთოდები გვაქვს, როგორ ვუმკურნალოთ ტრავმას, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა და როგორ დავნერგოთ ტრავმაზე მკურნალობა ჩვენს მუშაობაში.
რეალურად, ტრავმის შესახებ ცოდნა ადამიანს ეხმარება, უკეთესად გაუგოს პაციენტებს და ნაკლებად გამკიცხავი და იმედგამაცრუებელი იყოს მათი მუშაობა პაციენტებთან მიმართებით. და პირიქით, ტრავმაზე მუშაობა ეხმარება მათ, რომ პაციენტების ქცევები, აზრები უკვე სხვა ჭრილში გაიაზრონ.
– რა არის ძირითადი პრინციპები, რაც ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომას ახასიათებს?
– ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში ვიცით, რომ ფოკუსირებული მუშაობა ხდება. ტრავმაზე მუშაობის შემთხვევაში კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანს ბევრი სხვა პრობლემაც აქვს და სხვა პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ და მივუდგეთ საკითხს. მაგალითად, როდესაც ადამიანებს პრობლემა აქვთ თვითმოვლისას, ან პრობლემები აქვთ ურთიერთობებში, ტრავმათერაპიაში არსებობს ამ ყველაფრის მართვის ახალი მეთოდები, როგორ უნდა იზრუნოს ადამიანმა საკუთარ თავზე, როგორ შექმნას, ჩამოაყალიბოს და დაალაგოს უკეთესი ურთიერთობები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მან რთული ემოციების მართვა შეძლოს.
ამასთან, კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარენ ნივთიერებებს, სჭირდებათ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობაც. თუმცა, ეს უნდა მოხდეს ტრავმათერაპიით მკურნალობასთან ერთად. ანუ ერთდროულად გვჭირდება მუშაობა ორივე მიმართულებით.
– საქართველოში ყველაზე სუსტი რგოლი არის ფსიქოსოციალური დახმარება ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი. შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული პროგრამები, მაგრამ ხარისხიანი ფსიქოსოციალური სერვისი არ ახლდეს მას. გადაწყვეტილების მიმღებ პირებისთვის რომ განვმარტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ რგოლის განვითარებაზე ვიზრუნოთ?
– ძალიან ბევრი კვლევა და გაიდლაინები ადასტურებს, რომ ფსიქოსოციალური დახმარება პრობლემის გამკლავების, ფაქტობრივად, ერთადერთი გზაა და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ნივთიერების მოხმარება უდიდესი პრობლემაა.
თუ რაიმეს შეცვლა უნდათ საზოგადოებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაიგონ, რომ ფსიქოსოციალური პროგრამები ყველაზე ეფექტურია და ეს იქნება კარგი ინვესტიცია. ამიტომ ამ მიმართულების განვითარებაზე ფიქრი აუცილებელია, რადგან ესაა გამოსავალი.
– საქართველოში გამოწვევა არის მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ყოველთვის ჩემს რესპონდენტებს ვეკითხები ხოლმე ამ ფაქტორის გავლენაზე, თუნდაც ფსიქოლოგიური თერაპიის კუთხით – რამდენად უშლის ხელს კანონმდებლობის წნეხი კარგ მკურნალობას?
– პოლიტიკა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერების მოხმარება დავინახოთ და აღვიქვათ როგორც ქრონიკული დაავადება და არა როგორც დანაშაული, რომელსაც ზეწოლა და წნეხის ქვეშ მოქცევა სჭირდება. გამოცდილებითაც ვიცით, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ნარკოტიკებს, დამარცხდნენ, იმიტომ, რომ ეს არ მუშაობს. ახლა ისინი პირიქით ცდილობენ, რომ პოლიტიკა შეიცვალოს, სხვა პერსპექტივიდან შეხედონ ამ პრობლემას და ამ ადამიანებამდე უფრო ახლოს მივიდნენ, ზიანი შეამცირონ. სწორედ ასეთი გზებით ცდილობენ შედეგის მიღწევას, რადგან წნეხის ქვეშ მოქცევა შედეგს არ იძლევა.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.