ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, მათ, ვისაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთან შეხება, ვებგვერდი CPR.GE უფასო ტრენინგ-მოდულებს სთავაზობს.
ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის პროექტის „ზრუნვა, პრევენცია და ადამიანის უფლებები” (CPR) ფარგლებში და ემსახურება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი ირმა კირთაძე გვიხსნის, რა სახის ინფორმაციის მიღება შეეძლება სპეციალისტს ვებგვერდის მეშვეობით.
„ყველაზე მეტად მოთხოვნადია ნივთიერებების აღწერილობის შესახებ ტრენინგ-მოდული, სადაც სპეციალისტები სწავლობენ ამ ნივთიერებების კლასების მიხედვით განსხვავებას, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ – რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნას ადამიანებს, მათ პაციენტებს, რომლებიც მოიხმარენ ამა თუ იმ ნივთიერებებს.
ამ მოდულს გადიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ასევე ექიმები (გარდა ნარკოლოგებისა), ასევე რეაბილიტაციის ცენტრში მომუშავე თანასწორები და ერკვევიან სხვადასხვა ნივთიერების კლასებში“, – ამბობს კირთაძე.
მისივე ცნობით, მოთხოვნად მოდულებს შორის არის შეფასების სკრინინგული ინსტრუმენტები – ASSIST და AUDIT, რომელიც ნებისმიერ სერვისში პრობლემების იდენტიფიცირების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
ASSIST – ასე ჰქვია ტესტს, რომელიც ეხება ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქტებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას. ტესტი 8-პუნქტიანი კითხვარისგან შედგება და განსაზღვრავს რისკის ქულას თითოეულ მოხმარებულ ნივთიერებაზე. შემდეგ კი, პასუხებზე დაყრდნობით იძლევა სკრინინგ-ტესტით გამოვლენილი ჯანმრთელობის რისკების შესახებ რეკომენდაციებს.
AUDIT – მოცემული თვითშეფასების ტესტი 10-კითხვიანია და აფასებს ბოლო 12 თვეში ალკოჰოლის მოხმარების სიხშირეს და სმის თავისებურებებს.
ეს არის ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მიერ მოწოდებული ტესტი, რომელიც, ქართულ ენაზეა თარგმნილი და ადაპტირებული.
„ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა ტიპის სერვისცენტრში. ახლა გავდივართ ამ პროცესს – ვნახულობთ, სად უფრო გამოყენებადი იქნება ესა თუ ის ინსტრუმენტი, რასაც შემდეგ შესაბამის რეკომენდაციასა და ადვოკატირებას გავუწევთ“, – ამბობს კირთაძე.
მისივე თქმით, სპეციალისტს ეს ინსტრუმენტები თავის პორტალში ექნება ინტეგრირებული, რათა გამოიყენოს ის ბენეფიციართან, პაციენტთან; შევსებული ტესტი ელექტრონულადაც ინახება – მას ნებისმიერ დროს შეეძლება, ამობეჭდოს შედეგები, ჩააკრას ისტორიაში, შეეძლება შემდგომი მიდევნება და ა.შ.
„ანუ მაქსიმალურად არის ხელშეწყობილი ექიმი. ამასთან, ამაზე წვდომა არავის არ აქვს, მის გარდა. ეს არის აბსოლუტურად დაცული სისტემა“, – ამბობს კირთაძე.
სპეციალისტის პორტალის საშუალებით შესაძლებლობა გექნებათ, ასევე გაიაროთ ტრენინგ-მოდულები კანაფის, სტიმულატორების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მართვაზე. ასევე, მიიღოთ ინფორმაცია ორმაგი დიაგნოზის რაობისა და მართვის შესახებ.
კირთაძის თქმით, პორტალზე ასევე არის მოდული, რომელიც ერთ-ერთ ძალიან კომპლექსურ ინსტრუმენტს ხსნის – ეს არის დამოკიდებულების სიმძიმის ინდექსი (ASI), რომელიც შეიძლება გამოიყენონ პაციენტების ან სხვადასხვა სერვისში ჩართული ბენეფიციარების კომპლექსური შეფასებისა და დროში მიდევნებისთვის, რათა ვნახოთ, რამდენად იცვლება სიტუაცია.
კირთაძის შეფასებით, ამ ფორმატით ტრენინგის გავლას ბევრი უპირატესობა აქვს და მორგებულია თითოეული დაინტერესებული პირის ინდივიდუალურ რეჟიმს.
„ამ სახით უფრო გაიოლებულია სწავლა – ისეთ დროს დაჯდება ადამიანი ტრენინგების გასავლელად, როცა დრო აქვს, არის უფრო კომფორტულად, მყუდროდ. შეუძლია, შეწყვიტოს და მიუბრუნდეს სასურველ დროს. იგი ქმნის თავის სივრცეს, თავის პორტალს, სადაც ეს ყველაფერი შეინახება.
მოდულები წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატში – მათ შორის ვიდეოს სახით; არის powerpoint-ის ისეთი ფორმატი, სადაც თითოეულ სლაიდზეა დატანილი ვიდეო. როგორც სლაიდების ჩამოტვირთვაა შესაძლებელი, ასევე მთლიანი ვიდეოს ნახვა ნებისმიერ დროს. დამატებითი საკითხავი მასალაც არის მოწოდებული“, – ამბობს კირთაძე.
მოდულის გავლის შემდეგ პორტალი იძლევა შესაძლებლობას, რომ სპეციალისტმა გაიაროს ტესტირება და შემდეგ აიღოს სერტიფიკატიც, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ავტომატურად.
„თუ ამ ტესტის კითხვების 80%-ზე მეტი სწორად არის ნაპასუხევი, ანუ მინიმალური ზღვარი არის 80%, იღებ სერტიფიკატს კონკრეტული მოდულის – რომ წარმატებით გაიარე ის“, – ამბობს კირთაძე.
მისივე თქმით, ორგანიზაცია ახლა მუშაობს ტრენინგ-მოდულებზე აკრედიტაციის მისაღებად. კერძოდ:
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ ამ ტრენინგ-მოდულებზე აკრედიტაცია. ექიმები, რომლებიც ონლაინ გაივლიან ამ მოდულს, მათთვის აბსოლუტურად უფასოდ, ეს მათი უწყვეტი და განგრძობადი განათლების ფარგლებში გარკვეულ ქულებად იქნას თარგმნილი და ალბათ წლის ბოლოსთვის მოვახერხებთ, რომ მივიღოთ უკვე ეს აკრედიტაციაც“, – ამბობს კირთაძე.
როგორც ის ამბობს, მუშაობენ საკითხზე, რომ მოდულის გავლა მიებას ე.წ. უპგ-ქულების მოპოვებას (უწყვეტი პროფესიული განვითარება).
„ამდენად, ექიმებისთვის ეს ჯერ არ ითარგმნება, როგორც უპგ-ქულები და დამატებით მათი დაინტერესება სწორედ ეს იქნება, რომ ამ ქულების მოსაპოვებლად გაიარონ ტრენინგი“, – ამბობს კირთაძე.
ამას გარდა, როგორც კირთაძე გვეუბნება, ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლების სახით უკვე დაამტკიცა სამი ინსტრუმენტი – AUDIT, ASSIST და SBIRT, რაც იმას ნიშნავს, რომ საოჯახო მედიცინის ექიმებმა პირველად პაციენტებში უნდა ჩაატარონ ეს სკრინინგი და შემდგომი მიდევნება.
„მთავარია ამის პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკაში დანერგვა. პროტოკოლი არსებობს უკვე, ამას კი მოთხოვნა მოჰყვება, რომელიც სავალდებულო ხასიათს მიიღებს. ვინაიდან პროტოკოლი არსებობს, ნიშნავს, რომ გახდება სავალდებულო.
პროტოკოლის დანერგვის ხელშესაწყობად კი არსებობს უკვე ეს ონლაინ-მოდულები, რითაც მაქსიმალურად ხელშეწყობილია ექიმი, რომ ამ გზით მიიღოს პრაქტიკული რჩევები მის გამოყენებაზე“, – ამბობს კირთაძე.
ირმა კირთაძის თქმით, ეს შესაძლებლობა შეიძლება მიმზიდველი იყოს დამსაქმებლისთვისაც, ვისაც კარგად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომ მისი პერსონალი ამ საკითხებში ერკვევა.
„დამსაქმებელმა, რომელმაც იცის, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყოველივეს, შესაძლოა, თვითონვე ურჩიოს თანამშრომელს, რომ გაიაროს ეს ტრენინგი და აიღოს სერტიფიკატი“, – ამბობს ის.
კირთაძის თქმით, ვებგვერდზე cpr.ge სტანდარტული ავტორიზაციის პროცედურის გავლის შემდეგ სპეციალისტს ყველა ამ შესაძლებლობით სარგებლობის საშუალება ექნება.