ბერლინში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, იუტა ლამპე.
თითქმის 30 წლის განმავლობაში იუტა ლამპე ბერლინის ლეგენდარული თეატრის, „შაუბიუნეს” წამყვანი მსახიობი იყო. მეოცე საუკუნის 70-90-იან წლებში მთავარი როლები განასახიერა ცნობილი გერმანელი და ზოგადად, ევროპელი თეატრალური რეჟისორების – პეტერ ზადეკის, პეტერ შტაინის, რობერტ ვილსონის, კლაუს მიხაელ გრუბერის, ედიტ კლევერის, ლუკ პერსვალის, ანდრეა ბრეტის სპექტაკლებში. თუმცა თავად იუტა ლამპე ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა შტაინის მიერ „შაუბიუნეში“, 80-იან წლებში დადგმულ ჩეხოვის ტრილოგიას: „სამი და” (სადაც მაშას თამაშობდა), „ალუბლის ბაღი“ (რანევსკაია) და „თოლია“ (არკადინა). თავის დროზე ამ სპექტაკლებმაც და მსახიობის თამაშმაც თეატრალური კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება” (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს. მარგარეტ ფონ ტროტას ფილმს დიდი წარმატება ხვდა ვენეციის 1982 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც იუტა ლამპემ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი დაიმსახურა. თავად რეჟისორს კი ვენეციის კონოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ლომი” გადაეცა.
1988 წელს ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა ანჯეი ვაიდამ იუტა ლამპე მიიწვია ფილმში „ეშმაკნი” (დოსტოევსკის რომანის ეკრანიზაცია), სადაც მან ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, დრამატული ექსპრესიითა და ერთგვარი სარკაზმით განასახიერა რევოლუციური იდეებითა და პარანოიით შეპყრობილი მარია ლებიატკინას სახე. აღსანიშნავია, რომ სცენარი ეყრდნობა ალბერ კამიუს მიერ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, რომანის მიხედვით შექმნილ ინსცენირებას. ფილმში ევროპული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი: იზაბლ იუპერი (მარია შატოვა), ბერნარ ბლიე (გუბერნატორი), ლორან მალიო (კირილოვი), ლამბერ ვილსონი (სტავროგინი), ფილიპინა ლერუა (ლიზა), ეჟი რაძილოვიჩი (შატოვი), ომარ შარიფი (სტეპანი)… ამდენად, ლებიატკინას როლი საინტერესო და გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში.
და მაინც, თეატრი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი და უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2004 წელს, „შაუბიუნედან“ უკვე კარგა ხნის წამოსული იუტა ლამპე ევროპაში ცნობილმა ბელგიელმა რეჟისორმა, ლუკ პერსევალმა სპეციალურად მიიწვია ანდრომაქეს როლზე ჟან რასინის ამავე სახელწოდების პიესაში. პრესა მაშინ წერდა, რომ „ეს მოულოდნელი, მაგრამ ტრიუმფალური დაბრუნება იყო“. მშობლიურად მიჩნეული „შაუბიუნე“ მან 1999 წელს დატოვა, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელობა შეიცვალა და პეტერ შტაინის ნაცვლად თეატრში ახალგაზრდა, ნიჭიერი და ამბიციური ტომას ოსტერმაერი მიიწვიეს.
ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ეს სპექტაკლიც და იუტა ლამპეს თამაშიც. უჩვეულო სცენოგრაფიული და ტექნოლოგური გარემო, ბეტონის კედლები, ცარიელი სცენა, ბოთლების ნამსხვრევები, რომელთა შორის სომნამბულასავით დადიოდა თუ დაეხეტებოდა ანდრომაქე… ჭერზე დაკიდებული ურიცხვი მიკროფონი ნებისმიერ ფრაზას თუ ამოსუნთქვას ხმაურად აქცევდნენ და ამ გაფაციცებულ ვიბრაციებში, მაყურებელს ნაჭედ და მკაფიო კონტრაპუნქტად ჩაესმოდა მისი საოცარი ტემბრის ხმა.
კლასიცისტური მონოლოგების უსასრულო სამყარო თითქოს ბოთლების უსასრულო ნამსხვრევებადაც იქცა, რომლებსაც ვნებით შეპყრობილი ორესტე ბეტონის კედელებზე გაშმაგებით ანარცხებდა. ფინალში მთელი სცენა ამ შუშის ნამსხვრევებით იყო სავსე და შიშნარევ გამოცანად რჩებოდა – როგორ შეეძლო ფეხშიშველა ანდრომაქეს მათ შორის ისე თავისუფლად ევლო და ელაპარაკა, რომ არაფერი გაეჭრა…
დელიკატური, მგრძნობიარე, მყიფე და ამავე დროს ჯიუტი და ძლიერი – ასეთი იყო ანდრომაქე. მსახიობის გარეგნობაშიც და თამაშშიც ზუსტად ასეთივე დუალიზმი იგრძნობოდა, რომელიც აუცილებლად მიგახვედრებდათ, რომ ის გამორჩეული პიროვნება და არტისტია.
გერმანული თეატრის უდიდესი რეჟისორები – ლუკ ბონდი, პეტერ ზადეკი, კლაუს მიხაელ გრუბერი და ბოლოს, პეტერ შტაინი დიდ პატივად მიიჩნევდნენ მასთან მუშაობას. იუტა ლამპე და პეტერ შტაინი ბოლოს 2009 წელს, ციურიხში შეხვდნენ ერთმანეთს. მსახიობისთვისაც და რეჟისორისთვისაც ეს დიდი ხნის ოცნება იყო: მუშაობა, აღმაფრენა და ძიება, რომელიც დავიწყებული ჰქონდათ და რაც ხელახლა უნდა აღდგინათ. „როცა სცენაზე გავედი, ისე ვნერვიულობდი, ისეთი დაბნეული ვიყავი, აღარაფერი მესმოდა. მაშინ პეტერმა მითხრა – იყავი ისეთი, როგორიც ხარ. არაფერი დამალო, რაც გაგაჩნია: ეჭვები, სინაზე, სიბრაზე, სიხარული. ეს შენი ხელოვნების ნაწილია, შინაგანი თავისუფლება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ავთენტურობით“.
რასაკვირველია, ორივემ იცოდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც სხვა დროის შვილებად დარჩნენ. როგორც რანევსკაია და გაევი „ალუბლის ბაღში“. დაბრუნება წარსულის „შაუბიუნეში“, რომელიც 21-ე საუკუნეში ენერგიულმა ტომას ოსტერმაიერმა კარგი მენეჯმენტითა და სოციალური რეპერტუარით „წარმატების ფორმულად“ აქცია, შეუძლებელი იქნებოდა და არც სურდათ. ამიტომაც ბერლინიდან შორს დაგეგმეს შეხვედრა: უკანასკნელი სცენა დიდ, შემაჯამებელ სპექტაკლში…
„ტყვიის დროება“ პანდემიის ჟამს დასრულდა, თუმცა თეატრი მუდმივი გაოცებისა და სასოწარკვეთისათვის არის მოგონილი. რაც ძალიან კარგად იგრძნობა იუტა ლამპეს მიერ სცენაზე განსახიერებულ თუ კინოროლებში, რადგან მათში ყველანაირი ჟღერადობაა – დრამატული, ირონიული თუ პოეტური.