„ერთი მოსწავლე მყავდა, ზარი რომ დაირეკა, ეზოში დარჩა, გაკვეთილზე არ შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ შიოდა და ცდილობდა, ხის კენწეროდან მსხლის რამენაირად ჩამოგდებას“, – მასწავლებელი.
„ჩემს შვილს აქვს ჭარბი წონის პრობლემა. ეს გამოიწვია ამ უკონტროლო კვებამ. ძირითადად ნახშირწყლებს იღებდა”, – მშობელი
„კლუბის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად გვიანობამდე როდესაც ვრჩებოდით, მაიონეზს და აჯიკას ვყიდულობდით, ვურევდით ერთმანეთში და ვჭამდით პურთან ერთად. მაშინ არც გვიფიქრია, რომ ეს საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ, ეს შიმშილის დაოკების საშუალება იყო”, – მასწავლებელი
ციტატები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, „განათლების კოალიცია“.
საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2023 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების ერთ მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლაში. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში – 44.9%.
ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა).
მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე იმ ბავშვებიდან, ვინც სკოლაში საკვებს არ იღებს, 37.7% ამბობს, რომ საკვების არ მიღების ყველაზე ხშირი მიზეზი ფინანსური პრობლემაა. გარდა ამისა, ბავშვები სხვადასხვა მიზეზის გამო არ/ვერ იკვებებიან, მათ შორისაა, სკოლაში ან სკოლასთან ახლოს კვების ინფრასტრუქტურის არარსებობა და სხვა.
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს და შესასრულებლად სავალდებულოა, განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვთა უფლება კვებასა და ჯანმრთელობაზე.
„სკოლაში კვება სასურველია იმისთვის, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა ყოველდღიურად სრულ კვებაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ბავშვების ყურადღება სწავლაზე და სკოლაში ბავშვთა ჩარიცხვის მაჩვენებელი”, – ნათქვამია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში.
„პუბლიკის“ წინა სტატიაში „პროგრესული ფორუმის“ ეგიდით მომზადებულ (მკვლევარი ეთო გვრიტიშვილი) პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას, როგორი მოდელის პროგრამები არსებობს, რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება და როგორია მისი დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება.
ამ სტატიაში კი, ამავე პოლიტიკის დოკუმენტის გამოყენებით განვიხილავთ – უფასო სასკოლო კვების როგორი სქემის დანერგვა იქნება ეფექტიანი საქართველოში?
ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ აჩვენა, რომ ყველა სისტემური გამოწვევის გათვალისწინებით, უნივერსალური სასკოლო კვება არის ყველაზე ეფექტიანი მოდელი, რომელსაც აქვს პრობლემების გადაწყვეტის რესურსი.
დოკუმენტში მოყვანილია ის არგუმენტები, რომელთა გამოც საქართველოში უნივერსალური სასკოლო კვების მოდელის დანერგვა ყველაზე ეფექტიანი იქნება.
სოციალური დაცვის მექანიზმი
საქართველოში 16 წლამდე ასაკის 241 697 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს მაჩვენებელი ამ ასაკის ბავშვების 30%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მესამე იღებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ აჩვენა, რომ იმ სახელმწიფოების ნაწილში, სადაც მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამებია დანერგილი, ეს პროგრამები ადგილობრივი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ამასთან ერთად, სახელმწიფოებს აქვთ უნივერსალური (ყველა ოჯახზე გამიზნული) სოციალური ბენეფიტები, რომლითაც თანაბრად სარგებლობენ ყველა სოციალური ჯგუფის ბავშვები.
საქართველოს კი, ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის მსგავსი უნივერსალური სოციალური ბენეფიტების სისტემა არ გააჩნია, ხოლო ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც სოციალურად მოწყვლად ბავშვებს მიემართებათ, ავტორის შეფასებით, სუსტი და ფრაგმენტულია.
დოკუმენტის მიხედვით, კერძო სკოლები იშვიათად წარმოადგენენ უფასო სასკოლო კვების პროგრამის სამიზნე ჯგუფს. შესაბამისად, საქართველოში საჯარო სკოლებში უნივერსალური სასკოლო კვების მოდელის დანერგვის მთავარი ბენეფიციარები საშუალო შემოსავლის მქონე და ის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ოჯახები იქნებიან, რომლებიც საარსებო შემწეობისთვის ვერ კვალიფიცირდებიან. თავის მხრივ კი, ეს პროგრამა შესაძლოა გახდეს მათი გაღარიბებისა და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის მექანიზმი.
სასკოლო შიმშილის აღმოფხვრა
სასკოლო შიმშილის არსებობას არაერთი კვლევა ადასტურებს და ყოველდღიურ გამოცდილებაზე მასწავლებლებიც საუბრობენ.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS 2021) შედეგები საქართველოში აჩვენებს, რომ მოსწავლეთა 60% თითქმის ყოველდღე, ხოლო 13% ყოველდღიურად განიცდიდა შიმშილს.
დოკუმენტში სწორედ კვლევებზე დაყრდნობით მითითებულია, რომ სასკოლო შიმშილის მასშტაბის გათვალისწინებით, მიზნობრივი პროგრამა ვერ მოახერხებს, სრულად უპასუხოს შიმშილის პრობლემას. საპირისპიროდ კი, უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამას აქვს რესურსი, თანაბრად უპასუხოს საქართველოში სასკოლო შიმშილის მასშტაბს და გადაჭრას ხარისხიან კვებაზე წვდომის პრობლემა.
მოსწავლეთა სტიგმისა და სოციალური დაყოფის პრევენცია
უნივერსალური სასკოლო კვების დანერგვის კიდევ ერთი უპირატესობა მოსწავლეთა სტიგმისა და სოციალური დაყოფის პრევენციაა. დოკუმენტის მიხედვით, მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამას ხშირად აკრიტიკებენ მისი სეგრეგაციული ბუნების გამო, რომელმაც უფასო სასკოლო კვების მიზნობრივი მიღების გამო, ბავშვთა შორის სტიგმა და ბულინგი შეიძლება გამოიწვიოს.
„სტიგმა განსაკუთრებით მწვავედ დგას, როდესაც მიზნობრივ სასკოლო პროგრამასთან ერთად სკოლაში მოქმედებს კონკურენტული ფასიანი კვების პროგრამა, რის საფუძველზეც მარტივია მიზნობრივი პროგრამის მონაწილეთა იდენტიფიცირება და მათი სტიგმატიზება, ხოლო უნივერსალური სასკოლო პროგრამის დამკვიდრება ამცირებს აღნიშნულ სტიგმას, რაც, თავის მხრივ, სოციალურად დაუცველი ბავშვების სასკოლო კვებაზე წვდომასაც ზრდის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შესაბამისად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიზნობრივისგან განსხვავებით, უნივერსალურ სასკოლო კვების პროგრამას აქვს პოტენციალი, წარმოშვას და გაამყაროს სოციალური კავშირები მოსწავლეებს შორის, რადგან ყველა მოსწავლე, მიუხედავად ოჯახის შემოსავლისა, უზრუნველყოფილი იქნება ყოველდღიური კვებით და ნაცვლად დაყოფისა, მოახერხებს მათ გაერთიანებას.
საჯარო ბაღებში უფასო კვების გამოცდილების გაზიარება
საქართველოში უკვე არსებობს უნივერსალური ბავშვთა კვების დანერგვის პოზიტიური გამოცდილება.
საჯარო საბავშვო ბაღებში კანონით დადგენილია უნივერსალური სასკოლო კვების მოდელი, რომლის ფარგლებშიც, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით, მთავრობა ამტკიცებს.
დოკუმენტში მოყვანილი კვლევები მიუთითებს, რომ 2021 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 60.3% იყო კმაყოფილი ამ სერვისით. შესაბამისად, ნათქვამია, რომ ბავშვთა კვების უნივერსალური მოდელის დანერგვა არ იქნება სიახლე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს უკვე აქვს გამოცდილება საბავშვო ბაღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა, სამაგალითოდ იქნას გამოყენებული სასკოლო კვების მოდელისა და ჩარჩოს განსაზღვრისას.
გრძელვადიანი ინვესტიცია, ჯანმრთელობის ხელშეწყობა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნივერსალურ სასკოლო კვებას შიმშილსა და ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლასთან ერთად, პირდაპირი გავლენა ექნება ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაში, ასევე ჯანდაცვის ხარჯის შემცირებასა და სხვა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სკოლაში ბავშვთა შორის უფასო და ჯანსაღი კვების დანერგვით შესაძლებელია დაუბალანსებელი და არაჯანსაღი კვებით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და ამ გზით ჯანდაცვის სისტემის ხარჯების დაზოგვაც (მაგ. ჭარბწონიანობასთან, ანემიასთან და ა.შ. მიმართებით).
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა 28%-ს აქვს ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები (სიმსუქნის ჩათვლით).
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ნორვეგიაში, იაპონიაში, საბერძნეთსა და ახალ ზელანდიაში ჩატარებული 19 კვლევიდან 13-მა აჩვენა გაუმჯობესება უნივერსალურ სასკოლო კვების პროგრამებში ჩართული მოსწავლეების დიეტურ შედეგებში, ხოლო სამ კვლევაში მსგავსი პირდაპირი კავშირი ვერ გამოვლინდა.
პოზიტიური გავრცელების ეფექტი
ირკვევა, რომ უნივერსალურ სასკოლო კვებას აქვს ასევე პოზიტიური, მათ შორის, თაობათაშორისი გავრცელების ეფექტი.
„მოსწავლეთა შორის უნივერსალური კვების დანერგვით ჯანსაღი კვების პრაქტიკის ხელშეწყობამ შესაძლოა, დადებითი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო შედეგებზე, არამედ ეს ჯანსაღი კვების პრაქტიკა გავრცელდეს ოჯახებსა და თემებზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ზოგიერთი კვლევით, უნივერსალური სასკოლო კვების თაობათაშორის განგრძობითი ეფექტებიც კი იკვეთება. მაგალითად, ინდოეთში ქალებს, რომლებიც უფასო სასკოლო კვების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, სხვა ქალებთან შედარებით, უფრო მაღალი შვილები ჰყავდათ, რისი პრობლემურობაც კვებითი დანაკლისის შემთხვევებში იკვეთება ხოლმე.
ადმინისტრირების სიმარტივე
გარდა ჩამოთვლილი უპირატესობებისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ მიზნობრივი პროგრამისგან განსხვავებით, უნივერსალური პროგრამის შემთხვევაში აუცილებელი არ არის კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებების იდენტიფიცირება, სამიზნე ჯგუფების გამოკვეთა და მუდმივი ზედამხედველობა, რაც ამცირებს პროგრამის ადმინისტრაციულ ხარჯს.
ადგილობრივი მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა
სასკოლო კვების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ კვების პოლიტიკას და განსაკუთრებით, უნივერსალურ პროგრამას აქვს პოტენციალი, გახდეს სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური ბერკეტი.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ ახლომდებარე ფერმებიდან და საწარმოებიდან პროდუქტების პრიორიტეტული შესყიდვით ამ პროგრამას შეუძლია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების შემოტანა ადგილობრივი საწარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
„ფერმერები სარგებლობენ გარანტირებული კონტრაქტებითა და სტაბილური მოთხოვნით, რაც მათ საშუალებას აძლევს დააბანდონ ინვესტიციები მდგრად სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში და გააფართოონ წარმოება. უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა – რეკომენდაციები
შეჯამების სახით, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში უფასო სასკოლო კვების პროგრამის განხორციელების გამოცდილება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ აისახოს სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის გეგმებში.
ასევე, დოკუმენტი გასცემს რეკომენდაციას, რომ უნივერსალური უფასო სასკოლო კვების დანერგვისთვის საჭირო სრულყოფილი ჩარჩოს შექმნამდე საჭიროა დაიწყოს უფასო სასკოლო კვების პროგრამის პილოტირება და ეტაპობრივი დანერგვა, მათ შორის, სასკოლო შიმშილისა და ბავშვთა სიღარიბის კრიზისული შემთხვევების სამართავად, იმ გეოგრაფიულ ერთეულებსა და სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე გამოწვევები დგას ბავშვთა სიღარიბესთან, შიმშილსა და დაბალანსებულ კვებასთან დაკავშირებით.
„მაგალითად, ბავშვთა სიღარიბის მასშტაბები ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში, რის გამოც გონივრულია სასკოლო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვის დაწყება სწორედ ამ რეგიონებში მდებარე სკოლების უნივერსალური გეოგრაფიული დაფარვით“.
დოკუმენტის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბის მასშტაბისა და არსებული სოციალური დაცვის გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას აქვს რესურსი, უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ყველაზე ეფექტიანად და მიუხედავად პირველადი დანახარჯისა, ის შესაძლოა იქცეს ერთ-ერთ ყველაზე ხარჯეფექტიან ინვესტიციად მოსახლეობაში, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საზოგადოების კეთილდღეობისა და პროგრესისათვის.
რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ისინი საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროსა და პარლამენტს მიემართება:
- მთავრობამ დანერგოს უნივერსალური უფასო სასკოლო კვების სისტემა და მოხდეს მისი საკანონმდებლო აღიარება;
- უნივერსალური უფასო სასკოლო კვების დანერგვისთვის საჭირო სრულყოფილი ჩარჩოს შექმნამდე სამინისტრომ დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა იქ, სადაც ყველაზე მეტი ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას და სკოლებში, სადაც მძიმე გამოწვევები დგას;
- სამინისტრომ დაიწყოს კვების დანერგვისთვის კომპლექსური და დეტალური საჭიროებების კვლევა;
- დაინტერესებული პირებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდეს საქართველოში უნივერსალური სასკოლო კვების დანერგვის კონცეფცია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
- სამინისტრომ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტებში სავალდებულოდ გაითვალისწინოს სასკოლო კვების ინფრასტრუქტურა და შეიმუშაოს სკოლებში საკვები და ჰიგიენური ინფრასტრუქტურის უფასო სასკოლო კვების მოდელზე მორგებული სტანდარტები;
- მთავრობამ და პარლამენტმა უზრუნველყონ სასკოლო კვების დანერგვისთვის აუცილებელი ფინანსური და ადმინისტრირების რესურსების მობილიზება, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით.