უმაღლესი განათლება და შრომის ბაზარი - რას ამბობს კვლევები

პუბლიკა

რა ეკონომიკური სარგებელი აქვს განათლებას ქვეყანაში და რა გავლენას ახდენს უმაღლესი განათლება დასაქმებაზე? – მკვლევარი მარიამ ამაშუკელი იმ კვლევითი პროექტების თანაავტორია, რომელიც შეისწავლის უმაღლესი განათლების როლს სამუშაო ძალისა და შრომის ბაზრის განვითარების საქმეში.

მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში – ასე ჰქვია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიმდინარე კვლევით პროექტს, რომელსაც მარიამ ამაშუკელი თავის კოლეგებთან ერთად ატარებს. კვლევას რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აფინანსებს [№FR 18-13966].

კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, თუ რა მექანიზმებით უწყობს ხელს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა, გვყავდეს ისეთი ადამიანური რესურსი, რომელიც არის მაღალპროდუქტიული, მაღალკვალიფიციური და აღჭურვილია იმ ცოდნითა და უნარებით, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზარს სჭირდება.

ანგარიში ეყრდნობა როგორც არსებული პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიებისა და ამ მიმართულებით დღემდე წარმოებული კვლევების ანალიზს, ასევე რაოდენობრივ მონაცემებს – 2008 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 1 200-ზე მეტი კურსდამთავრებულის გამოკითხვის შედეგებს: „კურსდამთავრებულების გამოკითხვის შედეგები მათი პერსპექტივიდან დაგვანახებს, თუ რამდენად დაეხმარათ უმაღლესი განათლების მიღება დასაქმებაში და არამხოლოდ დასაქმებაში. ზოგადად, მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ უმაღლესი განათლების ერთადერთი მიზანი არ არის შრომის ბაზრის ადამიანური რესურსით მომარაგება. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში უნდა იქმნებოდეს ახალი ცოდნა და შემდეგ, ამ ცოდნის კვლავწარმოება. ამ წიაღში უნდა ვითარდებოდეს მეცნიერებაც. თანამედროვე სამყაროში განათლება და მეცნიერება ეკონომიკური კეთილდღეობის განუყოფილი ნაწილია.“

კვლევა ჯერ არ დასრულებულა. შეგროვებულ მონაცემთა დამუშავება გრძელდება, თუმცა მარიამ ამაშუკელი ამბობს, რომ ტენდენცია, რომელიც მათ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში გამოვლინდა, დღემდე შენარჩუნებულია. კერძოდ, უმაღლესი განათლების დიპლომი მუშაობს, როგორც „საშვი“, რომ კურსდამთავრებულმა შრომის ბაზარზე „შეაღწიოს“ და დასაქმდეს. თავის მხრივ, დიპლომი არ არის გარანტია, რომ კურსდამთავრებული თავისი სპეციალობით ან ისეთ პოზიციაზე დასაქმდება, რომელიც მას „ეკუთვნის“, თუმცა დასაქმების შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად ზრდის.

„დიპლომი დასაქმების გარანტია არ არის, რადგან ჩვენი შრომის ბაზარიც არ არის ისეთი მოქნილი, რომ კურსდამთავრებულთა რაოდენობის პროპორციულად იზრდებოდეს. პირიქით, ჩვენი შრომის ბაზარი ძალიან ჰომოგენურია. საერთო ჯამში, უმუშევრობის დონე მაღალია. მათ შორის, ძალიან მაღალია ახალგაზრდებშიც“, – ამბობს მარიამ ამაშუკელი და 2017 წლის კვლევის შედეგებს იხსენებს, რომელიც აჩვენებს, რომ სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი კი – 5-ჯერ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს, მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს.

ამავე კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური ანაზღაურება 2017 წელს, საშუალოდ, 623 ლარს შეადგენდა. მხოლოდ სკოლის განათლების შემთხვევაში ეს თანხა 497 ლარი, ხოლო პროფესიული განათლების შემთხვევაში – 375 ლარი იყო.

უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მეტწილად დასაქმებულები არიან განათლების სისტემაში, საოფისე/ადმინისტრაციული და საბანკო/სადაზღვევო სფეროებში; სასკოლო განათლების მქონეთა უმრავლესობა დასაქმებულია თავდაცვაში, უსაფრთხოებაში, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით. პროფესიული განათლებით კი მეტწილად საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ასევე, ინდივიდუალურ მომსახურებაში საქმდებიან.

მეორე მხრივ, მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს კერძო უნივერსიტეტების დაკვეთით, 2019 წელს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის კვლევის შედეგებზე, რომლებიც დამსაქმებლის პერსპექტივას ასახავს. მისი თქმით, ხშირად, დამსაქმებელსაც არ აქვს ცხადი და ნათელი წარმოდგენა, თუ რა ტიპის ცოდნით და უნარებით აღჭურვილი დასაქმებული სჭირდება. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მსხვილი ბიზნესი და სპეციფიკური (და ამავდროულად, რეგულირებადი) დარგები, მაგალითად, მედიცინა და ა.შ.

მისივე თქმით,  ბოლო წლებში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების ერთ-ერთი სტანდარტის მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტებში, პროგრამების შემუშავებისას, დამსაქმებლის ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ აკადემიურმა პროგრამებმა ასახოს და გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, ეს თანამშრომლობა ზედაპირულია, საჭიროა რომ იყოს მეტად ავთენტური და შედეგზე ორიენტირებული.

„ერთი მხრივ, ძალიან ბუნდოვანია, რა არის შრომის ბაზრის მხრიდან მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინერციით მოქმედებენ უნივერსიტეტები და სტუდენტები, ბევრი აბიტურიენტისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების მოტივი არის დიპლომის აღება, რომ მერე დასაქმების შესაძლებლობები გაეზარდოს, ვინაიდან, თავის მხრივ, დამსაქმებლისთვისაც, რომელსაც ჩამოყალიბებული არ აქვს, როგორ კადრს ეძებს, საორიენტაციოდ მარტივია დიპლომის არსებობა. ამდენად, მრჩება განცდა, რომ ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა ყველა აქტორის მხრიდან, – უნივერსიტეტი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი.“

უკვე არსებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მარიამ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ძირითადი გამოწვევა ქვეყანაში განათლებისა და დასაქმების სისტემებს შორის შესაბამისობის და დაკავშირებულობის პრობლემაა. კერძოდ, როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, „ამ ორ სისტემას შორის სუსტი ინსტიტუციური კავშირი და შეთანხმებული პოლიტიკის უქონლობა არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ეროვნულ შრომის ბაზარზე არ იქმნება ინოვაციური სამუშაო მიმართულებები. შესაბამისი ადამიანური კაპიტალის დეფიციტის გამო, აშკარაა დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზარი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს განათლების გაუფასურებას, სადაც სამუშაო ძალის განაწილება, უფრო შემთხვევითი ხასიათისაა, ვიდრე პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი.“

მისივე შეფასებით, პრობლემურია ის ფაქტიც, რომ საქართველოში განათლების, მეცნიერებისა და დასაქმების პოლიტიკა დღემდე ერთმანეთისგან განცალკევებულად ხორციელდება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის რეკომენდაციები დღემდე ძალაში რჩება.

კერძოდ, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ განათლებისა და მეცნიერების ინტეგრირებული სახელმწიფო პოლიტიკა აწარმოოს. განათლების გაუფასურების თავიდან ასაცილებლად კი უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლების ხარისხისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი უნდა აწარმოონ, გარდა ამისა, თვალი ადევნონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებსა და მოთხოვნებს; უზრუნველყონ ტრანსფერული უნარების სწავლების სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირება.

მიმდინარე კვლევა დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზართან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კუთხით.

მარიამ ამაშუკელის შესახებ

მარიამ ამაშუკელი – განათლებით, სოციოლოგია. კვლევისა და ანალიზის მიმართულებით მისი მუშაობა უკვე ათ წელიწადზე მეტს ითვლის.

2012 წლიდან  მარიამი „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ აფილირებული მკვლევარია და ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტებში. მარიამი არაერთი აკადემიური პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი და თანაავტორია. მისი კვლევის ფოკუსში ხვდება ისეთი საკითხები, როგორიც არის: უმაღლესი განათლება, დასაქმება, ევროპეიზაცია, გენდერული თანასწორობა და ა.შ. ამჟამად, მედიისა და კულტურის სოციოლოგიის პროგრამის დოქტორანტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი სადოქტორო ნაშრომი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციას ეხება.

2017 წელს მისთვის სრულიად მოულოდნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 20 გამარჯვებულს შორის ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამის (EaP Civil Society Facility) ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა. ამ პროგრამის ფარგლებში მან შეძლო გაეკეთებინა კვლევა მისთვის საინტერესო და იმ პერიოდისთვის საკმაოდ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ასოცირებულ სტიგმას პანკისის ხეობაში.

„ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, იყო შემთხვევები, როდესაც პანკისიდან ახალგაზრდები წავიდნენ და ექსტრემისტულ ჯგუფებს შეუერთდნენ სირიასა და ერაყში. თუმცა მედიასაშუალებები ამ ინფორმაციას ისე უხეშად აშუქებდნენ, რომ ხეობა და ხეობის მოსახლეობა ავტომატურად ტერორიზმის სტიგმის საბურველში ეხვეოდა. ეს, თავის მხრივ, პანკისისა და დანარჩენ მოსახლეობას შორის უფსკრულს აჩენდა და აღრმავებდა. მე საშუალება მომეცა ადგილობრივ ახალგაზრდებს შევხვედროდი და გავსაუბრებოდი, მათი დამოკიდებულებების, პოზიციებისა და წუხილის შესახებ მომესმინა. ვეცადე, კვლევის საბოლოო ანგარიშში მაქსიმალურად მეჩვენებინა ადგილობრივი რეალობა, ასე ვთქვათ  – რეალური რეალობა“.

როგორც მარიამი აღნიშნავს, კვლევის განხორციელების გარდა, ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამამ მას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მისცა, როგორიც არის, მაგალითად,  პროგრამის სტიპენდიანტების (2017-2020 წლების) ფართო ქსელი (network): საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 80 წარმომადგენელზე, რომელთაგან თითოეული ცდილობს, თავის ქვეყანაში ან, თუნდაც, თავის  თემში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს. ასევე, კვლევითი პროექტი, რომელიც მარიამმა სტიპენდიის ფარგლებში განახორციელა, ერთგვარი წინაპირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მალევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ნიუ-იორკის ოფისს (UN Women Headquarters) მარიამის საპროექტო განაცხადი დაეფინანსებინა და ამავე საკითხებზე უფრო მასშტაბური და სიღრმისეული კვლევა ჩაეტარებინა და გამოექვეყნებინა.