UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად რამდენიმეწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ წარმოებული ყოვლისმომცველი კვლევების შედეგად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას მისცეს რეკომენდაცია.
შედეგად, ოთხ დაცულ ტერიტორიას – მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომლებსაც „საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, უკვე რამდენიმე წელია, ფინანსურად უჭერს მხარს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
„საქართველოს ბანკი“ ,CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით, 11 დაცული ტერიტორიის მხარდაჭერას უკვე 10 წელია მიმართავს. ესენია: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთი და მაჭახელა. სწორედ ბანკისა და CNF-ის ერთობლივმა და მრავალწლიანმა პარტნიორობამ ითამაშა თავისი როლი ამ ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაში.
„კოლხურმა ტყეებმა და ჭარბტენიანმა ტერიტორიებმა, ისევე, როგორც პარტნიორებისგან ყველა იმ ძალისხმევამ, რომელიც მათ შენარჩუნებას უწყობს ხელს, დამსახურებულად მოიპოვა გლობალური აღიარება. წარწერა – „ბუნებრივი მსოფლიო მემკვიდრეობა“ არის უმაღლესი აღიარება, რაც შეიძლება მოიპოვოს ბუნებრივმა ტერიტორიამ, დაცვისა და მართვის სწორი რეჟიმის გამო. ამჟამად, გლობალურად, დაახლოებით 265 000 დაცული ტერიტორიაა, მაგრამ აქედან მხოლოდ 257 ბუნებრივი ან შერეული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია (თუმცა ზოგიერთი მათგანი მოიცავს ერთზე მეტ დაცულ ტერიტორიას, ისევე, როგორც კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები)“, – ამბობს დაცულ ტერიტორიებზე ტობიას გარსტეცკი, საერთაშორისო ექსპერტი.
მისივე თქმით, ამ აღიარებას თან სდევს დიდი პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რადგან ქვეყანამ გააკეთა განაცხადი, რომ იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებულად იზრუნოს ამ ტერიტორიაზე. „მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციას საკუთარი მონიტორინგისა და ანგარიშგების ძლიერი მექანიზმები აქვს, რომლის გათვალისწინებითაც წარადგინა საქართველომ ეს ნომინაცია. სტატუსის მინიჭებას განათლების, კვლევისა და მდგრადი განვითარებისათვის, მათ შორის მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის, მოაქვს სარგებელი და შესაძლებლობები. ამას, რა თქმა უნდა, მართვა სჭირდება ისე, რომ ბუნებრივ ღირებულებებს საფრთხე არ შეექმნას“, – დასძენს საერთაშორისო ექსპერტი.
ბუნებრივ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარება ხაზს უსვამს განვითარების მოდელის უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომელიც მოიცავს სამართლიანად განაწილებულ ადამიანთა სარგებელს ბუნებასთან ჰარმონიაში – ამბობს ტობიას გარსტეცკი და განმარტავს, – იმისათვის რომ ტერიტორიამ ეს სტატუსი მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გამორჩეული, უნივერსალური ღირებულება, კულტურული ან ბუნებრივი მნიშვნელობა, რომელიც იმდენად განსაკუთრებულია, რომ გადალახავს ეროვნულ საზღვრებს და იქნება კაცობრიობის დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის საერთო მნიშვნელობის მქონე.
კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსის აღიარების იდეა პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში განიხილეს. 2007 წელს საქართველომ ტერიტორია თავის სავარაუდო სიაში ჩაწერა. სავარაუდო სიები არის მსოფლო მემკვიდრეობის კონვენციის ოფიციალური ინსტრუმენტი, რომელსაც მონაწილე სახელმწიფოები იყენებენ, რათა კომუნიკაცია მოახდინონ თავიანთ ზოგად განზრახვაზე, მომავალში ტერიტორიის აღიარებისთვის.
შემდეგი ნაბიჯი – პოტენციური დასახელების სფეროების სტრუქტურირებული პროცესი დაიწყო 2012 წელს, WWF კავკასიის დიდი მხარდაჭერით. მას შემდეგ, რაც კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოიკვეთა, როგორც საქართველოსთვის საუკეთესო კანდიდატი, გერმანული „ზუკოვის ფონდის“ ხელშეწყობითა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2016-17 წლებში აღიარებასთან შესაბამისობის კვლევა ჩატარდა. ამ კვლევის საფუძველზე, 2017 წელს შემუშავდა სრული ნომინაციის დოსიე, მაგრამ დისკუსიების შემდეგ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, მეტი დრო დაეთმოთ ამ პროექტის გაუმჯობესებისთვის. ეს გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა და დაახლოებით 350-გვერდიანი, საკმაოდ ძლიერი დოსიე, კომისიას საბოლოოდ 2019 წლის თებერვალში წარედგინა.
აქ დასრულდა ქართული მხარის შიდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყო ოფიციალური შეფასების პროცესი. პირველი ოფიციალური შემოწმების შემდეგ IUCN-მა დოსიე რვა წამყვან მხარდამჭერ საერთაშორისო ექსპერტთან განსახილველად გაგზავნა. ორი დამატებითი ექსპერტის (ერთი შვეიცარიიდან და ერთი ავსტრალიიდან) ორკვირიანი სიღრმისეული მისია 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ექსპერტების მხრიდან ყველა საჭირო შკითხვას პასუხი გაეცა, თუმცა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. IUCN-ის ძალიან პოზიტიური რეკომენდაცია კი 2021 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადებისა და პოზიტიური რეკომენდაციის შედეგად 2021 წლის 26 ივლისს გამართულ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სხდომაზე მხოლოდ ხუთი წუთი გახდა საჭირო აღიარების გასაფორმებლად.
„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები 2012 წელს ქართველი ექსპერტების მიერ სკრინინგის პროცესში აშკარად საუკეთესო ვარიანტად გამოიკვეთა ნომინაციისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მომავალში დამატებითი ნომინაცია იქნება, IUCN და იუნესკო პირველ რიგში კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს დააკვირდება, თუ რამდენად კარგად იმართება და რამდენად არის შენარჩუნებული ან გაზრდილი მისი ეკოლოგიური მთლიანობა. ასე რომ, საუკეთესო გზა წინსვლისკენ ჯერჯერობით ამ ახლად აღიარებული და ისტორიაში ჩაწერილი სტატუსის წარმატების შენარჩუნება და სამომავლო უზრუნველყოფა იქნება“, – ამბობს ექსპერტი.