უზენაესი სასამართლო არარსებული ლეგიტიმაციის ძიებაში

პუბლიკა
  • „ჩვენ არ ვართ უზენაესი ჩვენი შეუმცდარობის გამო, არამედ შეუმცდარნი ვართ, ვინაიდან ვართ უზენაესი“

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რობერტ ჯექსონის ეს განცხადება ნათლად წარმოაჩენს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობას ხელისუფლების ინსტიტუციონალური მოწყობის სქემაში. უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი ინსტანციაა, იგი ფლობს მონოპოლიას კანონმდებლობის საბოლოო, მბოჭავ და პრეცედენტულ ინტერპრეტაციაზე, სისტემურად კრავს ნორმატიული სივრცის ბაზისურ სტრუქტურულ ერთეულებს, გააჩნია მორალური და სამართლებრივი დილემების საბოლოო გადაწყვეტის პრეროგატივა.

ლიბერალურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ რეჟიმში, სახელმწიფოს სახელისუფლებო ძალის პროექციის პროცესში არ აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, შეუმცდარობაზე, ეთიკურ სრულყოფილებაზე. მისი, როგორც სუვერენის, უფლებამოსილების წყარო სახალხო ლეგიტიმაციაა. სასამართლო არაპირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების შტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების ლეგიტიმურობა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირება მოსამართლის, როგორც კომპეტენტური და დამოუკიდებელი არბიტრის, მისი პერსონის, ავტორიტეტს ეფუძნება.

მოსამართლე სამართლებრივი ნორმის აღმასრულებელი კი არა, ნორმათშემფარდებელია. მან უნდა გადაჭრას საზოგადოებაში წამოჭრილი მორალური და სამართლებრივი დილემები. ეს კი გულისხმობს, რომ მოსამართლის ღირებულებითი სისტემა – სამოსამართლეო ფილოსოფია, კომპეტენტურობა, ინდივიდუალური დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება ამოსავალია სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებისთვის.

ამდენად, მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმურობა საზოგადოების მიერ მოსამართლის პერსონის აღიარებაზე გადის. მაშასადამე, ფუნდამენტური ფუნქციური მნიშვნელობის მატარებელია ორი კითხვა: ვინ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? შეესაბამება თუ არა იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას? სწორედ ამ კითხვებზე პასუხსა და მის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული უზენაესი სასამართლოს არა ფორმალური, არამედ რეალური სოციოლოგიური ლეგიტიმაციის საკითხი.

საქართველოში 2019 წლის მეორე ნახევარში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, ერთი მხრივ, ნათელს ჰფენს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, მეორე მხრივ, კი ზემოთ დასმულ, პრინციპული მნიშვნელობის კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობად გვევლინება.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პრეზიდენტის წარდგინებით, ხმათა უმრავლესობით ნიშნავდა საქართველოს პარლამენტი. როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა დაცლილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის ღირებულებითი სისტემის, კვალიფიციურობისა და კომპეტენტურობის ანალიზისგან. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სრულად იყო მოქცეული პოლიტიკური დისკრეციის ფარგლებში. საზოგადოება არცერთ ზემოთ დასმულ კითხვაზე არ ფლოდა სრულფასოვან პასუხს – გარდა ვიწრო პროფესიული წრეების წარმომადგენლებისა, არავის ჰქონდა ნათელი წარმოდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობასთან კანდიდატთა შესაბამისობის, მათი კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობისა და კვალიფიკაციის საკითხზე.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, ნაცვლად პრეზიდენტისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობისა და კატეგორიული მოთხოვნების შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა საჯაროდ, აქტიური საზოგადოებრივი მონიტორინგის ფონზე წარმართა. საჯარო გახლდათ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი, ისე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე კანდიდატთა მოსმენის პროცედურა.

საზოგადოებას მიეცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესახებ საკუთარი აზრის ფორმირების შესაძლებლობა, პასუხი გაეცა კითხვას: ვინ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? თუმცა მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ფორმირების მიზნისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო პასუხი კითხვაზე: რამდენად შეესაბამებიან პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული პირები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას?

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ისე საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, გამოვლინდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული პირების არაკომპეტენტურობა, საბჭოსა და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა იურისპრუდენციის სფეროში კომპეტენციის ბაზისურ მახასიათებლებს. ეჭვქვეშ იდგა მათი ღირებულებითი სისტემაც – მათი ნაწილი საკუთარ თავს აღიქვამდა არა როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამცველად, არამედ როგორც სახელმწიფოს სამსახურში მყოფ მოხელედ.

ამ ყველაფერს ეხმიანებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE):

„ახლა ნათელია, რომ პარლამენტმა სათანადო დასაბუთების გარეშე 19-დან 14 კანდიდატი აირჩია, მათ შორის ისინიც, ვის შესახებაც ითქვა, რომ არ გააჩნიათ ამ მაღალი თანამდებობისთვის საჭირო სამართლებრივი კომპეტენცია და დამოუკიდებლობის ხარისხი. ეს ყოველივე დაგმობას იმსახურებს“.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR):

„მართალია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული რეფორმები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებისაკენ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა იგი ვერ უზრუნველყოფს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, ვიწრო პარტიული ინტერესებისგან დაცული მიუკერძოებელი პროცესის ჩატარებას. […] რიგი პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, სრულმა შეფასებამ გამოკვეთა, რომ არც საბჭომ და არც პარლამენტმა არ გადადგა საკმარისი ნაბიჯი იმისთვის, რათა შერჩევის პროცესში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ობიექტურობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა“.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურა გამჭვირვალე იყო და აქტიური საზოგადოებრივი მონიტორინგის ფონზე მიმდინარეობდა, ინკლუზიურობასა და დასაბუთებას მოკლებულია როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე პარლამენტის მიერ საკვანძო გადაწყვეტილების მიღების ორივე ეტაპი. პოლიტიკური და სამართლებრივი ანგარიშვალდებულების სრული გვერდის ავლით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო სოციოლოგიური ლეგიტიმაციის დეფიციტს განიცდის, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არ წარმოადგენენ ავტორიტეტებს, მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება არამხოლოდ მათი კომპეტენტურობის, არამედ კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის მიმართაც. იქმნება განცდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება, საზოგადოებრივი აზრი კი – მეორეხარისხოვანია.

არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოში მოქმედი ნორმატიული ჩარჩო. ხარვეზიანია და მოწესრიგებას საჭიროებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცედურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, კერძოდ:

არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებდა საბჭოს წევრთა მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებთან შესაბამისობას.

არსებული მოწესრიგება არ იძლევა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას და, შესაბამისად,  არც მისი გასაჩივრების შესაძლებლობას.

ორგანული კანონით ასევე არასათანადოდაა რეგლამენტირებული კანდიდატებსა და საბჭოს წევრებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, რაც ნეგატიურად აისახება პროცესის ინკლუზიურობის ხარისხზე.

სწორედ ზემოხსენებულ საკითხებს ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 30 ივლისს მიღებული კონტრავერსიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი, რომელშიც იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრი თანაბრად გაიყო, ოთხი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო ოთხმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი წარმოადგინა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ძირითადი აზრის ავტორი ოთხი მოსამართლიდან ორი, ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მიმდინარე წელს, უზენაესი სასამართლოს კვოტით გამწესდნენ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს სასამართლოს მიუკერძოებლობასა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით – სასამართლოს მიერ განვითარებული კონტრავერსიული არგუმენტაციის ფონზე იქმნება განცდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოსამართლეთა პირადი ინტერესების მოტივირებული გადაწყვეტილება უფროა, ვიდრე კონსტიტუციურ-სამართლებრივი აუცილებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება გამორჩეულია სტრუქტურული თვალსაზრისითაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსამართლეთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სარჩელი არ კმაყოფილდებოდა, თუმცა იმ მოსამართლეების პოზიცია, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სარჩელის დაკმაყოფილებას, წარმოდგენილი იყო არა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, არამედ როგორც მოსამართლეთა აზრი. ეს მიდგომა გადაიხედა 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, სადაც მოსამართლეთა ხმების თანაბრად გაყოფის მიუხედავად, სასამართლოს პოზიცია გადმოცემული იყო, როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

არსებული მონაცემებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ უნდა განამწესოს კიდევ თოთხმეტი მოსამართლე. როგორ წარიმართება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცედურა სამომავლოდ? გაითვალისწინებს თუ არა მმართველი წრე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკას? განხორციელდება თუ არა ჯეროვანი საკანონმდებლო ცვლილებები პროცედურული და მატერიალურ-სამართლებრივი ხარვეზების აღმოსაფხრელად? ვის უნდა ანდოს საზოგადოებამ საკუთარი ბედი, კონკრეტულ პირთა კეთილ ნებას თუ გამართულ, კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვის მიზნით ფორმირებული მართლმსაჯულების სისტემას? თუკი უზენაესი სასამართლოს მომდევნო თოთხმეტი წევრის თანამდებობაზე უვადოდ გამწესება ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, სამოქალაქო სექტორისადმი ანგარიშვალდებულების უგულებელყოფის პირობებში, იმავე პროცედურების ფარგლებში წარიმართება, დაიმსახურებს კი ოდესმე ქართული მართლმსაჯულების სისტემა საზოგადოებრივ ნდობას? გახდება იგი იდეაფიქსი? რეალიზებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ფუნქციური მახასიათებელი, რომელიც სუვერენის მიერ სამართლისა და სოციალური წესრიგის უზრუნველყოფის მოტივით ინდივიდთა წილ თავისუფლების დათმობას გულისხმობს?

საქართველოს სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციები და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აქტიურად იყვნენ ჩართულნი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში, მათ გამოავლინეს ძირითადი ხარვეზები (როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებული) და საჯაროდ წარადგინეს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ერთიორად გააჯანსაღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი.
დეტალიზაციის მაღალი ხარისხით უნდა მოწესრიგდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, ინკორპორირებული უნდა იყოს საბჭოს წევრის აცილების მექანიზმიც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის გასაუბრების შეფასების დოკუმენტებს (ქულებს) მიენიჭოს შინაარსობრივი დატვირთვა და აისახოს პარლამენტის წინაშე წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცესზე.

სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს არსებული შემადგენლობა და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესები, გამოვლენილი ტენდენციები თუ დამკვიდრებული პრაქტიკა, არ იძლევა სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირების საფუძველს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში აქტიური საზოგადოებრივი მონიტორინგის ელემენტი, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემების გამოაშკარავება და მათზე საჯარო დიკუსიის წარმოება. ინსტიტუციონალური ხარვეზების აღმოფხვრა, უპირველეს ყოვლისა, მათ გამოვლენაზე გადის და, ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.