კორონავირუსის (SARS-COV2) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ ახალციხელი მედიკოსის გარდაცვალებამ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო რთული გამოწვევის წინაშე დააყენა. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით 2020 წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში შეკითხვაზე, „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?“ გამოკითხულთა 41% პასუხობდა, რომ აიცრებოდა; 41% – არ აიცრებოდა, ხოლო 17% პასუხობდა, რომ არ იცის.
იმავე პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმოებული გამოკითხვა შემდეგ სურათს აჩვენებს:
საფრანგეთს თუ არ ჩავთვლით, აღმოსავლეთ ევროპელებში გაცილებით დიდია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობა, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ამ განსხვავების სოციოპოლიტიკური და ისტორიულ-კულტურული მიზეზების ახსნა ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ვხედავთ, რომ, რაც უფრო აღმოსავლეთით მოვდივართ, ვაქცინისადმი უნდობლობის დონე იზრდება.
იმავე კვლევამ აჩვენა, რომ მეტი ადამიანი აიცრებოდა, თუ ნახავდნენ, რომ სხვები აიცრნენ და უარყოფითი გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა (44%) და თუკი ექნებოდათ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ შეიქმნა ვაქცინა, როგორ გამოიცადა და როგორ მიიღო ავტორიზაცია (36%). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში, სადაც ვაქცინაციისადმი უნდობლობა უფრო მაღალია, ეს ფაქტორები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
2021 წლის 21 იანვარს საქართველოს მთავრობის 67-ე განკარგულებით დამტკიცებული COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს „მოთხოვნის შექმნასა და კომუნიკაციასაც“ (მე-14 თავი), მაგრამ ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა საერთოდ არ ჩანს. თავად დოკუმენტის მე-6 თავში „რესურსები და დაფინანსება“ მოცემული ცხრილიდან „ვაქცინაციისათვის საჭირო რესურსები და მათი სტატუსი“ ვიგებთ, რომ მოთხოვნის შექმნისა და კომუნიკაციისათვის „მცირე თანხებია მოძიებული“.
პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე გაჩნდნენ „ინფლუენსერები“ სოციალურ მედიაში, რომლებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ვაქცინაციის პროცესისათვის დამაზიანებელ ყალბ შეხედულებებს ავრცელებენ.
შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ბოლო პერიოდის გამოკითხვებში ვაქცინაციისადმი უნდობლობა ყველაზე მეტად პრეზიდენტ ტრამპის ყველაზე უპირობო მომხრეებს შორის ვლინდება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი „შეთქმულების თეორიების“ ადვილად დაჯერებისკენაა მიდრეკილი. ტრამპი თავადაც გამოვიდა ვაქცინაციის მხარდამჭერი განცხადებით, თუმცა საზოგადოებრივი აზრის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის შესახებ პოზიტიური აზრის შექმნაზე ყველაზე უფრო არსებით გავლენას მაინც ექიმები ახდენენ. იკვეთება, რომ ოჯახის ექიმის ან ნაცნობი მედიკოსის აზრი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მოქალაქის დასარწმუნებლად.
ახალციხის ტრაგედია ამ თვალსაზრისითაც ამძიმებს მდგომარეობას. აცრის ტემპი, ჯერჯერობით, დაბალია თავად მედიკოსებში, რაც ართულებს შესაძლებლობას, რომ თავად ეს პროცესი დამარწმუნებელ ფაქტორად იქცეს ფართო საზოგადოებისათვის. ვაქცინაციისადმი უნდობლობას დაემატა ეჭვი, შეძლებს თუ არა სამედიცინო პერსონალი/დაწესებულება შესაძლო გართულების მართვას.
შესაბამისად, მომხდარ ტრაგედიას გავლენა აქვს არა მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე, არამედ ვაქცინაციის ლოჯისტიკაზეც. როგორც COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმიდან ვიგებთ, მთავრობა იმედოვნებდა, რომ Oxford/Astrazeneca-ს ვაქცინით აცრას სოფლის ექიმის დონეზე შეძლებდა (ამ ვაქცინისთვის საჭირო ცივი ჯაჭვის ადვილად შესასრულებელი მოთხოვნები ამის შესაძლებლობას იძლევა). უფრო მეტიც, გეგმა აცრის ალტერნატიული წერტილების შექმნასაც კი ითვალისწინებს. ახლა მთავრობა იძულებულია – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც – ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში წარიმართოს, სადაც, მაგალითად, ანაფილაქსური შოკის მართვის კომპეტენცია გარანტირებულია. ამან კი შეიძლება ხელი შეუშალოს ვაქცინაციის პროცესის დაბალ ტემპის სასურველ დონემდე გაზრდას.
ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია სასურველ დონეზე არ წარმოებს (სამთავრობო სპიკერების ბრიფინგები და სატელევიზიო ინტერვიუები საამისოდ არასაკმარისია), შეიძლება აიხსნა მთავრობის შიშით, რომ კამპანიით შექმნიან მეტ მოთხოვნას ვაქცინაციაზე და ვერ შეძლებენ სათანადო რაოდენობის ვაქცინის შემოტანას.
თუ მთავრობის პასიურობა ამითაა განპირობებული, ეს მიდგომა არასწორია. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები თითქმის დაასრულებენ თავიანთი (მრავალრიცხოვანი) მოსახლეობის 75-80%-იანი ვაქცინაციის პირველ ეტაპს და, ამასთან, ავტორიზაციას მიიღებს სხვა მწარმოებელთა ვაქცინებიც, მეტი და მეტი ვაქცინა გაჩნდება საქართველოშიც. ოღონდ ამას მომზადებულები უნდა შევხვდეთ ლოჯისტიკურადაც და საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისითაც.
სხვაგვარად, მთავრობის გაცხადებული მიზანი – ვაქცინაციით საქართველოს მოსახლეობის 60%-იანი აცრა 2021 წლის ბოლომდე – მიუღწეველი დარჩება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე:
-
ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია უნდა წარმოებდეს იმისგან დამოუკიდებლად, რამდენი ვაქცინაა შემოტანილი ქვეყანაში და უახლოეს თვეებში როგორია ვაქცინების შემოტანის მოსალოდნელი გრაფიკი;
-
მთავრობა არ უნდა დაელოდოს საინფორმაციო კამპანიისთვის ფინანსების დონორებიდან მოძიებას (როგორც ეს გეგმაში აქვს გაწერილი) და ამისათვის საბიუჯეტო სახსრები უნდა გამოიყენოს;
-
საინფორმაციო კამპანიის შინაარსი უნდა მოიცავდეს:
-
ისტორიულ მასალას ვაქცინაცია/იმუნიზაციაზე (ისტორიული ფიგურების, მაგალითად, ედუარდ ჯენერის შესახებ; იმუნიზაციის ძირითადი ეტაპების შესახებ და ა.შ.)
-
ვაქცინის შექმნისა და დამტკიცების პროცედურებსა და ფაზებს
-
საქართველოში სხვა ვაქცინებით მიმდინარე რეგულარული აცრებისა და მათი შედეგების შესახებ და ა.შ.
-
კორონავირუსის (SARS-COV2) საწინააღმდეგო იმ ვაქცინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (ვინ შექმნა; რა გამოცდილება აქვს იმას, ვინც შექმნა; შექმნის ფაზები; რომელ ქვეყნებში იცრება ამ ვაქცინით ხალხი; როგორა სტატისტიკა, მათ შორის, გვერდითი ეფექტების და ა.შ.)
-
ყველა პოზიტიური შედეგი, რაც უკვე აქვს მსოფლიოს კორონავირუსის (SARS-COV2) საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში
- საინფორმაციო კამპანიის სახეები უნდა გახდნენ:
-
უპირატესად, სამედიცინო პერსონალი (მე-2 პუნქტში აღწერილ კლიპებში სწორედ ისინი უნდა იყვნენ მთხრობლები)
-
სხვა პროფესიის საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (მათი კამპანია „მე ავიცერი“)
-
საინფორმაციო კამპანიის ნაწილი უნდა დაეთმოს ყალბი ინფორმაციისა და საზიანო შეხედულებების გავრცელების საწინააღმდეგო კამპანიას;
-
მთავრობამ შეიძლება გადახედოს პრიორიტეტული ჯგუფების რიგითობას და პრიორიტეტების რიგში ქვემოთ მყოფი ჯგუფების ნაწილს მისცეს აცრის შესაძლებლობა, თუკი ეს გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიისთვის;
-
მთავრობამ უნდა გააძლიეროს ვაქცინაციის თანმდევი მოსალოდნელი გართულებების მართვაში სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ახალციხის ტრაგედიის განმეორების რისკი.
P.S.
წერილში არ შევეხე კითხვას, საერთოდ გვჭირდება თუ არა ვაქცინაცია. თუ ეს კითხვა მაინც დაისმის, მასზე 2 პასუხი მექნება:
-
ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე, ჩემს მშობლებს 14%-იანი რისკი აქვთ, რომ დაიღუპონ, თუკი COVID-19 ინფექცია შეხვდათ. იმავდროულად, 16 მარტისთვის ევროპაში გაკეთებული 20 მლნ აცრის შემდეგ 9 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ 0.000045% (თუმცა პირდაპირი კავშირი აცრასთან ჯერ კიდევ კვლევის საგანია), ანუ კოვიდისგან დაღუპვის რისკი მინიმუმ 300,000-ჯერ აჭარბებს აცრისგან დაღუპვის რისკს. ამიტომ ჩემს მშობლებს ვურჩევ და წავიყვან ასაცრელად.
-
საზოგადოებრივი იმუნიტეტის (ანუ მოსახლეობის მინიმუმ 75%-ის აცრის გარეშე) გარეშე დავრჩებით ვირუსის ტყვეებად და დიდხანს მოგვიწევს ცხოვრების არანორმალური რეჟიმით გაგრძელება, რაც კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს მოგვიტანს (ინფექციის ტალღები, სიღარიბითა და ჩაკეტილობით გამოწვეული დეპრესია და სიკვდილიანობა, მომავალი თაობების არასრულფასოვანი განათლება და ა.შ.).
ამიტომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.