ყველაფერი სოფლად გავრცელებული ერთი ჭორიდან დაიწყო: „ყვავილი ანუ „წინწკლებიანი ურჩხული” ძროხის მწველავებს არ ემართებათ!” თუმცა, ასე მარტივადაც არ იყო საქმე – ამისთვის მათ შედარებით უფრო მსუბუქი, სხვა დაავადება, ძროხის ყვავილი უნდა გადაეტანათ. ეს კი ნამდვილად ღირდა ამად. ხშირ შემთხვევაში „წიწნკლებიანი ურჩხული” განაჩენი გახლდათ, რადგანაც დაინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის ალბათობა 20-დან 60 პროცენტამდე მერყეობდა. დაავადება განსაკუთრებული დაუნდობლობით ახალშობილების მიმართ გამოირჩეოდა – დასნებოვნებულთა 80% განწირული იყო, ხოლო სიკვდილს გადარჩენილები ბრმავდებოდნენ.
ექიმი ედუარდ ჯენერისთვის ეს დაავადება კარგად იყო ცნობილი. მას 8 წლის ასაკში, ყვავილისგან დასაცავად, იმ დროისთვის გავრცელებული ვარიოლაციის პროცედურა ჩაუტარეს, ანუ იგი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებით შეგნებულად დააინფიცირეს. ბავშვობის ამ მტკივნეულმა გამოცდილებამ ექიმი აიძულა, რომ დიდი ბრიტანეთის სოფლებში გავრცელებული ლეგენდის არსი მეცნიერულად გამოეკვლია. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 1765 წელს, ექიმ ფიუსტერს ლონდონის სამედიცინო საზოგადოების ჟურნალში სტატია გამოექვეყნებინა შემდეგი სათაურით: „ძროხის ყვავილი და მისი ადამიანის ყვავილისგან დაცვის უნარი”. მეტიც, თურმე 1774 წელს ჰემპშირელ ფერმერს, ბენჟამინ იეტსს თავისი ცოლი და ვაჟიშვილი შეგნებულად დაუინფიცირებია ძროხის ყვავილით.
ედუარდ ჯენერმა თავის სოფელში ძროხის ყვავილგადატანილი მწველავების მონაცემები შეაგროვა და მათგან ისეთები გამოარჩია, რომელთაც დაავადება შეხვდათ, მაგრამ მან ვერაფერი დააკლოთ. 1796 წელს მის კვლევაში გარდატეხა მოხდა – სარა ნელმსი, ადგილობრივი მწველავი ქალი ძროხის ყვავილით დაინფიცირდა. ჯენერმა მის ხელზე არსებული სპეციფიკური წყლულიდან ქსოვილის ნაწილი აიღო და იგი საკუთარი თანამშრომლის სრულიად ჯანმრთელ შვილს, 8 წლის ჯეიმს ფიპს მხარში შეუყვანა. შემდგომი 9 დღის მანძილზე პატარა ჯეიმსს დაბალი სიცხე და ქავილი აწუხებდა, მაგრამ ეს სიმპტომები ყვავილის ძირითადი კლინიკური ნიშნების ძალიან მსუბუქი გამოხატულება გახლდათ. მანიპულაციის ეფექტიანობაში დასარწმუნებლად ედუარდ ჯენერმა რადიკალურ ზომებს მიმართა – ძროხის ყვავილის მოხდის შემდეგ, მან ჯეიმს ფიპსი ადამიანის ყვავილით 2-ჯერ დააინფიცირა, თუმცა ბიჭს დაავადება არ გამოუვლინდა. საკუთარი ექსპერიმენტის შესახებ ჯენერმა სტატია 1798 წელს გამოაქვეყნა. მის მიერ ჩატარებულ მანიპულაციას კოლეგა ექიმმა შესაფერისი სამეცნიერო სახელი მოუფიქრა: ვაქცინაცია (Vacca ლათინურად ძროხას ნიშნავს).
„ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს”, – ამბობს მკვლევარი ჯონათან ჰიინი და ამგვარად ეფექტიანი ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლას აღწერს. კანადელი მეცნიერი ერთ-ერთია იმ 124 ფარმაკოლოგიური ფირმის ათასობით მკვლევარს შორის, ვინც Covid-19-ის დასამარცხებელ ვაქცინაზე მუშაობს. ამათ შორის ყველაზე დაწინაურებული მხოლოდ 10 ლაბორატორია გახლავთ – ისინი უკვე ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზაზე არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ჯანმრთელი ადამიანების მცირე ჯგუფს თავიანთი ექსპერიმენტული ვაქცინით ცრიან. ეს უპრეცედენტო ურთიერთთანამშომლობისა და სისწრაფის შედეგია – თითოეული დღე ხომ ასობით ადამიანის სიცოცხლედ ფასობს.
გამოწვევა მართლაც რომ არნახულია – მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქამდე არ შეუქმნიათ და ასეთ მცირე დროში, ზოგადად რაიმე ვაქცინა – მითუმეტეს. თანამედროვე სამეცნიერო კვლევის სტანდარტების სრული წესების დაცვით პროდუქტის შექმნას დეკადები სჭირდება. ასეთი პერსპექტივით Covid-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიან ვაქცინას 2036 წლის მაისისთვის უნდა ველოდოთ. ლაბორატორიიდან ფარმაკოლოგიურ ბაზრამდე მრავალწლიანი შუალედის მიზეზი 2 ფაქტორია: ვაქცინის შექმნის რთული მეთოდოლოგია და მისი კლინიკური კვლევის სკრუპულოზური ეტაპები.
ვაქცინის შექმნის პროცესი
1980-იან წლებში მკვლევარებმა ცილებისა და შაქრისაგან ვირუსების სუბერთეულების აწყობა ისწავლეს. ეს შეიძლება ტოქსინი ან ვირუსული გარსის ნაწილი ყოფილიყო, რომელზეც ორგანიზმს საპასუხო იმუნური რეაქცია ექნებოდა. ამ მოლეკულურ ფრაგმენტებს ანტიგენებს უწოდებენ. თანამედროვე ვაქცინების უმრავლესობა ედუარდ ჯენერისეულ ფილოსოფიას ეფუძნება – აცრისას ორგანიზმში დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსი ან მისი გარკვეული ნაწილი (ანტიგენი) ხვდება. ამგვარ გამღიზიანებელზე ჩვენს იმუნურ სისტემას საპასუხო რეაქცია აქვს – იგი დამცველობითი ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, რომელთა ნაწილიც ჩვენს ორგანიზმში დიდი ხნით რჩება, ანუ ყალიბდება იმუნური მეხსიერება. იმუნიტეტი ამ მექანიზმით ჩვენს სხეულს განმეორებითი ინფექციისგან იცავს.
მსგავსი ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერები დასუსტებულ ვირუსს ხელოვნურად, ქათმის კვერცხში ზრდიდნენ. ახლა ამისთვის, უმეტესად, ძუძუმწოვრების ან მწერების უჯრედები გამოიყენება. ამის შემდგომ მკვლევარები მათთვის საჭირო ნაწილებს, ანუ ანტიგენებს იღებდნენ. მხოლოდ ამ პროცესს 4-დან 6 თვემდე დრო სჭირდება. ვირუსის მუტაციის გამო, იცვლება მისი შესაბამისი ანტიგენებიც, რომელთა ძებნასა და შერჩევაში წლებიც კი შეიძლება გავიდეს. სიტუაციის ამჟამინდელი ფორს-მაჟორულობიდან გამომდინარე, უფრო სწრაფი გზის პოვნაა საჭიროა. ეს კი მხოლოდ უახლესი მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი.
ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ზემძლავრი კომპიუტერების გაჩენამ მეცნიერებს ვირუსის სრული გენეტიკური მასალის გაშიფვრის საშუალება მისცა. ისინი ვირუსული გენომიდან მიღებულ ინფორმაციას სპეციფიკურად შერჩეული ანტიგენის დასაპროექტებლად იყენებენ. მეცნიერებს ამისათვის დნმ ან რნმ ესაჭიროებათ – სწორედ ამ მოლეკულებში იტვირთება სამშენებლო ინსტრუქცია. მკვლევარები დნმ-ს ან რნმ-ს ვაქცინის სახით შეიყვანენ ორგანიზმში. ეს უკანასკნელი უჯრედში აღწევს და მას ვირუსის საწინააღმდეგო ანტიგენის ასაწყობ ინსტრუქციას აძლევს. პროცესის დაწყებიდან მალევე, ახალგამოჩენილ ანტიგენებს ჩვენი იმუნიტეტი შენიშნავს, რაც მას საპასუხო, დამცველობითი რეაქციის დაწყებისკენ უბიძგებს. მარტივად რომ ვთქვათ: ვაქცინა ჩვენს იმუნიტეტს მისთვის უხილავი მტრის აღმოჩენასა და განადგურებაში ეხმარება.
სწორედ ასეთი ტიპის დნმ ან რნმ ტიპის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ ახლა წამყვანი ლაბორატორიები. ეს პროცესი გაცილებით უფრო სწრაფია, მაგრამ მისი ეფექტიანობა ჯერ არ შემოწმებულა. კორონავირუსის საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა შესაძლოა სრულიად ახალი ნაბიჯი აღმოჩნდეს იმუნიზაციის ისტორიაში.
ვაქცინის კლინიკური კვლევის ეტაპები
ვაქცინის შექმნის შემდგომ მისი პრეკლინიკური კვლევა იწყება – მეცნიერები ცხოველებს ცრიან და პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თუ ტოქსიკურ ეფექტებს აკვირდებიან. მათ ორ ძირითად კითხვა უნდა გასცენ პასუხი:
- რამდენად ტოქსიკურია ვაქცინა?
- ვითარდება თუ არა შესაბამისი იმუნური პასუხი?
კვლევის ამ საფეხურზე ვლინდება იმუნიზაციის ეფექტიანობა, გამოიკვეთება შესაძლო გვერდითი მოვლენები და მათი მთავარი სამიზნე ორგანოები. მიღებული შედეგების ანალიზით წყდება, გადავა თუ არა ვაქცინა კვლევის შემდეგ ეტაპზე, ანუ დაიწყება თუ არა კლინიკური კვლევა.
თავის მხრივ კლინიკური კვლევა სამ ფაზად იყოფა:
- I ფაზა – კვლევაში ჩართულია 1-დან 100 ადამიანამდე;
- II ფაზა – კვლევაში ჩართულია ასეულობით ადამიანი;
- III ფაზა – კვლევაში ჩართულია 10 000-ზე მეტი ადამიანი;
კლინიკური კვლევის I ფაზა – მეცნიერები განსხვავებული ასაკის, რასისა და სქესის ჯანმრთელი ადამიანების მცირე ჯგუფს არჩევენ. მკვლევარების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას:
- რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა?
- ვლინდება თუ არა გვერდითი ეფექტები?
- გამოიმუშავებს თუ არა იმუნიტეტი ანტისხეულებს?
ამგვარად, მეცნიერებს წარმოდგენა ექმნებათ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში და რამდენად ემთხვევა ეს მონაცემები ცხოვეულ მოდელებში მიღებულ შედეგებს. იმუნიზაციის ეფექტიანობაში დასარწმუნებლად აუცილებელია, რომ კვლევაში ჩართული ინდივიდი ვირუსით დაინფიცირდეს. თუკი ვაქცინის შექმნისა და პრეკლინიკური კვლევის ფაზებზე მეცნიერებს დროის შეკვეცა და პროცესის აჩქარება შეეძლოთ, აქედან მოყოლებული ისინი ადამიანების ფიზიოლოგიურ პროცესზე ხდებიან დამოკიდებულნი.
კლინიკური კვლევის II ფაზა – პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ იწყება მეორე ფაზა, რა დროსაც იმუნიზაცია ასეულობით ადამიანს უტარდება. მკვლევარებმა უნდა გაიგონ:
- რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა?
- რამდენად ძლიერია იმუნური პასუხი?
- სწორად არის თუ არა ვაქცინის დოზა შერჩეული?
კვლევის ამ ეტაპზე მეცნიერები კიდევ უფრო ღრმად ეცნობიან ვაქცინის მოქმედების მექანიზმს, აკვირდებიან მის ეფექტიანობასა თუ უსაფრთხოებას უფრო მრავალფეროვან და ვრცელ პოპულაციაში, ხდება საბოლოო დოზის კორექცია. ამ საფეხურის გავლის შემდგომ იწყება დასკვნითი, მესამე ფაზის კვლევა.
კლინიკური კვლევის III ფაზა – ეს იგივე პოპულაციური კვლევაა და მასში 10 000-ზე მეტი ადამიანი ერთვება. მეცნიერების წინაშე კვლევის ყველაზე მთავარი კითხვა დგას:
- არის ვაქცინა ვირუსისგან უსაფრთხო თავდაცვის საშუალება პოპულაციისთვის?
ამ ეტაპზე მკვლევარებს საბოლოო წარმოდგენა ექმნებათ იმუნიზაციის ფართო ეფექტიანობასა და გვერდით მოვლენებზე. ამგვარად ყალიბდება სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც განსხვავებული ასაკის, სქესისა და რასის მრავალ ადამიანზე ვრცელდება.
ვაქცინაციის ეფექტიანობაზე მსჯელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების საკონტროლო ჯგუფთან შედარება. ამისათვის კლევაში ჩართულ ინდივიდებს რანდომიზაციას უკეთებენ – მათ შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად ანაწილებენ. ერთი ჯგუფი საკვლევი ვაქცინით იცრება, ხოლო მეორე – პლაცებოთი.
უტყუარი სამეცნიერო ობიექტურობის მისაღწევად, ამგვარი რანდომიზაციის შემდეგ არც მკლვევარმა და არც კვლევაში ჩართულმა პირმა არ იცის, თუ რომელი ჯგუფი იღებს ვაქცინას და რომელი პლაცებოს. კვლევის ასეთ მოდელს ორმაგად ბრმა რანდომიზებულს უწოდენ. ამ მეთოდოლოგიის გამოყენება ეთიკურად მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც სხვა ვაქცინა ფიზიკურად არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ მეცნიერები შეგნებულად დააყენებენ კვლევაში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ – არ მისცემენ რა მათ საშუალებას, რომ დაავადებისაგან თავი იმუნიზაციით დაიცვან. სწორედ ორმაგად ბრმა რანდომიზებული მეთოდოლოგიით ჩატარდა 1954 წელს იონას სალკის მიერ შექმნილი პოლიომიელიტის ვაქცინის კვლევა, რაც ეროვნული მასშტაბის მოვლენა გახლდათ – დაავადება თითქმის სრულად გაქრა.
როდესაც ასეთი კვლევის ჩატარება ეთიკურად გაუმართლებელია, მეცნიერები სხვა მეთოდებს მიმართავენ: კოჰორტულ ან შემთხვევათა კონტროლის კვლევას. კოჰორტული კვლევისას მეცნიერები აცრილი და აუცრელი ინდივიდების კოჰორტებს (ანუ ჯგუფებს) ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებიან და მათი ავადობის ისტორიას აანალიზებენ. შემთხვევათა კონტროლის კვლევა უფრო ხშირად ეპიდაფეთქებების დროს ტარდება. ასეთ დროს დაინფიცირებულ ინდივიდებს ჯანმრთელებს ადარებენ და ცდილობენ გამოთვალონ, თუ რა ეფექტი აქვს ამ პროცესში იმუნიზაციას.
ვაქცინაციით მიღებული სარგებლისა და პოტენციური გვერდითი ეფექტების ზიანზე მსჯელობა კლინიკური კვლევის დასრულების შემდეგ იწყება. ამას პოსტ-მარკეტინგულ ფაზასაც უწოდებენ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და ხანგრძლივი ეტაპია. მიღებული მონაცემების ღრმა ანალიზის შემდეგ, მეცნიერები საბოლოო შედეგებს დასამტკიცებლად წარადგენენ. მუშაობის პარალელურად, კვლევის ავტორები აკადემიურ ჟურნალებში პუბლიკაციებს აქვეყნებენ, რაც სამეცნიერო საზოგადოებას საშუალებას აძლევს სკეპტიკური ლუპის ქვეშ დააკვირდნენ კოლეგების თითოეულ ნაბიჯს. კვლევის საბოლოო შედეგები გადასამოწმებლად შესაბამის სახელმწიფო სტურქტურებს გადაეცემა. დარწმუნდებიან რა იმუნიზაციის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში, ეს უკანასკნელნი ფარმაკოლოგიურ კომპანიას ვაქცინის წარმოების უფლებას აძლევენ. ამ ყველაფრის შემდგომ იწყება შესაფერისი საწარმოს მშენებლობა და ვაქცინის მასიური დამზადება. ამ ნაბიჯების გავლა უწევს ნებისმიერ ვაქცინას, რათა აფთიაქის დახლზე მოხვდეს. ზემოთ აღწერილ სრულ პროცესს, ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, მინიმუმ 16 წელი მაინც სჭირდება.
რა თქმა უნდა, ეს უხეშად აღწერილი პროცესი სრულად ვერ გადმოსცემს იმ სკრუპულოზურობასა და ბიუროკრატიულობას, რაც ამ პროცესის თანამდევია. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ერთი მარტივი მიზეზით არის განპირობებული – ვაქცინა ჯანმრთელი ადამიანებისთვის იქმნება. ორგანიზმისთვის საშიში ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენა ვაქცინის კლინიკური კვლევის შეწყვეტის მიზეზი ხდება – მასში ჩართული ადამიანის კეთილდღეობა ყველაფერზე მაღლა დგას.
სწორედ ამიტომ, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ძალზედ გასაკვირი, ხოლო გარკვეული წრეებისთვის შემაშფოთებელიც კი იყო, როდესაც 2 მარტს, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები გაოგონრად მოკლე დროის პერიოდებზე საუბრობდნენ.
რბოლა ვაქცინის შესაქმნელად
„რამდენიმე წელიწადი” – თქვა ჯონ შაივერმა, ფარმაკოლოგიური გიგანტის Sanofi Pasteur-ის ერთ-ერთმა დირექტორმა. მისი გათვლებით, კლინიკური კვლევისთვის მზა პროდუქტი კომპანიას ერთ წელში ექნებოდა.
„კარგი, გასაგებია. დიდი მადლობა” – უინტერესოდ თქვა დონალდ ტრამპმა და მთელი ყურადღება ლენი შლაიფერზე, კომპანია Regenero-ს ხელმძღვანელზე გადაიტანა. ამ უკანასკნელმა შაივერის ნავარაუდები რამდენიმე წელი თვეებამდე შეამცირა. კლინიკური კვლევის ჩატარების პერიოდად მან ზაფხული წამოადგინა, ხოლო მასიური იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების წარმოების სავარაუდო დროდ – აგვისტო.
„თუ ყველაფერი კარგად წავა” – დააკონკრეტა შლაიფერმა, თუმცა მისი სიტყვები სამიზნეს კარგად მოხვდა.
„ანუ, ეს პროცესი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ჯონის?” – სიტყვა შეაწყვეტინა შლაიფერს ტრამპმა და შაივერისკენ გაიშვირა თითი.
„შესაძლოა” – უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტს ლენი შლაიფერმა.
შემდეგი გამომსვლელი Moderna Inc-ის ხელმძღვანელი, სტეფან ბანსელი გახლდათ. ეს უკანასკნელი კოლეგების წრეში მისთვის დამახასიათებელი ერთი განსაკუთრებული თვისებით არის ცნობილი: საჭირო ადამიანისთვის საჭირო დროს სათქმელ სიტყვებს საოცრად ზუსტად არჩევს.
„ძალიან ვამაყობ აშშ-ს მთავრობასთან მუშაობით. ჩვენ ვირუსის გენეტიკური მასალის სექვენირებიდან 42 დღეში, მზა ვაქცინა ექიმი ფაუჩის გუნდს გადავუგზავნეთ”, – აღნიშნა ბანსელმა და დაამატა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვე სჭირდებოდა მეორე და მესამე ფაზის კლინიკური კვლევებისთვის.
„ანუ თქვენ ამბობთ, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში ვაქცინა გექნებათ?” – ჰკითხა ტრამპმა ბანსელს.
„სწორია, სწორია” – უპასუხა ბანსელმა პრეზიდენტს და სწრაფადვე დააზუსტა -„კლინიკური კვლევის მეორე ფაზაში”.
მისი ასეთი სწრაფი რეპლიკის მიზეზი ექიმი ენტონი ფაუჩის რეაქცია გახლდათ, რომელმაც ბანსელის სიტყვები უფრო მკაფიოდ გამოთქვა: „თქვენ მზა ვაქცინა არ გექნებათ. თქვენი ვაქცინა კლინიკური კვლევის პროცესში იქნება”.
მიუხედავად ყველაფრისა, Moderna Inc-ის ხელმძღვანელის ეს გამოსვლა კომპანიის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი გამოდგა – აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან $483 მილიონი და მთელი მსოფლიოს იმედი ახლა ბანსელის ბიოტექ კომპანიის განკარგულებაშია. იმისთვის, რომ სასურველი სწრაფი შედეგი რეალური გახდეს, აუცილებელია, რომ ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში ერთდროულად ბევრი ფარმაკოლოგიური კომპანია იყოს ჩართული. ამიტომაც, აშშ-ს მთავრობამ ფედერალური დაფინანსება კიდევ ორ კომპანიას მისცა: Janssen Research & Development (ფარმაკოლოგიური გიგანტის Johnson & Johnson-ის ნაწილი) – $456 მილიონი, და Sanofi – $30 მილიონი.
Moderna Inc-ის მეთოდოლოგია უნიკალური და მოქმედებაში აქამდე გამოუცდელია. ისინი ვაქცინისთვის სატრანსპორტო რნმ-ს იყენებენ. ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ამ უკანასკნელის ფუნქცია ზუსტი ბრძანებების გაცემაა, რითიც უჯრედს კორონავირუსის ზედაპირული ცილის, ე.წ. „სპაიკის” ორეულს ამზადებინებს. ცნობისათვის: სწორედ სპაიკები აძლევენ ვირუსს გვირგვინის შესახედაობას. მას შემდეგ, რაც ჩვენს უჯრედებში SARS- CoV-2-ის სპაიკების ორეულები გაჩნდებიან, იმუნური პასუხი ირთვება – სხეულში ანტიგენების გამომუშავება დაიწყება.
Johnson & Johnson ფარმაკოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია და მის მიერ შექმნილი ეფექტიანი ვაქცინების სია საკმაოდ გრძელია. Janssen R&D-ის ექსპერიმენტული ვაქცინა ადენოვირუს 26-ის (Ad26) მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს. ადენოვირუსი ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ვირუსია. ამ უკანასკნელს უჯრედებში შეღწევა განსაკუთრებით კარგად გამოსდის. Ad26 ინაქტივირებულია, ანუ მას გამრავლების უნარი აღარ შესწევს. მეცნიერები ამ უკანასკნელს კორონავირუსის ზედაპირული ცილის გენს უმაგრებენ, რაც ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს.
Sanofi უკვე 100 წელზე მეტია, რაც ეფექტიან ვაქცინებს აწარმოებს. ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ისიც უნიკალურ, დნმ-ზე დაფუძნებულ აცრაზე ამყარებს იმედს. ამ რბოლაში ფრანგული კომპანია ბრიტანულ კონკურენტთან, GlaxoSmithKline (GSK)-თან გაერთიანდა.
აშშ-ს ფედერალური გრანტის ყველაზე მსუყე წილის ადრესატს, Moderna Inc-ს, ზემოთ ჩამოთვლილი კონკურენტებისგან ისიც გამოარჩევს, რომ ფარმაკოლოგიურ ბაზარზე სულ რაღაც 10 წელია რაც გამოჩნდა. ახალგაზრდა ბიოტექ კომპანიას გამოცდილებაც არ აქვს – მის მიერ აქამდე შექმნილ არცერთ მედიკამენტს კლინიკური კვლევა სრულად არ გაუვლია, ანუ მათი არცერთი პროდუქტი ფარმაკოლოგიურ ბაზარზე არ მოხვედრილა. ამის გათვალისწინებით, ნამდვილად გასაკვირი იყო, როდესაც სტეფან ბანსელმა პირდაპირ კლინიკური კვლევის ეტაპზე დაიწყო საუბარი და პრეკლინიკურ კვლევაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
„არ ვთვლი, რომ ვაქცინის ეფექტიანობის ცხოველურ მოდელზე გამოცდა კრიტიკულად ხელს უშლის კლინიკური კვლევის დაწყებას”, – აღნიშნა ტალ ზაქსმა, Moderna Inc-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა. ამგვარად, მისმა კომპანიამ პრეკლინიკური კვლევა გამოტოვა და პირდაპირ ადამიანების რეკრუტირება დაიწყო. ამის პარალალურად, Мoderna Inc-ის ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) აიღო საკუთარ თავზე. ეს ფორს-მაჟორში გადადგმული ნაბიჯია და ამის ერთადერთი გამამართელებელი საბუთი აქტიურად მიმდინარე პანდემიაა.
16 მარტს ფედერალური დაფინანსების მქონე ამ ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ კვლევაში ჩართული პირველი ადამიანი აცრა. აშშ-ს მთავრობის მოთხოვნილი 18 თვიანი ვადის ათვლა დაიწყო.
სიჩქარის თანმდევი რისკები და საფრთხეები
აშშ-ს ხელისუფლებისთვის ნათელია, რომ ვაქცინის შექმნის აჩქარებულ პროცესში რისკები ძალიან მაღალია: ნებისმიერ მცირე შეცდომას სრულად ვაქცინაციის კომპრომეტირება შეუძლია. წარსულში ამის მწარე გამოცდილება აშშ-ს უკვე აქვს.
1976 წელს, ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს, ნიუ-ჯერსის შტატში ღორის გრიპის აქამდე უცნობი შტამი გამოჩნდა, რომელმაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ესპანური გრიპის ტრაგიკული გამოცდილების შესახებ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. სწორედ ამან აიძულა ფორდი, პოტენციური პანდემიის თავიდან ასარიდებლად ვაქცინის შექმნის პროცესი წარმოუდგენლად აეჩქარებინა. შედეგად, რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინით თეთრი სახლის ექიმმა პრეზიდენტი დემოსტრაციულად აცრა.
იმავე წლის ოქტომბერში მასიური ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. თუმცა, მალევე სპორადული სიკვდილიანობისა და გილენ-ბარეს სინდრომის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. საზოგადოება პანიკამ მოიცვა – ბევრმა შტატმა იმუნიზაციის პროცესი შეაჩერა. 1976 წლის დეკემბერში სხეულის პარალიზის 94 შემთხვევა იქნა აღწერილი, რამაც პროგრამის სრული შეწყვეტა გამოიწვია. დაიწყო ურთიერთგადაბრალების მასიური კამპანია პოლიტიკოსებსა და მეცნიერებს შორის. პანდემია კი ასეც არ განვითარდა – უცნაური ღორის გრიპი გაქრა.
გასაგებია, რომ ვაქცინის კვლევის აჩქარებული პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უსაფრთხოების ხარჯზე. პრეკლინიკური ფაზის გამოტოვება დროს კი ამცირებს, მაგრამ შეცდომის საზღაური შეიძლება კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში ჩართულმა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობით გადაიხადოს. ერთ-ერთი ასეთი თეორიული გართულება არასასურველი იმუნური პასუხი, ე.წ. „დაავადების გამწვავება” გახლავთ. ამის მაგალითად 2003 წელს, SARS-ის ეპიდემიის დასამარცხებლად შექმნილი ვაქცინა გამოდგება, რომელმაც პრეკლინიკურ ფაზაში რადიკალური ეფექტი გამოავლინა – აცრილ ცხოველებს ვირუსით ინფიცირების შემდეგ სიმპტომატიკა უფრო მწვავედ გამოუვლინდათ. ამის მიზეზი სრულად არ გამოკვლეულა, რადგანაც ვაქცინის შექმნის საჭიროება მალევე გაქრა – SARS-ის ეპიდემია დამოუკიდებლად დასრულდა. სამწუხაროდ, მიმდინარე პანდემიის შემთხვევაში ასეთი მოლოდინი არ არსებობს.
მარტის მიწურულს ჯოშ მორისონი პანდემიამ ბრუკლინში, საკუთარ სახლში გამოკეტა. აპრილის დასაწყისში მისი მშობლების ქორწინებიდან 40 წლის იუბილე სრულდებოდა და ისიც მათ მოსანახულებლად ფლორიდაში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსმა მისი გეგმები თავდაყირა დააყენა. ნიუ-იორკში ჩარჩენილი მორისონი დედ-მამის ჯანმრთელობაზე ღელავდა და თავს უმწეოდ გრძნობდა. სასოწარკვეთილი ჯოში საკუთარ ნიუს-ფიდში ჟურნალ The Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ სტატიას გადააწყდა. რუტგერსის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსების სამკაციანმა ჯგუფმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა – მათ კორონავირუსის ვაქცინის კვლევის ასაჩქარებლად ინდივიდების კონტროლირებული, შეგნებულად დაინფიცირების გეგმა წარმოადგინეს. თუკი ედუარდ ჯენერს პატარა ჯეიმს ფიპსზე ჩატარებული კვლევის გამო ეთიკოსების რისხვა თავს არ დასტეხია, ასეთი რამის ახლა განმეორება თანამედროვე მეცნიერებისთვის ძალიან კონტროვერსიული გახლავთ. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ სასიკვდილო ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი მკურნალობა არ არსებობს.
ჯოშ მორისონისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი როლი ნათლად დაენახა. მეგობრების დახმარებით მან პროექტი, 1 Day Sooner წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც 26 000-ზე მეტი მოხალისე მზად არის იმუნიზაციის კვლევაში ჩაერთოს და კორონავირუსით შეგნებულად დაინფიცირდეს, თუკი ეს მეცნიერებს ვაქცინის სწრაფად შექმნაში დაეხმარებათ.
რეალურად, მთელი ეს პროცესი ერთ დიდ ქაოსს ჰგავს: აქამდე ცნობილი ყველანაირი პროტოკოლი შეიცვალა, კვლევას ბიუროკრატიული ნაწილი თითქმის სრულად გამოეცალა, ხოლო FDA ნებართვებს ძალიან ადვილად გასცემს. სამეცნიერო მეთოდიკის სტანდარტების ასეთი გაუფასურება თავისი არსით საფრთხის შემცველია, რაზეც მეცნიერთა ნაწილი უკვე ღიად საუბრობს.
კონტროლირებულ დაინფიცირებას აკადემიურ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული მეთოდი შეიძლება კვლევის 1-II ეტაპზე გამოიყენონ – ამგვარად პროცესი ნამდვილად აჩქარდება და მეცნიერებს წარმოდგენა შეექმნებათ, თუ როგორ იქცევა ვაქცინა რეალურ გარემოში. თუმცა, რისკები მაინც საკმაოდ მაღალია. ფაქიზმა ეთიკურმა დილემამ მეცნიერები აიძულა, აქამდე მათთვის უცვლელი პრინციპების სიმტკიცისთვის გადაეხედათ. ექიმი ენტონი ფაუჩის თანაავტორობით გამოქვეყნებული სტატია აღნიშნულ თემას გამოეხმაურა და მის ლიმიტაციას გაუსვა ხაზი. საქმე იმაშია, რომ კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კონტროლირებად დაინფიცირების კვლევაში ვერ ჩაერთვებიან, ხოლო ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმის იმუნური პასუხი შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოვლენების ყველაზე არასასურველი განვითარება კვლევაში ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის მწვავე გაუარესება და სიკვდილია. ასეთ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ მეცნიერები უნებურად ჯალათის როლს მოირგებენ. ჯოშ მორისონისთვის ეს ეთიკური დილემა წმინდა წყლის მათემატიკამდე დადის. მისი აზრით, დიადი მიზნის მისაღწევად თუნდაც ასეთი, ერთეული სიკვდილი გამართლებული საზღაურია.
საბოლოოდ, WHO-მ მსგავსი დიზაინის კვლევისთვის პაციენტების შერჩევის კრიტერიუმები გამოქვეყნა და ამგვარად ვაქცინის კვლევის აჩქარებას მწვანე შუქი აუნთო. ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი ნამდვილად არ ყოფილა. ჩარლზ ვეიერი WHO-ს ეთიკური კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლავთ. 2016 წელს გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კონტროლირებადი დაინფიცირება მხოლოდ მსუბუქი და უკვე შემუშავებული სამკურნალო სქემის მქონე ინფექციური დაავადების კვლევისას შეიძლება რომ გამოვიყენოთ.
„როგორც მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ აღნიშნა: პანდემიის დროს ყველანი ჯარისკაცები ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია კვლევაში ჩართულ ადამიანებს მეცნიერების სახელით ის გავუკეთოთ, რაც მოგვესურვება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ბევრ სიცოცხლეს გადავრჩენთ”, – ამბობს ვეიერი და ამგვარად მეცნიერების პოლიტიკისგან გამიჯვნას ცდილობს.
ვაქცინა, როგორც პოლიტიკური იარაღი
1609 წლის 29 აგვისტოს, გალილეო გალილეი სიძისთვის, ბენედეტო ლანდუჩისთვის წერილს წერდა. მოსაყოლი კი ნამდვილად ბევრი ჰქონდა – ეს ზაფხული ჭეშმარიტად თავბრუდამხვევი გამოდგა. ორიოდე თვით ადრე მის ყურამდე უცნაური ჭორი მივიდა – ფლანდრიაში საჯაშუშო მინა გამოუგონიათ, რომლის დახმარებითაც ორ მილზე შორს მყოფ ადამიანს ისე ხედავ, თითქოს შენ წინ იდგესო. ამ ამბავმა გალილეო ისე დააინტერესა, რომ მსგავსი ინსტუმენტის შექმნა თვითანაც სცადა. გამოუვიდა კიდეც და ამჯერად უკვე მის შესახებ გავრცელდა ჭორები მთელ იტალიაში. საჭირო ყურამდეც მიაღწია ხმებმა – ვენეციაში ამ წარმოუდგენელი გამოგონების ხილვა თვით სენატმა მოითხოვა. გალილეოს დიდი პატივით დახვდნენ და მის მიერ შექმნილი ტელესკოპი პრაქტიკაშიც გამოსცადეს. პრეზენტაცია იმდენად ეფექტიანი გამოდგა, რომ სენატმა გალილეო გალილეის პადუას უნივერსიტეტში სიცოცხლის ბოლომდე დანიშვნას კენჭი დაუყოვნებლივ უყარა. მის წლიურ გასამრჯელოდ 1000 ფლორინი დაწესდა – ეს იმ დროის იტალიაში ნამდვილად დიდი ანაზღაურება გახლდათ.
გალილეოს აღზევება მხოლოდ ახლა იწყებოდა. რამდენიმე წლით ადრე შექმნილმა სამხედრო კომპასმა მას შემოსავალი და სახელი მოუტანა, ხოლო მის კოლეგებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – ზოგიერთ მათგანს მიაჩნდა, რომ ეს გამოგონება გალილეოს არ ეკუთვნოდა. თუმცა, ტელესკოპის შექმნით აქამდე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა.
სენატის პატივსაცემი წევრებისგან განსხვავებით, გალილეო გალილეი თავის შექმნილ ტელესკოპს „საჯაშუშოდ” ცისკენ მიმართავს და ამგვარად თანამედროვე ასტრონომიას ჩაუყრის საფუძველს. სიძისთვის გაგზავნილი წერილიდან ერთ წლის თავზე, მას უფრო მეტი ანაზღაურება და უფრო დიდი გავლენა ექნება იტალიის პოლიტიკაში. უკვე მოხუცებულს სწორედ ეს გადაარჩენს ინკვიზიციის მარწუხებისგან – მისი შორსმჭვრეტელი გონების თვალი კარგად დაინახავს იმ საფრთხეს, რაც რელიგურ დოგმატიზმთან დაპისპირებას შეიძლება მოჰყოლოდა. მოხერხებული, დიპლომატიური ენა გალილეოს სიცოცხლეს კი შეუნარჩუნებს, თუმცა ბოლო 9 წელს იგი შინაპატიმრობაში გაატარებს.
თავის პროდუქტს გალილეო ყოველთვის უძებნიდა შესაბამის სპონსორს, ხოლო მეცენატი ამ გამოგონებას – შესაფერის გამოყენებას. ყველაფერი ძალიან მარტივად იყო მოწყობილი: ვინც ფლობდა უახლეს ტექნოლოგიას, ავტომატურად უპირატესობას მოიპოვებდა თავის მოწინააღმდეგეზე.
„მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ ბრძოლას ჩინური ვირუსის დასამარცხებლად” – ჩვეული აგრესიული ტონით განუცხადა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა და მას ეს სიტყვები არ წამოსცდენია. ამგვარი ფორმით აშშ-ს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და ვირუსის გავრცელებაში ჩინეთი ჯერ ირიბად, ხოლო მოგვიანებით კი პირდაპირ დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, ეს ბრალდებები კომუნისტურმა მთავრობამ უპასუხოდ არ დატოვა და თავისი პროპაგანდისტული მანქანა მძლავრად აამუშავა – სი ძინპინის რეჟიმი მიმდინარე პანდემიაში ამერიკულ კვალს ხედავს.
არსებული სიტუაციის სიმწვავის გათვალისწინებით, ასეთი კონფრონტაცია მოსალოდნელი გახლდათ. დონალდ ტრამპის აზრით, ამის მიზეზი აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე გავლენის მოხდენაა, რისთვისაც ჩინეთი ყველა ხერხს მიმართავს. მისი მმართველობის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს უბრალოდ დანაშაულის სხვისთვის გადაბრალების მცდელობაა, რაც სინამდვილეში კორონოვირუსის პანდემიის არაადეკვატური მენეჯმენტის მიჩქმლვას ემსახურება. ამიტომაც, ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში ამერიკას პირველობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
ვაქცინის შექმნა ჩინეთის მთავრობისთვისაც პრინციპული საკითხია. ამ შეჯიბრში ისინი 3 დიდ მოთამაშეზე დებენ ფსონს: CanSino Biologics, Sinovac Biotech და Wuhan Institute of Biological Products. ვირუსის წარმოშობის შესახებ კვლევების ცენზურის ქვეშ მოქცევის გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ სი ძინპინის კომუნისტური რეჟიმი პანდემიისგან დისტანცირებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვუჰანში ეპიდემიის აფეთქების დამალვაზე სხვა ზესახელმწიფოების მწვავე რეაქცია გახლდათ. ვაქცინის შექმნით ჩინეთი მთელი მსოფლიოს თვალში შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამერიკაზე დომინაციას შეძლებს.
პანდემიის მიმდინარეობის პარალალურად, თითქმის ყველა ზესახელმწიფოს ლიდერის საუბრის მანერა შეიცვალა და მასში სამხედრო რიტორიკამ იმატა. ეს კარგად ნაცნობი და აპრობირებული ტაქტიკაა, რადგანაც პანდემია მართლაც ძალიან ჰგავს ომს: ქვეყნისგან ისიც დიდ ფინანსურ დანახარჯს ითხოვს, სიკვდილით გამოწვეული ტკივილი მისი თანმდევია და ამ უწყვეტ ბრძოლას ერთგვარი ტალღური მიმდინარეობა აქვს – კრიზისულ სიტუაციას დროებითი, მშვიდობიანი პერიოდები ენაცვლება. საბოლოო შედეგი კი მაინც ბუნდოვანია.
მსგავსი განწყობაა სხვა ქვეყნების მმართველ ბანაკებშიც. მაშინ, როცა კაცობრიობას ერთდაერთ დასაყრდენად მეცნიერება ევლინება, მიღწეული შედეგი პოლიტიკოსთა ხელში მძლავრ იარაღად იქცევა.ისტორიულადაც ასე იყოდა გამონაკლისი არც თანამედროვეობაა – მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც ვაქცინის შექმნა პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილ – სიცოცხლის საკითხს ჭრის. შესაბამისად, აღარ არის გასაკვირი, თუ რატომ აქვთ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება – ეს პირდაპირი მნიშვნელობით თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა.
მეცნიერი და გენერალი
აშშ-ს ვაქცინის შექმნისა და წარმოებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, ანუ ოპერაციას “Warp Speed” მეცნიერისა და გენერლის ტანდემი ხელმძღვანელობს.
მოსაფ სლოუი მკაცრი გამომეტყველების მქონე ოდიოზური და მძიმეწონიანი ფიგურაა ვაქცინების შემქმნელ მეცნიერთა შორის. იგი წლების განმავლობაში ფარმაკოლოგიური გიგანტის, GlaxoSmithKline (GSK) აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი გახლდათ. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე სლოუი Moderna Inc-ის მმართველი ბორდის წევრი და კომპანიის აქციების მფლობელიც გახლდათ. კრიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ ცხად ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა მოსაფ სლოუი ახალ თანმდებობაზე დანიშვნამდე 1 კვრითი ადრე Moderna Inc-ში დაკავებული პოსტიდან გადადგა და ამგვარად სამომავლო სარგებელზეც უარი თქვა. Moderna Inc-ის ფედერალური დაფინანსების მიღების შემდეგ სლოუის აქციების ფასმა $2,4 მილიონით მოიმატა და $12,4 მილიონი შეადგინა. იგი იძულებული გახდა თავისი აქციები გაეყიდა, ხოლო ახლახანს შემატებული $2,4 მილიონი კიბოს კვლევის ფონდში გადაერიცხა. ეს მხოლოდ ერთი „უმნიშვნელო” დეტალია სლოუის ფარმაკოლოგიური ინტერესებიდან. ის ასევე ფლობს $10 მილიონის ღირებულების აქციებს GSK-ში, რომელიც Sanofi-სთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის შექმნის რბოლაში მონაწილეობს. ზუსტი წარმოდგენა ფარმა-ბაზარში მისი ინტერესებსა და ბიზნესწილებზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. იგი ამ თანამემდებობაზე როგორც კონტრაქტორი, ისე დაინიშნა და გაწეული სამსახურისთვის ანაზღაურებად 1 დოლარს მიიღებს. მსგავსი კონტრაქტი მას ფედერალური ვალდებულებებისგან ათავისუფლებს – მოსაფ სლოუის შეუძლია საკუთარი თანამდებობების სრული სია საიდუმლოდ დატოვოს.
გენერალი გუსტავ პერნა არმიის ოთხვარსკვლავიანი გენერალია. ის ძალზედ საპასუხიმგებლო ლოჯისტიკურ მისიას უდგას სათავეში – ვაქცინის წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მასალების მოძიება მისი ვალდებულებაა.
მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ 300 მილიონი საინექციო ფლაკონის დამზადებაა საჭირო. ასეთი მოცულობითი შეკვეთის შესასრულებლად საწარმოს დაახლოებით 18 თვე დასჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რომელი ვაქცინა გააღწევს კლინიკური კვლევის ბოლომდე. გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, დნმ და რნმ ვაქცინას სხვაგვარი შესაფუთი და სატრანსპორტო ტექნოლოგია ესაჭიროება, რაც დამატებით ლოჯისტიკურ პრობლემებს ქმნის. ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოების მოცულობის გაზრდაა აუცილებელი.
ეს გლობალური პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია და მის რეალურ გადაჭრამდე ჯერ კიდევ შორია. პანდემიის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი ქვეყნის სრული იმუნიზაცია ნამდვილად არ კმარა – საჭიროა კოორდინირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ღონისძიებები. თუმცა, ამის მოლოდინი საკმაოდ მცირეა. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინის შექმნისა და დისტრიბუციისთვის რბოლა საერთო ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ პოლიტიკა ამ პროცესს უთანასწოროს ხდის – ნაციონალური ინტერესები საერთო სარგებელზე მაღლა დგება. მიზეზი ნამდვილად მარტივი ასახნელია – არცერთ ზესახელმწიფოს არ სურს იმუნიზაციის მსურველათა გრძელ რიგში აღმოჩნდეს. ისტორიულად ასეთ დროს ყოველთვის ღარიბი ქვეყნები იჩაგრებიან.
მოსაფ სლოუიმ Мoderna Inc-ის ვაქცინის კვლევის იმედისმომცემი პირველადი მონაცემების შესახებ კომპანიის დაანონსებულ პრესრელიზამდე რამდენიმე დღით ადრე ისაუბრა. ამიტომაც, ბანსელის ფირმის ოფიციალურ განცხადებას ყველა დიდი გულისყურით ელოდა. ამ ამბავს სამეცნიერო წრეები უფრო სკეპტიკურად შეხვდნენ, რადგანაც Мoderna Inc მხოლოდ პრესრელიზით შემოიფარგლა და კვლევის შედეგები აკადემიურ ჟურნალში არ გამოქვეყნა.
ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში ჩართვამ სტეფან ბანსელი მილიარდერად აქცია, ხოლო პირველადი დადებითი შედეგების გაჟღერებამ მისი კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის ფონზე სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა Moderna Inc-ის უფროსი სამეცნიერო ოფიცერის, ტალ ზაქსის გადაწყვეტილება – ამ უკანასკნელმა თავისი აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, რითიც $8,2 მილიონის მოგება ნახა. ეს ამბავი ანტივაქსერებისა და კონსპირაციული თეორიების მოყვარულთათვის მსუყე საკბილო აღმოჩნდა.
ანიტვაქსერული მოძრაობა პანდემიის პირობებში
პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ანტივაქსერული მოძრაობაც. მართალია, იმუნიზაციის ზოგიერთმა მოწინააღმდეგებ საკუთარი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა, მაგრამ ამას ზოგად სურათზე გარდამტეხი გავლენა მაინც არ მოუხდენია. ანტივაქსერულმა მოძრაობამ, რომელიც უკვე მრავალი წელია სრულიად უსაფრთხო ვაქცინების კომპრომეტაციას ეწევა, ახლა ხელსაყრელი დრო იხელთა, რათა თავისი მავნებლური დეზინფორმაცია ფართოდ გაავრცელოს. ამაში ორგანულად ახალი არაფერია: ადამიანების სჩვევიათ შერჩევითად სჯეროდეთ მხოლოდ იმის, რაც მათსავე წინასწარ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან მოდის თანხვედრაში. ანტივაქსერების მოფიქრებული აბსურდული კონსპირაციული თეორიებიდან ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახლდათ (მაგ. მოწოდებები სოციალური დისტანციის უმნიშვნელობის შესახებ). მოგვიანებით, სოციალური დისტანცირებისა და საკარანტინე რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს ადამიანები გახდნენ. ბევრმა ანტივაქსერმა ვირუსით ინფიცირებისგან „თავდასაცავი” ჰომეოპათიური საკვები დანამატებისა და ვიტამინების რეკლამირებით მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელიც ნახა.
იმუნიზაციის მოწინააღმდეგეთა მიერ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მიყენებული ზიანი უკვე უკვე სახეზეა – ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მიჩიგანის შტატში ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია საგანგაშოდ შემცირებულია. შეიძლება ამან იონას სალკის ვაქცინით დამარცხებულ პოლიომიელიტს ახალი სიცოცხლე აჩუქოს.
დამახინჯებული ინფორმაციის მთავარი მიზანი ალტერნატიული რეალობის შექმნაა, რაც ხშირად მსუყე ნიადაგს ქმნის საჭირო პოლიტიკური პროპაგანდის გასატარებლად. თუკი აქამდე დონალდ ტრამპი ვაქცინაციის ეფექტიანობას გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებდა და ამგვარად ანტივაქსერების ხმების მოპოვებასა თუ მათ გაძლიერებას ხელს უწყობდა, ახლა მთელი მისი იმედები ეფექტიანი ვაქცინის შექმნაზე არის დამყარებული – ამან შეიძლება გარდამტეხი როლი ითამაშოს მისი მეორე ვადით არჩევაში. თუმცა, არსებობს იმის მოლოდინიც, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, იგი თავის ძველ შეხედულებებს დაუბრუნდება.
პანდემიის თანმდევ ინფოდემიასაც არანაკლებ საზიანო ეფექტი აღმოაჩნდა. ფსევდომეცნიერების მომძლავრებამ და მასიურმა დეზინფორმაციამ სამეცნიერო წრეებს უფრო მკაცრი და აქტიური ნაბიჯებისკენ უბიძგა. დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების კვლევა და მათ წინააღმდეგ ქმედითი კონტრ-ნაბიჯების დაგეგმვა აქტიურად მიმდინარეობს. აკადემიის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, არასწორ სამეცნიერო ინფორმაციასთან დაპირისპირება მეცნიერებაში ჩართული თითოეული ადამიანის ვალდებულება უნდა გახდეს. სამეცნიერო წრეები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ვაქცინის შექმნის პროცესის გამჭვირვალობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ აშშ-ს მთავრობის მიერ წამოწყებული ოპერაცია „Warp Speed” მნიშვნლოვნად მოიკოჭლებს. კლინიკური კვლევის გამოტოვებული ეტაპები, ტრადიციულად ხანგრძლივი სამეცნიერო პროცესის მნიშვნელოვნად შეკუმშვა, ეთიკური ნორმების ახლებური გადააზრება და პირველადი შედეგების შესახებ კულისებს მიღმა საუბარი – ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ხალხს ეჭვით აღავსებს. უმთავრესი სკეპტიციზმი მაინც ვაქცინების უსაფრთხოებაზე მოდის. ამ საკითხზე ენტონი ფაუჩიმ დაწვრილებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც ამ დაჩქარებული ღონისძიებების დროს რისკის ქვეშ მხოლოდ ფინანსები ექცევა და არავითარ შემთხვევაში ადამიანთა ჯანმრთელობა.
როგორ დასრულდება პანდემია?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ-ჯერობით არავის აქვს. მეცნიერები და ისტორიკოსები წარსული ეპიდემიების ანალიზით შესაძლო პროგნოზების გაკეთებას ცდილობენ. არის მოლოდინი, რომ SARS-Cov-2 ჩვენთან საკმაოდ დიდხანს დარჩება – მისი მონათესავე კორონავირუსები უკვე წლებია რაც პოპულაციაში სეზონურად ცირკულირებენ. ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა დაავადებამ ენდემური სახე შეიძინოს და სეზონურად, მტკივნეულად შეგვახსენოს თავი. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა საპროფილაქტიკო და ადრეული დიაგნოსტიკის ღონისძიებებს ექნება.
პანდემიასთან ბრძოლა ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება, რაც ჩვენთვის აქამდე ჩვეული დღის წესრიგის ცვლილებას გულისხმობს. ეტაპობრივად, სულ უფრო მეტად დავიცავთ პირად თუ საზოგადო ჰიგიენის, ყოველდღიურ საქმიანობაში მოვირგებთ სოციალური დისტანიციის წესებს, შევეჩვევით სეზონურად პირბადეების ტარებას და დაავადების სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს მივმართავთ.
რადგანაც პოპულაციური იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორია, კორონავირუსის დამარცხების იმედები ეფექტიანი ვაქცინის შექმნაზეა დამყარებული. ბოლო მონაცემები ამ მხრივ სიხარულის საბაბს იძლევა: ჩინურმა ფარმაკოლოგიურმა კომპანია CanSino Biologics-მა კლინიკური კვლევის პირველი ფაზის დეტალური, დამაიმედებელი შედეგები ჟურნალში The Lancet გამოაქვეყნა, ხოლო ოპერაცია „Warp Speed”-ს მილიარდერი მეცნიერისა და ბიზნესმენის, პატრიკ სუნ-შიონის კომპანია NantKwest/ImmunityBio შეუერთდა.
ბლიცკრიგი დასრულდა, ახლა უკვე პარტიზანული ომის დრო დგება.
1963 წლის 21 მარტს, ღამის 1 საათზე, 5 წლის ჯერილ ლინ ჰილემანმა მამა გააღვიძა. გოგონას ქვედა ყბა შესიებოდა, რაშიც დამნაშავე მწვავე ეპიდემიური პაროტიტი (რასაც ჩვენთან შემოკლებით ყბაყურას ეძახიან) უნდა ყოფილიყო. ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა გოგონას მამა, მორისი. იგი დიდ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში ვირუსოლოგად მუშაობდა, ხოლო მისი ვიწრო სპეციალიზაცია ვაქცინების დიზაინი გახლდათ. მამამ გოგონა ისევ საწოლში დააწვინა, თვითონ სამსახურში, ლაბორატორიული აღჭურვილობის მოსატანად წავიდა. უკან დაბრუნებულმა მორისმა გოგონას ყელიდან ნაცხი აუღო და ნიმუში ლაბორატორიის საყინულეში შეინახა, რათა დასუსტებულ ვირუსზე კვლევა ჩაეტარებინა. 1967 წელს FDA-მ მორის ჰილემანის ვაქცინას ფართო წარმოებაში ჩაშვების ნება დართო – ყბაყურა ჯირკვლის ანთება, რასაც ზოგჯერ ბავშვის დაყრუებაც კი შეეძლო, უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.
ეს ყველაზე მცირე დროა, რომლის განმავლობაშიც ადამიანმა ვაქცინის შექმნა, მისი ეფექტიანობის კლინიკური კვლევა და მასიურ წარმოებაში ჩაშვება შეძლო. იმედია, უახლოს ხანში ეს რეკორდი მოიხსნება.