ვინ არიან „ბერლინალეზე“ კინოცენტრის 11-წევრიან დელეგაციაში

ბასტი მგალობლიშვილი

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება „იმედის“ ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 115-ე ნომერი, გურამ ნიკოლაშვილი; ასევე – რუსული კანონის მხარდამჭერი, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბექა დავითულიანი. ცნობისთვის, კინოცენტრს მეორე წელია დირექტორი არ ჰყავს და მის მოვალეობას კობა ხუბუნაიას შემდეგ, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი ასრულებს.

დელეგაციის წევრი წელსაც არის სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი და კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია. გასული წლის მსგავსად წელსაც სიაშია რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და ხათუნა ხუნდაძე. იხილეთ სია: 

  1. ბექა დავითულიანი – კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კულტურის მინისტრის მოადგილე
  2. ბაჩო ოდიშარია – კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  3. გურამ ნიკოლაშვილი – რეჟისორი
  4. მამუკა ბლიაძე – ფინანსისტი
  5. ხათუნა ხუნდაძე – სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  6. გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი
  7. ლიკა ჯალაღონია – კინოექსპორტის სპეციალისტი
  8. ლაშა ხალვაში – პროდიუსერი
  9. გიგა ჯანყარაშვილი – ფილმ წარმოების სპეციალისტი
  10. ლევან დვალი – ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ დირექტორი
  11. თინათინ ყაჯრიშვილი – რეჟისორი

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი საჯარო წყაროებში სხვადასხვა რეგალიით იძებნება: 

  • საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი; 
  • ტელეწამყვანი;
  • „ჰიდროალიანსი – საჯარო პლატფორმის“ დამფუძნებელი;
  • ისტორიკოსი;
  • ანალიტიკოსი;
  • ნამახვანჰესის პროექტის კვლევების განმხილველი ექსპერტთა საბჭოს წევრი.

გარდა ამისა, ღია წყაროებში იძებნება დოკუმენტური ფილმი „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“. „პუბლიკა“ გურამ ნიკოლაშვილს დაუკავშირდა შეკითხვით, რა აკავშირებს მას კინოს სფეროსთან. 

„მე ვარ კომუნიკაციების სპეციალისტი. ამ კომუნიკაციების სპეციალობას სხვადასხვა გამოხატულება აქვს – ვმუშაობ ხოლმე მრჩევლად, ვმუშაობ ისე, არასაჯაროდ, ვმუშაობ მედიაში. ამ ყველაფერს ნახავდით, შესაბამისად, ამ ყველაფერთან ახლოს არის დოკუმენტური ფილმების გაკეთება. თავის დროზე გაკეთებული მაქვს სამი ასეთი დოკუმენტალისტიკა ენერგეტიკაზე, შემდეგ შარშან გავაკეთე იოანე ზოსიმე […] მე არ ვარ პროფესიით რეჟისორი, მაგრამ თუ მოგინდება, ამაში გაერკვევი ადამიანი“, – გვიპასუხა ნიკოლაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ რა გეგმით მიდის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კინობაზრობაზე, ნიკოლაშვილმა გვითხრა, რომ მისი მიზანი ფილმ „იოანე-ზოსიმე:  დაბრუნების“ წარდგენით საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზება იქნება.

დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით 3 ადამიანია და თქვენ მათ შორის მოხვდით…

მანამდეც მკითხეს და „რეჟისორზე“ გაკეთდა აქცენტი… გავიგე, მაგრამ დოკუმენტური ფილმია და მე ვარ ფილმის ავტორი.

საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც ძალიან მდიდარი ფილმოგრაფიაც აქვთ და ძალიან დიდი წარმატებაც ჰქონდათ ბოლო პერიოდში. თქვენ როგორ მოხვდით ამ სიაში?

წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოხვდა და ვინ ვერ მოხვდა, მე უბრალოდ გამიჩნდა იდეა, აღარ მახსოვს მოკლედ, ვლაპარაკობდით და ხომ არ ჩავსვათ და წავიღოთო… და ასე მარტივად გადავწყვიტეთ.

ვინ გადაწყვიტა ეს?

არ ვიცი ახლა, კინოცენტრში ვინც მუშაობს, იმათმა. ერთობლივად გვქონდა ეს, ერთ-ერთი ლაპარაკისას გაგვიჩნდა აზრი და ჩვეულებრივად… არ არის პრობლემა, კი ბატონო, გავაკეთოთ. მე მომეჩვენა, რომ ეს კარგი თემაა.

პროცედურულად როგორ მოხდა? გამოცხადდა საჯარო კონკურსი და შეიტანეთ?

არა, არაფერი გამოცხადებულა, მსგავსი რაღაც არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, პროცედურულად როგორ მოხდა… მაგასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, დელეგაციას როგორ ადგენს კინოცენტრი, ამის დაკომპლექტების წესი როგორია…

ამაში ხომ ბიუჯეტის სახსრები იხარჯება…

გავიგე და როგორ აკეთებს, მართლა არ ვიცი და ამაზე შეგიძლიათ კინოცენტრს მიმართოთ. 

ადასტურებთ, რომ ხარჯებს კინოცენტრის ბიუჯეტი ფარავს?

დიდწილად მე ვფარავ, აკრედიტაციას თუ რაღაცას კინოცენტრი ფარავს, ერთი დღით რომ შევიდე… რაღაც ხარჯებს მე თვითონაც ვწევ.

„იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“ – ფილმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გამოიყენა?

კადრი ფილმის ანონსიდან „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“

სატელევიზიო ფილმი „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“ ტელეკომპანია „იმედისა“ და „სამეცნიერო-დოკუმენტური და ეთნოისტორიული ქრონიკების სტუდიის“ ნაწარმია. მისი პრემიერა სამთავრობო „იმედის“ ეთერში, წინასაარჩევნო პერიოდში, 9 ოქტომბერს შედგა. როგორც ფილმის ფინალში, ასევე მის წუთნახევრიან სატელევიზიო ანონსში აღნიშნული იყო, რომ ეს არის „ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ქველმოქმედება“. ფილმის უფრო ვრცელი ვერსია „მწერალთა სახლში“ გასული წლის ნოემბერში უჩვენეს.


გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის დღეში“ სტუმრობისას ფილმზე საუბრისას აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და ხელნაწერების მიმართ აუდიტორიის ინტერესის გაზრდასთან ერთად, სურდა „საბოლოო ჯამში, პრინციპში, ქველმოქმედების მასშტაბზეც გვეთქვა“.

ფილმის ფინალში მაყურებელი ხედავს წარწერას:

„2024 წლის 11 ნოემბერს, იოანე-ზოსიმეს სინას მთიდან დაკარგული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა 1 250 000 ფუნტ სტერლინგად იყიდა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მის მიერ ქვეყნისთვის გაწეული ქველმოქმედების ღირებულება 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება ივანიშვილის ოჯახის მთლიანი ქველმოქმედების მხოლოდ 0,055 პროცენტს შეადგენს“.

კადრი ფილმიდან „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“

„პუბლიკამ“ გურამ ნიკოლაშვილს შეკითხვები ამ საკითხზეც დაუსვა:

ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა?

ჩემი ფილმი წინასაარჩევნო კამპანიისთვის თუ რამე გამოიყენეს, მე ღრმად ვიყავი ჩართული და მაშინ ჩემი ფილმი კი არ უნდა გამოეყენებინათ, უნდა გამოეყენებინათ ხელნაწერი.

ემსახურებოდა თუ არა ამ მიზანს თქვენი ფილმი?

როცა მე ამ ფილმს ვიღებდი, შეიძლება გადავიღო სხვა, რომელიც იყოს ნამდვილად პროსახელისუფლებო, ასე წარმოჩნდეს დადებით ჭრილში, მაგრამ ამ ფილმს როცა ვიღებდი, მე ნამდვილად მქონდა განზრახვა და ვფიქრობ, რომ ასე გამოვიდოდა კიდეც. მინდოდა, ამ კონიუნქტურის მიღმა და ზემოთ ყოფილიყო, ანუ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაზეც არის შინაარსი – ქართულ ხელნაწერებზე და სინას მთაზე…

და ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილზე… ეს ფილმი ნახეთ თქვენ?

ფილმი ხომ ამ წარწერით მთავრდება?

წარწერით მთავრდება კი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ხელნაწერი იყიდა. 

კონტექსტიც ხომ ეს არის, ფილმის იდეა ხომ მის მიერ ხელნაწერის შეძენის შემდეგ გაგიჩნდათ?

შეხედეთ, რომ გავა წლები და შეიძლება ჩვენ ცოცხლები არ ვიყოთ, საბჭოთა პერიოდში ვიღაცა იღებდა ხომ დოკუმენტურ კინოს და აღარ არიან ცოცხლები, ხომ? ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანი რომ ნახავს, ქართულ ხელნაწერებზე და იოანე ზოსიმეზე გაიგოს ამბავი. თვითონ საკუთრივ ფილმში არაფერი მსგავსი არ არის, არც ერთხელ არც ხელისუფლება, არც ბიძინა არ არის ნახსენები და ა.შ. უბრალოდ ბოლოში აქვს ერთი ტიტრი გაკეთებული ისტორიული სამართლიანობისთვის, ფილმის გადაღების საბაბი იყო ხელნაწერი და ხელნაწერი ნამდვილად ამ ადამიანმა იყიდა. თორემ ისე საერთოდ არ არის პრობლემა, იმდენს გადავიღებ, თუ დამჭირდა, არ მომერიდება ამის თქმის და ჩემი პოზიციის. მაგრამ ამ ფილმში ნამდვილად არ არის ეს. პროპაგანდისთვის ყველაფერი შეიძლება გამოიყენო, მით უმეტეს რაც უფრო რაღაცა საინტერესო და კარგია, შეგიძლია ისიც გამოიყენო, თუკი ასეთს იღებ. მე მგონი, რომ შინაარსობრივად და ამ თვალსაზრისით საინტერესო გამოვიდა.

სად არის გური სულთანიშვილის ვლოგები?

გასულ წელს ბერლინალეს კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენდა. მათ შორის იყო სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი. 

სულთანიშვილმა შარშან დაგვიდასტურა, რომ ბერლინში აკრედიტაციის, გამგზავრების, ცხოვრების ხარჯს საბიუჯეტო ორგანიზაცია – კინოცენტრი უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ანაზღაურების სახით 200 ლარსაც მიიღებდა. მისი თქმით, „კინოცენტრთან ერთჯერადი თანამშრომლობის ფორმა“ ჰქონდა გაფორმებული.  

სულთანიშვილი შარშან ამბობდა, რომ კინოცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული პროდუქტი თავის პირად Youtube-არხზე გამოქვეყნდებოდა. 

„გამოქვეყნდება ჩემს პირად Youtube-არხზე. ახალი წამოწყება მაქვს სრულიად, ჩემი და დამოუკიდებელი. სამოგზაურო ბლოგი, რომლის სამუშაო სახელია „აღმოაჩინე ქალაქი“, მაგის ფარგლებში იქნება ეს და განთავსდება ამ არხზე“, – ამბობდა სულთანიშვილი

რადგანაც „პუბლიკამ“ ასეთ არხს ვერ მიაკვლია, მას წელსაც დავუკავშირდით და ვკითხეთ, სად ვნახოთ ბერლინში გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რაზეც მან გვიპასუხა, რომ „მიმართეთ კინოცენტრს და გაგცემენ პასუხს. მე არ მინდა თქვენთვის პასუხის გაცემა“.

რა ნიშნით და როგორ დაკომპლექტდა კინოცენტრის დელეგაცია? რა უჯდება ბიუჯეტს წლევანდელი ვიზიტი ბერლინალეზე? სად არის გური სულთანიშვილის მიერ მომზადებული ვიდეომასალები? რა დაუჯდა ბიუჯეტს შარშანდელი ბერლინალე? – ეს შეკითხვებით კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბექა დავითულიანს მივწერეთ, თუმცა ის არც შეტყობინებებს პასუხობს და არც ზარებს. ტელეფონს არ პასუხობენ არც კინოცენტრის საკონტაქტო ნომერზე.

ბერლინალეზე წელს „საქართველოს კინოინსტიტუტიც“ წარდგება

გარდა კინოცენტრის დელეგაციისა, ბერლინალეზე წელს მეორედ წარდგება „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომლის წევრებიც მეორეა წელია, ბოიკოტს აცხადებენ კინოცენტრთან თანამშრომლობაზე. ინსტიტუტი გეგმავს, ისაუბროს იმ კინემატოგრაფისტებზე, რომლებიც ბოლო თვეებში „დააკავეს, სცემეს, აწამეს და უკანონოდ დააპატიმრეს“.

კინოინსტიტუტის სტენდზე იქნება ის ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც წლევანდელ ბერლინალეს სექციაში Forum Special მოხვდა – თიკუ კობიაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „შინაგანი გაზაფხულის ყვავილობა”. ფილმი 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხება.

კინოინსტიტუტი ასევე წარადგენს დოკუმენტური მინისერიალის პროექტს, რომლის მთავარი გმირი პოლიტპატიმარი ანდრო ჭიჭინაძეა.

Georgian Film Institute