პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოებისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: ნინუცა ნადირაშვილი
უკვე ოთხი თვეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთმა და აიძულა მილიონობით ადამიანი, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. გაეროს ახალი სწრაფი გენდერული ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალები და უმცირესობები უკრაინაში დგანან უზარმაზარ სირთულის წინაშე, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და საკვებზე ხელმისაწვდომობას. უკრაინაში ქალები უფრო ხშირად ხდებიან ოჯახის ლიდერები, მაგრამ ისინი ძირითადად მოწყვეტილნი არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმალური პროცესებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ჰუმანიტარულ ძალისხმევასთან, მშვიდობის დამყარებასა და სხვა სფეროებთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფეროები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე (UN Women). სკოლების დახურვისა და მამაკაცების ნაკლებლობის გამო, ქალების ზრუნვის ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომი ასევე ზრდის უმუშევრობას მთელ მოსახლეობაში და, სავარაუდოდ, ქალებს უბიძგებს დაუცველ და არაფორმალურ სექტორებში გადასვლისკენ (UN Women).
უკვე ოთხი თვეა, სხვა ბევრ არაფერზე მეფიქრება. ამიტომაც გადმოვიღე თაროდან „ქალები ომის დროს და ომის შემდეგ“ – წიგნი, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გამოაქვეყნა 2020 წელს, დავურეკე დედაჩემს და დედამთილს და ვთხოვე მოეყოლათ ზრუნვასთან, ქალობასა და ომთან დაკავშირებული თავიანთი გამოცდილებები. ჩვენ სამივემ ვიცით და, ალბათ, თქვენც გეცოდინებათ, ვინ გაწმენდს სისხლს, მაგრამ პასუხის მიუხედავად, კითხვა მაინც მნიშნველოვნად რჩება.
„ქალები ომის დროს და ომის შემდეგ“-ის პირველი ნაწილი ნარგიზა არჯევანიძის დაწერილია და იწყება შეიარაღებული კონფლიქტების დომინანტური აღქმის პრობლემატიზაციით. არჯევანიძე წერს, რომ ფემინისტური გადმოსახედიდან, ომის შესახებ დომინანტური წარმოდგენა უნდა გავაკრიტიკოთ, რადგან ის წარმოიდგენს ომს, როგორც იზოლირებულ ძალადობრივ მოვლენას, რომელიც მხოლოდ მასკულინურ სივრცეს უკავშირდება (არჯევანიძე და სხვანი, 36). ომის ასეთი აღწერა ფოკუსირდება კაცებზე და ქალებს პერიფერულ პოზიციაში აყენებს. ეს პოდკასტი და ჰაინრიჰ ბიოლის წიგნი გთავაზობთ ომის უფრო კომპლექსურ სურათს, რომელიც ცენტრში აყენებს ქალების გამოცდილებას.
რა თქმა უნდა, ყველა ქალის გამოცდილება ომის დროს და შემდეგ განსხვავებულია. ამის მიზეზია ინდივიდების სოციალური კლასი, მატერიალური რესურსები, ადგილმდებარეობა, ეთნიკური ან სექსუალური იდენტობები და სხვა მახასიათებლები (არჯევანიძე და სხვანი, 45). ჩემი პოდკასტი, მაგალითად, მოიცავს ორ ძალიან განსხვავებულ ნარატივს. დედაჩემის ოჯახი აფხაზეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე გადმოვიდა თბილისში და მათ ომი მეორადი პერსპექტივიდან განიცადეს, როგორც დევნილების მეგობრებმა და ნათესავებმა. ჩემი დედამთილი – მანანა – აფხაზეთიდან ყველაზე მწვავე დროს გამოიქცა ბავშვებთან ერთად და დევნილობის გამოცდილება თავის თავზე აქვს გადატანილი.
ამ ორ განსხვავებულ ნარატივს ზრუნვის თემა აერთიანებს. წიგნში, არჯევანიძეს მაგალითად მოჰყავს მარტინა ბელიჩის ტექსტი, სადაც ბელიჩი წერს იმ გაორმაგებულ ზრუნვაზე, რომელიც კონფლიქტურ პერიოდში ქალებს უნდა გაეწიათ გარშემომყოფთა მიმართ. „ქალები კვლავ ასრულებდნენ თავიანთ ჩვეულ, მზურველისთვის შესაფერის როლებს, ზრუნავდნენ კაცებზე, რომლებიც ომში მიდიოდნენ საბრძოლველად, ზრუნავდნენ საკუთარ ოჯახებზე და, ამავე დროს, სხვა ქალებზე“ (არჯევანიძე და სხვანი, 47). მანანა მიყვება იმაზე, თუ როგორ აგრძელებდა ყოველდღიურ საოჯახო საქმეს ოჩამჩირეში, სანამ იქიდან წამოვიდოდა. უბრალოდ ეს საქმე ხდებოდა საშინელი ემოციური წნეხის ქვეშ და თან, რადგან შეუძლებელი იყო სახლიდან გასვლა, მისი სამყაროც ამ საქმით და შიშით შემოიფარგლებოდა.
პირველი, რაც ამ ორი ნარატივიდან თვალში მხვდება, არის ქაოსი. ჰაინრიჰ ბიოლის წიგნის მეორე ნაწილში, ნათია ჭანკვეტაძე და ელიკო ბენდელიანი გვახსენებენ, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა განსახლება „სრულიად ქაოტურად მოხდა“ (არჯევანიძე და სხვანი, 78). მაგალითად, მანანას ოჯახმა კერძო სექტორში თავიდან ნათესავების დახმარებით და მერე ქირით იცხოვრა რამდენიმე წელი. სხვები სასტუმროებში, სანატორიუმებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში შესახლდნენ. საცხოვრებლის ტიპის მიუხედავად, „რთული საყოფაცხოვრებო პირობები განსაკუთრებით მძიმედ ქალებზე აისახა, რადგან, კვლევების თანახმად, საქართველოში ძირითადად სწორედ მათ უწევთ სახლის საქმეებზე ზრუნვა“ (არჯევანიძე და სხვანი, 81).
ამავდროულად გართულდა საქმე იმ ქალებისთვისაც, ვინც დევნილები შეიკედლეს. დედაჩემი იხსენებს 1992 წელს: „ამის შემდეგ დაიწყო ნათესავების, ნაცნობების, ნაცნობების ნაცნობების მისვლა-მოსვლა ჩვენს სამოთახიან სახლში. მამა და დედა პატარა ტახტზე გადაწვნენ და თავიანთ ოთახში ხან ვის და ხან ვის ეძინა. დედა საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა, ალაგებდა ბევრად უფრო მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ომამდე და, ამასთან ერთად, ძალიან დარდობდა. თანდათან ეკონომიკურად ძალიან გაგვიჭირდა და მახსოვს, ღამე ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრით, ხვალ რას გააკეთებს დედა სადილს და რითი დააპურებს ამდენ ხალხს-მეთქი.“
ამავდროულად, ბევრი დევნილი ქალისთვის მხოლოდ სახლის საქმის კეთება პრივილეგია გახდა და შეიქმნა აუცილებლობა, რომ მათ სახლის გარეთ დაეწყოთ მუშაობა. დედაჩემი იხსენებს, რომ „კაცებს ძალიან უჭირდათ, ვერ ადაპტირდნენ ახალ გარემოში.“ მანანასაც იგივენაირი შეხედულება აქვს. ომის შემდეგ, ის პირველად გავიდა სამუშაოდ და შეუერთდა ბაზარში მომუშავე ქალებს. სახლში დატოვა ერთი წლის ბავშვი, რომელსაც დები უვლიდნენ და ასე გადანაწილდა ზრუნვის წნეხი გოგოებზე, რომლებსაც თან სახლისთვისა და ბავშვისთვის უნდა მოევლოთ და თან სკოლის დავალებები ეკეთებინათ. მეხუთე კლასში შესული ბიჭი კი მანანას ბაზარში დაჰყვებოდა და ადგილს ყარაულობდა, სანამ მანანა საქონელს მოზიდავდა. ამ თემებზე ჩვენ წინა პოდკასტშიც ვისაუბრეთ.
მანანა მიყვება, როგორ „გამოირიცხა ქალურობის შეგრძნება“ ამ წლებში. ბაზარში ქალები „ვირებივით ეზიდებოდნენ ტვირთს და საკუთარი საჭმლისთვის ენანებოდათ ფული.“ ის ფიქრობს, რომ რადგან ბაზარში დგომა სირცხვილთან ასოცირდებოდა მაშინაც, როგორც დღეს, ქალებმა გადაწყვიტეს ამ „მიუღებელი“ საქმის თავიანთ თავზე აღება.
წიგნში მოყვანილ ინტერვიუებშიც იგივე იდეები ჩანს. „თავად დევნილი ქალები ჰყვებოდნენ, რომ მიუხედავად მათი დევნილობამდე არსებული სოციალური სტატუსისა და განათლებისა, დევნილობის პირველ პერიოდში არანაირი სამსახური არ უგულებელყვეს და გარკვეულწილად, ოჯახში მყოფ კაცებსაც გაუფრთხილდნენ, არჩიეს, თვითონ აეღოთ გარეთ ვაჭრობისა და ადრინდელ სტატუსთან შეუფერებელი სხვა სამუშაოების ტვირთი, ვიდე კაცებისთვის დაეძალებინათ“ (არჯევანიძე და სხვანი, 87). მანანა და სხვა დევნილი ქალები ბაზარში რომ არ გასულიყვნენ, ოჯახები შიმშილობას დიდი ხნით ვეღარ გააგრძელებდნენ და მართლაც, „1998 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დევნილი ოჯახების 72 პროცენტს ფინანსურად ქალები უზრუნველყოფდნენ“ (არჯევანიძე და სხვანი, 101).
ამ დამძიმებული ზრუნვის ტვირთის გამო, უფრო რთული გახდა საკუთარი თავის მოვლა ქალებისთვის. დედაჩემი იხსენებს, რომ ომის დროს და შემდეგ გამოვლილი წლები ძვირად დაუჯდათ იმ ქალებს, ვინც ყურადღება ვერ მიაქცია თავიანთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. დღესაც იგივე ხდება უკრაინაში და ამიტომაც, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ომზე ისე, რომ ქალების გამოცდილებები არ დავივიწყოთ. წიგნისთვის შედგენილი ერთ-ერთი ფოკუსჯგუფის მონაწილე მოკლედ გადმოსცემს ჩემს არგუმენტს: „ქალი დედაა, ქალი ცოლია, ქალი ქალია და რთულია“ (არჯევანიძე და სხვანი, 146).
UN Women, and CARE International. “Rapid Gender Analysis of Ukraine.” UN Women, May 4, 2022. https://www.unwomen.org/en/news-stories/news/2022/05/ukraine- new-un-women-and-care-report-highlights-disproportionate-impact-of-the-war-on- women-and-minorities.
არჯევანიძე, ნარგიზა, ნათია ჭანკვეტაძე და ელიკო ბენდელიანი – ქალები ომის დროს და ომის შემდეგ. სამეცნიერო რედაქტორი: თამარ ცხადაძე და კვლევის ხელმძღვანელი: ნინო კალანდარიშვილი. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, 2020.