ვინც კომუნალურებს ვერ იხდის - სოფო შუბითიძის ინიციატივა პანდემიისას

„ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთზე! მოვძებნოთ ერთმანეთი… ვიმოქმედოთ სამართლიანად, კეთილგონივრულად და სწრაფად! და რაც მთავარია, ვიყოთ გულწრფელი“, – ვკითხულობთ facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს გადასახადების გადახდაში ეხმარებიან.

„გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები“ – სოფო შუბითიძემ facebook-ჯგუფი 26 მარტს შექმნა. მისი ეს იდეა ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებმა ერთმანეთის დასახმარებლად წამოიწყეს. მათზე „პუბლიკა“ ეტაპობრივად მოგიყვებათ. ახლა კი სოფო გვესაუბრება თავის იდეაზე – როგორ მუშაობს ჯგუფი და როგორ უწევენ ის და მისი მეგობრები ამ საქმეს ორგანიზებას.

„ეს მხოლოდ ქველმოქმედებისა და სიკეთის კეთების პოპულარიცაზია არ არის, უფრო სამოქალაქო პასუხისმგებლობას დავარქმევდი. ვუწოდებდი სახელმწიფოს ჩანაცვლებას, სახელმწიფოს ნაცვლად მოქმედებას, რომ მხარი დავუჭიროთ ადამიანებს და გადასახადები გადავუხადოთ მათ, ვისაც მისი გადახდა შეუძლია“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

როგორც ის გვიყვება, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შემდეგ ეგონათ, რომ მათი მუშაობა საჭირო აღარ იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ოჯახები, რომლებიც ვერ მოხვდა ამ კატეგორიაში დახმარების თხოვნით კვლავ მიმართავენ. „პუბლიკა” რამდენიმე მათგანის ისტორიას გთავაზობთ:

თეა კვიწინაძე გორში დედასთან, დასთან და 3 დისშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი და ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის გამო მაღაზია დახურეს. თავად ქრონიკული დაავადება აქვს, სამსახურს სხვაგან ვერ დაიწყებს. მხატვარია. სახლიდან ვმუშაობ და ჩემი წამლებისთვის ცოტ-ცოტა ფულს ასე ვშოულობო. ოჯახმა მცირე დანაზოგი საკვებისთვის გამოიყენა, მთავრობის მიერ გამოცხადებულ სუბსიდიაში მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადი დაუფინანსდათ, გაზი არა, ამიტომ მიმართეს დახმარებისთვის სოფოს.

დალი ჯანჯალაშვილი 5 შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. გვიყვება, რომ ელექტროენერგიის სუბსიდია ვერ მიიღეს, რადგან „80 ლარი მოუწია“. გაზი კი ოჯახს საერთოდ ჩაჭრილი აქვს, 900 ლარია დავალიანება. მეუღლე სანტექნიკოსად მუშაობდა, თვითდასაქმებული იყო და 2 თვეა, რაც საერთოდ აღარ უმუშავიაო.

„ამიტომ ძალიან მიჭირდა, ძალიან. და ძალიან დამეხმარნენ, შუქი აქვთ ბავშვებს… შემოსავალი ამ წუთას საერთოდ არაფერი გვაქვს. კიდევ კარგი, ბაღში ბავშვს პროდუქტები დაურიგეს და იმითი გამყავს. ასევე დამეხმარა აკა სინჯიკაშვილი. სოციალურიც შეჩერებული მქონდა წინა თვეებში, აპრილში ისევ მომანიჭეს სტატუსი და ახლა მაისს  ველოდებით, როცა დარიცხავენ, მერე ამოვისუნთქებ“, – გვიყვება დალი.

მისივე თქმით, მისი მეუღლე თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი დახმარების მიღებას ვერ შეძლებს, რადგან დასაბუთება ამ შემთხვევაში რთულია.

„როგორც მრავალშვილიანს, გვეკუთვნის დახმარება. თუმცა ჩემი მეუღლე ვერ ასაბუთებს, რომ თვითდასაქმებული იყო. არსად არაა გაფორმებული, გამოძახებებზე მუშაობდა და ეგრე ვინ დაურიცხავს, ვისთანაც ნამუშევარია, ყველა ოჯახი ხომ ვერ დაუწერს. როგორ დაამტკიცებს?!“, – ამბობს დალი.

ნინო ახალციხეში, ვალეში ცხოვრობს [რესპონდენტის სახელი შეცვლილია]. 6 შვილი ჰყავს. ზამთარში სამუშაო არ აქვთ, მაგრამ გაზაფხულზე მეუღლე დღიურად სასოფლო-სამეურნეო საქმეზე მუშაობდა. კორონავირუსის გამო კი წელს ყველაფერი შეჩერდა. ამბობს, რომ გაზის გადასახადი სუბსიდიის ფარგლებში ვერ მიიღეს და შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა დახმარებისთვის სოფოს მისწერეს.

„პატარა ბავშვები გვყავს, გაზით ვთბებით და ვერ გავთიშავდი, უნდა გამეთბო ბავშვები და 200 კოლოვატზე მეტი გამოგვივიდა. ამიტომ ვერ მივიღეთ დახმარება“, – ამბობს ის.

თვითდასაქმების დასაბუთების პრობლემა მათაც აქვს: „ჩემი მეუღლე იყო სხვადასხვა კერძო პირთან დაქირავებული, ხან კარტოფილის თესვაზე, ხან სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმეზე. და რა ვიცი, საიდან, ვინ მოგცემს ამის საბუთს“.

ესაა ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯგუფის მეშვეობით კომუნალური გადასახადები დაფარა.

სოფო ამბობს, რომ ამ წამოწყებით დაახლოებით 60-მდე ოჯახს დაეხმარნენ. და გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა ოჯახებისა მრავალსულიანი იყო, ამ დახმარების უკან რამდენიმე ასეული ადამიანი დგას. მისი სურვილია, ჯგუფის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს და ეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტმა დახმარების მიმღებმა და დახმარების გამცემმა გამოიყენოს.

„ჩვენი ჯგუფი ბევრ ადამიანს ვერ წვდება, დაახლოებით სულ რაღაც 1 200-მდე წევრია. ჯგუფის შესახებ ბევრმა ადამიანმა რომ გაიგოს, გაცილებით მეტ განცხადებას მივიღებთ და გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება, მათგან, ვინც ამ სუბსიდიის მიღმა დარჩა“, – გვეუბნება სოფო.

მოგეხსენებათ, რომ სუბსიდიით მხოლოდ ის ოჯახები სარგებლობენ, რომლებსაც მაქსიმუმ 200 კილოვატ/საათის მოცულობის ელექტროენერგია და გაზი მოიხმარეს. სოფო გვეუბნება, რომ  ამ კატეგორიაში განსაკუთრებით ვერ ხვდებიან მრავალშვილიანი ოჯახები და ამიტომ დახმარებისთვის მათ მიმართავენ.

„გვწერენ, მაგალითად, ის ადამიანები, ოჯახები, ვინც ელექტროენერგიაზე არიან დამოკიდებული, ვინც დენს იყენებდა გათბობის საშუალებად. სახელმწიფოს სუბსიდია დაახლოებით 30-35 ლარია და ასეთ შემთხვევებისთვის, რა თქმა უნდა, ეს მიზერული თანხაა. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე. ჩვენ გვქონია შემთხვევები, შვიდი, რვა, ათსულიანი ოჯახები მოგვმართავდნენ, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ ასეთ კატეგორიაში…“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

მისი თქმით, არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც პერიოდულად რთავენ გათბობას და ცდილობენ, ეკონომიურად ხარჯონ, რათა სუბსიდიაში მოხვდნენ.

როგორია ჯგუფის მუშაობის პრინციპი:

ჯგუფს ამჟამად სამი მოდერატორი ჰყავს – სოფო შუბითიძესთან ერთად ჯგუფს მისი მეგობარი სოფო აბაშიძეც მართავს. მოგვიანებით კი მათ ნინო ტურიაშვილიც შეუერთდა.

„მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: გვიკავშირდებიან მოქალაქეები, ვინც არის სოციალურად დაუცველი, ვინც დაკარგა სამსახური ამ კრიზისის დროს, მრავალშვილიანები, მოხუცები და ა.შ. გვაწვდიან ინფორმაციას თავიანთი დავალიანების შესახებ, გადასახადის შესახებ. მერე ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას, რამდენადაც ამის გაკეთება ონლაინ არის შესაძლებელი. ვთხოვთ, სოცდაუცველის, პენსიონერის ან დევნილის შესაბამის საბუთს.

თუ ადამიანს არ აქვს ასეთი საბუთი, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის გულწრფელი იყოს. შეიძლება არ იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მასაც სჭირდებოდეს დახმარება და ასეთ ადამიანებსაც არ ვეუბნებით უარს, თუ მისი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დადასტურდება.

ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ დავალიანებებს ვერ ვწვდებით, ზოგი მოგვმართავს და აქვს 400, 600, 1000 ლარის დავალიანება. ასეთებს ვერ ვეხმარებით და გადავწყვიტეთ, დაგვეწესებინა ლიმიტი, ყველა კომუნალურის ჩათვლით – გაზი, ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი 180 ლარს რომ არ სცდებოდეს“, – ამბობს სოფო „პუბლიკასთან“ საუბრისას.

რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, თანხა არავის ანგარიშზე არ ირიცხება და არ გროვდება. ჯგუფში გადამოწმების შემდეგ იწერება აბონენტის ნომერი და მსურველს შეუძლია, პირდაპირ გადაიხადოს კონკრეტული ოჯახის დავალიანება.

„ეს თანხა არ მიდის ვინმეს კონკრეტულ ანგარიშზე, ეს არ მუშაობს როგორც ფონდი. ჯგუფში პირდაპირ იწერება აბონენტის ნომერი, და დახმარების მსურველს შეუძლია, ინტერნეტბანკით ან ჩასარიცხი აპარატიდან აბონენტის ნომერი აკრიფოს, მოძებნოს კონკრეტული ოჯახის დავალიანება და ნახოს, რომ ამ ადამიანს აქვს, მაგალითად, 35 ლარი გადასახდელი. თუ ნული ლარი იქნება, ე.ი. ვიღაცამ დაუფარა ეს დავალიანება… ჩვენი ფუნქცია არის ასევე ის, რომ სწრაფად გადავამოწმოთ, თუ ვინმეს უკვე გადაუხადეს თანხა, რომ ზედმეტად ან ხელმეორედ არ ჩარიცხოს ვინმემ“, – ამბობს სოფო შუბითიძე.


მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის  -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.