როგორ ცნობილია, საქართველო ტურისტებისთვის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის. რომელი ქვეყნებიდან შეეძლებათ ტურისტებს ჩამოსვლა და როგორ შემოწმდებიან საზღვარზე, ამ და ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად შესაბამის უწყებებს დავუკავშირდით.
ტურიზმის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად არაფერია ცნობილი. ზუსტად არ იციან, რომელი ქვეყნებიდან მიიღებენ ტურისტებს და ჯერ, ასევე, არ არის ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ შემოწმდებიან ტურისტები საზღვარზე.
რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები?
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 5 ივნისს, იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც საქართველო ტურისტებს სავარაუდოდ, წელსვე მიიღებს – ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი და ავსტრია.
– „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც რეალური შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ტურისტები მივიღოთ, ესენი არიან: ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია“, – განცხადა გიორგი გახარიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ტურისტები უნდა მივიღოთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ინფექციის გავრცელება დაბალია. მისი თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, ჩეხეთთან, ბალტიისა და ბალკანეთის ქვეყნებთან.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, NCDC-ის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებიდან მომავალი ტურისტებისთვის, სადაც კორონავირუსის გავრცელება მაღალია, საზღვრები არ უნდა გაიხსნას. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ასეთი ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ძალაში უნდა დარჩეს. თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მისი და ცენტრის მოსაზრებაა და ის უნდა შეთანხმდეს საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის აზრით, ტურისტებისთვის საზღვრები შერჩევით უნდა გაიხსნას.
„საზღვრების გახსნა გარდამტეხი ეტაპი იქნება კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ის მომენტია, როდესაც შეიძლება აღმავლობა მივიღოთ და თავისთავად, რისკის შემცველია, მაგრამ რამდენადაც ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ამ ყველაფერზე, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს, თუმცა აუცილებელია საზღვრების შერჩევითი გახსნა. ყველა ქვეყნიდან ვერ მივიღებთ ტურისტებს იმიტომ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ახლა აქვთ გარკვეული აღმავლობა ინფექციის გავრცელების“. – ამბობს ბუწაშვილი.
როგორ უნდა გავაკონტროლოთ საზღვარი?
როგორ უნდა გაკონტროლდეს საზღვარი, რომ ინფექციის იმპორტირების რისკი შემცირდეს. ამ საკითხზე საუბრისას სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. შესაძლებელია, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისას დაევალოთ ბოლო 72 საათში ჩატარებული Pcr-ტესტის ანალიზის პასუხის წარდგენა საზღვარზე.
ასევე, საუბრობენ საზღვარზე ტესტირების შესაძლებლობაზე ან ამ ორი მეთოდის კომბინირებულ ვერსიაზე, როცა ტურისტი თავისი ქვეყნიდან ჩამოდის pcr-ტესტის პასუხით, თუმცა, პასუხში თუ რამეა საეჭვო, ადგილზეც გაივლის ტესტირებას.
NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა ბოლო 72 საათის განმავლობაში თავის ქვეყანაში ჩატარებული pcr-ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს საზღვარზე. მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის ორმხრივი მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს.
„ამაზე მიმდინარეობს სწორედ ორმხრივი შეთანხმება. ჩემი გადასახედიდან, უნდა მოვთხოვოთ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების პასუხის წარმოდგენა საზღვარზე და ეს უნდა იყოს აკრედიტებული ლაბორატორიიდან pcr-ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას.
მაია ბუწაშვილიც ფიქრობს, რომ ლოჯისტიკურად ყველა ტურისტის საქართველოს აეროპორტებში ტესტირება გაჭირდება სხვადასხვა ფაქტორის გამო – ტესტის პასუხს რამდენიმე საათი სჭირდება. ამ დროს ტურისტი უნდა დააყოვნო აეროპორტში, მოაწყო შესაბამისი სივრცეები და ა.შ რაც, ბუწაშვილის თქმით, რთული იქნება და ამიტომ უმჯობესია, საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებს მოვთხოვოთ თავიანთ ქვეყნებში ჩატარებული ტესტის პასუხების წარმოდგენა საზღვარზე.
„ჩვენ მათ უნდა მოვთხოვოთ [სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მიიღება] pcr-ტესტის პასუხი ბოლო 72 ან 48 საათში გაკეთებული და ესეც ისეთი ქვეყნიდან უნდა იყოს, რომ ბოლომდე სანდო იყოს და დავეყრდნოთ. რუსეთიდან შემოსული პაციენტის pcr-ის ტესტის პასუხი რამდენად სანდო იქნება, არ ვიცი, თანაც რუსეთში ისეთი სიტუაციაა, რომ რთული იქნება უზრუნველყოფა, რომ იქიდან არაინფიცირებული პაციენტები შემოვიდნენ. მოკლედ, მიდგომა ასეთია – მაქსიმალურად ისეთი ქვეყნები შევარჩიოთ, სადაც შედარებით უსაფრთხოა ვითარება და მეორე – გარდაუვალი იქნება, რომ ტურისტებს მოვთხოვოთ ლაბორატორიული გამოკვლევის პასუხი.
ყველა შემთხვევაში ლოჯისტიკურად უფრო მოხერხებულია შემოტანილი პასუხის ნდობა, ვიდრე ადგილზე გაკეთება. უფრო მოსახერხებელია, სანდო წყაროდან მიღებული შედეგი რომ ხელში ეჭიროს უკვე საზღვარზე შემოსვლისას.“ – ამბობს მაია ბუწაშვილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი კაკი ზოიძეც ფიქრობს, რომ ქვეყნები შერჩევით უნდა გავხსნათ ტურისტებისთვის.
„ფაქტია, რომ ის ქვეყნებიც, რომლებიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას იღებენ და ის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად ტურისტების დიდი რაოდენობა იყო, ამ ეტაპზე შერჩევით უშვებენ ტურისტების სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგი მხოლოდ ევროპის წევრი ქვეყნებიდან უშვებს ტურისტებს, ზოგიც პოზიტიურ სიას ადგენს ქვეყნების, ზოგი კი ყველა ქვეყნიდან უშვებს, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც გავრცელება დიდია და ეს სია შეიძლება ახლდებოდეს სულ.“ – ამბობს კაკი ზოიძე.
ზოიძე ამბობს, რომ რადგან ტურიზმი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილია გადაწყვეტილება მაქსიმალურად ოპტიმალური და დაბალანსებული უნდა იყოს.
ზოიძის თქმით, იდეალურ შემთხვევაში საზღვრებზე ტურისტების კონტროლისთვის ორივე მეთოდი უნდა გამოვიყენოთ – ტურისტებმა უნდა წარმოადგინონ pcr-ტესტის პასუხი და თუ ცნობაზე ეჭვი გაჩნდა, უნდა შევთავაზოთ ტესტირება საქართველოში. ის ამბობს, რომ კონტროლის ამ მეთოდების კომბინაციით, რომელთა სიაში თერმოსკრინინგიც უნდა დარჩეს, ვირუსის იმპორტის პრევენცია შესაძლებელი გახდება.
უნდა გაგრძელდეს თუ არა ქვეყანაში შემოსულ ტურისტზე ეპიდზედამხედველობა?
NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტურისტებზე ეპიდზედამხედველობა უნდა გაგრძელდეს, რადგან რისკი, რომ ადამიანი ტესტის შემდეგ დაინფიცირდეს მცირეა, მაგრამ მაინც არის.
„აუცილებლად ეპიდზედამხედველობა დარჩება – სად მიბრძანდება, მარშრუტი როგორია. სადაც იქნება ტურისტი, იმ რეგიონის პირველადი ჯანდაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყურადღებით უნდა იყოს, რომ თუ რამე სიმპტომები ექნებათ, მიექცეთ ყურადღება, რადგან მოგეხსენებათ, რომ შეიძლება ბოლო 72 საათში არაფერი ჰქონდა, მაგრამ მერე გამოჩნდეს სიმპტომები. ამიტომ უნდა იყოს ზედამხედველობა და თუ რამე სიმპტომი აღმოჩნდება, მას გადაიყვანენ ცხელების კლინიკაში.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, რისკი, რომ ტესტის აღების შემდეგ დაინფიცირდეს პირი, რა თქმა უნდა, არსებობს და არც Pcr-ტექნოლოგიაზე ტესტია 100%-იანი სიზუსტის. აქაც შეიძლება იყოს ცრუ უარყოფითი შედეგების შემთხვევები.
„როცა ეპიდღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ამოცანა რისკის მაქსიმალურად შემცირებაა. იმის პრეტენზია, რომ სრულად მოვხსნით რისკს, არც ერთ ეპიდღონისძიებას არ აქვს და არც ტურისტების კონტროლს არ ექნება ეს ეფექტი. ერთეული შემთხვევები აქაც გაიპარება. რეალურად, თუ ტურისტებს შემოვუშვებთ, მათი აქ ყოფნა გაუსაძლისი, შეზღუდვებით აუტანელი არ უნდა გავხადოთ და მე ვერავითარ მექანიზმს ვერ ვხედავ, რომ ასეთი ადამიანების გაკონტროლების. უბრალოდ, მათაც, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებმა, უნდა გაიარონ ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებაზე თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. ასევე, უნდა დაურიგდეთ საინფორმაციო ბულეტები“. – ამბობს მაია ბუწაშვილი.
კაკი ზოიძის თქმით, ტურისტებზე ეპიდზედამხედველობისთვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი – შესაძლოა, ტურისტებისთვის სავალდებულო იყოს ჩამოსაწერად ის აპლიკაცია, რომელიც კოვიდინფიცირებულთა იდენტიფიცირებისა და შემდეგ მათი კონტაქტების წრის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, ამ მეთოდით შესაძლებელია, სწრაფი ინდენტიფიცირება ინფიცირებულის, რომ შემდეგ ეპიდსამსახურებმა გამოავლინონ კონტაქტები და უზრუნველყონ მათი იზოლაცია, შესაძლო ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად.
უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, დაზუსტდება იმ ქვეყნების სია, რომლებიც ტურისტებისთვის გაიხსნება. ასევე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ტურისტების საზღვარზე კონტროლის მეთოდებზე და შესყიდული ბილეთების რაოდენობა ტურიზმის სააგენტოს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამომსვლელი ადამიანების სავარაუდო რაოდენობა.