ნოდარ მაჭარაშვილის „მოსკოვი-თბილისის“ გამო
„მოსკოვი-თბილისი“ მეორე რომანია, რომელიც მწერალმა ნოდარ მაჭარაშვილმა თავისი სახელითა და გვარით გამოაქვეყნა. მანამდე კი სხვადასხვა, ძალზე სუბიექტური მიზეზის გამო კიდევ რამდენიმე წიგნი თორნიკე გურჯინთახის ფსევდონიმითაც აქვს გამოცემული.
ასე რომ, ამ ახალგაზრდა კაცს, შეიძლება ითქვას, რომ რომანისტის დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს.
მე ფსევდონიმით გამოცემული წიგნებიდან მოყოლებული თვალს ვადევნებ მის პროფესიულ ზრდას და უკვე დიდი სიხარულით ველოდები მის ყოველ ნამუშევარს, რადგან ნოდარ მაჭარაშვილის ყველა ახალი წიგნი წინასაგან განსხვავებული და თავისებურად საინტერესოა.
ნოდარ მაჭარაშვილი ძალზე აზარტული მთხრობელია. ჩემი აზრით, ეს არის მისი, როგორც მწერლის ყველაზე ძლიერი მხარე. რასაც არ უნდა გვიყვებოდეს, მაგალითად, ერეკლე მეფის უაღრესად დრამატულ და ამაღელვებელ ისტორიას (როგორც ამ რამდენიმე წლის წინათ დასტამბულ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან რომანში) თუ თავის უჩვეულო თავგადასავალს (როგორც ამ ცოტა ხნის წინათ გამოცემულ და გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ბრწყინვალე რომანში), ნოდარ მაჭარაშვილის ხელიდან გამოსული ნებისმიერი ტექსტი უჩვეულოდ გაღელვებს, საკუთარ სიმართლეში გარწმუნებს და ნელ-ნელა შემპარავად მიგითრევს თხრობის ურთულეს და ამავე დროს ძალიან მარტივად, ლაღად გადმოცემულ პერიპეტიებში.
მკითხველის ეს თანამონაწილეობა განპირობებულია იმით, რომ მწერალ ნოდარ მაჭარაშვილს თვითონვე იტაცებს ამბები, რომელსაც მოგვითხრობს.
დიახ, შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ გეგონოთ, რადგან არსებობენ მწერლები, რომლებსაც თავიანთი მოყოლილი ამბები თვითონაც არ აღელვებთ, თითქოს მათ მიღმა მიედინება მთელი ეს ნარატივი, რომელსაც სინამდვილეში მათი არსება უნდა განემსჭვალა და მათი გულების წიაღ უნდა გამოევლო.
ნოდარ მაჭარაშვილი გულით მთხრობელი, გულიანად მთხრობელი მწერალია.
ამიტომაც არის, რომ მაშინაც კი, როცა მეფე ერეკლეზე და იმ ისტორიულ ხანაზე გვიამბობს, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს თავის თავს გადახდენილ ამბებს გვიყვებოდეს ეს შეგრძნება მით უმეტეს მძაფრდება ამ ბოლო რომანში, სადაც გამონაგონს აშკარად უნდა სჭარბობდეს უაღრესად პირადი ცხოვრებისეული დეტალები.
ამის გამო, ნოდარ მაჭარაშვილის „მოსკოვი-თბილისის“ მთავარი გმირი (დიახ, გმირი და არა პერსონაჟი!) ძალიან განსხვავდება ბოლო ხანს ქართული ლიტერატურის მიერ ამოჩემებული ერთი ტიპაჟისაგან, რომელიც „მოდურად“ მაინც მგონია, რომ აკა მორჩილაძის სრულიად გამორჩეულმა პირველმა რომანებმა აქცია, მაგრამ მერე, როცა სხვა მწერლებთანაც წავიდა ამ ტიპაჟის უმოწყალო ფაბრიკაცია, როგორც ყველაფერი ის, რისი გადაქსეროქსებაც უსასრულოდ ხდება, ესეც ძალიან გაიცრიცა და გადღაბნილი, შემაწუხებელი გახდა.
ვგულისხმობ მოკრიმინალო ტიპაჟს, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანშია დაბადებული, კაი ოჯახის შვილია, არანაირი სიკეთე არ აკლია, მაგრამ მაინც რაკი ერთხელ დაუცურდა ფეხი ცხოვრების მოლიპულ გზაზე, იმის მერე მიექანება და მიექანება: ნარკოტიკები, იარაღი, უბნურ-ქუჩურ-თბილისური გაგება და რამე…
ამ ყველაფრის მიუხედავად კი მაინც კარგი ტიპია, შინაგანად წესიერი, მოსიყვარულე და სამართლიანი და ეს არის ამ ყაიდის რომანების მთავარი პერსონაჟის (დიახ, მხოლობითში: პერსონაჟის და არა – პერსონაჟების, რადგან ეს არსებითად, ყველგან ერთი და იგივე ადამიანია) საკუთარ თავთან თუ გარე სამყაროსთან მთელი კონფლიქტიცა და მხატვრული ტექსტის ძირითადი თეზაც-ანტითეზაც.
ამის გამო ეს ტიპაჟი იმდენად სქემატური გახდა, ისე დაკარგა სიმკვეთრე და ბუნებრიობა, რომ პლენცდორფის ახალგაზრდა ვ.-ს ქართულ ლიტერატურაში მოლაწლაწე აჩრდილს დაემსგავსა, რომელიც ხან სად წამოჰყოფს თავს, ხან სად და… თვითონაც ვეღარ არკვევს, მთელ ამ გაუგებრობასთან ის რა შუაშია…
ზემოთქმულთან მართლა არაფერშუაშია ნოდარ მაჭარაშვილის „მოსკოვი-თბილისი“ და მისი მთავარი გმირი, რადგან აქ აღწერილ სქემატურ ტიპაჟთან მისი შორეული მსგავსება მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რა განსხვავებაა ნამდვილად ცოცხალ, მწერლის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებებით ნაკვებ, მისი სისხლით ნასაზრდოებ პერსონაჟსა და გამოგონილ, არაფრისმთქმელ ქიმერას შორის, რომლის არსებობაშიც, მგონი, მის დამწერსაც კი ეჭვი ეპარება.
ბუნებრიობა და შინაგანი სიმართლე – აი, ნოდარ მაჭარაშვილის სარეცენზიო რომანის ძირითადი საყრდენები, რომლებზედაც მერე ოსტატურად არის ამოშენებული ყველა მხატვრული კოლიზია.
ოღონდ, „ბუნებრიობას“ რომ ვამბობ, ძალიან კარგად მესმის, რომ ასე, ზოგადად, ეს შეფასება თუ იარლიყი ძალიან არასაიმედო, ამორფული რამაა და იმდენნაირად შეიძლება იქნეს გაგებული, რამდენი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად.
უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ნოდარ მაჭარაშვილის ოსტატობა იმითაც ვლინდება, რომ იგი ძალზე ბუნებრივად აგებს დიალოგებს. ოღონდ დიალოგის ეს ბუნებრიობა სრულებითაც არ გულისხმობს იმას, რომ, როგორც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე, ფრაზები ფურცელზე პირდაპირ ცხოვრებიდან არის გადმოსული, ყოველგვარი მხატვრული ქვეტექსტისა და მიზანდასახულების გარეშე, აქაოდა, რახან ბუნებრობა გვინდა, აი, ნამდვილი სამეტყველო ენა ეს არის, მობრძანდით და ისიამოვნეთო!
ყოფითი სიტუაციებიდან ფრაზების ასე პირდაპირ გადმოტანას, რასაც ხშირად ვხედავთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, სერიალის ან პიესის შემთხვევაში ეგებ კიდევ რაღაც გამართლება მოეძებნებოდეს (თუმცა, ჩემი აზრით, ამის უკონტროლოდ გაკეთება აქაც დაუშვებელია!), მაგრამ მხატვრული ლიტერატურის სხვა ჟანრებში დიალოგის სწორად, სწორ ტონალობაში წარმართვა მწერალს ისე უნდა შეეძლოს, რომ ყველაფერი თან პირდაპირ ცხოვრების შუაგულიდან ჟღერდეს და თანაც, სადღაც, ქვეცნობიერ დონეზე მაინც, მკითხველი გრძნობდეს, რომ საქმე აქვს სინამდვილის მხატვრულად რეკონსტრუირებულ გამოძახილთან, ექოსთან, რომლის რეგისტრებიც ავტორის პროფესიულ მიზნებსა და ამოცანებს ექვემდებარება.
აი, სწორედ ამ ბალანსის დაცვაა ოსტატობაცა და ბუნებრიობაც და არა ის, თუ რამდენი კარგი ფრაზა აქვს მწერალს თავის უბის წიგნაკში ჩანიშნული.
სხვათა შორის, ჩვენს ამ მსჯელობას უკავშირდება ერთი აზრიც, რომელიც პირველად ნოდარ მაჭარაშვილის წინა რომანის („ავი მუსაიფის“) კითხვისას გამიჩნდა და „თბილისი – მოსკოვის“ წაკითხვამ კიდევ უფრო გამომიკვეთა თუ განმიმტკიცა.
საქმე ისაა, რომ „ავ მუსაიფში“, რომელიც მეფე ერეკლესა და მისი ეპოქის საქართველოს ეძღვნებოდა, ნოდარ მაჭარაშვილი საგანგებოდ მოერიდა ლექსიკის და, მათ შორის, დიალოგის არქაიზაციას.
ჩემი აზრით, ამით იგი ერთი მხრივ, ოსტატურად გაემიჯნა ქართული ისტორიული რომანის სტილისტიკას და მეორე მხრივ, – ამბავს, რომელსაც მთელი არსებით (გულით) გვიყვებოდა, საგანგებოდ შემოაცალა ჟამთასვლით გამოწვეული ქრონოლოგიური გაუცხოების ზედმეტი საბურველი.
ამის გამო თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა ის, რომ „ავი მუსაიფი“ ისე დაიწყო, მეგონა ჩვენი დროის, თანამედროვე საქართველოს ამბებს ვკითხულობდი. მერე და მერე მივხვდი, რომ მწერალმა ეს საგანგებოდ გააკეთა და მისი მიზანი სწორედ დროის მიჯნების წაშლა და იმის ჩვენება იყო, რომ ერეკლე ჩვენი თანამედროვეა, პრობლემები კი, რაც მის დროს არსებობდა, დღესაც არანაკლები სიმწვავითა დგას ჩვენ წინაშე.
რაც მთავარია, მგონი, ხერხმა, რომელსაც ამ შემთხვევაში მწერალმა მიმართა, ძალიან გაამართლა. ნოდარ მაჭარაშვილმა დაამტკიცა, რომ სიძველის ეფექტის შესაქმნელად სრულებითაც არ არის საჭირო პერსონაჟები არქაული ენით მეტყველებდნენ. ამისათვის სრულიად სხვა რამ არის აუცილებელი, ის, რაც კარგად ჩანს „ავი მუსაიფის“ თითოეულ დეტალში. კერძოდ, ის, რომ მწერალი ძირისძირობამდე იცნობდეს მის მიერ აღწერილი ეპოქის ნიუანსებს და წიგნის დაწერამდე ეს ყველაფერი თითქმის მეცნიერულად ჰქონდეს შესწავლილი.
აი, ამის მერე მის მიერ აღწერილი ყოველი პასაჟი სრულიად ბუნებრივი იქნება და ამ საყოველთაო ბუნებრიობაში დიალოგებიც სავსებით ძალდაუტანებლად, თანამედროვედ თუ ცხოვრებისეულად გაიჟღერებს.
რეალურად, ნოდარ მაჭარაშვილი ალბათ თავისი დიდი ნიჭის წყალობით დაუსხლტა ყველაზე დიდ გავლენას, რომელიც კი შეიძლებოდა, თუნდაც როგორც გენეტიკური მემკვიდრეობა, ისე გადასცემოდა და ამ კოდს, ამ პასუხისმგებლობას მერე ვეღარსად გაჰქცეოდა.
ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ნოდარ მაჭარაშვილი არის დიდი ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი და ალბათ, ყველაზე უპრიანი იქნებოდა, თუკი გავლენაა, ისევ ბაბუის გავლენები ყოფილიყო. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ნოდარ მაჭარაშვილი იმდენად მონოლითური და უკვე ჩამოყალიბებული მწერალია, რომ მისი ხელიდან გამოსული ვერცერთი ტექსტის შემთხვევაში პირდაპირ ლიტერატურულ გავლენაზე ვერ ვილაპარაკებთ. ის კი ალბათ მაინც აშკარად ჩანს, ვისი ჯიშისაც არის, ვისი გენიც გამოკრთის მასში, ისევე ბუნებრივად, როგორც ახლანდელი ნოდარ მაჭარაშვილი ჰგავს ბაბუის, ნოდარ დუმბაძის, ამავე ასაკში გადაღებულ ფოტოებს.
ამ კონტექსტში ჩემზე ძალიან იმოქმედა ერთმა ამბავმა, რომელიც ნოდარ მაჭარაშვილს ნამდვილად შეემთხვა მოსკოვში, მაშინ, როცა თავისი წიგნის გმირივით, ისიც იძულებული იყო სხვისი სახელითა და გვარით ეცხოვრა უცხო ქვეყანაში.
სწორედ ამ დროს იმდენად არ მოასვენა ლიტერატურულმა ინტერესებმა თუ მწერლურმა მოწოდებამ, რომ იმ ვითარებისათვის სრულიად შეუფერებელი, გიჟური თუ თავგანწირული გადაწყვეტილება მიიღო:
შუააზიელი კაცის მოგონილი გვარ-სახელით მოსკოვის ლიტერატურული დაოსტატების უმაღლეს კურსებზე ჩაირიცხა და ლექციებზე თუ მხატვრულ სახელოსნოში სიარული დაიწყო.
ხელმძღვანელმა, ძალიან გამოცდილმა რუსმა ლიტერატორმა, ცოტა ხანში სტუდენტებს საცდელი მოთხრობების დაწერა დაავალა.
ნოდარ მაჭარაშვილმა სამი პატარა მოთხრობა დაწერა და სახელოსნოშიც წარადგინა. ამ მოთხრობებმა ხელმძღვანელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და განხილვისას, თავის შეგირდს უთხრა:
– ისე, კი ძალიან მიკვირს! ასეთი გულიანი, ადამიანების სიყვარულით განათებული მოთხრობები ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს კი ჰქონდა, მაგრამ გაოცებული ვარ, შენ შუააზიელ კაცს სწორედ ეს თვისება და აი, ეს მწერლური ტემპერამენტი საიდან გაქვსო?!
ნოდარ მაჭარაშვილს ამ სიტყვებზე მწარედ გაეღიმა, რადგან იმხანად თავისი ნამდვილი ვინაობის გამხელა არავისთვის შეეძლო.
მოგვიანებით კი მისი ეს სამი მოთხრობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რუსულ ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა, რომლის ფურცლებზე გამოჩენაც ბევრი თვითონ მოსკოველი მწერლისთვისაც კი მხოლოდ შორეული ან განუხორციელებელი ოცნებაა.
და მწერლობა რომ მისი ბედისწერა არ იყოს, ამ სრულიად ახალგაზრდა კაცს დამშვიდებული ცხოვრება ზედიზედ რამდენიმე თვეც არ მოსწევია. სულ შფოთშია, ხიფათსა და ხიფათს შუა გამოკიდებული და ის მაინც წერს, შესანიშნავ რომანს რომანზე ალაგებს იმიტომ, რომ მისი ნამდვილი ბუნებაცა და მოწოდებაც სწორედ ეს არის: წერა ბედისწერის საპირწონედ. მისთვის სწორედ მის ნაწერში უზავდება ერთმანეთს სინამდვილეცა და სასურველ სინამდვილეზე გამქრალი ოცნებებიც. აქ ხვდებიან ერთურთს ისინი და გარდაიქმნებიან კაცისათვის ყველაზე საიმედო თავშესაფრად, ლიტერატურად, სადაც ყველანი შეიძლება იმაზე ოდნავ მაინც უკეთესები, უფრო კეთილშობილები ვჩანდეთ, ვიდრე ცხოვრებაში.
სხვაგვარად შეუძლებელია, მიმალვაში მყოფმა, უცხო ქვეყნისა და ქვეყნების ცის ქვეშ ადამიანებში ამხელა სიკეთე, სიცოცხლის ის დიდი სიხარული დაინახო, რომელსაც „თბილისი-მოსკოვის“ გმირი გრძნობს და ჩვენც ასე გადამდებად გვიზიარებს.
წიგნი სავსეა სინათლით, იუმორითა და რწმენით იმის მიუხედავად, რომ სიტყვა „ღმერთი“, მგონი, იქ ერთხელაც კი არ არის ნახსენები.
საერთოდ, ნოდარ მაჭარაშვილი, თითქოს საგანგებოდ გაურბის პათეტიკის ყველანაირ გამოვლინებას. იუმორიც კი ისეთი მოზომილი აქვს, თითქოს ეშინია თუნდაც ხუმრობის მეშვეობით კათედრაზე არ შემოდგეს და მქადაგებლად და მისიონერად არ მოგვევლინოს. ის თავის გამოცდილებას გვიყვება და ამას ისე ფრთხილად, ისე ტაქტიანად აკეთებს, როგორც ამ გამოცდილების ტრაგიზმს და თუნდაც ამ ტრაგიზმის გამომწვევ აბსურდს ეკადრება.
არიან მწერლები, რომლებიც თავის სკოლას ქმნიან და ამის საფუძველი ხშირად ისიც არის ხოლმე, რომ მათი სიდიდის მიუხედავად, მათი მიბაძვა მათი ნაწერების იმიტირება ახალი ავტორებისათვის (შემოქმედების პირველ ეტაპზე) ძალიან იოლია.
ნოდარ დუმბაძის იმიტირება კი ძნელია და ამიტომაც მისი „გაგრძელება“ (ამ სიტყვების ყველაზე კარგი გაგებით) – თითქმის შეუძლებელი.
ნოდარ მაჭარაშვილის ბოლო რომანების წაკითხვის შემდეგ ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ბაბუის საუკეთესო მემკვიდრედ ჩამოყალიბება ისევ ნამდვილმა შვილიშვილმა მოახერხა. ნოდარ დუმბაძის „მზიანი გული“, მართალია სხვაგვარი რიტმით, სხვა პრობლემებით, სხვანაირი ხედვითა და საფიქრალით, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილად დღეს მაინც ისევ ნოდარში, ნოდარ მაჭარაშვილში ძგერს… და ჩემი ფიქრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ალალი და სიყვარულით სავსე გულისცემა.