წყალს საზღვრები არ აქვს

პუბლიკა

ავტორი: ლევან აბდუშელიშვილი

სოციალური მეცნიერებები შეისწავლის სოციალურ ჯგუფებს. მაგალითად, ანთროპოლოგია დიდწილად განისაზღვრება პრაქტიკული (საველე) სამუშაოებით. ანთროპოლოგი ცხოვრობს იმ ადამიანებს შორის, ვისი გადაღებაც სურს. კონკრეტული საზოგადოებისა და გარემოს შესწავლას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ამგვარი კვლევითი სამუშაოების  ჩამტარებელს შეგვიძლია მონაწილე მკვლევარი ვუწოდოთ.

რეჟისორი ჩადის უმეტესწილად ეგზოტიკურ გარემოში, ცხოვრობს დასაკვირვებელ ობიექტებთან ერთად, ცდილობს გახდეს იმ გარემოს ნაწილი და ამის შედეგად, შექმნას ე.წ. ,,თანამონაწილეობრივი” (participatory) კინო. შექმნას კინო, სადაც გარემოზე დაკვირვების შედეგად, თვითონაც ამ სივრცის ნაწილი ხდება.

თანამონაწილეობრივ მეთოდს კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით, რადგან მარადია ცაავას სადებიუტო ნამუშევარი ,,წყალს საზღვრები არ აქვს’’ ზუსტად თავსდება დოკუმენტური კინოს ზემოთაღნიშნულ ქვეჟანრში.

ფილმის გამხსნელ ეპიზოდში ორჯერ (ჯერ ინტერტიტრებით, შემდეგ კადრს-გარე ხმით) შემოდის იდენტური შინაარსის ინფორმაცია – ,,ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გარკვეული ნაწილი 1993 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია მოქცეული“ – და მაყურებლისთვის იმთავითვე აშკარა ხდება, თუ რის გარშემო ააგებს რეჟისორი თავისი ფილმის მთავარ დრამატურგიულ ხაზს. ერთი შეხედვით, ავტორის მიზანი ნათლად და მკაფიოდაა განსაზღვრული. მას სურს ,,აკრძალული ზონის“ გადალახვა და იმ სინამდვილის კამერის ობიექტივზე აღბეჭდვა, რომელიც საზღვრებს მიღმაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მარადია ცაავას ფილმის ვექტორი რადიკალურად იცვლება. ავტორი თითქოს გაუაზრებლად (თუმცა წარმოუდგენელი ემპათიით) იწყებს პერსონაჟების ხაზის განვითარებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეჟისორი ფილმის უშუალო მონაწილე და შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტია. მარადია ცაავა უარს ამბობს კადრს გარე კომენტარებზე, პოეტურ მედიტაციაზე, ობზერვაციაზე ( ე.წ. ,,ბუზი კედლობაზე’’ ) და ხდება სოციალური აქტორი, ფილმში განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილე. ის, რასაც ეკრანზე ვუყურებთ სრულად ინტერაქციის შედეგია. ავტორი პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს ფილმის პერსონაჟებთან. პერსონაჟები გარკვეულ ეპიზოდებში კამერის უკან მდგომი რეჟისორისკენაც კი იხედებიან. კინოს ენაზე რომ ავხსნათ, მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის ,,მეოთხე კედელი’’ აღარ არსებობს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეჟისორი არ ცდილობს პერსონაჟების მაყურებლისთვის გაცნობას. ისინი ორგანულად შემოდიან ფილმის სიუჟეტში და ჰყვებიან ამბებს საკუთარ ცხოვრებაზე, ოჯახის წევრებზე… სრულიად მოურიდებლად გადიან-შემოდიან კადრში, იყურებიან კამერის ობიექტივში და თითქოს განზრახ არღვევენ იმ გაწერილ, მოჩარჩოებულ მოცემულობას, რომელიც ფილმის სტრუქტურისა და დრამატურგიული ხაზის მთავარი აქცენტი უნდა ყოფილიყო.

შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფილმში პერსონაჟების ასეთი მკვეთრი ხაზი ნაძალადევად შემოდის (რადგან რეჟისორი ვერ გადადის ენგურზე) და ავტორი იძულებული ხდება მათ დააკვირდეს, შეისწავლოს და შეიყვაროს. მე ვიტყოდი, იგი სრულიად გაუაზრებლად გახდა საკუთარი პერსონაჟების ტყვე, მათი ხასიათების, იუმორის, გულწრფელობისა და ადამიანური ბუნების ტყვე. მარადია ცაავა ვერ ელევა საკუთარ პერსონაჟებს, მთელი არსებით უყვარს მთავარი გმირი, ირაკლი ფიფია, რომელიც ხშირად ნერვებს უშლის, მაგრამ ოპერატორის (ნიკ ვოიგთი) კამერა მაინც სულ მისკენაა მიმართული.

,,წყალს საზღვრები არ აქვს’’ ხდება ერთგვარი გამოწვევა რეჟისორისათვის, რომელიც იძულებულია ვექტორი შეცვალოს. იგი ძალიან კარგად იყენებს ლავირების შესაძლებლობას და ფილმის მთავარ ხაზად არა თემას, არამედ პერსონაჟებს ირჩევს. თუმცა, ,,აკრძალული ზონის’’ გადალახვის შეუძლებლობა მარადია ცაავასთვის ღია და დაუფარავი წუხილის გამომწვევიც ხდება (რიგ ეპიზოდებში კადრს-გარე ხმით შემოდის მისი კომენტარები: ,,და მე რა ვქნა ?’’ , ,,როდის გადამიშვებთ ? ‘’).

ავტორს სურს თავისი პროფესიული წადილი, ჟურნალისტული ვნება დაიკმაყოფილოს, რასაც შესაძლოა ფილმისთვის სწორხაზოვნებისა და რეპორტაჟულობის ელფერი შეეძინა. ამ შემთხვევაში კი, იგი უფრო მეტად კინოსკენ მიდის. და რაც მთავარია, დოკუმენტური კინოსკენ, სადაც პერსონაჟის ხასიათის სიძლიერეს, მრავალფეროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაყურებლის ,,დასაჭერად“.

სწორხაზოვანი მიდგომა ძალზე რთული მოვლენისადმი, კითხვაზე კონკრეტული და სრული პასუხის გაცემის სურვილი (რაც ბუნებრივად ქმნის დაყოფას – ეს ,,შავია“, ეს კიდევ ,,თეთრი“) მრავალმხრივობის, იდუმალების, ამოუცნობის კატეგორიული უარყოფის ტოლფასია. სწორხაზოვნება კინოს პირდაპირი მტერია. სწორხაზოვნება იგივეა, რაც ხელოვნება კათარზისის გარეშე.

სწორედ ამ გზით შეიძლებოდა წასულიყო ფილმი, იმ შემთხვევაში თუ ავტორი საზღვარს გადალახავდა. ასე რომ,  ჩემი აზრით, ავტორის წუხილი სრულიად უადგილო და გაუმართლებელია.

თუმცა, მეორე მხრივ, თანამონაწილეობრივი მეთოდის არჩევაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. ასეთი სტილი ბეწვის ხიდზე სიარულს გავს. დიდია საშიშროება იმისა, რომ რეჟისორის მიერ შექმნილი ატმოსფერო ზედმეტად  ეგზოტიკური ან  რომანტიზირებული გახდეს. მაგრამ, მარადია ცაავას ფილმი ოსტატურად გადის ამ ძალიან ვიწრო ზღვარზე ( შესაძლოა, იმიტომაც, რომ პერსონაჟების ხაზის მთავარ დრამატურგიულ ხაზად არჩევა მისი თვითმიზანი არ ყოფილა ) .

ფილმის ფინალური კადრი – აბობოქრებული ენგური, რეჟისორის განწყობის გამომხატველი ხდება. მარადია ცაავა გაბრაზებულია, იმის გამო, რომ საზღვარი ვერ გადალახა, თუმცა გახარებული უნდა იყოს იმით, რომ კინოს საზღვრებს მიუახლოვდა.


ფილმის ჩვენება ქუთაისში 28 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. ქუთაისის საეთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კინოფესტივალი ქუთაისის მერიისა და კინო „საქართველოს“ მხარდაჭერით აწყობს უახლესი ქართული კინოს ყოველთვიურ ჩვენებებს ადგილობრივი მაყურებლებისთვის. ჩვენებას ესწრებიან ფილმების რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ჯგუფის სხვა წევრები.