თბილისის მეთოთხმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იაპონური ტექნოლოგიებით შეზავებული თანამედროვე ცეკვის პერფორმანსით დაიხურა.
ვინც თბილისის თეატრალური ფესტივალის ფინალს მარჯანიშვილის თეატრში დაესწრო, ნამდვილ აღმოჩენად ან „ტექნოლოგიურ ჩაროზად“ აღიქვამდა იაპონური ცეკვის თეატრის კომპანიის მიერ წარმოდგენილ საოცარ სანახაობას, სახელწოდებით „წყვეტილი ფიგურები“.
უახლესი ტექნოლოგიების, ვიდეოგამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის შეერთებით სცენაზე ვნახეთ ერთგვარი ტექნო-ვედეო-მუსიკალური მაგია, რომელსაც ხუთი მოცეკავე ქალის დახმარებით რეისორი მიკიკო ქმნის.
თბილისში ჩამოსული „ელევენფლეის“ ცეკვის კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მუსიკის ავტორია დაიტო მანაბე. ციფრული ვიდეო მონაცემები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზეა შექმნილი და დამუშავებული, არამხოლოდ ახალ განზომილებას ანიჭებს მოცეკვავე სხეულების მოძრაობას სცენაზე, არამედ ერთგვარ „ტექნოლოგიურ პოეზიასაც“ ქმნის.
თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეები თხზავენ მოძრაობებს, რომლებიც პროეცირდება ეკრანზე, ხოლო მათ წინ მართკუთხა ჩარჩოებში დამონტაჟებული გამჭვირვალე ეკრანები მაქსიმალურად მიახლოებულ „ასლ-მოძრაობებს“ იმეორებს.
შეიძლება ითქვას, რომ „წყვეტილი ფიგურები“ აერთიანებს თანამედროვე მაღატექნოლოგიების უხილავ და ხილულ მიღწევებს თანამედროვე ცეკვის თეატრთან.
თავიდანვე ცხადია, რომ ამ უჩვეულო პერფორმანსს სრულიად სხვა ესთეტიკურ განზომილებაში გავყავართ, საიდანაც ცეკვის თეატრი (თუნდაც სრულიად ორდინარული, ჩვეულებრივი ელემენტებით) აღიქმება როგორც საშუალება ახალი განზომილების, ახალი ვიდეოარტის აღმოსაჩენად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქორეოგრაფია სრულიად სტანდარტულია და არ იძლევა იმპულსს ახალი მოძრაობების „აღმოსაჩენად“. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იბადება მაშინ, როდესაც ჩარჩო-ეკრანებზე აღიბეჭდება მოცეკვავეთა მოძრაობის შესატყვისი თუ სინქრონული გეომეტრიული ხაზები თუ ფიგურები.
რაც უფრო რთულდება მოცეკავის მოძრაობები, შესაბამისად, უფრო რთულდება ფიგურების პროექცია ეკრანზე, ხოლო მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ მოდელირებულ, გეომეტრულ ასლს ხედავს ჩარჩო-ეკრანზე. რაღაც მომენტში, სულ რამდენიმე წუთით, ელექტრომუსიკის ნაცვლად ირთვება ამერიკული მიუზიკლების ფრაგმენტები, რომელთა ვიდეოგამოსახულება აირეკლება ეკრანზე. ოღონდ ისე, რომ ისინი რაღაცით იმეორებენ მოცეკვავეთა მოძრაობებს სცენზე. ანუ მათემატიკური ალგორითმი ამსგავსებს მაგალითად, მარლენ დიტრიხის, ან მეი ვესტის მოძრაობას სცენაზე მოცეკვავეებს და ასე იქმნება პარალელური გამოსახულება ეკრანზე.
სიმართლე ვთქვათ, ასეთი რამ საერთოდ არ მინახავს სცენაზე, ისევე როგორც მინი-დრონების გაფრენა სცენაზე ფინალში, თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ…
პერფორმანსის შუა ნაწილში სცენაზე შემოდის ოპერატორი უახლესი ვიდეოკამერით და იღებს მოცეკვავეებს სცენაზე. შემდეგ ეს გამოსახულება აირეკლება სცენის სიღრმეში დამონტაჟებულ ეკრანზე, ოღონდ ისე, რომ ეკრანზე კიდევ ეკრანი და სცენა ჩანს. შემდეგ ის ირეკლება გიგანტურ სარკეში ასე იქმება სარკის უსასრულოდ გამეორებული გამოსახულებები… რეალურად ეს სარკე-ეკრანი და გამოსახულება თითქოს ნთქავს საკუთრივ ცეკვას, მოძრაობას და ქორფეოგრაფიას. თუმცა უსასრულო სარკეების ეფექტი იმდენად დიდია, რომ მაყურებელში ის ოდნავ შემაშინებელ განწყობას ქმნის.
გარკვეულ კონტრაპუნქტად აღიქმება იაპონური ლირიკული სიმღერა ელექტრომუსიკის ნაცვლად, რომლის ფონზეც მოცეკვავე გოგონას სოლოს ყოველგვარი ვიდეოსა და ეკრანის გარეშე ვხედავთ. რაც უფრო სულის მოთქმას ჰგავს და ერთგვარ ნოსტალგიას აღვიძებს ჩვეულებრივი საცეკვავო პერფორმანსისადმი.
თუმცა, ეს მხოლოდ ეპიზოდია, რომელიც შეგვახსენებს რას ნიშნავს დროსა და ტექნოლოგიებს შორის კონტრასტი. იაპონელებმა არა მხოლოდ ახალი ციფრული თუ ტექნოლოგიური საშუალებებით გაგვაოცეს, არამედ მასთან დამეგობრებული პოეზიითაც: როდესაც ფინალში ხუთი მოცეკვავის მსგავსად მაღლა ხუთი პაწაწინა დრონი აფრინდა, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაჰყვებოდნენ, იმეორებდნენ მოცეკვავეთა მოძრაობის ტრაექტორიას და ბოლოს ციცინათელების მსგავსად გამოანათეს და ჩაიფერფლეს სცენურ სიბნელეში…
ფინალური ხანგრძლივი აპლოდისმენტები კი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომლებიც სარკისებურად იღებდნენ გადაჭედილ დარბაზს. ეს ჰგავდა პოეზიისა და უმაღლესი ტექნოლოგიების სინთეზს, რის სიმბოლოსაც პრინციპში ეს საოცარი ქვეყანა წარმოადგენს.
„წყვეტილი ფიგურები“ 2018 წლიდან წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე: ფრანკფურტში, მონრეალში, ტოკიოში, სან-ფრანცისკოში, ბარსელონაში. ასე რომ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ომის ქარცეცხლში შობილი „სიკვდილის როკვიდან“ დაიწყო, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი და ამავე დროს პოეზიით შთაგონებული იაპონური პერფორმანსით დასრულდა.