დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანმა სამხედრო დაპირისპირებაში ჩასართავად F-16 ტიპის თურქული გამანადგურებლები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მიიღო. „შეგახსენებთ, რომ საქართველო ოფიციალურად კრძალავს კონფლიქტის ორივე მხარეს თავისი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის გადატანას. როგორც ჩანს, ეს აკრძალვა მხოლოდ სომხეთზე მოქმედებს. საქართველომ ხომ სომხეთს თავისი მოკავშირე რუსეთისგან დახმარების გზა გადაუკეტა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამანადგურებლების გატარებაზე ინფორმაცია სომხეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, გარიკ მოვსესიანის კომენტარს ეყრდნობოდა. მოვსესიანმა მართლაც თქვა, რომ, მათი ინფორმაციით, თავის დროზე აზერბაიჯანში თვითმფრინავები საქართველოს გავლით მოხვდნენ, თუმცა მას არ დაუბრალებია საქართველოსთვის, რომ საქართველომ სამხედრო თვითმფრინავები ან სხვა სახის ტვირთი კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაატარა, მას შემდეგ, რაც სამხედრო დანიშნულების გადაზიდვები აკრძალა.
სამხედრო დაპირისპირება საქართველოდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღსა და რიგ ეპიზოდებში მის გარეთაც საომარი მოქმედებები დღემდე არ შეწყვეტილა.
საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. კონფლიქტის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არცერთი დაპირისპირებული მხარის პოზიციას არ იჭერენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გატარების გზით და მათ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამშვიდობო მოლაპარაკების თბილისში გამართვაც შესთავაზა.
ამის მიუხედავად, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ინტერნეტში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა საქართველო ამა თუ იმ ფორმით ყარაბაღის კონფლიქტში რომელიმე მხარეს ირიბად მაინც უჭერს მხარს.
თავდაპირველად გავრცელდა ამბავი, რომ თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით სირიელი დაქირავებული მებრძოლები გადაიყვანეს. რაც ქართულმა დამოუკიდებელმა „ფაქტჩეკინგ“ ორგანიზაცია Factcheck.ge-მა დეზინფორმაციად შეაფასა.
რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეტიც, კოლონას, რომელსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, ქართული პოლიციის მანქანები მიაცილებდნენ.
ასევე, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე აზერბაიჯანს დაუთმო თურქეთიდან სამხედრო ტვირთის მისაღებად.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც დეზინფორმაციად შეფასდა, იყო ის, რომ თითქოსდა საქართველომ დაბლოკა სომხეთისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთი.
ეს ამბები ვრცელდებოდა სომხურენოვან ინტერნეტსივრცეშიც, რასაც სომხურ საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთიდან მომავალი გზაც კი გადაკეტეს იმ მიზეზით, რომ ხელი შეეშალათ ტვირთის გადატანისთვის და თავიანთი პროტესტი დაეფიქსირებინათ საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის შესაძლო მხარდაჭერაზე.
ამის გარდა, ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემდეგ ანტისომხური განწყობების გაღვივებას ხელი შეუწყო ინტერნეტში გავრცელებულმა ხელით ნახატმა რუკამ, რომლის მიხედვითაც ჯავახეთი სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა. როგორც Factcheck.ge წერს, Facebook-ის გვერდი, რომელმაც ეს რუკა გაავრცელა, 29 სექტემბერს შეიქმნა და ეს ფოტო მისი ერთადერთი აქტივობა იყო. შესაბამისად, მისი მიზანი პროვოკაცია იყო. ასევე, Facebook-მა წაშალა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდი, რომელიც ყალბი იყო და თითქოსდა პროსომხური აქტივობით და ყალბი ინფორმაციით ხელს უწყობდა არმენოფობიის გაღვივებას.
რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება რამდენჯერმე გავრცელებულ ინფორმაციაზე
საქართველოს მიერ როგორც სირიელი მებრძოლების, ისე სამხედრო ტვირთის გადატანისა და ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი ლილუაშვილმა უარყო სირიელი მებრძოლების გადაყვანის ინფორმაცია. განაცხადა, რომ მას საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას.
ლილუაშვილის თქმით, „ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას; კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი“.
რაც შეეხება სამხედრო ტვირთის გატარებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის განახლების შემდეგ საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვის გაცემა სამხედრო ტვირთის გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით.
„ამის თაობაზე, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი ინფორმირებული იყვნენ. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვას, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ მომავალშიც ერთგული ვიქნებით ამ ვალდებულებების“, – თქვა ზალკალიანმა.
ხოლო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით სამოქალაქო ტვირთის გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც – კონფლიქტის განახლების მომენტიდან, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთის სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამოქალაქო ტვირთით დატვირთული დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვარს“, – განაცხადა თურნავამ.
თუმცა, აზერბაიჯანის სამხედრო ტვირთის გატარების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ამის შემდეგ ისევ გავრცელდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას. მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით.
„სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება ICAO-ის სტანდარტებს.
ამასთან, საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთის გატარების თვალსაზრისით. აღნიშნული ხორციელდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ის რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.
მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, რომ თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება.
კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის ICAO-ის წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
სომხეთის საელჩოს გამოხმაურება
ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სომხეთის საელჩო საქართველოში და მოუწოდა მოქალაქეებს, ნუ შეუწყობენ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას.
„ინტერნეტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველომ შეზღუდა საწვავის იმპორტი და უარს ამბობს სომხეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გატარებაზე. არც საწვავთან და არც ჰუმანიტრულ დახმარებასთან დაკავშირებით საქართველოსთან პრობლემა არ შეგვქმნია! სომხეთის საელჩო საქართველოში მუდმივ კავშირზეა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ რაიმე ინფორმაცია საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებულ პრობლემაზე, გთხოვთ, მომართეთ სომხეთის საელჩოს და ჩვენ სწრაფადვე მოვაგვარებთ ამ საკითხს. ამავდროულად კი მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას, რადგან ის პირდაპირ ურტყამს სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს“, – აცხადებდა სომხეთის საელჩო.
რა საფრთხეს შეიცავს ყარაბაღთან დაკავშირებული დეზინფორმაცია საქართველოსთვის
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისი პოზიციის დაფიქსირებისა და სომხეთის საელჩოს გამოხმაურების მიუხედავად, ტვირთის გატარებაზე გავრცელებულმა, სავარაუდოდ, ყალბმა ინფორმაციამ სომხურენოვან ინტერნეტსივრცეში საქართველოს მიმართ ნეგატიური შეფასებები მაინც გამოიწვია.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციული შინაარსის ამბები ხშირად ფართოდ ვრცელდება და მიუხედავად იმისა, რომ მის საწინააღმდეგოდ შეიძლება გაკეთდეს კომენტარები, განმარტება, მსგავსი ამბები მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენს ზოგად განწყობაზე.
„ხშირად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციაც მას „მიჰყიდეს“. არ აქვს მას გადამოწმების საშუალებები და, ე.წ. მედიაცნობიერება, არ არის გარკვეული. თუმცა, ხშირად, საკმაოდ გარკვეული ადამიანებიც კი წამოეგებიან ხოლმე ამ ცრუ ინფორმაციებს.
მგონია, რომ ამაზე ხშირ შემთხვევაში აუცილებელია სამმხრივი რეაქცია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება ამიერკავკასიის ქვეყნებს. აი, მაგალითად, სომხეთის საელჩოს კომენტარი, რომ თავადაც გამოეხმაურნენ ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვის საკითხს და უარყვეს.
ასეთი რეაქცია ერევნისგან სანდოობის კიდევ უფრო მაღალ განცდებს აჩენს სომხეთის ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ სომხებშიც. რომ არ ველოდოთ ერევნისა და ბაქოს რეაქციას, ჩვენი ხელისუფლების აქტიური პოზიციონირებაც შეუწყობდა ხელს საზოგადოებაში სწორი განწყობების დამკვიდრებას“, – ამბობს გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“.
კანაშვილის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძირითადად, სწორია. თუმცა, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა უფრო მეტად არის საჭირო.
„ბაქოსა და ერევანში უყურებენ, რომ თბილისი ნეიტრალურია და არ აპირებს ჩარევას. მაგრამ მოსახლეობის დონეზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დეზინფორმაციის გაუვნებელყოფას აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით.
ხელისუფლება შეიძლება მოქმედებდეს არა, ვთქვათ, ცალკეულ ინფორმაციაზე რეაგირებით, არამედ ზოგადი პოზიციონირებით, რომ არა, თბილისი არ ბლოკავს ჰუმანიტარულ ტვირთს, იქნება ეს ბაქოსა თუ ერევნისკენ მიმავალი და, პირიქით, ბლოკავს ტვირთს, რომელსაც სამხედრო დანიშნულება აქვს.
ასევე, ხელისუფლებას შეუძლია ჩართოს მედია, იმუშაოს მათთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდეს ქართულ მედიას, მათ შორის ისეთ გამოცემებს, რომლებიც რუსულ ან ინგლისურენოვანია და თავად შესთავაზოს საუბარი ამ თემაზე.
ასევე, შესაძლებელია იმ მედიაგამოცემების მონიტორინგიც, რომლებიც შემჩნეულია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“, – ამბობს კანაშვილი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა დეზინფორმაციისა მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებს, დეზინფორმაცია ვრცელდება ხალხში, რომელიც შემდეგ მათი ქვეყნების პოლიტიკაზეც მოქმედებს.
„ნეგატიური გამოცდილებები გვქონია და ვიცით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება ტრავმად. მერე ეს გვხვდება სხვადასხვა ფორმით, უსიამოვნო ამბებით პოლიტიკასა თუ ყოფით, ყოველდღიურ სიტუაციაში.
მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სომხეთის ან აზერბაიჯანის ხელისუფლება. მაგრამ არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განწყობები. იმიტომ, რომ ხშირად პოლიტიკა სწორედ საზოგადოებრივი განწყობიდან ამოდის“, – ამბობს გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“.