ყველაფერი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე - რას ნახავთ CPR.GE-ზე

CPR.GE – ეს არის ვებგვერდი, სადაც ნარკოტიკების მოხმარების საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს არაერთი მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, გადამოწმებული – მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ.

ვებგვერდი დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებმა შექმნეს და ის მოიცავს ინფორმაციას მოხმარების რისკებზე, სამართლებრივ საკითხებს; ვებგვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ნარკოლოგიურ სერვისებზე; აქ წაიკითხავთ რჩევებს მშობლებიც; ვებგვერდზე ნახავთ თვითშევსებად ტესტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავად გაერკვეთ, გაქვთ თუ არა პრობლემური დამოკიდებულება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და ა.შ.

სტატიაში ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ, მანამდე კი პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი ირმა კირთაძე გვიხსნის, თუ რამ განაპირობა ამგვარი ვებგვერდის შექმნა.

„ზოგადად, ეს იდეა დიდი ხანია, გვქონდა – ქართულ ენაზე მოგვემზადებინა ელექტრონული მასალა და ის ხელმისაწვდომი ყოფილიყო დარგში მომუშავე ყველა დაინტერესებული სპეციალისტისთვის – იქნებოდა ეს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანასწორგანმანათლებელი, ექიმი, ექთანი თუ სხვა. დიდი ხანია, ვართ დარგში, ვაწარმოებთ კვლევებს და ყოველთვის იყო მასალის სიმწირე – ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი, ინგლისურად კი ყველა თაობა ერთნაირად კარგად ვერ კითხულობს; ამდენად, სულ გვქონდა ეს იდეა, რომ კარგი იქნებოდა, შეგვძლებოდა – ონლაინ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს მასალები, ტრენინგ-მოდულები და ა.შ.“, – გვიყვება ირმა კირთაძე.

რაც შეეხება მომხმარებელს და რისკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ირმა კირთაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ სერიოზული გამოწვევაა – ერთი მხრივ, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია რისკებზე და არც ამ ინფორმაციის გავრცელების ქსელია აწყობილი, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის მათ ამ პრობლემის წინაშე.

„ვატარებთ, ვაკვირდებით, ვეცნობით კვლევებს და ვნახეთ, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის ნივთიერებას მოიხმარენ (ამ დროს კი საშიშ ნივთიერებებს მოიხმარენ) და არც ის იციან, საიდან მიიღონ სწორი ინფორმაცია. ინგლისურადაც ყველა არ კითხულობს.

აღმოვაჩინეთ, რომ ათვალიერებენ ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდს… რომელზეც  მოცემულია ინფორმაცია რიგ სინჯებზე, გატესტილ მასალებზე, შემადგენლობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია და ყოველთვის შეიძლება იმავე პარტიაშიც კი იყოს განსხვავება. სწორედ ამას დაეფუძნა იდეა, რომ ქართულ ენაზეც გვჭირდება სწორი ინფორმაცია, ვინაიდან გადაწყვეტილი თუ აქვს მოხმარება და არ იცის, რა ნივთიერებასთან აქ საქმე, უნდა შეეძლოს ნახვა ქართულ ენაზე – რა რისკები შეიძლება ახლდეს ასეთი ნივთიერების მოხმარებას“, – ამბობს კირთაძე.

კირთაძის თქმით, აქედან გამომდინარე მოიყარა თავი ვებგვერდზე ყველა საჭირო ინფორმაციამ – ერთი მხრივ, თავად ექსპერიმენტატორი ახალგაზრდების საყურადღებოდ – რა რისკებთან არის დაკავშირებული ნივთიერების გასინჯვა. გარკვეულწილად, ვებგვერდზე სამართლებრივ საკითხებსაც ფარავენ, რა არის დასჯადი და როგორ. არის ინფორმაცია მშობლებისა და ყველა სხვა დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელთაც აინტერესებთ პრევენცია და ის საკითხები, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება.

რას ნახავთ cpr.ge-ზე:

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბორბალი

ფსიქოაქტიური ნივთიერების ბორბალი სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიურ ნივთიერებას აჯგუფებს ორგანიზმზე მათი ზემოქმედების/ეფექტების მიხედვით.

„ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენება. კლასიფიკაციის ამგვარი სისტემები წინა ხაზზე მყოფ ჯანდაცვის სპეციალისტებს აწვდის ინფორმაციას, რათა დაეხმარონ მათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში სხვადასხვა შემთხვევის დროს, მათ შორის, როგორიცაა ზედოზირება.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბორბალი საშუალებას აძლევს პარამედიკოსებს, ასევე ექიმებს, ექთნებს, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და სოციალურ მუშაკებს, სწრაფად გაიგონ სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტი კონკრეტული ან ახალი ნივთიერების სიღრმისეული ცოდნის საჭიროების გარეშე, რაც ამარტივებს მკურნალობის მიწოდებას, სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების ზედოზირების პრევენციას და ზიანის შემცირების სტრატეგიების შემუშავებას“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

რისკის ცხრილი

ცხრილში აღწერილია ფსიქოაქტიური ნივთიერებების სხვადასხვა კომბინაციის შესაძლო რისკები და საფრთხეები. ვებგვერდი შესაძლებლობას აძლევს ვიზიტორს, აირჩიოს ორი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელთა კომბინაციაზეც სურს ინფორმაციის მიღება.

„ეს ორი რესურსი ჩვენ ავარჩიეთ იმიტომ, რომ კვლევაში იყო დასახელებული, როგორც ყველაზე მეტად გამოყენებადი ინგლისურენოვანი წყარო. კოვიდამდე ჩატარებული კვლევებით, ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდობა, რომელიც ექსპერიმენტირებს პერიოდულად, აღმოჩნდა, რომ იყენებდა ამ ორ ინგლისურენოვან წყაროს.

…ვუთარგმნეთ ეს ცხრილი, რომ ნახონ, სად არის ის ყველაზე მაღალი საშიშროება, სადაც შესაძლოა, თავად საერთოდ არ ელოდებიან. ბევრი ამბობდა, რომ Google Translate-ში  თარგმნის… ამიტომ მათთვის იოლი ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, ქართულ ენაზე ზუსტად არის ნათარგმნი და მოწოდებული ისე, რომ თავად ეს ვებაპლიკაცია ტელეფონში ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაში ძალიან იოლად იხსნება, დიდდება და ასე შემდეგ“, – ამბობს ირმა კირთაძე.

ადიქტოლოგიური სერვისები და მათი საკონტაქტოები

ვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ განახლებადი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ადიქტოლოგიურ სერვისებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სისტემა, სისტემატიზებული საინფორმაციო ცნობარი ან ინფორმაციის სხვაგვარად თავმოყრა, ეს შესაძლებლობა პაციენტების, ბენეფიციარებისა და მათი ახლობლებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ვებგვერდის ადმინისტრაციის განმარტებით, დაწესებულებების გაფილტვრა შესაძლებელია ორგანიზაციის დასახელების, სერვისის ტიპის, ქალაქისა და საკონტაქტო ინფორმაციის მიხედვით.

ირმა კირთაძის ცნობით, სერვისების სია ყოველ გაზაფხულზე ახლდება ილიას უნივერსიტეტის ადიქციის კვლევის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის ფარგლებში.

თვითშევსებადი ტესტები დამოკიდებულების ხარისხის განსასაზღვრად

ASSIST – ასე ჰქვია ტესტს, რომელიც ეხება ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქტებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას. ტესტი 8-პუნქტიანი კითხვარისგან შედგება და განსაზღვრავს რისკის ქულას ყოველ მოხმარებულ ნივთიერებაზე, შემდეგ კი პასუხებზე დაყრდნობით იძლევა რეკომენდაციებს სკრინინგ-ტესტით გამოვლენილი ჯანმრთელობის რისკების შესახებ.

AUDIT – მოცემული თვითშეფასების ტესტი 10-კითხვიანია და აფასებს ბოლო 12 თვეში თქვენ მიერ ალკოჰოლის მოხმარების სიხშირეს და სმის თავისებურებებს. ტესტის შედგენამდე გაეცნობით, რას ნიშნავს ტერმინი „სტანდარტული სასმისი“.

„ეს ორივე არის ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მიერ მოწოდებული ტესტი, რომელიც, ქართულ ენაზე თარგმნილია, ადაპტირებულია და შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, პირველ ეტაპზე თავად შეაფასოს თავი, ვიდრე სპეციალისტთან მივა. ის მიიღებს ინფორმაციას მიღებული ქულის შესაბამისი რისკების შესახებ“, – გვეუბნება ირმა კირთაძე.

ორივე ტესტის შევსება ანონიმურია.

ინფორმაცია მშობლებისთვის

სამეცნიერო პუბლიკაციების განყოფილებაში ნახავთ ინფორმაციას სკოლაში პრევენციაზე, რაც სასარგებლო იქნება სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პუბლიკაციათა უმრავლესობა მოწოდებულია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

სამართლებრივი საკითხები

კანონით როგორ რეგულირდება მარიხუანის მოხმარება? შეუძლია პოლიციას მოქალაქის გაჩხრეკა? როგორ არეგულირებს მარიხუანის შეძენა-შენახვას კანონი? – ვებგვერდზე ამ და სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავთ.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „პუბლიკა” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.