ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 48%-ზე მეტი მიიღო, ასევე „ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მეორე ტურის წინ მმართველ პარტიას უმრავლესობამდე მხოლოდ 2 მანდატი აკლია.
„ქართული ოცნების“ გარდა, ცესკოს მიხედვით, პარლამენტში ხვდება 8 ოპოზიციური პარტია. თუმცა, ყველა მათგანი უარს ამბობს მანდატებზე და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარლამენტში არშესვლის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
ოპოზიცია ხმების გადათვლას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და საპარლამენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვს. „ქართული ოცნება“ კი ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებზე დამკვირვებლების დაფიქსირებულ დარღვევებს გავლენა არ ჰქონია და ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, ისე ეგზიტპოლები.
საპროტესტო აქციების შემდეგ, წინა კვირაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორი შეხვედრა მაინც შედგა. მოლაპარაკების პროცესში, შარშანდელის მსგავსად, ისევ დიპლომატები ჩაერთნენ. დღეს კი გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მოწოდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ცვლილებებისთვის იქიდან იბრძოლოს.
შესაძლებელია თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება? უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და რა გამოსავალია მოცემული სიტუაციიდან? ამ საკითხებზე „პუბლიკამ“ „რესპუბლიკური პარტიისა“ და ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წევრთან დავით ბერძენიშვილთან ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ თქვენ Facebook-ზე წერდით, რომ ყველაფრის მოთხოვნით ოპოზიციამ შესაძლოა არაფერი მიიღოს და რომ დასავლეთის განწყობები ადეკვატურადაა შესაფასებელი. არის თუ არა ეს მოწოდება პარლამენტში შესვლისკენ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ქუჩაში დარჩენით ოპოზიცია ჩიხში შევიდა და ბრძოლისთვის უფრო ნაკლები ბერკეტი დარჩა?
ქუჩა და მანდატები ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით. სამართლებრივი გზისა და ქუჩის ერთმანეთთან კოორდინირება, რაც ხშირ შემთხვევაში ხერხდება, პირიქით აძლიერებს ოპოზიციას. ეს ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია დასავლეთის ინფორმირებისათვის.
ჩვენ ბოლო ათეული წლების განმავლობაში გვაქვს ასეთი რეალობა. საქართველოში ქართველი ხალხის არჩევანი იქცევა ხელისუფლების ცვლილებად ან ვერ იქცევა ცვლილებად, იმის მიხედვით, როგორია დასავლეთის განწყობა.
აი, ახლა ვკითხულობდი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც გვეუბნება, რომ იყო უამრავი დარღვევა, რომ ბოლო 30 წლის მსგავსად, არჩევნები ისევ ცუდად ჩატარდა. გვეუბნება, რომ სასამართლო არ არის კარგი და პომპეოსთან არასამთავრობოების შეხვედრა სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა. თუმცა, ამასთანავე, არის მოწოდება, რომ ოპოზიციამ პარლამენტში გააგრძელოს საქმიანობა. ბოლომდე იბრძოლოს სამართლებრივი გზით.
შექმნილ ვითარებაში ძალიან ძნელია ერთი რეცეპტის გამოწერა. ამასთანავე, ჩვენი ოპოზიცია ძალიან ჭრელია. თანამშრომლობის ფორმატი საკმაოდ კარგია, მაგრამ ტონალობაშიც და პოზიციებშიც არის სხვაობა. ეს სხვაობა ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია პოლიტიკური არგუმენტებით, ხედვით, მოტივებით.
ამიტომ, ჩემი აზრით (თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მარტო არ ვფიქრობ ასე), ბევრი თვალსაზრისით გამაერთიანებელი იქნება, თუ მოხერხდება ვადამდელი არჩევნების თემისა და გადათვლის კომბინირება, რაც ელჩების შუამავლობითა და მათი მხარდაჭერით უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის ძალიან მკაფიო რჩევებით, ზეწოლას ვერ ვიტყვი, რადგან დიპლომატიურ კორპუსს ეს ტერმინი არ მიესადაგება.
მაგრამ ხელისუფლებას, თუ მართლა ენდომება, პოლიტიკურ კრიზისს მეტ-ნაკლებად მაინც დააღწიოს თავი, ვალდებული იქნება, რომ მის მიერ მიტაცებული არჩევნები 4-წლიან მიტაცებად ვერ გამოაცხადოს და ერთი წლის ვადაში ვადამდელი არჩევნების დანიშნვას დაეთანხმოს.
ოპოზიციამ კი, უნდა ჩათვლის, რომ მართალია ბოლომდე ვერ ასწორებს არჩევნების გაყალბების შედეგებს, მაგრამ ნაწილობრივ ასწორებს და აიძულებს ხელისუფლებას, ერთ წელიწადში გამართოს ნამდვილი ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს შანსები.
მე არაერთხელ მითქვამს გასულ წლებში, რომ საქართველოში ხელისუფლების საკითხი გადაწყდებოდა 2020-2021 წლების არჩევნების კონტექსტში და არა მხოლოდ ერთი არჩევნებით. ვგულისხმობ, როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებს. თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და თითქმის სხვა ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციას აქვს გამოკვეთილი უპირატესობა გნებავთ ამ არჩევნების ოფიციალური შედეგებითაც კი.
ასე რომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2021 წლის თვითთმართველობის არჩევნები არის ივანიშვილის ხელისუფლების დაძლევის ორი ეტაპი. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელ ეტაპზე რა პროპორციით დაძლევს ოპოზიცია მას. მაინც აშკარაა, რომ ეს ორი არჩევნები ერთიანობაში არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ისეთი გამოცდა, რომელსაც ჩემი ვარაუდით, ის ვერ გაუძლებს.
ამიტომ, ახლა ასე ვუყურებ: თუ ახლავე შევძლებთ ამ არჩევნების გადარჩენას, კარგია. ხოლო თუ ხელისუფლება წამოვა ვადამდელ არჩევნებსა და ხმების გადათვლაზე, ეს იქნება გადადებული [საჭადრაკო] პარტია და ამ პარტიაში გამარჯვებული გამოჩნდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
თქვენ ახსენეთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, დიპლომატების მკაფიო გზავნილებით ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდ კომპრომისს გულისხმობს. გაიხსენეთ ისეთი სიტუაციაც, როცა დასავლეთმა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასების მიუხედავად, მოქმედ ხელისუფალს დაუჭირა მხარი. ხომ არ არის ახლაც მსგავსი სიტუაცია? ხედავთ თუ არა დიპლომატების მხრიდან ხელისუფლების მიმართ მკაფიო გზავნილებს? მეორე მხრივ, თავად ხელისუფლება რამდენადაა მზად კომპრომისისთვის?
მე ვერ დავაბრალებ ამას ჩვენს პარტნიორებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, კუბილიუსის განცხადებაც, ელჩების ინიციატივებიც შეხვედრებზე და ბევრი სხვა რამ ადასტურებს იმას, რომ მათი მხრიდან არ არის შესვლის უპირობო მოთხოვნა. არ არის ასე, რომ ხელისუფლებას კარტბლანში გამოუწერონ და ოპოზიციას უთხრან, რა გინდათ 60 მანდატი გაქვთ და გეყოფათ, ასე არ არის. უპირობო შესვლის მოთხოვნა არ ყოფილა და თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ასეთი მოთხვნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში შევა… არ შევა ოპოზიცია ასეთ ვითარებაში, კრიზისი კი გაღრმავდება.
ამიტომ ყველას ინტერესშია, რომ მოიძებნოს კომპრომისი. დროებითი კომპრომისი მაინც. მე ამას ვუყურებ ასე, რომ როცა ტოტალურად გიყალბებენ არჩევნებს და შენ სანახევროდ გამოასწორებ, გადაუდებ ბრძოლას, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. არა, ვიმეორებ, ეს არის გადადებული პარტია.
თუ არ იქნება ურთიერთკომპრომისი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთის მიმართ ზურგით დააყენებს ხელისუფლებას და მის ამომრჩეველს და ოპოზიციას თავისი ამომრჩევლებით, რაც გააღრმავებს კონფრონტაციას. ეს კი ქვეყნისთვის იქნება ძალიან სახიფათო და დაიწყება, ასე ვთქვათ, ვატერლოოსთვის მზადება უახლოეს მომავალში. ვატერლოო კი მთავრდება ერთის ტრიუმფალური გამარჯვებით და მეორის კატასტროფული მარცხით. ეს არის ყველაფერი ან არაფერი. ქართული პოლიტიკა თუ ისევ ყველაფერი ან არაფერის პრინციპით წავა, მაშინ ქვეყანა ჩარჩება პოსტსაბჭოურობაში. ამაში კარგი არაფერია.
არასდროს შეცვლილა ხელისუფლება რესპუბლიკელების თანამონაწილეობის გარეშე. არასდროს გვქონია მარცხის გამოცდილება. არც მოსულა ვინმე უჩვენოდ და არც წასულა ვინმე უჩვენოდ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი ყოველთვის შეგვქონდა ამ ცვლილებებში. მაგრამ არ მოაქვს ამას არსებითი ხასიათის გარღვევა. ჩვენ არ გვინდა ეს, გვინდა პლურალიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები.
თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა ამ არჩევნებმა კონფრონტაცია კიდევ უფრო გააღრმავოს. მაგალითად, შესაძლოა, შარშან ხელისუფლებას მეტი მოტივაცია ჰქონდა კომპრომისზე წამოსასვლელად. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ არჩევნებს ამ სისტემითაც მოიგებდნენ. არ ვსაუბრობ – როგორ, თუნდაც ადმინისტრაციული რესურსით, საარჩევნო კამპანიის დროს დიდი თანხების დახარჯვით. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰქონდათ. როგორ გესახებათ ახლა კომპრომისი? დღეს მათი მხრიდან დათმობა ფაქტობრივად ხელისუფლების დათმობის ტოლფასია.
დიახ, გეთანხმებით. მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ გაიაზრონ – არჩევნების გზით პრაქტიკულად მათი ვადა ამოწურულია. ქართველმა ამომრჩეველმა მათ უთხრა, რომ ამოიწურა ბიძინა ივანიშვილის ვადა. ახლა მათ აქვთ მოპარული ხმები და მოპარული დრო ამ მოპარული ხმებით. მაგრამ, რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მძიმედ მოხვდება ბოლოს.
თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ გუნდში ინტელექტუალური სიმწირის გამო, საკუთარ შეცდომაში გაჯიუტდებიან და გაბრიყვდებიან. არ გამოვრიცხავ მაგ სცენარით წავიდნენ. მაგრამ მაგ სცენარით წავიდა შევარდნაძეც და აბაშიძეც, როგორ დაამთავრეს – კი ვიცით.
ამომრჩეველთა ნების აღსრულება შეიძლება გადაავადო. მაგრამ ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ მუდმივად ვერ ივლი. ეს არის ელემენტარული სიმართლე, რომლის დანახვა ხან ხელისუფლებაში არ შეუძლია ვიღაცას, ხან ოპოზიციაში არ შეუძლია ვიღაცას. საქართველოში არ არსებობს არც რომელიმე ისეთი პერსონა და არც პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს არჩევნებში.
ასევე, ადეკვატურად არის შესაფასებელი ქუჩის პროტესტის, სამართლებრივი გზისა და უცხოელების ჩართულობის თანაფარდობა ერთიან პროცესში. ვინც ამას ვერ დაინახავს გინდ ხელისუფლებაში, გინდ ოპოზიციაში, ის დამარცხდება.
ხელისუფლების კომრომისი ვახსენეთ და ოპოზიცია თუ არის მზად იმ კომპრომისებზე წასასვლელად, რომლებზეც საუბრობთ?
ამის შესაძლებლობა არის. სულ დგას ორი საკითხი, როცა შუამავლების ჩართულობა გვაქვს. ერთი არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და მეორე – პოლიტპატიმრების თემა. 120/30-ის დროსაც მეორე საკითხი პოლიტპატიმრები იყო. ახლაც იგივეა, გვაქვს კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუას საქმე, ახლადდაკავებული ადამიანების საქმე, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ამდენი უკანონობა, დაპატიმრება და დაწიოკება. ვიცით, რომ „სირცხვილიას“ აქტივისტების საქმე სტრასბურგშიც განიხილება.
ასე რომ, ასეთ ვითარებაში მე უპირობოდ არავის არაფერს მოვუწოდებ. იმისთვისაც მზად ვარ, რომ თუ ხელისუფლება არსებით კომპრომისზე არ წავა, იქნება გაღრმავებული პროტესტი ქუჩიდან. მაგრამ უმჯობესია დავიყოლიოთ, დავითანხმოთ, ვაიძულოთ ხელისუფლება დასავლეთის მეშვეობით რეალისტურ კომპრომისებზე. თორემ სიმართლეს რომ არ აღიარებენ, მესმის.
ვუბრუნდებით ისევ იმას, რითაც დავიწყეთ. ეს ორი არჩევნები ერთიანად არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების პერიოდი.
უნდა ჩაგეკითხოთ, თუ ხედავთ ოპოზიციაში იმის პერსპექტივას, რომ ამ ვითარებაში მზად იქნება კომპრომისისთვის?
გასაგებია, რომ სხვადასხვა ინტონაციით საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა თუ პერსონა. მე არავის მოვუწოდებ, რომ ამა თუ იმ გზაზე დადგეს. მე თავად წარმოვადგენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც აქვს მანდატები. მაგრამ არც ამ მანდატებს ჩავებღაუჭებით და არც მანდატებს გავანიავებთ. მოვიქცევით ისე, როგორც მოიქცევა პარტიების გონივრული შეთანხმება.
ჯერჯერობით შეთანხმებული ვართ, დეკლარირებულია, რომ არცერთი პარტია არ შედის პარლამენტში და ეს პოზიცია რჩება. ეს პოზიცია რჩება, სანამ არ იქნება არსებითი ხასიათის ცვლილებები. თუ იქნება არსებითი ხასიათის ცვლილებები, ანუ თუ გაჩნდება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემა, როგორც სერიოზული შემადგენელი გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ მზად ვართ ამაზე დავფიქრდეთ და ვისაუბროთ პარტნიორებთან. თუ არ გაჩნდება, დარჩება ის მოცემულობა, რაც გვაქვს.
უფრო კონკრეტულად როგორ გესახებათ კომპრომისის შემთხვევაში კრიზისიდან გამოსვლის გზა? მაგალითად, ოპოზიციის მოთხოვნა იყო ხელახალი არჩევნები, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის სამართლებრივი გზა ფაქტობრივად არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ხმების ხელახლა გადათვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშნვა?
პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპრომისის პირობებში, არსებობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მექანიზმები. მაგალითად, გვაქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა 50 დეპუტატის მონაწილეობი. კომისიას შეუძლია, მოითხოვოს ხმების გადათვლა და თუ გამოავლენს დარღვევებს, ეს იქნება საფუძველი იმისთვის, რომ აიძულო ხელისუფლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ხელოვნურად მოხდეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.
შესაძლოა, ელჩების შუამავლობით წინასწარ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, რომ მივდივართ გადათვლაზე და ვთანხმდებით ვადამდელ არჩევნებზე. პოლიტიკური გადწყვეტილების ტექნოლოგიური, სამართლებრივი უზრუნველყოფის შესაძლებლობები არსებობს.
მაგალითად, გერმანიაში, თავის დროზე შრიოდერმა საკუთარ ფრაქციას ვადამდელი არჩევნები ჩაანიშნინა და შემდეგ წააგო ის არჩევნები. საფრანგეთშიც იყო მსგავსი შემთხვევა ჟაკ შირაკის დროს. მოკლედ, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი გზები არსებობს.
მაგრამ, თუ არ იქნება სიღრმისეული ურთიერთსვლა კომპრომისისკენ, უპირველესად ხელისუფლების მხრიდან, მაშინ დარჩება ის, რაც ახლაა. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ელჩებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის შუამავლობით, მოვნახავთ საერთო გამოსავალს, მაშინ ნამდვილად არსებობს კომპრომისის გზა.