გასულ წელს გამოცხადებული ზალცბურგის საოპერო ფესტივალის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები (ფესტივალი 1920 წელს, კომპოზიტორ რიჰარდ შტრაუსის ძალისხმევით დაარსდა), როგორც ჩანს, მაინც ჩატარდება. თუმცა პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი და საოპერო დადგმები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო. სწორედ მომავალ წელს გაიმართება ფესტივალის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა – მოცარტის „დონ ჯოვანი” (რეჟისორი რომეო კასტელუჩი) და მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (დირიჟორი – თეოდორ კურენტზისი, მთავარ პარტიას ილდარ აბდრაზაკოვი შეასრულებს).
ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, ძალიან მოინდომეს და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ფესტივალი განახლებული ფორმატით მაინც გაიმართება. პროგრამაში რამდენიმე ათეული სპექტაკლია და მათ შორის ორი საოპერო პრემიერა. ასევე დაგეგმილია დრამატული წარმოდგენები და კონცერტების დიდი რაოდენობაც.
2020 წელს განახლებული პროგრამის მთავარი პრემიერა იქნება რიჰარდ შტრაუსის „ელექტრა“ (სახელოვანი რეჟისორის, კშიშისტოფ ვარლიკოვსკის დადგმით. წამყვან პარტიებს შეასრულებენ აუშრინე სტუნდიტიე და ასმიკ გრიგორიანი, დირიჟორი – ფრანც ველზერ-მესტი). ფესტივალის მეორე საოპერო პრემიერაა მოცარტის “Cosi fan tutte” (რეჟისორი – კრისტოფ ლოი, დირიჟორი – ჯოანა მალვიცი). მთავარ პარტიებს შეასრულებენ: ელზა დრაისგი, მარიანა კრებასა, ლეა დეზანდრი, ბოგდან ვოლკოვი. ორივე სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ვენის ფილარმონიული ორკესტრი.
შემოკლებულ პროგრამაში, როგორც აღვნიშნეთ შევა დრამატული სპექტაკლებიც: ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის ცნობილი პიესა Jedermann (რომლის რეჟისორია მილო რაუ); ასევე პეტერ ჰანდკეს მიერ დაწერილი ახალი პიესა „ზდენეკ ადამეცი”. ორივე წარმოდგენა მსოფლიო პრემიერის ფარგლებშია დაგეგმილი.
საკონცერტო პროგრამა კიდევ უფრო ვრცელია. დაგეგმილია ცნობილი მომღერლების – სესილია ბარტოლის, სონია იონჩევას, ელინა გარანჩას, ასმიკ გრიგორიანის, ანა ნეტრებკოს, ხუან დიეგო ფლორესის, იულია ლეჟნევას კონცერტები. ბეთჰოვენის სონატების ციკლს შეასრულებს პიანისტი იგორ ლევიტი. გარდა ამისა, ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოვლენ მარტა არგერიხი, ევგენი კისინი, დანიელ ტრიფონოვი, არკადი ვოლოდოსი, გრიგორი სოკოლოვი…
საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციისა და კერძოდ, მარკუს ჰინტერჰოიზერის მიერ მოწვეულ დირიჟორებს შორის იქნებიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ცხრა დიდი საკონცერტო პროგრამა შესრულდება.
ფესტივალი ცხადია, ითვალისწინებს კოროვირუსით გამოწვეულ პანდემიას და შესაბამის მკაცრ ზომებს მიმართავს. მაყურებლისთვის ნიღბის ტარება და ჰიგიენური პროცედურების დაცვა სავალდებულო იქნება, ისევე როგორც, ბილეთების წინასწარ დაჯავშნა და მათი იდენტიფიკაცია.