ავტორი: თამარ მოსიაშვილი
განათლების მკვლევარი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემ) პროექტი. 20 წელი გავიდა პირველი ზგემ-ის შემუშავებიდან. ცხადია, ცვლილებების დროა. იმდენი რამ ხდება დღევანდელ მსოფლიოში. გლობალური ცვლილებები ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას ვერ აუვლის გვერდს.
ზგემის მიღწევის გზები 2004-წლის დოკუმენტშია აღწერილი, ხოლო 2024 წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა რეგულაცია შეიქმნება ამ მიზნების შესაბამისად. ეკლექტური განათლების პოლიტიკის პრევენცია ზგემი ვერ იქნება, მაგრამ სასურველია, იყოს ინფორმაცია, როგორი იქნება მიზნების მიღწევის გზები. ეს ამ დოკუმენტის ნაკლად მიმაჩნია.
2004 წელს 13 წელი იყო გასული საბჭოთა კავშირის დანგრევიდან, ახლა 2024 წელია. ცვლილებების დასაბუთება რომ ჰქონდეს ამ დოკუმენტს კარგი იქნებოდა. ახალ დოკუმენტში ასახულია უკრაინასთან მიმდინარე ომი. ხაზგასმულია, რომ მოქალაქეს უნდა შეეძლოს სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება. სამშვიდობო პრინციპები მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია, ეწეროს, რომ მოქალაქეს გააზრებული უნდა ჰქონდეს საქართველოს სუვერენული უფლების აღდგენა მთელ ტერიტორიაზე.
2004 წლის შესავალი ნაწილი ხაზს უსვამს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თავისუფალი და სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების აღზრდას, ხოლო 2024 წლის შესავალი უფრო მეტად ფოკუსირებულია პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული ღირებულების მქონე პიროვნების აღზრდაზე, რომელსაც „გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და ვალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება“.
ამოღებულია სიტყვა „ლიბერალური“, თვალში მოსახვედრია სიტყვა „ოჯახი“. მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დღეს ოჯახს ქართველი ხალხი პატივს არ სცემს ან არის საშიშროება, რომ გაქრეს ოჯახის ინსტიტუტი. ლიბერალური დემოკრატია ან ლიბერალური განათლება აღარ გვინდა?!
კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში. განათლების სისტემაში, პრაქტიკულად, რევოლუცია მოხდა. მაღალი ხარისხის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაც გაზრდილია. კარგი იქნება, თუ ახალ დოკუმენტში ასახული იქნება ხედვა იმ ცვლილების, რომელიც აუცილებლად მოხდება საგანმანათლებლო სისტემაში. მთელ მსოფლიოში ინტენსიური დისკუსიები მიდის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და განათლების „გაციფრულების“ საკითხებზე. საქართველოში რა იგეგმება? ისეთივე სკოლები გვექნება, როგორც დღეს?
საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეებისა და სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზეც უფრო მეტი უნდა ეწეროს. ეს პრობლემა ჯერ ვერ გადავჭერით. 2024 წლის დოკუმენტში აღარაა ხაზგასმული სახელმწიფო ენის როლი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სწავლების ენა არაა ქართული, სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა არ დგას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
საქართველოს მოსახლეობას შორის მზარდი უთანასწორობა და ამის გამო განსხვავებული აკადემიური მიღწევები (სიღარიბის გავლენა განათლებაზე) შეიძლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიის გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ისეთი მასშტაბის პრობლემაა (საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიხედვით), რომ კარგი იქნებოდა, ზგემშიც ყოფილიყო აღნიშნული ამ პრობლემის შესახებ.
2024 წლის ზგემში ხაზგასმულია „ინდივიდებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება“. სახელმწიფო ინსტიტუციების გარდა, სხვა სექტორის ინსტიტუციებიც არსებობს (ბიზნესი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თემი, საერთაშორისო საზოგადოება). მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებთან რატომ?
2004 წლის დოკუმენტში აღნიშნულია ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, 2024 წლის დოკუმენტში ცხოვრების ჯანსაღი წესი აღარაა ნახსენები.
2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები უფრო მეტად „კონსტრუქტივისტული“ ხასიათისაა, ძირითადი პოსტულატები წარმოადგენს იმ ქმედებებს, რაც უნდა შეძლოს მოსწავლემ სკოლაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ხოლო 2024 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის პოსტულატების ნუსხა.
იმედია, ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ბევრი სპეციალისტი გამოეხმაურება, რადგან ასეთი ცვლილებები ხშირად არ ხდება ხოლმე.
ზგემი 2004 იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0
ზგემი 2024-ის პროექტი იხილეთ ბმულზე https://mes.gov.ge/uploads/zgemi.pdf