ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თითქოს სიურრეალისტურად აკინძული მოთხრობების, ამბებისა და ჟანრების კრებულს ჰგავს…
წლევანდელი ბერლინალეს ზამთრის ატმოსფეროში სრულიად ლოგიკურად ჩაეწერა ალპებში გადაღებული ფრანგული ფილმი „ყინულის კოშკი” (რეჟისორი ლუსილ ჰაძიჰალილოვიჩი), რომელიც წააგავს ზღაპარს ციგურაობით მოხიბლულ ღარიბ კონკიაზე, თუმცა პრინცის ნაცვლად, გოგონას ფსიქოპატი თოვლის დედოფალი მოხიბლავს, რომელსაც მართლაც გამყინვარებული სახითა და ფსიქოდელიური განწყობით თამაშობს მარიონ კოტიარი.
ბერლინალეს კარგად ახსოვს მისი ტრიუმფი წლების წინათ, როდესაც ფილმში „ვარდისფერი ცხოვრება“ ედიტ პიაფის როლი შეასრულა.
მარიონ კოტიარი ამჯერად 70-იანი წლების კინოდივას თამაშობს, რომელიც გადასაღებ მოედანზე თოვლის დედოფლის იდეალურად ცივ, კრისტალურად ლამაზ ხატს ქმნის, თუმცა მასობრივ სცენებში მონაწილე ობოლ გოგონას მოულოდნელად განმარტოებასა და სასიყვარულო თამაშებს შესთავაზებს. რაც მისთვისაც კი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდება…

უცნაური, პირქუში ატმოსფერო და მსუბუქად სიურრეალისტური სიუჟეტური სვლები ფილმი-ზღაპრის სიცარიელეს როგორღაც მაინც ავსებს.
გერმანული კომედია „რა იცის მარიელმა“ (რეჟისორი ფრედერიკ ჰამბალეკი) მთლიანად უპრეტენზიო, მაგრამ მაინც ოდნავ უხეშ გერმანულ იუმორზეა აგებული. ბედნიერი ცოლ-ქმრის (ცნობილი გერმანელი მსახიობები: იულია იენჩი და ფელიქს კრამერი) ყოველდღიური ცხოვრების იდილია მაშინ იმსხვრევა, როდესაც მათი თინეიჯერი ქალიშვილი მოულოდნელად შეიძენს ტელეპათიურ უნარს – გაიგოს, რას ამბობენ და რას აკეთებენ მშობლები მაშინაც, როცა ისინი მისგან შორს არიან. მამა ჟურნალის რედაქციაში თავს კარგად ვერ გრძნობს, ხოლო დედა აპირებს, პირადი „გამოცდილებით“ დაწეროს რომანი, როგორ ეძლეოდა სიყვარულს საოფისე მაგიდაზე. მოკლედ, მარიელის ისტორიაც რაღაცით კინოზღაპარია, რომელიც თან სასაცილოა, თან ორაზროვანი, მაგრამ უხარისხო ანეკდოტის სურნელიც დაჰკრავს.

თუ ევროპული კინოზღაპრები რაღაც საერთო კულტურული მეხსიერებისა და სიახლოვის გამო მაინც გასაგებია, ჩინელი რეჟისორი-ქალის, ვივიან კუს „გოგონები მავთულზე“, უფრო სასტიკი და დაუნდობელი კინოზღაპარია. არა მხოლოდ გეოგრაფიის, არამედ აზიურ-აღმოსავლური კულტურის სპეციფიკის გამო.

მშობლების ცოდვებისა თუ ოჯახის ვალების გამო, ორი და სამკვდრო-სასიცოცხლო დუელში ჩაებმება მაფიასთან. თუმცა ბევრი რამ ძალიან სტერეოტიპულია. ერთადერთი, რაც ცოცხალი და ნამდვილია, ესაა საბრძოლო ხელოვნების მომხიბლავი სილამაზე. უფროსი და კინოსტუდიაში კასკადიორად მუშაობს და პასუხისმგებლობას იღებს მაყურებლის გართობაზე. „გოგონები მავთულზე“ შესაძლოა, არაა გამორჩეული, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ საჰაერო ფრენის ყურება, ყინულოვან წყალში ყვინთვა და ალესილი ხმლებით დუელი მაყურებლისთვის დრაივს ნამდვილად ქმნის.
აზიური კინოს ამ დრაივსა და ენერგიას ევროპელი რეჟისორები უფრო ჭკვიანური პაროდიებითა და სტილისტური ჟანრის დაცინვით ეხმაურებიან. ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ჰელენ კატესა და ბრუნო ფორზანის ფილმი „მკვდარი ბრილიანტის ანარეკლი“ – სარეკლამო კლიპებისა და გლამურული პაროდიის ერთგვარი კოქტეილი. ამ „კოქტეილში“ თანაბრად არიან გაზავებულნი პენსიაზე გასული საიდუმლო აგენტი, ნავთობის მაგნატი-მილიარდერი და მკვლელი შავი ლატექსის კომბინეზონში.
ფანტასტიკური დისკო-პეიზაჟები, ელვარე ლამაზმანები, სისხლის ნაკადები, მოწამლული ბეჭდები და პოსტმოდერნული მხატვრობის შედევრებიც კი ამ „კრიმინალური სანახაობა-ბალეტის“ მახვილგონივრულობასა და თანამედროვე არტის კარგ ცოდნაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე ორიგინალური რეჟისურის სიმძიმეზე.
კინომანები მახვილგონივრულ სვლებს ნამდვილად აღმოაჩენენ ფილმში „ფეხები რომ მქონდეს, დაგირტყამდი“. ეს მით უფრო საინტერესოა იმით, რომ ამერიკელი რეჟისორი, მერი ბრონშტეინი ცდილობს, მარტოხელა დედობასთან დაკავშირებული ტანჯვა ფემინისტების დასაცინად ან გასაბრაზებლადაც გამოიყენოს. ფილმი მოკლებულია მელოდრამატულ კლიშეებს, თუმცა, სამაგიეროდ, ეკრანზე ნაჩვენებია ეგზისტენციალური კოშმარი, რომელიც ფინალში თითქმის „სხეულის საშინელებად“ იქცევა.
ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი დედა (როუზ ბირნი მართლაც შესანიშნავია ამ როლში) მთელი ფილმის განმავლობაში თითქმის ექსტრემალურ მდგომარეობაშია და თანაც მუდმივად ახლო ხედით…
რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის დამახინჯებულ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ხან ირონიულად, ხან თანაგრძნობით და ხანაც პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტის დახმარებით. გარემო აგრესიულად დეფორმირებულია, რასაც ერწყმის შინაგან მდგომარეობის კოშმარიც. ჯერ წყალი ჟონავს, შემდეგ ჭერი იშლება და ეს ყველაფერი ჯოჯოხეთურ წარმოსახვაში ერთიანდება – წყლის შლანგები ჭიპლარს ჰგავს, რომელიც უნდა მოიჭრას, დანგრეული ბინის ქაოსი კი – სიცხიანი ბავშვის ჰალუცინაციას, რომელიც დანგრეულ ჭერში გამოჩენილი ცისკენ ისწრაფვის.
ვერ გეტყვით, ფილმის რეჟისურას როგორ შეაფასებს ჟიური (წელს ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარეა ამერიკელი რეჟისორი ტოდ ჰეინსი), მაგრამ ოპერატორის ნამუშევარი და როუზ ბირნის თამაში ძალიან შთამბეჭდავია.
აზიური და ამერიკული კინოზღაპრების ფონზე ბრაზილიური ფილმი „ცისფერი ბილიკი“ სოციალური თერაპიის მიზნით შექმნილ ამბავს ჰგავს… თუმცა ბედნიერი დასასრულის გარეშე. ჟიურისა და კრიტიკოსების შეფასებით, გაბრიელ მასკარუს ფილმი „ოქროს დათვის“ სავარაუდო კანდიდატია.

ფილმის დასაწყისი საშინლად რეალისტურად გამოიყურება: მთავრობის ბრძანებით, რომელიც შეშფოთებულია ეკონომიკის ოპტიმიზაციით, ყველა მოხუცი იგზავნება კოლონიაში, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.
76 წლის ტერეზას (დენიზ ვაინბერგი), რომელიც ალიგატორის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა, სხვა გეგმები აქვს. ის ოცნებობს საჰაერო და წყლით მოგზაურობაზე და საერთოდ, გაქცევაზე, მაგრამ ეს ასე იოლი არ არის, რადგან ჰყავს მეურვე – ქალიშვილი, რომელსაც მოხუცი დედა საერთოდ არ ადარდებს, მისი ნებართვის გარეშე კი მოხუც ტერეზას თვითმფრინავის ბილეთს არავინ მიჰყიდის…
და აი, ტერეზა მიმართავს უჩვეულო ადამიანების დახმარებას, რათა იმოგზაუროს ამაზონის შენაკადების გარშემო, ითამაშოს კაზინოში, გაიცნოს ბიბლიის გამავრცელებელი მოხუცი ქალი, გაეცნოს ლოკოკინას ლურჯი სითხის ფსიქოტროპულ ეფექტს და საკუთარი ცხოვრება ხელახლა, სიბერეში აღმოაჩინოს… მოკლედ, გაბრიელ მასკარუს ფილმს კრიტიკოსები „ოქროს“ ან „ვერცხლის“ დათვს თანაბარი წარმატებით უწინასწარმეტყველებენ.
ზემოაღწერილი ზღაპრების ფონზეც ბერლინალეზე სრულად და ფხიზლად გამოიყურებიან ისეთი შთამბეჭდავი საპრიზო წარსულის მქონე რეჟისორები, როგორებიც არიან: ბონგ ჯუნ ჰო («პარაზიტების» ავტორი) და რუმინული საავტორო კინოს ერთ-ერთი ლიდერი, რადუ ჯუდე. ცნობილმა სამხრეთკორეელმა რეჟისორმა კომერციული და საავტორო კინოს ჭკვიანური სინთეზი ახალ ფილმშიც შემოგვთავაზა. ბერლინალეზე მისი ახალი ფილმი Mickey 17 სპეციალური პროგრამით უჩვენეს, რომელშიც რობერტ პატისონი და მარკ რუფალო მთავარ როლებს ასრულებენ.
რაც შეეხება რადუ ჯუდეს ფილმს – „კონტინენტალი 25“, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. რუმინული პროვინციული ქალაქი კლუჟი, სადაც მოქმედება ხდება, უფრო სოციალური ლანდშაფტისა და განელებული პოლიტიკური ვნებების არეალია. პიროვნულ ტრაგედიებს მომავლის ნათელი უიმედობა ცვლის, ძველ შენობებს – შუშისა და ბეტონის ნაგებობები, პროფესორ ქალს – მღვდელი, რომელიც აღსარებას ადამიანის გამოსწორების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს…

ბერლინის 75-ე საერთაშორისო ფესტივალის კინოზღაპრები შაბათს დასრულდება, როდესაც ჟიური სიურრეალისტურად აღრეულ და ჭრელ ფილმებს შორის გამარჯვებულებს გამოავლენს.