ღვინის რა საიდუმლოებებს ინახავს ზღვა?
ზაფხული ბევრი ადამიანისათვის ზღვის სეზონად მიიჩნევა და წელიწადის ამ დროს ზღვას, მართლაც, განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ზღვაზე დასვენების დროს ჩაციებული ცქრიალა ღვინო ან გემრიელი კოქტეილები ხომ საერთოდ – ცალკე სიამოვნებაა, მაგრამ ამჯერად ჩვენ ზღვასა და ღვინის ფენომენს სულ სხვა კუთხით გავაერთიანებთ და იმ ძველი ღვინის იმ საიდუმლოებებზე ვისაუბრებთ, რასაც ზღვა ინახავს.
მყვინთავებსა თუ რიგით ადამიანებს არერთხელ აღმოუჩენიათ ზღვის ფსკერზე დამარხული ძველი ღვინოები, რომლებიც ან გემების ჩაძირვის შემდეგ გასული მრავალი წლის მიუხედავად გადარჩა, ანდა კონკრეტულმა ადამიანებმა შეინახეს/გადამალეს, მერე გადაავიწყდათ და ამით დიდი სიურპრიზი გაუკეთეს შემთხვევით მპოვნებლებს.
ღვინის სპეციალისტები გაოცებას ვერ ფარავენ იმის გამო, რომ ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი უძველესი ღვინის მრავალი ნიმუში ხარისხობრივად უნაკლო გამოდგა და წილად ხვდათ ბედნიერება, დაეგემოვნებინათ 100 და მეტი წლის წინ დამზადებული სრულიად უნიკალური ღვინოები, რომელთა ფასიც ღვინის აუქციონებზე 3 ათასი ევროდან იწყება.
ყველაზე საოცარი აღმოჩენა ამ 10 წლის წინ მოხდა, როდესაც 2010 წლის ზაფხულში მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში დაახლოებით 1840 წელს ჩამოსხმული 160-ზე მეტი ბოთლი შამპანური აღმოაჩინეს. ღვინის ნახევარზე მეტი მშვენიერ მდგომარეობაში იყო. მსგავსი რამ, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით, ადრეც შეუნიშნავთ – ჩაძირული გემებიდან ამოუტანიათ ღვინო, რომელიც არ იყო გაფუჭებული. ღვინის ექსპერტების თქმით, ზღვაში ღვინო ასი-ორასი წლის განმავლობაში ინახებოდა ძალზე სტაბილური ტემპერატურის პირობებში და, როგორც დეგუსტაციამ აჩვენა, ღვინის დაძველების პროცესი ერთობ შენელებული იყო.
მას მერე რამდენიმე მეღვინემ სცადა, გამიზნულად მიემართა ამ მეთოდისთვის (ცხადია, გემის ჩაძირვის გარეშე). ზოგიერთ შემთხვევაში ბოთლებს წყალსაცავებში ათავსებდნენ, ზოგჯერ კი – იმავე ბალტიის ზღვაში.
ღვინის ამ წყალქვეშა დავარგებას ყველაზე სისტემური ხასიათი აქვს აშშ-ში. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მირა უაინერი“ 2012 წლიდან მოკიდებული ინახავს ღვინოს ზღვაში, 18 მეტრის სიღრმეზე. ღვინოს ყოველ შემოდგომაზე უშვებენ ზღვაში და მაისში მყვინთავებს ისევ ზედაპირზე ამოაქვთ. კომპანიის მთავარი მეღვინე და ქიმიკოსი, გუსტავო გონსალესი, ამბობს, რომ ეს მეთოდი მას სწორედ ბალტიის ზღვაში აღმოჩენამ შთააგონა.
ამერიკელი მეღვინეები მოელოდნენ, რომ ბალტიის ზღვაში აღმოჩენილი შამპანურის მსგავსად, ისინიც მოახერხებდნენ ღვინის დაძველების პროცესის შენელებას წყალქვეშა პირობებში, მაგრამ მათი ვარაუდი არ გამართლდა. ღვინო, პირიქით, უფრო სწრაფად დაძველდა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. პროფესიონალ სომელიეთა თანახმად, 2009 წლის ღვინოს ისეთივე დავარგებული გემო ჰქონდა, როგორიც 2007 წლისას. გონსალესის თქმით, ზღვაში ნახევარი წლის განმავლობაში დავარგებულ ღვინოს უფრო მეტი სისრულე ჰქონდა, ვიდრე კლასიკური მეთოდით, მარანში დავარგებულს.
ორივე ღვინო ლაბორატორიაში შეისწავლეს. ქიმიური შემადგენლობა, პრაქტიკულად, ერთნაირი აღმოჩნდა, ფერიც, მაგრამ გემო და სუნი საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ზღვაში დავარგებული ღვინო უფრო ხავერდოვანი და სხეულიანი იყო.
საქმე ისაა, რომ შამპანური, რომელიც ბალტიის ზღვაში იპოვეს, ზღვის ფსკერზე იმყოფებოდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. იქ, 60 მეტრის სიღრმეზე, ტემპერატურა სტაბილურად იყო 5 გრადუსი. აშშ-ში კი ღვინო სხვაგვარ პირობებში ინახებოდა. ტემპერატურა განუწყვეტლივ იცვლებოდა 8-დან 18 გრადუსამდე. თანაც გონსალესის ბოთლები უძრავად კი არ ეწყო ფსკერზე, არამედ ზღვის მიმოქცევა მათ განუწყვეტლივ ამოძრავებდა.
ფრანგული საოცრება – ღვინის სარდაფი ოკეანის ფსკერზე
ერთია, როდესაც ზღვის ფსკერზე ღვინის უძველეს ნიმუშებს აღმოაჩენ და სულ სხვაა, როცა ადამიანი ზღვასა და ოკეანეს, როგორც საუკეთესო საცავსა და „მარანს“, შეგნებულად იყენებს.
დაახლოებით შვიდი წლის წინ დასრულდა ევროპელი მეღვინეებისათვის შოკისმომგვრელი პროექტი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, შუაგული ოკეანის ფსკერზე ღვინის სარდაფის შექმნას გულისხმობდა. თავიდან არავის არ სჯეროდა, ატლანტის ოკეანეში, 1000 მეტრის სიღრმეზე ფრანგულ ღვინის სარდაფს თუ აშენებდნენ, თუმცა ფრანგმა მეღვინემ და ბიზნესმენმა, „შატო დიუ კუროს“ მფლობელმა ფრაკ ლებერიმ ეს უცნაური ჩანაფიქრი ძალიან მაღალ დონეზე განახორციელა და დღეს მისი ამ საოცარი ქმნილების ნახვას ღვინის არაერთი მოყვარული ესწრაფვის.
შეიძლება, გეგონოთ, რომ ფრანკ ლებერიმ ღვინის სარდაფი ოკეანის ნაპირთან ახლოს გახსნა და ამ გზით ხარჯიც შეიმცირა და პროექტის განხორციელების ალბათობაც გაიმარტივა, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან სარდაფი ოკეანის სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით გაკეთდა. ფრანგი ინჟინრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს აღნიშნული სარდაფის სპეციალურ კონტეინერში მოთავსება, სადაც ღვინოს ჟანგბადი (და, საჭიროების შემთხვევაში, სინათლეც) უპრობლემოდ მიეწოდება. გარდა ამისა, რასაკვირველია, კონტეინერში ვიდეოკამერებიცაა დაყენებული და პერიმეტრიც სრულად კონტროლდება.
ამ ნოვატორულ და უცნაურ ღვინის სარდაფში მხოლოდ მისი ინიციატორი ბიზნესმენის კუთვნილი ღვინოები როდი ინახება. თავიდან ოკეანის ფსკერზე არსებულ სათავსოში ერთი ბოთლი ღვინის შენახვა ნებისმიერ მსურველს 17 ევროდ შეეძლო, თუმცა ახლა ეს ფასი 31 ევრომდეა გაზრდილი და ოკეანის ფსკერზე ღვინის შენახვის ბედნიერება მხოლოდ მას ხვდება წილად, ვინც საცავის მფლობელ კომპანიას 1000 და მეტი ბოთლი ღვინის შენახვას შეუკვეთს.
აღსანიშნავია, რომ საცავს აქვს თავისი მართვისა და მოქმედების ზუსტად გაწერილი პრინციპებიც, რომელთა მიხედვითაც აუცილებელია, ყოველი ორი წლის შემდეგ ღვინის ცალკეული ნიმუშები ოკეანიდან ამოიტანონ, დააგემოვნონ და შემდეგ ღვინის მფლობელი იღებს გადაწყვეტილებას, ეს ღვინო ოკეანის სარდაფში დააბრუნოს თუ ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად.
როგორც ცნობილია, ქართველები ზღვას მაინცდამაინც არ ვწყალობდით და საზღვაო ფლოტით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ეპოქებშიც კი ვერ დავიკვეხნიდით. საუბარი არაა შავი ზღვის ფსკერზე ქართული ღვინის შენახვასა და მეტადრე ღვინის დიდი საცავის მოწყობის შესაძლებლობებზე. აი, ზღვის პირას, კარგად ჩაციებული თეთრი მსუბუქი ღვინის სმა კი ქართველებსაც კარგად გამოგვდის.