ზურაბაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა უზენაესში

ნათია ამირანაშვილი

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ზურაბაშვილს განზრახული არ ჰქონდა მიკროსაფინანსო კომპანიაში მყოფი ადამიანების საფრთხეში ჩაგდება. „პუბლიკისთვის“ მიწოდებული საკასაციო საჩივრით ისინი კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ ზურაბაშვილის  ქმედება შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს – „იძულებას“.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სააპელაციომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე, კერძოდ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და საბოლოოდ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ადვოკატები არც ამ კვალიფიკაციას ეთანხმებიან და ამბობენ, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირისთვის გადაადგილების შესაძლებლობის ობიექტურად წართმევასთან. „იძულების“ შემთხვევაში კი [რაზე გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვენ], როგორც წესი, პირს გადაადგილების შესაძლებლობა ობიექტურად წართმეული არ აქვს. დაცვის მხარის პოზიციით, ის ფაქტი, რომ მუქარით შეშინებული პირი არ გადაადგილდება, წარმოადგენს მის იძულებას.

ადვოკატების მიერ დასახელებული იძულების მუხლი კანონში ასეა განმარტებული:

„ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო საჩივარს განსახილველად, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს სრულად გაიზიარებს, ზურაბაშვილი საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ვინაიდან მისთვის თავისუფლების აღკვეთის ათვლა დაწყებულია 2020 წლის ნოემბრიდან – პატიმრობის შეფარდების დღიდან.

20 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლევან ზურაბაშვილის გათავისუფლების/შეწყალების მოთხოვნით, აქციაც დაიგეგმა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რა მოთხოვნები ჰქონდა ზურაბაშვილს?

2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევარდა და როგორც შემდგომში გაირკვა, არანამდვილი იარაღის (პისტოლეტის და ხელყუმბარის) მუქარით წამოაყენა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ლევან ზურაბაშვილი მოითხოვდა:

„აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეს უფლება მხოლოდ 7% წლიური პროცენტის… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია… ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში… ეს კრიზისი რომ არის, ხალხი უმუშევარი დარჩა, ბანკებმა შეჭამეს. სანამ პანდემია გადაივლის, მანამდე მაინც დააცადეთ… მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მიეცეს მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა ის.

პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ზურაბაშვილის ხელთ არსებული საგნები არ წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას, ანუ იყო არანამდვილი პისტოლეტი და ხელყუმბარა.

რას ამბობენ შენობაში მყოფი ადამიანები?

პროკურატურის განცხადებით, თავდაპირველად შენობაში 19 ადამიანი იმყოფებოდა. „პუბლიკას“ ხელთ აქვს პოლიციის განყოფილებაში მათი გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შემთხვევის დღესვე, 20 ნოემბერს, შედგა.

თავისუფლებაშეზღუდული პირები ამბობდნენ, რომ ზურაბაშვილის მუქარა იარაღით და ხელყუმბარით მათთვის რეალურად აღქმადი იყო, იყვნენ შეშინებულები და ემორჩილებოდნენ მას. მათივე ჩვენებებით, ზურაბაშვილს მათთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან შენობიდან გაუშვა ქალები. მათ შორის 6 თვის ორსულიც იყო. ასევე – რამდენიმე პირიც, რომლებმაც ეს სთხოვეს.

მათი ჩვენებები შინაარსობრივად ერთმანეთს ჰგავს. „პუბლიკა“ რამდენიმე ოქმიდან ამონარიდს გთავაზობთ:

ჩვენება #1

„2017 წლის დეკემბრის თვეში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალში“ ავიღე სესხი 32 000 ლარის ოდენობით, აღნიშნული დროიდან ვიხდი სესხს – ყოველთვიურად 874 ლარის ოდენობით. დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს მქონდა სესხის გადახდის თარიღი და ვინაიდან ვერ ვახერხებდი გადახდას, მივედი ქ. თბილისის აკაკი წერეთლის გამზირი N: 12-ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში, რათა შევხვედროდი მენეჯერს და დავლაპარაკებოდი სესხის გადავადების პირობებზე. რიგს ელოდებოდა დაახლოებით 5-6 ადამიანი და ჩავდექი რიგში. იქნებოდა დაახლოებით 16:15 საათი, როდესაც შემომესმა მამაკაცის ხმამაღალი მოწოდება  – „შეჯგუფდითო“…

… ის ითხოვდა ყველა კაზინოს და ინტერნეტ თამაშების გაუქმებას, ასევე ბანკებისგან და ყველა საფინანსო ორგანიზაციისგან ითხოვდა სესხების 7 პროცენტამდე დაწევას და სესხების გადავადებას სამი თვის ვადით. ასევე ითხოვდა ყველა ფარმაცევტული კომპანიისგან, დაეწიათ მოგება 10 პროცენტამდე, რადგან მოსახლეობას და პენსიონერებს ძალიან უჭირდათ წამლების ყიდვა. ის ხშირად ახდენდა ხელყუმბარის დემონსტრირებას, რის გამოც ყველა ჩვენგანი იყო შეშინებული და უპირობოდ ვემორჩილებოდით.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მამაკაცს ფული არავისგან არ მოუთხოვია. შემდეგ ითხოვდა ყველა ტელევიზიის მისვლას ადგილზე. რამდენიმე მამაკაცმა მას სთხოვა, დაერთო ნება, მოეწიათ სიგარეტი, რაზეც განაცხადა თანხმობა, ასევე არ ყოფილა წინააღმდეგი, მძევლებს ესარგებლათ მობილური ტელეფონით და საჭიროების შემთხვევაში გასულიყვნენ ოფისის საპირფარეშოში. ის იმეორებდა, რომ მართლმადიდებელია, კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მოსული იყო, რათა დაგვხმარებოდა. ჩვენც გვეკითხებოდა, ხომ მაღალ პროცენტებს გვაკისრებდნენ საფინანსო ორგანიზაციები, რაზეც ყველა დავეთანხმეთ…“.

ჩვენება #2

„ამ მამაკაცს მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღის მსგავსი საგანი. მე იარაღებში მართალია, ვერ ვერკვევი, მხოლოდ ტელევიზორში მაქვს ნანახი, მაგრამ როგორც ნამდვილს, ისე აღვიქვამდი, რადგან ნამდვილ იარაღს ჰგავდა. მარცხენა ხელში, მუჭში ეჭირა „ლიმონკა“, როგორც მე აღვიქვი, შავი ფერის იყო, ვერცხლისფერი თავი ჰქონდა…

…ეს ბიჭი ძალიან აღელვებული იყო. რამდენჯერმე რომ გავუმეორეთ, მართლაც ადგა და მარჯვენა ხელში არსებული იარაღი შარვლის ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ იქ მყოფმა მამაკაცებმა უთხრეს, ქალები რად გინდა, ქალებიც გაუშვიო. ამაზეც მომენტალურად დასთანხმდა…

ამის შემდეგ უაზრო საუბრები დაიწყო. იძახდა, რომ მართლმადიდებელია და გვეკითხებოდა, თქვენ თუ გწამს ღმერთის და თუ ხართ მართლმადიდებელიო. მე ამ დროს ამოვიღე ხის ჯვარი, რომელიც გულზე მეკეთა და წინ გადმოვიტანე. ნერვიულობისგან ჯვარი [] დამრჩა.

აგრესიული არ იყო… „მთავარ არხს“ დაუძახეთ, ინტერვიუ უნდა მივცეო. დარეკეთ „მთავარ არხშიო“ – იქ მყოფებს უთხრა. რა ნომერზე დავრეკოთო იკითხეს, მან კი მარცხენა ხელი აიწია, რომელშიც „ლიმონკა“ ეჭირა, რადგან „ლიმონკისთვის“ ხელი არ გაუშვია მთელი ის პერიოდი, რაც იქ იყო და სწორედ ამ ლიმონკის გამო გვეშინოდა იქ მყოფებს და ვემორჩილებოდით მის მოთხოვნებს…

ასევე, მგონი იქ მყოფებს 112-ში დაარეკვინა. მასვე სურდა, პოლიციას გაეგო. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ მამაკაცს ფული არ მოუთხოვია – არც იქ მყოფების და არც მიკროსაფინანსოს ფული. „მთავარ არხს“ ითხოვდა ძირითადად. შემდეგ ერთხელ ტელეკომპანია „იმედის“ მოსვლაც მოითხოვა“.

ჩვენება #3

… „ცოტა ხნის შემდგომ მამაკაცმა იარაღი ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ხელყუმბარა დაიტოვა ხელში, რაც წარმოადგენდა ჩვენთვის საფრთხეს და სწორედ ამიტომ ვემორჩილებოდით მის ბრძანებებს…

… ჩემმა თანამშრომელმა [], რომელიც ორსულად არის, დაიწყო ტირილი. ერთ-ერთმა კლიენტმა ეს ფაქტი შენიშნა და თავდამსხმელს უთხრა, რომ ქალბატონი ორსულად იყო და იგი გარეთ გაეშვა. მამაკაცმა გვითხრა, რომ ამ ფაქტის შესახებ რატომ აქამდე არ ვუთხარით. ამ დროს ჩემმა თანამშრომელმა [მას] ხელი მოჰკიდა და შენობა დატოვა.

შენობაში დავრჩით, დაახლოებით, 13 ადამიანი, მათ შორის, 7 თანამშრომელი. აღნიშნულის შემდგომ ერთ-ერთმა კლიენტმა, ასაკოვანმა ქალბატონმა, თავდამსხმელ მამაკაცს უთხრა, რომ კორონავირუსი ჰქონდა ახალი გადატანილი და იქნებ მეც გამიშვაო, გული ცუდად მაქვს ძალიან და შეიძლება, გონება დავკარგოო. ამაზე მამაკაცი დასთანხმდა, რის შემდეგაც, ზუსტად არ მახსოვს, ან მენეჯერმა, ან ჯგუფის უფროსმა მამაკაცს უთხრა, რომ იქ მყოფი ყველა გოგონა გაეშვა გარეთ, რაზეც მამაკაცი მაშინვე დაეთანხმა.

ამის შემდგომ დანარჩენმა ქალმა თანამშრომლებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობა დატოვეს და გარეთ გავიდნენ, თუმცა სალაროში იჯდა კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მაგიდის ქვეშ იყო შემალული და რომელიც ვერავინ შეამჩნია, მათ შორის, თავდამსხმელმა მამაკაცმა და ქალების გასვლის შემდგომ ის კვლავ შენობაში დარჩა ჩემთან, სხვა მამაკაც თანამშრომლებთან და კლიენტებთან ერთად…

აგრეთვე, ხშირად საუბრობდა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ. ამბობდა, რომ აზარტული თამაშები ხალხს ღუპავსო და უნდა აიკრძალოსო; აგრეთვე, ბანკმა თანხა 7%-ზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით არ უნდა გაასესხოსო; აგრეთვე, საუბრობდა წამლების ფასზე და იძახდა, რომ აფთიაქები წამლებს ძვირად ყიდდნენ“.

ჩვენება #4

… „ამის შემდეგ გარედან ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა დაუძახა სახელით, როგორც ჩანს, შეიარაღებულ მამაკაცს ერქვა ლევანი, რადგან სწორედ ამ სახელით დაუძახა. უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ შიგნით უნდოდა შემოსვლა, რაზეც დასთანხმდა. შემოვიდა ერთი პოლიციელი, მას მოჰყვა მეორე პოლიციელი, შემდეგ მესამე, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ იყვნენ მის მხარეს, უბრალოდ, მძევლები უვნებელი გაეშვათ და შემდგომ მოილაპარაკებდნენ.

საუბარი მიდიოდა შეიარაღებული მამაკაცის მხრიდან, ძირითადად, იმისა შესახებ, რომ დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნები: ამ დროს ჩემს თანამშრომელს მოსთხოვა, თავის მობილურ ტელეფონში ჩაერთო live რეჟიმი, რათა უფრო კონკრეტულად გაეჟღერებინა თავის მოთხოვნები… ყოველივე ეს მიეღოთ საკანონმდებლო დონეზე და ამის გასაკეთებლად დღესვე შეკრებილიყო პარლამენტი“.


„პუბლიკამ“ შეკითხვებით მიმართა, ასევე, საქართველოს პროკურატურას, რა პოზიცია აქვთ მათ დანაშაულის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და რის საფუძველზე მიაჩნიათ, რომ ზურაბაშვილის ქმედებას უფრო მძიმე კვალიფიკაცია შეესაბამება. ჩვენს შეკითხვებზე ამ დრომდე არ უპასუხიათ. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.