რეცენზია
ფილმში ბევრს იგინებიან. აგინებენ ერთმანეთს, ბედს, ცხოვრებას. უსმენ გინებას და აქტუალური დისკუსიები გახსენდება ქართულ ენასა და მის ფუნქციებზე. იმაზე, რომ ენა გაიცვითა, დადნა, სიღარიბესთან და უსამართლო სისტემასთან დამარცხდა. დამარცხდა დაგროვილ ბრაზთანაც, რომელიც მისი საშუალებით ვერბალურად ვეღარ არტიკულირდება და უფრო სასოწარკვეთილ ხავილს ემსგავსება.
„სერიოზულ შეცდომას უშვებ!“, - მომაძახა კინოთეატრის შესასვლელთან ქალმა, რომელიც კინოჩვენებას აპროტესტებდა. წინ კი აეროპორტის საკონტროლო პუნქტად გადაქცეული ფოიე დამხვდა. ამდენი პოლიციელი სავაჭრო ცენტრში არასდროს მენახა. თითქოს, სხვა ქვეყანაში მიწევდა გადასვლა ფილმის სანახავად. ამ წინააღმდეგობებმა აკინის ფილმის ნახვის სურვილი გამიასმაგა.
ფილმი მრავალფიგურიანი კომპოზიციასავით არის აგებული, თუმცა მაინც იკვეთება ამ უკანასკნელის ცენტრალური ხაზი. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეიძლება სკოლაში „ალუდა ქეთელაურიც“ კი არ უსწავლია, მაგრამ სოციუმმა და კულტურამ ზუსტად ასწავლა ერთი რამ - თუ თვითონ არ იძალადებს, მასზე იძალადებენ. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი, უხეში, ცინიკური. და აი, ნიკას ამ მარტივ, მაგრამ მყარ „ფილოსოფიურ კონსტრუქციაში“ უცებ შემოიჭრება და სრულ დისონანსს შემოიტანს ვაჟა-ფშაველა, რომელიც დააფიქრებს ნიკას, რომ ვაჟკაცობა/კაცობა, შესაძლოა, სრულიად სხვა რაღაც იყოს.
„მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში“, - რეჟისორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს რამდენიმე წუთში თავისივე პერსონაჟიც გაიმეორებს - „მინდა, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც არ ეგუება დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას“, - მიმართა შავგულიძემ პუბლიკას.