„სად არიან შვილები, შვილები სად არიან“?

თეო ხატიაშვილი

ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ვაპირებდი უტა ბერიას სადებიუტო ფილმ „უარყოფით რიცხვებზე“ დაწერას, როცა  კინოცენტრის მიერ ბაკურიანში გამართულ ქართულ კინოფორუმზე ვნახე და წლის ფილმებს შორის გამორჩეულად მომეწონა; შემდეგ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის განმავლობაში, რომლის ჟიურიმაც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა (ვფიქრობ, რომ არასამართლიანად, რადგან იმსახურებდა გაცილებით მეტს – მთავარ ჯილდოს, თუმცა ეს სხვა თემაა), მაგრამ რატომღაც სულ ვდებდი, ვერ ვპოულობდი ამოსავალ წერტილს, საიდანაც უნდა დამეწყო წერა.

ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის PISA-ს შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2015 წელთან შედარებით საქართველოში საშუალო განათლებისა და წიგნიერების დონე გაუარესდა და 72 ქვეყანას შორის ბოლო ათეულში მოხვდა. ამავე დღეებში ომბუდსმენმა წლის შემაჯამებელ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა, შედეგად ე.წ. „მაყურებლები“ და კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ ციხეს, ერევიან პატიმრების საქმეების მოგვარებაში, აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა და ა.შ. რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა პოლიციაში დაკითხვაზე ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობა სცადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ჩემს ტვინში ყველა ეს საგანგაშოდ დამაფიქრებელი ფაქტი ერთმანეთს ებმის და ბოლოსდაბოლოს უტა ბერიას ფილმის გარშემო ერთიანდება, რომელშიც მოქმედება არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარდება. ძალადობით დამუხტული ეს გარემო კინოს ისტორიაში არაერთხელ აღბეჭდილა, სადაც მკაცრ იერარქიზაციაზე აგებული სისტემის რეპრესიულობაში დაუმორჩილებლობის, თავისუფლებისკენ სწრაფვა კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება ხოლმე. მათ შორის ერთ-ერთი, ინგლისელი „გაბრაზებული თაობის“ უკვე კლასიკად ქცეული ფილმი – ტონი რიჩარდსონის „მორბენალის მარტოობა გრძელ დისტანციაზე“ – ასევე წლევანდელი თბილისის ფესტივალის ბრიტანულ რეტროსპექტივაში იყო ნაჩვენები, რომელშიც არასრულწლოვან დამნაშავეთა და „ძნელად აღსაზრდელთა“ დაწესებულებაში სპორტიც მკაცრი ნორმებისა და ღირსებისშემლახავი დისციპლინის დამყარების საშუალებად იქცევა.

უტა ბერიას ფილმში, პირიქით, სპორტი, კონკრეტულად კი რაგბი, დამნაშავე მოზარდებში ცხოვრებისკენ მობრუნების, მოტივაციის გაღვივების საშუალება ხდება (სცენარი UNICEF-ის  მხარდაჭერითა და რაგბის კავშირის ინიციატივით განხორციელებული რეალური ისტორიის მიხედვით დაიწერა). თუ ფილმის გმირების წინაშე ერთადერთ პერსპექტივად კრიმინალური ავტორიტეტების ნდობის მოპოვება ჩანს, თანდათან მათ ცხოვრებაში შემოიჭრება რაგბი, როგორც გამარჯვებისთვის ერთად ბრძოლის თამაში. შემოიჭრება ძნელად – შეყოვნებებითა და დაეჭვებით. რაგბის მწვრთნელების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა და თამაშში თანდათან ჩაბმის ამსახველი ეპიზოდები საუკეთესოა ფილმში. ტატო კოტეტიშვილის კამერა ჯერ „გარედან“ უტრიალებს გმირებს, შემდეგ უახლოვდება და მიჰყვება თითოეულ მათგანს, რომელთა მოძრაობაც თითქოს ქაოტური, სინამდვილეში კი წრიულად აგებულ ქორეოგრაფიულ სანახაობას ემსგავსება. თუმცა კამერა ბოლომდე ინარჩუნებს ოდნავ დისტანციას, რათა მაყურებელი დატოვოს დამკვირვებლად, რომელიც დაძაბული ადევნებს თვალს, შეუერთდება თუ არა თამაშს მოზარდების უპირობო ლიდერი, კანონიერი ქურდობის „ინიციაციის“ გზას შემდგარი ნიკა (სანდრო კალანდაძე).

ფილმი მრავალფიგურიანი კომპოზიციასავით არის აგებული, თუმცა მაინც იკვეთება ამ უკანასკნელის ცენტრალური ხაზი. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეიძლება სკოლაში „ალუდა ქეთელაურიც“ კი არ უსწავლია, მაგრამ სოციუმმა და კულტურამ ზუსტად ასწავლა ერთი რამ – თუ თვითონ არ იძალადებს, მასზე იძალადებენ. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი, უხეში, ცინიკური. და აი, ნიკას ამ მარტივ, მაგრამ მყარ „ფილოსოფიურ კონსტრუქციაში“ უცებ შემოიჭრება და სრულ დისონანსს შემოიტანს ვაჟა-ფშაველა, რომელიც დააფიქრებს ნიკას, რომ ვაჟკაცობა/კაცობა, შესაძლოა, სრულიად სხვა რაღაც იყოს. „ალუდა ქეთელაურის“ სიუჟეტს ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ უაღრესად ცოცხალი, უკიდურესად გამარტივებული და სლენგით გაჯერებული ლექსიკით ვისმენთ. სხვაგვარად ეს ეპიზოდი დამაჯერებლობასაც დაკარგავდა და ფილმის სტილისტიკისგან ძალზე დაშორებულ და უცხო  პათეტიკურობასაც შეიძენდა. მოზარდების მონოტონურ და „ერთგანზომილებიან“ ცხოვრებაში რეჟისორს უტყუარი ალღოთი და ტაქტით შემოაქვს მაღალ მორალურ ფასეულობებსა და მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული პოეზია, რომელიც იწვევს ნიკაში დაეჭვებასა და გარდატეხას. სწორედ პოეზია (განათლება) და არა იმდენად რაგბი, რომელსაც სიუჟეტურად მივყვებით.

რეჟისორი ფინალს ღიად ტოვებს. არ ვიცით, რა ელის ნიკას თუ დანარჩენ მოზარდებს; დარჩებიან ისინი ნულს ქვემოთ მინუს უსასრულობაში განლაგებულ „უარყოფით რიცხვებად“ თუ შეძლებენ შკალის მეორე მხარეს გადმონაცვლებას?  არ ვიცით. არც ფილმში და არც რეალობაში, სადაც ახალგაზრდების მომავლის პერსპექტივა სულ უფრო და უფრო მიიწევს ნულისკენ და ეს წყეული კითხვაც ჯერჯერობით მარადიულად რჩება – სად არიან შვილები, შვილები სად არიან?

არ არიან შვილები, საქართველო ქარია,
ქარია საქართველო, შვილები არ არიან,
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.