ასე ჩანს, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს - იან კელი

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, ხელისუფლება არ ცდილობს სიტუაციის დეესკალაციას და პირიქით, მისი აზრით, მოქმედებს ოპოზიციის პროვოცირებისთვის, რაც მმართველი გუნდისთვის შესაფერისი საქციელი არ არის.

მეტიც, კელის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ბოლო წლებში ბადებს კითხვებს ევროინტეგრაციის მიმართ მის სურვილზე და „ქართულ ოცნებას“ ბევრი მუშაობა დასჭირდება სიტუაციის შემოსაბრუნებლად, რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის დასავლეთს ზურგს აქცევს.

„ვფიქრობ, მთავრობა არ ცდილობს სიტუაციის დეესკალაციას. ეს ჩანს მათი მოქმედებებიდან და რიტორიკიდან. მათ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ წინასწარ არაფერი გამოუცხადებიათ, არ უცდიათ პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე“, – თქვა იან კელიმ მედიაპროექტ „სასაზღვრო ზონის“ მიერ გამართულ დისკუსიაში.

კელის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა, მით უმეტეს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, ნეგატიური სიმბოლიზმით იყო სავსე და ჩანს, რომ ეს, უბრალოდ, მისი დამცირების კიდევ ერთი გზა იყო.

„იუსტიციის სამინისტროს მიერ ვიდეოების გამოქვეყნება კი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩანდა, თითქოს სააკაშვილი საკვებს იღებდა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც სახალხო დამცველმა თქვა, ეს ექიმების დანიშნული მინერალები იყო.

ეს ეჭვებს ბადებს მთავრობის საბოლოო მიზნის შესახებ. მე რასაც ვუყურებ, ბევრი მათი ქმედება იმისკენაა მიმართული, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირება. ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მათ წინააღმდეგ დიდი ძალის გამოყენება. რბილად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისთვის შესაფერისი ქმედება არაა, როცა მოწინააღმდეგე ჯგუფის პროვოცირებას ცდილობს.

ვფიქრობ, დასავლეთი უკიდურესად შეშფოთებულია ამ სიტუაციის გამო და ზოგადად ამ ხელისუფლების ტრაექტორიით. ბოლო წლებში გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ მთავრობის დასავლეთში ინტეგრაციის სურვილს.

ვფიქრობ, ვაშინგტონში რეალურად გადააფასებენ მხარდაჭერას [საქართველოსადმი]. რა თქმა უნდა, აშშ  ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის მზადყოფნას, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას, მაგრამ შეიძლება დადგეს მთავრობის დახმარებისთვის პირობების დაყენების საკითხი.

ამ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს სიტუაცია, რადგან ასე ჩანს, ის დასავლეთს ზურგს აქცევს“, – განაცხადა იან კელიმ.