ასე ემოციურად სერიოზული საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება - სარჯველაძე ნაფიც მსაჯულებზე

პუბლიკა

„სერიოზული საკითხების ასე ემოციურად გადაწყვეტა არ შეიძლება”, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნას – გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შესაძლებელი გახდეს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

„ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, მგონია, რომ არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მოითხოვს არა მხოლოდ გრიგორიადისის საქმის პრიზმაში დანახვას ამ საკითხისას, არამედ მოითხოვს მასშტაბურად გაანალიზებას.

და ამ მასშტაბური გაანალიზების შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეიძლება გაცილებით სხვა პრიორიტეტები იდგეს დღის წესრიგში, ვიდრე შეიძლება ამ წუთას სასურველად მიაჩნდეს „გირჩს” ან გრიგორიადისის რომელიმე ახლობელს”, – განაცხადა სარჯველაძემ. 


ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ითხოვს, რომ მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. გია კალანდაძის თქმით, მართალია, ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ საქმეებს იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარეობს ლაზარე გრიგორიადისის საქმე, მაგრამ სურს, რომ პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა შესაბამისი ცვლილებებისთვის.

ამ მოთხოვნით ასევე ვრცელდება პეტიციაც. ის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და მარტის აქციების საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა, „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დღეს წარადგინეს.